ტერმინლოგია » ს

სადიზმი (ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის (de Sade) სახელის მიხედვით; სინონიმები – სქესობრივი ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია): სექსუალური დევიაცია, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისთვის ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების პროცესში.
მარკიზ დე სადმა მოახდინა ყველა იმ ინფორმაციის სისტემატიზაცია, რომელიც იმდროისათვის არსებობდა სქესობრივი აქტის დროს მექანიკური საშუალებების გამოყენების შესახებ, რომელსაც იყენებდნენ სქესობრივი აქტის დროს სხვადასხვა პოზიციის შესაქმნელად და წვალების იარაღად. ის იყო სექსუალური გადახრების თემაზე ფსიქოლოგიური რომანების ავტორი (მაგ. “ჟუსტინა” და “ჟულიეტა”), რომლებშიც ქადაგებდა ადამიანის უფლებას სიამოვნების მიღებაზე ყოველგვარი შეზღუდვისა და აკრძალვის გარეშე, აგრეთვე ადიდებდა შეუზღუდავ სექსუალურ ქმედებას, რომელიც დანაშაულშიც კი პოულობს სექსუალურ სტიმულაციას. ყოველივე ეს იქცა მიზეზად, ადამიანის ამგვარი ქმედება ამ ტერმინით განსაზღვრულიყო.
სადიზმი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სექსუალური სიამოვნება მიიღება იმ სიტუაციებში, რომელიც დაკავშირებულია დომინირებასთან და პარტნიორის უსიტყვო დამორჩილებასთან, მის დაუფლებასთან და დაქვემდებარებასთან ისეთ დონემდე, როდესაც შესაძლებელია მისი დამცირება და მისთვის ტკივილის მიყენება. ადამიანზე გაბატონება, როგორც მასთან კავშირის დამყარების გარკვეული ფორმა, სადისტს უქმნის დაკმაყოფილების განცდას, ამასთან გაბატონების ფორმები ხშირად შეიძლება იყოს მომგებიანი დამორჩილებულისათვის როგორც სოციალურ, ასევე ინდივიდუალურ პლანში. სექსუალური სიტუაცია, რომელშიც სადისტის ნების შესაბამისად, პარტნიორი განიცდის დამცირებასა და ტკივილს, რაც ადასტურებს სადისტის ძალაუფლებასა და ბატონობას თავის პარტნიორზე, იწვევს მასში გამოკვეთილ სექსუალურ აღგზნებას და შემდგომ განსაკუთრებულ სიამოვნებას, რაც განპირობებულია დამორჩილებულ ადამიანზე შეუზღუდავი ძალაუფლების განცდით. სადიზმი, აგრესიასთან კავშირის გამო, რაღაც თვალსაზრისით განაპირობებს ძალადობის გამოყენებით სქესობრივი დანაშაულებების ჩადენას. შეიძლება ითქვას რომ სექსუალური სადიზმის ელემენტებს შეიცავს ადამიანთა უმრავლესობის ე.წ. სექსუალური სცენარი, მაგრამ მათ პრაქტიკაში რეალიზებას ბევრი ვერ ბედავს. თუმცა იმ სიტუაციებში, როდესაც  ვითარება საშუალებას აძლევს სადისტს ლეგალიზაცია გაუკეთოს სხვა ადამიანზე თავის სრულ ბატონობას, სადიზმი წარმოსახვაში თამაშიდან იქცევა რეალობად და გამოიყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამას ადგილი ჰქონდა მონათმფლობელობის, შუასაუკუნეებში მონებით ვაჭრობის, ინკვიზიციისა და  ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების დროს. სასიამოვნო განცდების მიღების მიზნით მკვლელობა, წარმოადგენს სადიზმის გამოვლენის უკიდურეს ფორმას. ამ შემთხვევებში სიამოვნება, სექსუალური დაკმაყოფილება მიიღწევა მსხვერპლის მოკვლით, რაც წარმოადგენს მასზედ სრული ძალაუფლების განხორციელების უკიდურეს გამოხატულებას. სადიზმის ასეთი ფორმები სქესობრივ გადახრებს წარმოადგენს.
ზოგჯერ გაუცნობიერებული სადისტური მიდრეკილებები საფუძვლად უდევს ეაკულაციის შეფერხებას ან მის არარსებობას კოიტუსის დროს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ქალის ქცევა არ შეესაბამება მის (სადისტის) სექსუალურ პრიორიტეტებს. სადისტური მიდრეკილებების გამოვლენის შედეგად შეიძლება იქცეს სქესობრივი ურთიერთობებზე საერთოდ უარის თქმა ან ცივი, უემოციო თვალყურის დევნება პარტნიორის სექსუალური აღგზნების მიმდინარეობის პროცესში. სადიზმის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს პარტნიორისთვის ფსიქიკური ან ფიზიკური ტკივილის მიყენება, ხოლო უსულო საგნების მიმართ სადიზმის გამოვლენისას დევიანტის ფანტაზია უსაზღვროა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სადიზმის გამოვლენას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქალებშიც, რომლებიც ხშირად სიამოვნებას იღებენ პარტნიორის დამცირებისაგან და მის მიერ თავმოყვარეობის გრძნობის დაკარგვის ყურებისაგან. სადიზმის ფორმები მრავალფეროვანია, წარმოსახვითიდან დაწყებული (ქალის მიმართ უხეში ქმედებების წარმოდგენა და წარმოსახვით მათი მოკვლაც კი) ნეკროფილიით, ვამპირიზმით, ბერტრანიზმით დამთავრებული.

სადო-მაზოხიზმი
(სადიზმი – მაზოხიზმი) სექსუალური დევიაცია სადიზმისა და მაზოხიზმის შერწყმის სახით. როგორც ჩანს, სადომაზოხიზმის გარკვეულ ელემენტებს ბევრი ადამიანის სექსუალურ ცხოვრებაში ვხვდებით. ხშირად ის ამყარებს ცოლ-ქმრულ კავშირს, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ამით იღებს ერთგვარ კომპენსაციას საზოგადოების მიერ მისი ძალაუფლებისკენ სწრაფვის დათრგუნვაზე, ხოლო მეორე სიამოვნებას ღებულობს საკუთარი მორჩილებისა და სრული მიმნდობლობისაგან, დაუცველობისაგან, საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური სიშიშვლისაგან.
პოლონელი სექსოლოგი კ.იმელინსკი თვლის, რომ არსებობს გარკვეული, ჯერ-ჯერობით აუხსნელი კავშირები სადომაზოხიზმსა და ემოციურ პროცესებს შორის, რომელიც განისაზღვრება როგორც ეროტიული სიყვარული. შესაძლებელია, რომ ფსიქიკური ტანჯვა გარკვეული სახით ხელს უწყობდეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ეროტიული სიყვარულის ინტენსივობის, ვნებისა და სიამოვნების გაზრდას. ამ თვალსაზრისით, ტანჯვა ხდება ეროტიული სიყვარულის ატრიბუტი, რომელიც კონტრასტირებს სიამოვნებასთან მიმართებაში და აძლიერებს მას. ის ასევე თვლის, რომ სადომაზოხიზმის მასობრივ გამოვლინებას შეიძლება მივაკუთვნოთ გლადიატორთა ბრძოლები, სახალხო დასჯა, ხარების ბრძოლა, მასობრივი მსხვერპლთშეწირვა და ა.შ. იმელინსკი თვლის, რომ სადიზმი და მაზოხიზმი წარმოადგენენ ურთიერთშემავსებელ დევიაციებს, ისინი გამოხატავენ ადამიანის ბიპოლარულობას და შეესაბამებიან ერთმანეთს როგორც ერთიდაიგივე ფოტოს ნეგატივი და პოზიტივი. ორივე ეს მიდრეკილება შეიძლება გამოავლინოს ერთიდაიგივე ადამიანმა სხვადასხვა ხარისხით, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, პარტნიორის პიროვნული თავისებურებებიდან და გარე ვითარებებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა დონეზე გამოვლენილ ორივე ამ ტენდენციაში მთავარ როლს თამაშობს თანაარსებობისაკენ სწრაფვა, რაც განპირობებულია ერთიმეორის გარეშე არსებობის სიძნელით ან შეუძლებლობით. ამ თვალსაზრისით, სადისტური და მაზოხისტური მიდრეკილებები არა მარტო არ გამორიცხავენ პარტნიორობას, არამედ ხელს უწყობენ ურთიერთკავშირის გამყარებას, პარტნიორული წყვილის სწორად შერჩევის შემთხვევაში, რომელშიც ერთთან ჭარბობს სადისტური, ხოლო მეორესთან მაზოხისტური მიდრეკილებები. პარტნიორობის ფუნქციონირება ასევე დამოკიდებულია დევიანტური მიდრეკილებების გამოხატულების ხარისხზე. მანამ, სანამ ეს მიდრეკილებები ურთიერთმისაღებია და აძლიერებენ სექსუალურ აღგზნებასა და სიამოვნებას, ისინი ამყარებენ პარტნიორულ კავშირს, თუმცა თუ სადისტური მიდრეკილებების გამოხატულება ძლიერდება და ამ დროს მიყენებული ფიზიკური ტკივილის ან დამცირების ხარისხი აღემატება მაზოხისტის ორგასტული განცდების შესაძლებლობებს, ეს შეიძლება იქცეს პარტნიორული კავშირის ემოციონალური სტაბილურობის რღვევის ფაქტორად. სექსოლოგიური პრაქტიკა ადასტურებს, რომ სწორი პარტნიორული შერჩევის შემთხვევაში სადომაზოხიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობის ჰარმონიზაცია, მიუხედავად მიღებულ ნორმებთან შედარებით მისი ანომალიური ხასიათისა.

სატირიაზისი
(ბერძ. satyros- სატირი), მამაკაცის სქესობრივი ლტოლვის პათოლოგიური გაზრდა, რასაც აქვს გამუდმებული სქესობრივი დაუკმაყოფილებლობის განცდისა და სქესობრივი ურთიერთობებისადმი დაუოკებელი სწრაფვის სახე. სატირიაზისი დაკავშირებულია არამარტო სექსუალური კონტაქტების რაოდენობრივ ზრდასთან, არამედ სექსუალური ქცევის ხარისხობრივ ცვლილებასთანაც, რომლის დროსაც სექსუალობა ხდება ინდივიდის ცხოვრების ძირითადი კრედო. სატირიაზისით შეპყრობილი პირებისათვის დამახასიათებელია სექსუალური პარტნიორების ხშირი ცვლა და ხანგრძლივი სექსუალური კავშირების არ არსებობა. ეს პათოლოგია შეიძლება განვითარდეს ფსიქოგენური ზემოქმედების შედეგად (მაგ. როგორც საკუთარი არასრულფასოვნების განცდის კომპენსაცია) ან იქცეს ორგანული დაავადებების გამოვლინებად (მაგ., ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგია, ან ჰორმონალური დარღვევა). სატირიაზისი (მამაკაცებთან), ნიმფომანიის (ქალებთან) მსგავსად წარმოადგენს ჰიპერსექსუალობის ერთ-ერთ ფორმას.

საფიზმი (ჩვ.წ.აღ.-მდე VII საუკუნის ბოლოს ძველბერძენი პოეტის სახელის მიხედვით), იხ. ლესბოსელობა.

სერვილიზმი
[ლათ. servihs – მონური] – პაჟიზმის გამოხატული ფორმა, როდესაც მაზოხისტი თამაშობს მონის როლს. სერვილიზმს განეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მაზოხისტი თავის ფანტაზიაში, ან რეალურ ცხოვრებაში, თამაშობს რომელიმე ცხოველის როლს (ძაღლი, ცხენი, კატა და ა.შ.) და სექსუალურ დაკმაყოფილებას აღწევს, როდესაც მას უკეთებენ ძაღლის ყელსაბამს, აღვირს, როდესაც მასზე ამხედრდებიან. ამასთან სექსუალური სიამოვნების დონე მით უფრო მაღალია, რაც უფრო უხეშად, დესპოტურად და აგრესიულად გამოიყურება მეორე პარტნიორი. თუმცა, ზოგიერთი სექსოლოგი თვლის, რომ ასეთი ურთიერთობები შეიძლება იყოს ერთგვარი თამაში, რომელიც ერწყმის სადომაზოხისტური მიდრეკილებების ადამიანების სასიყვარულო პრელუდიის სცენარს.

სექსუალური აკრძალვა – სამედიცინო მიზეზებით სქესობრივი ცხოვრების დროებითი აკრძალვა. აუცილებელია შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადების, ქირურგიული ოპერაციების ან ფეხმძიმობის გარკვეული პერიოდების დროს. სექსუალური აკრძალვების ვადების დადგენა ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად არ აღემატება რამდენიმე კვირას, იშვიათად თვეს. მაგალითად, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის შემდეგ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია ერთი თვის განმავლობაში სექსუალური დასვენება. სექსოლოგიაში სექსუალური აკრძალვა გამოიყენება როგორც სპეციალური ფსიქოთერაპიული ხერხი მამაკაცების სქესობრივი დარღვევების (ინტიმური სიახლოვის ძლიერი შიში) მკურნალობის საწყის ეტაპზე. ამ დროს სექსოპათოლოგი უწესებს დროებით აკრძალვას სქესობრივი აქტის განხორციელებაზე, მაგრამ ურჩევს პარტნიორებს აქტიურ სასიყვარულო თამაშს, ღრმა პეტინგის ჩათვლით. მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად, ეს ფსიქოთერაპიული ხერხი ხშირ შემთხვევაში ძალიან სწრაფად აღადგენს მამაკაცის ნორმალურ სექსუალურ რეაქციებს. (იხ. სქესობრივი შეკავება).

სექსუალური ინფანტილიზმი
[ლათ.infantilis – საბავშვო] – სექსუალური განვითარების შეკავება. სექსუალური ინფანტილიზმის მიზეზები შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები (მაგ. ჰიპოტეროიდული ინფანტილიზმი), სომატური პათოლოგია (კუჭნაწლავის ტრაქტის და გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები), აგრეთვე აღზრდის თავისებურებები. ეს შეიძლება იყოს საერთო ინფანტილიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. ამ დროს აღინიშნება სიმაღლეში ზრდისა და საერთო, ფსიქოლოგიური და სექსუალური განვითარების შეფერხება. მამაკაცებთან სექსუალური ინფანტილიზმი წარმოადგენს სქესობრივი ინფანტილიზმის გამოვლინებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეორადი სასქესო ნიშნების სუსტი განვითარებულობა, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. ავადმყოფები გარეგნულად თავის ასაკზე უმცროსებად გამოიყურებიან. სექსუალური გამოვლინებები (ლიბიდო, პოლუციები, სპონტანური, ადეკვატური ერექციები) საგრძნობლად შემცირებულია, ან საერთოდ არ არის. იზოლირებული სექსუალური ინფანტილიზმი (ნორმალურად განვითარებული სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების შემთხვევაში) ხშირად ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის გამოვლინებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი შეიძლება ვლინდებოდეს, როგორც ფსიქიკური დაავადებების (შიზოფრენია, ეპილეფსია), ასევე არასწორი აღზრდის (ჰიპერმეურვეობა მშობლების მხრიდან) დროს. სექსუალური ინფანტილიზმი, ნორმალურად განვითარებული სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების შემთხვევაში, ვლინდება სექსუალური ურთიერთობების განუხორციელებლობაში, თუმცა სექსუალური რეაქციები შეიძლება შენარჩუნებული იყოს.

სექსუალური ინვოლუცია
[ლათ. involutio – ვაბრუნებ, ვატრიალებ] – სქესობრივი აქტიურობის ასაკობრივი ჩაქრობა, რომლის პირველ გამოვლინებასაც წარმოადგენს სქესობრივი სფეროს მიმართ ინტერესის თანდათანობითი შესუსტება. ხანდაზმულობისას მაღალი სექსუალური აქტივობა ითვლება ერთგვარ გამონაკლისად, ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ და უზნეობადაც კი. სექსუალური ურთიერთობების სფეროში დამახასიათებელი ასაკობრივი ცვლილებები თავს იჩენს კლიმაქტორულ პერიოდში. ქალებს კლიმაქსი ეწყებათ დაახლოებით 50 წლის ასაკში, თუმცა სქესობრივი ლტოლვა სუსტდება მხოლოდ 60 წლის ასაკში, ზოგჯერ გაცილებით გვიანაც. უფრო მეტიც, ბევრ ქალს კლიმაქსის დროს უმძაფრდება სქესობრივი ლტოლვა, ზოგჯერ ის გაცილებით ძლიერიცაა, ვიდრე ახალგაზრდობაში. მეცნიერები ამის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევენ ფსიქოლოგიური დაძაბულობის შემცირებას, რომელიც გამოწვეულია არასასურველი ფეხმძიმობის შიშის დაკარგვით. მამაკაცებთან 45-55 წლის ასაკში ვლინდება სქესობრივი პოტენციის შესუსტება, თუმცა ჩასახვის ფუნქცია შენარჩუნებულია. მართალია სქესობრივი ლტოლვა საკმაოდ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული, მაგრამ მისი რეალიზაციის რეალური შესაძლებლობა უფრო და უფრო შეზღუდული ხდება სასქესო ასოს არასაკმარისი ერექციის გამო.

სექსუალური ინვერსია
[ლათ. inversio – გადანაცვლება, გადაბრუნება, გადატრიალება] – სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის მიმართ. განასხვავებენ აბსოლუტურად ინვერტირებულ პირებს, რომელთათვისაც სექსუალური ობიექტი შესაძლოა მხოლოდ იგივე სქესის პირი იყოს (იხ. ჰომოსექსუალობა), და ამფიგენურ ინვერტირებულ პირებს, რომელთათვისაც ლტოლვის ობიექტი შეიძლება იყოს კაციც და ქალიც (იხ. ბისექსუალობა).
ტერმინ “ინვერსიას” (შემოღებულია 1882 წელს ფრანგი ფსიქიატრების მიერ) იყენებენ მას შემდეგ, რაც 1923 წელს ფროიდმა შემოგვთავაზა მისი თანამედროვე გაგება. თუმცა ამერიკელი სექსოლოგი ჟ.მანი ინვერსიას განსაზღვრავს როგორც სექსუალურ-ეროტიულ დისფუნქციას ან სინდრომს, რომლის დროსაც სქესობრივი აღგზნება ან ორგაზმი მიიღწევა არატიპიური ან საზოგადოებაში აკრძალული სიმბოლოების დახმარებით.

სქესობრივი აქტივობა
– მოცემული ადამიანისათვის დამახასიათებელი სქესობრივი ურთიერთობების სიხშირე. სქესობრივი აქტიურობის დონე განისაზღვრება მრავალი ბიოლოგიური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორით და საბოლოო ჯამში ყალიბდება ორივე პარტნიორის ყველა ფაქტორის რთული ინტეგრაციის გზით.
სქესობრივი აქტივობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ასაკზე. როგორც წესი, ახალგაზრდებთან ის ყველაზე მაღალია. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია გარდამავალი პერიოდისთვის და ხშირად თან ახლავს სექსუალური ექსცესები (თაფლობის თვეში ახალგაზრდებს შეუძლიათ დღეში რამდენიმე სქესობრივი აქტის განხორციელება). ასაკის ზრდასთან ერთად აქტიურობა ეცემა და ყალიბდება სქესობრივი ცხოვრების ზომიერი რიტმი – ზრდასრული სექსუალობის პერიოდში 2-3 აქტი კვირაში. ამასთან ერთად ეს ციფრები ვერ ჩაითვლება “ნორმად”, რადგან საბოლოო ჯამში სქესობრივი აქტების სიხშირე ყალიბდება სქესობრივი კონსტიტუციის შესაბამისად. ცხოვრების რაღაც ეტაპებზე შესაძლებელია სქესობრივი აქტივობის გაძლიერება ან შესუსტება.

სქესობრივი დიმორფიზმი
– მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანებს შორის მორფოფიზიოლოგიური განსხვავების არსებობა. ვლინდება სომატური, ფიზიოლოგიური და ქცევითი განსხვავებების ფართო სპექტრში. მისი არსი მდგომარეობს გამრავლების პროცესების თავისებურებაში. მასში აისახება ბუნებრივი მიზანშეწონილობა – გამრავლების ყველაზე ოპტიმალური მექანიზმი, რომლის დროსაც გენეტიკურ დონეზე ხდება არა უბრალოდ კოპირება, არამედ იქმნება ბიოლოგიური კონტროლის შესაძლებლობა, უვარგისის დაწუნების და უფრო სასარგებლო სახეობრივი თვისებების არჩევა. თანამედროვე ბიოლოგია ხსნის სქესობრივი განსხვავებების არსებობას ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების ყველა დონეზე, თუმცა ურთიერთგამომრიცხავ თვისებებთან ერთად (ნორმაში ერთიდაიგივე ინდივიდს არ შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს მამაკაცის და ქალის გენიტალიები) არსებობს უამრავი ბისექსუალური თვისება, რომელიც დამახასიათებელია ორივე სქესისათვის. ეს სამართლიანია სომატური და ქცევითი თვისებებისათვისაც, რომლებიც ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. სქესობრივი დიმორფიზმის ცნება თავდაპირველად არ განასხვავებდა ინდივიდის გენეტიკურ, ჰორმონალურ, მორფოლოგიურ, ქცევით და ფსიქოლოგიურ დიფერენციაციებს. ითვლებოდა, რომ ყველა ეს განზომილება ემთხვევა და დეტერმინირებულია ერთიდაიგივე მიზეზებით, ხოლო ინდივიდის აღნაგობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი ჰორმონალური კონსტიტუციისა და ფსიქოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.
სინამდვილეში ფსიქიკის სქესობრივი განსხვავებები ყოველთვის არ ემთხვევა მორფოლოგიურ, სომატურ ნიშნებს. განასხვავებენ სქესობრივ იდენტურობას, ანუ ინდივიდის პირველად იდენტიფიკაციას შესაბამის სქესთან, და პოლოდიმორფულ, ანუ სქესთან დაკავშირებულ ქცევას. სქესობრივ დიმორფიზმს, ისევე როგორც სქესობრივი სიყვარულის ყველა სტრუქტურულ-ფუნქციონალურ შემადგენელს, აქვს გარკვეული მიმართულება. ამიტომ, სქესობრივ ურთიერთობებში კულტურის მიერ ყველა შენატანი შეიძლება შეესაბამებოდეს, ან არ შეესაბამებოდეს, ბუნებრივ მიმართულებას და ამიტომ საჭიროა მისი ანალიზი: სქესობრივი ქცევის ესა თუ ის ნორმა რამდენად შეესაბამება ადამიანის სექსუალობის ბუნებას, რადგან ყოველგვარ შეუსაბამობას მივყავართ ან მტკივნეულ გადახრებთან, ან შედეგებთან, რომლებიც აისახებიან ბავშვების ჯანმრთელობასა და ბედზე. სქესობრივი მორალი უნდა შენდებოდეს და ასახავდეს არა მარტო თაობათა გამოცდილებას, არამედ წინასწარ ჭვრეტდეს და უკუაგდებდეს ყველაფერ გამოუსადეგარს და ახალისებდეს ყველაფერ საჭიროს და სასარგებლოს. აქედან გამომდინარეობს ერთიანი მორალის ხელოვნური შეზღუდულობა (მამაკაცის და ქალის სქესობრივი ქცევის შესაფასებლად), მაშინ როცა, ორმაგი მორალი შეესაბამება სქესობრივი დიმორფიზმის წესებს და საჭიროებს აღორძინებასა და განვითარებას.

სვინგერი (ინგლ. swingers): თავისუფალი სექსის მიმდევარი ადამიანი, რომელიც ურთიერთობს – განსაკუთრებით ცოლ-ქმრულ წყვილებთან (l’amour de trois, “ლამურ დე ტრუა”, ან “სამთა სიყვარული”) ან ერთდროულად სხვადასხვა სქესის რამდენიმე პარტნიორთან.
სკოპოფილია (ბერძ. skopeo -დათვალიერება – ფილია), იხ. ვუაიერიზმი.
სქესობრივი ზრდასრულობა – სქესობრივი მომწიფების უკანასკნელი სტადია. ადამიანის ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც სქესობრივი ცხოვრება, ჩასახვა, ფეხმძიმობა და მშობიარობა წარმოადგენენ ნორმალურ მოვლენას. სქესობრივი ზრდასრულობის მიღწევა – ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური განვითარების კანონზომიერი ეტაპი, რასაც თან ახლავს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. გოგონები სქესობრივად ზრდასრული 15-16 წლის, ხოლო ბიჭები 17-18 წლის ასაკში ხდებიან. მისი დადგომა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – მემკვიდრეობითი თავისებურებები, საყოფაცხოვრებო, სოციალურ-ეკონომიკური, კლიმატური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების ხასიათი და ა.შ.

სქესობრივი სიმბოლიზმი
– სქესობრივი ორგანოების აბსტრაქტული გამოსახვა ან დახასიათება, გარკვეული იდეების ან წარმოდგენების სიმბოლოების სახით. მამაკაცის გენიტალია, განსაკუთრებით სასქესო ასო, არის სიმბოლო ძალისა, ყოვლისშემძლეობისა, ძალაუფლებისა, ცხოველმყოფელობისა. თესლი ითვლება სასიცოცხლო ძალების წყაროდ და განსახიერებად. ძველ ინდურ მითოლოგიაში ის განიხილება სამყაროს საფუძვლად და აბსოლუტურ იდეალურ საწყისად. ბევრ ხალხთან კასტრატები ითვლებოდნენ სოციალურად არასრულფასოვან ადამიანებად. ძველი აღთქმის მიხედვით, “ვისაც გაჭყლეტილი აქვს კვერცხები ან მოჭრილი სასქესო ასო, ის ვერ შეძლებს შევიდეს ღმერთის სასუფეველში”. მამაკაცის დაკოდვა ნიშნავდა მისთვის ძალაუფლებისა და სიცოცხლის წართმევას, დამარცხებული მტრის სასქესო ასო ხშირად ითვლებოდა საპატიო სამხედრო ალაფად, როგორც სკალპი ინდიელებთან. მაგალითად, ეგვიპტის მე-19 დინასტიის ფარაონი, ლიბიელებისათვის მიყენებული მარცხის შესახებ მოყოლისას, ალაფს შორის ასახელებს ლივიელი მეომრების, აგრეთვე მათი ბელადებისა და ქურუმების შვილებისა და ძმების 6359 სასქესო ასოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ერეგირებულ სასქესო ასოს, რომელიც, სხვადასხვა ხალხის წარმოდგენების მიხედვით, გარშემომყოფებში შიშს და მოკრძალებას აღძრავს. ავსტრალიელ აბორიგენებთან, მამაკაცები შეხვედრის დროს მისალმების ნიშნად ხელით ეხებოდნენ ერთმანეთის სასქესო ასოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სასქესო ასოს თავს. ტასილიის ქვის ხანის ფრესკებზე შედარებით მაღალი სოციალური რანგის მამაკაცები გამოსახულნი არიან შედარებით გრძელი სასქესო ასოებით. ძველად ადამიანები ერეგირებულ სასქესო ასოს მიაწერდნენ განსაკუთრებულ დამცავ და დამაშინებელ ძალას. თითქმის ყველა ხალხში გავრცელებული იყო კულტი, რომელშიც ფალოსი განიხილებოდა როგორც ღრმა რელიგიური სიმბოლო. ძველ საბერძნეთში ტაძრებისა და სახლების წინ დგავდნენ კვადრატულ სვეტებს (ჰერმებს) მამაკაცის თავით და ერეგირებული სასქესო ასოთი, რაც იცავდა გზებს, საზღვრებს, ჭიშკარს. ჰერმის დაზიანება ითვლებოდა წაბილწვად. ძველ რომში ბავშვებს ყელზე ეკიდათ ფალოსის ფორმის ამულეტი, როგორც ბოროტი ძალებისაგან თავდაცვის საშუალება. ანტიკურ მითოლოგიაში პრიაპი – ბუნების ნაყოფიერების, ძალების ღმერთი, წარმოადგენდა ფალოსს. მისი სახელი იქცა სასქესო ასოს აღმნიშვნელ პოეტურ ევფენიზმად, აქედან წარმოიშვა სამედიცინო ტერმინიც პრიაპიზმი.
ძველი ბერძნები და რომაელები ზოგჯერ იკრავდნენ ჩუჩას ან იყენებდნენ სპეციალურ სამაგრს – fibula (აქედან ინფიბულაცია).
ქალის გენიტალიები მითოლოგიაში ხშირად აღიწერებოდა, როგორც საიდუმლო და ბნელი საწყისი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავდა ხიფათს და სიკვდილის მუქარას. მამაკაცური ინიციაციების რიტუალებში ფართოდ გამოიყენება ყმაწვილის დედისეულ საშოში დაბრუნების თემა, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს სიკვდილისა, რომელსაც მოსდევს გაცოცხლება. სხვა ხატი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ხშირად გამოიყენებოდა, – “კბილებიანი საშო”, რომელშიც უნდა გაევლო ინიცირებულს; ზოგჯერ მას ცვლის რაიმე საშინელი ურჩხული. ეს წარმოდგენები და რიტუალები ნათლად ასახავენ მამაკაცურ თვალსაზრისს: დედის საშო, როგორც თბილი, საიმედო თავშესაფარი, სიცოცხლის წყარო და ქალის გენიტალიები, როგორც სექსუალური ობიექტი, რომელში შეღწევაც დაკავშირებულია სირთულეებისა და ხიფათის გადალახვასთან.
სქესობრივი სიმბოლიზმი პოლისემიურია, ამასთან სექსუალური მოვლენები ხშირად ინტერპრეტირებულია გადატანითი, გაფართოებული მნიშვნელობით. ზოგიერთ უძველეს ტექსტში მამაკაცისა და ქალის გამოსახატავად იყენებდნენ შესაბამის გენიტალიების გამარტივებულ გამოსახულებას, ხოლო დაქორწინებული ადამიანი გამოისახებოდა ნიშნით, რომელშიც ქალის და მამაკაცის გენიტალიები შერწყმულია. ამაში არ იყო არაფერი ეროტიული: გენიტალიები, როგორც სქესის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, წარმოადგენდა სოციალურ ნიშანს, სიმბოლოს, კულტურის ელემენტს. აქედან გამომდინარეობს კულტურული სიმბოლიზმის ორმაგი ინტერპრეტაცია. ერთის მხრივ, მასში ხედავენ უნივერსალური ფიზიკური წანამძღვრების ანარეკლს, ხოლო მეორეს მხრივ, თვითონ სხეულებრივი წანამძღვრები, იქნება ეს სასქესო ორგანოს დემონსტრირება თუ სქესობრივი აქტი, წარმოადგენენ მრავალფეროვანი სოციალური ურთიერთობებისა და მოთხოვნილებების სიმბოლოს, რომელთა გაგებაც მხოლოდ გარკვეული კულტურის კონკრეტულ სისტემაში შეიძლება.

სქესობრივი მორალი – ზნეობრივი ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყველა მხარეს. წარმოადგენს კონკრეტული საზოგადოების ზნეობრივი ღირებულებების სისტემის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და მოიცავს არამარტო ადამიანთა სქესობრივი ქცევის წესებს, არამედ სექსთან დაკავშირებულ საკითხებს – ეთიკურ და ესთეტიკურ შეხედულებებს, ჩვეულებებს.
სქესობრივ მორალს, როგორც სოციალურ მოვლენას აქვს ისტორიულად ცვალებადი ხასიათი. შუა საუკუნეების ევროპაში ოფიციალური ქრისტიანული მორალი იყო ასკეტური, ანტისექსუალური და კიცხავდა არა მარტო ვნებას, არამედ ინდივიდუალურ სიყვარულსაც. მე-2-დან მე-14 საუკუნემდე ჩამოყალიბდა სექსუალური ჩვეულებები, რომლებიც ემყარებოდნენ ქრისტიანულ შეხედულებებს ინტიმურ ცხოვრებაზე. ქრისტიანული დოქტრინა ქადაგებდა ასკეტიზმის იდეას, ნეგატიურ განწყობას სექსის, სხეულის, ცოლქმრობის და ქალის მიმართ (ქალი განიხილებოდა, როგორც ცოდვის განსახიერება), იკრძალებოდა სექსუალური კონტაქტები, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენდა ჩასახვა, აგრეთვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. სქესობრივი ცხოვრების ერთადერთ გამართლებად ითვლებოდა გამრავლება ეკლესიური ქორწინების ფარგლებში, ამასთანავე მკაცრად იყო რეგლამენტირებული (აკრძალული იყო სქესობრივი აქტი დღესასწაულებზე, მარხვაზე, და შიშველ მდგომარეობაში). სექსუალური ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში განიკიცხებოდა, თუმცა ამ პერიოდშიც არსებობდა მიმდინარეობები, რომლებიც ამართლებდნენ სექსით ტკბობას (მაგ., გვიან შუასაუკუნეებში ფართოდ გავრცელდა სასახლის კარის სიყვარულის ფორმა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ეროტიული შეფერილობა ჰქონდა).
აღორძინების ეპოქამ უარყო ასკეტიზმი, თავშეკავების მორალი და მისცა დასაბამი კულტურის ეროტიზაციას. მოხდა სხეულის რეაბილიტაცია, მას უფრო და უფრო თავისუფლად გამოსახავდნენ ფერწერაში (მათ შორის აკრძალულ სიუჟეტებს, ისეთებს როგორიცაა რაფაელის “ლედა და გედი”). თუმცა, მალევე ბუნებრივ-ფიზიოლოგიური სახით სიშიშვლის გამოხატვა ისევ იწვევდა მორალურ და ესთეტიკურ გაკიცხვას. დადგა რეპრესიული, ანტისექსუალური სქესობრივი მორალის ბატონობის დრო. სიფილისის ეპიდემიამ და ამ ავადმყოფობისადმი შიშმა, რეფორმაციამ და კონტრრეფორმაციამ ევროპას დაუბრუნა ტრადიციული, სექსისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება. 16-18 საუკუნეებში სიშიშვლე აიკრძალა ჯერ საზოგადოებრივ ადგილებში, ხოლო შემდეგ მიუღებელი გახდა საკუთარ თავთანაც კი (ამის გამო გაჩნდა ღამის ტანსაცმლის სხვადასხვა სახეობა), ითრგუნებოდა ყმაწვილური სექსუალური სურვილები, მკვეთრად გაძლიერდა მასტურბაციის რელიგიური დევნა. გამკაცრდა ცენზურა მეტყველებაზე (აიკრძალა სიტყვები, რომლებიც გამოხატავდნენ ხორციელ განცდებს). მე-19 საუკუნეში ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება განვითარდა. საფრანგეთის მეფის კარზე გაიფურჩქნა ახალი კარის ზნეობა, რომელიც სექსუალური აკრძალვებისაგან თავისუფალი იყო. განვითარდა რომანტიული მიმდინარეობები, პურიტანობა, ვიქტორიანიზმი და სხვა. ამავდროულად დამკვიდრდა სქესობრივი მორალის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ვლინდებოდა ქალის სექსუალური აქტივობის შეზღუდვასა და მამაკაცური სექსუალობის გამოვლენისადმი საზოგადოების მხრიდან მომთმენ დამოკიდებულებაში. (იხ. ორმაგი მორალი).
სქესობრივი მორალის ლიბერალიზაციამ მე-20 საუკუნეში გამოიწვია ადამიანთა სექსუალური ქცევის რადიკალური ცვლილებები. მოხდა მამაკაცისა და ქალის სოციალური როლის გამიჯნვა, შეიცვალა ოჯახური ურთიერთობები (ოჯახი დავიდა ცოლ-ქმრულ წყვილზე და მათ შთამომავლობაზე, შეიცვალა დედის როლი ოჯახში, მოხდა შიდაოჯახური ურთიერთობების ინტიმიზაცია და ა.შ.), მოხდა სიღრმისეული ცვლილებები კულტურაში (რეაბილიტირებულია ეროტიზმი, გაფართოვდა მეტყველების საზღვრები, შეიცვალა დამოკიდებულება ინტიმური ემოციების მიმართ და ა.შ.). სწრაფად იცვლება სექსუალური ქცევის ნორმები და შესაბამისი მორალური წანამძღვრები. სექსუალური კავშირები ნორმალურად აღიქმება, სიყვარულის არ არსებობის დროსაც კი, რამაც ხელი შეუწყო ქორწინებამდელი კავშირების მკვეთრად გაზრდას. აგრეთვე გაიზარდა სექსუალური აქტივობა ქორწინებაში, ხოლო ტრადიციული რელიგიური აკრძალვების კრიზისმა და ეფექტური კონტრაცეპტივების გაჩენამ ხელი შეუწყო სექსუალურ-ეროტიული ურთიერთობების გამოყოფას რეპროდუქტიული ფუნქციებისაგან. თუ რეპროდუქტიული სქესობრივი მორალი წარმოადგენდა “პროკრუსტეს სარეცელს”, რომელიც აწესრიგებდა სქესობრივ ურთიერთობებს, ახალმა მორალმა გააფართოვა არჩევანის შესაძლებლობა, უფლება მისცა პიროვნებას თვითონ აირჩიოს სექსუალური ქცევის მისთვის ყველაზე შესაფერისი სტილი. თუმცა, სქესობრივი მორალის ლიბერალიზაცია, დაბალი სექსუალური კულტურის და სქესობრივი განათლების არარსებობის პირობებში, შეიცავს სერიოზულ საფრთხეებსაც (არასასურველი ფეხმძიმობის რიცხვის ზრდა, ვენერიული დაავადებების, პროსტიტუციის, პორნოგრაფიის გავრცელება და ა.შ.). გარე აკრძალვების შემცირების პირობებში იზრდება პიროვნების ინდივიდუალური თვითკონტროლისა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

სქესობრივი სიცივე
– ქალებთან სქესობრივი ლტოლვის ან სქესობრივი აღგზნებადობის სისუსტე; შესაძლოა თან ახლდეს სქესობრივი აქტის ზიზღი (იხ. ფრიგიდულობა).

სქესობრივი ქცევა – ინდივიდის ქცევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მისი გარკვეული სქესისადმი მიკუთვნებულობა.
ძირითადად ეს არის ნიშანდობლივი ქცევები, დამყარებული განსხვავებებზე გარეგნობაში, ტანსაცმელში, ქცევის მანერაში, ჟესტების სისტემაში, მეტყველების მანერაში. სქესობრივ ცნობიერებაზე დამყარებული ნიშანდობლივი განსხვავებების გამოყენება, საკუთარი სქესობრივი მიკუთვნებულობის გამოვლენის საშუალებას იძლევა. თუ ადამიანის ქცევა შეიცავს მისი სქესობრივი მიკუთვნებულობის არასაკმარის ნიშნებს, ეს იწვევს შეშფოთებას და დისკომფორტს მასთან ურთიერთობისას. სქესობრივი ქცევა არ წარმოადგენს ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილ ქცევის მოდელს. ის არის გარკვეული როლების ნაკრები, რომელიც გამუდმებით იცვლება. საზოგადოების მხრიდან სქესობრივი ქცევისადმი წაყენებულ მოთხოვნებს აქვს სქესობრივი და ასაკობრივი დიფერენციაცია. ბევრი რამ რაც დასაშვებია მამაკაცებისთვის, აკრძალულია ქალებისთვის, და პირიქით. ასეთ ორმაგ ნორმებს “ორმაგი სტანდარტი” ეწოდება. “ორმაგი სტანდარტის” მოთხოვნები იგრძნობა ადრეული ასაკიდან როგორც საერო, ისე რელიგიურ ცხოვრებაში. სქესობრივ ქცევაზე გავლენას ახდენს ასაკობრივი ნორმებიც. ის რაც მისაღებია ბიჭისთვის, სრულიად მიუღებელია ზრდასრული მამაკაცისთვის და ა.შ. სხვადასხვა სქესობრივ როლს სქესობრივი ქცევის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა აქვს. მაგალითად, მშობლის როლი მოითხოვს სრულიად განსხვავებულ თვისებებს, ვიდრე სექსუალური ან პროფესიული როლები. სქესობრივი ქცევა ყველაზე მკაფიოდ ვლინდება ოჯახურ და სექსუალურ როლებში, გაცილებით ნაკლებად ეხება პროფესიულ როლს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ პროფესიული არჩევანი დიდწილად განპირობებული იყო ადამიანის სქესით. სქესობრივი ქცევის მიმართ სხვადასხვა სქესობრივი როლების მოთხოვნების შეუფასებლობას, მივყავართ გაუმართლებელი სიტუაციების წარმოშობისაკენ, როდესაც, მაგალითად, ჩაცმის მანერის მიხედვით მსჯელობენ სექსუალურ ორიენტაციაზე, ან პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს ოჯახური ცხოვრების შესახებ.

სექსუალური რევოლუცია, ტერმინი გავრცელდა დასავლეთში 1960-იან წლებში და აღნიშნავდა სქესობრივი მორალის ნორმების ინტენსიური და ფართო გადახედვის დაწყებას, სქესობრივი ცხოვრების ბევრ სფეროში აკრძალვების შესუსტების მიმართულებით. 1960-1970 წლების სექსუალური რევოლუცია დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ინდივიდუალიზაციისა და ქალთა ემანსიპაციის საერთო პროცესებთან და თავისთავში მოიცავდა როგორც დადებით, ისე უარყოფით მომენტებს. საზოგადოების ევოლუციასთან ერთად, სოციალური კუთხით მამაკაცი და ქალი უფრო თანასწორუფლებიანები გახდნენ, გაჩნდა ინდივიდუალობის განვითარების დიდი თავისუფლება – არა საზოგადოებისაგან დადგენილი სტანდარტებით, არამედ საკუთარი მიდრეკილებების შესაბამისად, შეიცვალა ოჯახური ურთიერთობები (ტრანსფორმირდა თვითონ «ოჯახის უფროსის» ცნება, გაიზარდა ქალის ავტორიტეტი, მისი როლი ოჯახში). ამ პერიოდში სექსუალურ-ეროტიული ურთიერთობები სულ უფრო მეტად გაემიჯნა შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციას, ქორწინებაში გაიზარდა სექსუალური ექსპერიმენტირების დონე.
სიყვარულის ნიადაგზე, ეკონომიკური, სოციალური და სხვა პირობების გაუთვალისწინებლად შექმნილი ოჯახების რაოდენობის ზრდამ, განაპირობა ქორწინების ხანგრძლივობის შემცირება. შეიცვალა სქესობრივი შეუსაბამობის ცნება, სქესობრივი სიამოვნების მიღებაში ქალს და მამაკაცს ახლა უკვე თანაბარი როლი ენიჭებათ. თუმცა, ქორწინების ეროტიზაციამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო მის გაუფასურებას, გამოიწვია ინტიმური ცხოვრების ინსტრუმენტალიზაცია, მკვეთრად შეამცირა აკრძალვების სფერო. სექსის სფეროში ტრადიციული ურთიერთობების რღვევამ გამოიწვია სექსუალური თავისუფლება, ქორწინებამდელი კავშირების შეფასების ცვლილება, სექსუალური ნატურალიზმის ზრდა ცხოვრებისა და კულტურის ყველა სფეროში, პორნოგრაფიის აყვავება, პროსტიტუცია და ა.შ. დაბალი სექსუალური კულტურის მქონე საზოგადოების წინაშე წარმოიშვა ისეთი პრობლემები, როგორიცაა არასასურველი ფეხმძიმობა და აბორტები, ვენერიული დაავადებებისა და შიდსის გავრცელება, განქორწინებათა რიცხვის ზრდა.

სექსუალური რუმინაციები (ლათ. ruminatio – განცდა, გამეორება), სხვადასხვა სექსუალური სცენების აზრობრივი ხატები, რომელთაც არ ახლავთ ეროტიული აღგზნება და ერექცია. უფრო ხშირად და ადვილად აღმოცენდება ახალგაზრდებთან, იშვიათად – ხანშიშესულ პირებთან. ქალთა სექსოლოგიაში ეს ტერმინი, როგორც წესი, არ გამოიყენება, თუმცა სექსუალურ თემებზე ფანტაზიებს, სქესობრივი აღგზნების გარეშე, ქალებთანაც ვხვდებით. გარკვეულ სიტუაციებში სექსუალური შინაარსის თემები, ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ, გამუდმებით ამოტივტივდებიან ხოლმე ცნობიერებაში, ამასთან სრუალიად უდროო დროს. სექსუალური რუმინაციები აქ უკვე იძენენ აკვიატებული წარმოდგენების ხასიათს, რომელნიც განეკუთვნებიან ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების რიგს და ფსიქოთერაპევტთან და სექსოპათოლოგთან კონსულტაციების გავლის საბაბად გვევლინებიან.

სექსუალური სომნაბულიზმი ან სექსონია – ეს ტერმინი აღნიშნავს უჩვეულო ქცევას ძილში, რომლის დროსაც მძინარე ადამიანი ავლენს სხვადასხვა ფორმის სექსუალურ აქტივობას. ყველაზე გავრცელებულია სექსით დაკავების მცდელობა საწოლში მის გვერდით მძინარე სქესობრივ პარტნიორთან.
ამ დარღვევების ხარისხი ვარირებს სუსტი მოძრაობითი აქტივობით, ან სულაც წყნარი კვნესით დაწყებული, დამთავრებული პარტნიორის მიმართ აგრესიული, უხეშობამდე მისული ქცევით. ამასთან ერთად, დაავადების სიმძიმის მიუხედავად პაციენტებს არასოდეს ახსოვთ თავისი ღამეული გამოხტომები.
გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ამ დარღვევას აქვს სამი ხარისხი. ყველაზე ნაკლებსაშიში ფორმა ვლინდება ძილის დარღვევაში და ის მაინცდამაინც არ აწუხებს გარშემომყოფთ. შემდეგ მოდის შემთხვევები, რომლის შედეგებიც “გამოიხატება მსუბუქ ფიზიკურ დაზიანებაში”. და ბოლოს, ყველაზე მძიმე შემთხვევებში ზოგიერთი მამაკაცი და ქალი პარტნიორთან შედიან არაცნობიერ – სომნამბულურ სქესობრივ კონტაქტში.
ყველა შემთხვევაში პაციენტთა განკურნება მოხერხდა წამლების მეშვეობით, რომლებიც გამოიყენება ძილის დარღვევების დროს. აღმოჩენილია, რომ ამ ავადმყოფებს დარღვეული აქვთ ძილის ნორმალური სტრუქტურა. ძილის ზოგიერთი ფაზა ძალიან დამოკლებულია, ზოგიერთი კი სრულიად ამოვარდნილი. ეს დასტურდებოდა ე.ე.გ-ს (ელექტროენცეფალოგრამა) სურათით. რომელიც ტვინის ელექტრულ აქტივობას ასახავს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ პაციენტების გარკვეულ ნაწილს ადრე აწუხებდა ძილის არანაკლებ ამოუცნობი დარღვევა – “ძილში სიარული”.

სუბლიმაცია (ლათ. sublimo – ვამაღლებ), ფსიქოლოგიური დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მდგომარეობს სექსუალური ლტოლვის ენერგიის პირდაპირი მიზნიდან – სიამოვნების მიღება და შთამომავლობის გაგრძელება – გადახრაში და მისი მიმართვა არასექსუალური, სოციალურად მისაღები მიზნებისაკენ. ცნება “სუბლიმაცია” შემოიტანა ზ.ფროიდმა 1900 წელს. ასეთი სახით სუბლიმირებული სექსუალური ლტოლვები, საგრძნობლად ამაღლებს ფსიქიკის შრომისნაყოფიერებას. სუბლიმაციის თავისებურება – ის ხდება მხატრული შემოქმედების, ნაყოფიერი შრომითი საქმიანობის, სოციალურად მნიშვნელოვანი ქმედებების და სოციალურად მისაღები დასვენების ერთ-ერთი წყარო. მოგვიანებით ცნება “სუბლიმაცია” აგრეთვე გაავრცელეს აგრესიული ლტოლვების სფეროზე. სუბლიმაციის პრობლემას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა პიროვნების აღზრდისა და თვითაღზრდის პროცესში. ასწავლოს პიროვნებას საკუთარი აფექტური ლტოლვების ენერგიის სწრაფად გადართვა და ტრანსფორმირება კეთილ ხუმრობად, მახვილგონივრობად, მოახდინოს მისი რეალიზაცია რაიმე ქმედებაში, სპორტში, კულტურულ დროსტარებაში – თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ამოცანაა.

სექსუალური ტაბუ (პოლინეზიური, ფრ. sexe ლათ. sexus – სქესი): გარკვეული სექსუალური ქმედებების აკრძალვა, რომელიც შემოტანილია სრულიად სხვადასხვა მიზეზების გამო და ხშირად სექსუალური ურთიერთობების რეგულაციის მიზნით. ფართოდაა გავრცელებული, მაგალითად, ტაბუ ინცესტზე. ბავშვებთან სექსუალური კავშირიც დღეს ტაბუდ ითვლება და მისი დარღვევა მკაცრად ისჯება; სხვა დროს და სხვა ხალხებში ეს ყოველთვის ასე არ იყო.


Bookmark and Share