ჰომოსექსუალობა სხვადასხვა კულტურებში
სექსუალობას ბიოლოგიური და რეპროდუქციულის გარდა, სოციალური და კულტურული მნიშვნელობაც გააჩნია. ისტორიულმა და ეთნოგრაფიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მამაკაცებში ჰომოსექსუალურ ქცევას ყველა დროსა და საზოგადოებაში ვხვდებით, თუმცა სხვადასხვა კულტურა და რელიგია სხვადასხვანაირად აღიქვამს და აფასებს მას (ქალთა ჰომოსექსუალობა ნაკლებადაა შესწავლილი, რაც მამაკაცური შოვინიზმის კიდევ ერთ გამოვლინებას და კულტურათა უპირატესად მასკულინური ხასიათით შეიძლება აიხსნას).
ბლეკვუდმა, უითჰემმა და ენდლემენმა(1) ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დამოკიდებულება სამ ტიპამდე დაიყვანეს. პირველი ტიპის საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულად ეკიდება ჰომოსექსუალობას, შესაბამისად ასეთი ტიპის საზოგადოებაში მცხოვრები ჰომოსექსუალები ღიად საუბრობენ საკუთარ ქცევაზე. მეორე ტიპის საზოგადოებაში მამაკაცები აუცილებლად ჩართულნი არიან ჰომოსექსუალურ ქცევაში მათი მამაკაცებად ჩამოყალიბების პერიოდში (რიტუალები, ინიციაციის ფორმები და სხვ).
და ბოლოს, მესამე ტიპის საზოგადოებაში მამაკაცების ჰომოსექსუალობა მკაცრად ისჯება, სამარცხვინოდ ითვლება და ცხადია, მათი უმეტესობა არ ამჟღავნებს თავის მიდრეკილებებს.
ამასთან, შესაძლოა ერთი და იგივე საზოგადოება ჰომოსექსუალურ ქცევას გარკვეულ სიტუაციებში კატეგორიულად კრძალავდეს, ხოლო სხვა სიტუაციებში აუცილებლად თვლიდეს, ან ნეიტრალური დამოკიდებულებას ამჟღავნებდეს.
ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და რიტუალები არ აყალიბებს რაიმე განსაკუთრებულ, მუდმივ სექსუალურ იდენტურობას და ცნობიერებას (2), ეროტიკული უპირატესობა კი შეიძლება არ მჟღავნდებოდეს ქცევაში. ამიტომაც, ამ ტიპის კვლევების უმეტესობა სწავლობს დამოკიდებულებას არა ჰომოსექსუალთა, არამედ ჰომოსექსუალური ქცევის მიმართ სხვადასხვა კულტურებსა და საზოგადოებაში.
შუასაუკუნეების იაპონია
აღმოსავლურ კულტურათა უმეტესობა (ისლამური სამყაროს გამოკლებით) საკმაოდ ინდიფერენტულია მამაკაცთა ჰომოსექსუალური ქცევის მიმართ. ერთსქესიანი სიყვარულის მიმართ ყველაზე მიმტევებელი აზიური ქვეყანა XIX ს.-მდე იყო იაპონია, რაც დაკავშირებული იყო, ერთი მხრივ, მამაკაცის სხეულის საერთო ესთეტიზაციასთან, ხოლო მეორე მხრივ _ მამაცობისა და ერთგულების სამურაულ კულტთან(3). ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მამაკაცთა შორის იაპონელები არასოდეს უწოდებდნენ სამარცხვინოს ან ბინძურს და მას თავისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ელემენტად და განვითარებული ცივილიზაციის ნიშნად თვლიდნენ.
იაპონურ ენაში ბევრი ტერმინი არსებობს, რომელიც მამაკაცთა შორის სექსუალურ ურთიერთობას აღწერს. ნანსოკუ (ზოგან გვხვდება დანსოკუ) (4) ზოგადი ტერმინია, რომელიც გამოიყენება ჰომოსექსუალურ ურთიერთობათა სხვადასხვა ტიპის აღსაწერად, რომელთა შორის განსხვავებასაც კონტექსტის გარდა, განაპირობებს ჰომოსექსუალურ აქტში მონაწილეთა ასაკი, სტატუსი და გენდერული იდენტობა. ეს ტერმინი აღწერს სექსუალური ქცევის ფორმას ან სექსუალურ როლებს და არა აქტში მონაწილეთაYიდენტობას ან სექსუალურ უპირატესობას.
მამაკაცებს, რომელთაც ქალი იზიდავდა, შესაძლოა ასევე მიმზიდველად ჩაეთვალა ვაკაშუუ (სიტყვასიტყვით, ახალგაზრდა ბიჭი) ან მსახიობი, ვინც ქალის როლს თამაშობდა (ონაგატა ან “ქალის ნიღაბი”) (5)
განსხვავებით დასავლური კულტურებისაგან, იაპონიაში ქალისა და მამაკაცის სიყვარული ერთნაირად ნორმალურად ითვლებოდა. მხოლოდ ერთი სქესისთვის განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭებას იშვიათად და უცნაურობად მიიჩნევდნენ. მამაკაცებს, რომლებიც მხოლოდ სხვა მამაკაცებთან ურთიერთობას ანიჭებდა უპირატესობას ონნაგირაის (ქალთმოძულეს) უწოდებდნენ – არა ლტოლვის, არამედ განრიდების ობიექტის მიხედვით. ამასთან, მამაკაცთა სექსუალური ურთიერთობა უფრო მკაცრად იყო რეგლამენტირებული, ვიდრე ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები.(6)
ისტორიკოსები სამ განსხვავებულ სუბკულტურას გამოყოფდნენ: ბუდისტურ მონასტრებს, ფეოდალურ-სამურაულ წრესა და თეატრალურ სამყაროს.
ლეგენდის თანახმად, ჰომოსექსუალური ურთიერთობების კულტურა იაპონიაში ბუდისტმა ბერმა კუკაიმ შეიტანა ჩინეთიდან IX საუკუნის დასაწყისში. თუმცა, თავად კუკაის ნაშრომებში ეს თემა საერთოდ არ გვხვდება. ამასთან, ბუდიზმის საკმაოდ შემწყნარებლური დამოკიდებულების მიუხედავად სხვადასხვა სექსუალური ტექნიკების მიმართ, ბუდისტური ტაძრებში ცხოვრების წესები სექსუალურ თავშეკავებასა და ასკეტიზმს ქადაგებს. ზემოთქმულის მიუხედავად, კოია, მთა, რომელზედაც კუკაის მონასტერი იდგა) დღემდე ასოცირდება ერთსქესიან სიყვარულთან. როგორც ჩანს, ბუდისტი ბერების უმრავლესობისათვის დაუქორწინებლობის აღქმა არ ვრცელდებოდა სექსუალურ ურთიერთობებზე ბერებსა და მორჩილებს შორის და საკმაოდ გავრცელებული იყო იაპონიაში. ამაზე მეტყველებს როგორც სხვადასხვა ლიტერატურული წყაროები, ისე ბუდისტურ ტაძრებში შემორჩენილი ჩანაწერები.
კიდევ უფრო მკაცრად იყო რეგლამენტირებული ჰომოსექსუალური ურთიერთობები სამურაებს შორის. სამურაი (ისევე, როგორც პაჟი და საჭურველთმტვირთველი) წარმოუდგენელი იყო პარტნიორის გარეშე. მეჩვიდმეტე საუკუნის იაპონელი პოეტი იჰარა საიკაკუ წერს: “ყმაწვილი უფროსი საყვარლის გარეშე იგივეა, რაც უქმრო ქალი და ასეთი ყმაწვილი სასაცილოა.”
სექსუალური ურთიერთობა სამურაისა და მოწაფეს შორის კოდექსის მიხედვით მანამდე გრძელდებოდა, სანამ მოწაფეს 18-19 წელი შეუსრულდებოდა და ინიციაციას გაივლიდა. ამის შემდეგ ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადადიოდა. როგორც წესი, ეს ურთიერთობა უკვე აღარ თვლიდა სავალდებულოდ სექსუალურ ურთიერთობებს, თუმცა, წყვილები უახლოეს მეგობრებად რჩებოდნენ. იმავდროულად, მაღალი წრის წარმომადგენელი სამურაები, ვალდებულნი იყვნენ დაქორწინებულიყვნენ ქალზე და ოჯახი შეექმნათ.
მეომართა კასტისათვის დამახასიათებელი თაობათაშორისი ჰომოსექსუალური ურთიერთობები არაერთხელ გამხდარა შუასაუკუნეების იაპონურ ლიტერატურისა და მხატვრობის მთავარი თემა (იჰარა საიკაკუს “მამაკაცური სიყვარულის დიადი სარკე”; გენძი მონოგატარის “მოთხრობა გენძიზე”; კიტაგავა ფუძიმარო, სუძუკი ჰარუნობუ, უტაგავა კუნისადა და სხვ).
სამურაებისა და რაინდთა წრეში, სადაც ყველაფერი მეომრული ღირსების კოდექსს ემორჩილებოდა, ყველაზე მეტად ერთგულება ფასობდა. სუზერენის ღალატი მკაცრად ისჯებოდა. თუმცა, სიყვარულში ერთგულება გარკვეული ხარისხით ეფუძნებოდა ურთიერთგამოცდასა და თანხმობასაც:
“ახალგაზრდამ უფროსი, სულ ცოტა, ხუთი წლის განმავლობაში უნდა გამოსცადოს. თუ ამ ხნის განმავლობაში მას ერთხელაც არ შეეპარება ეჭვი მისი ზრახვების კეთილშობილებაში, მაშინ მას შეუძლია უპასუხოს მის გრძნობებს, მერყევ ადამიანთან შეუძლებელია კარგი ურთიერთობის დამყარება, ვინაიდან ის მალე უღალატებს თავის საყვარელს.
თუ ასეთი ადამიანები თავიანთ სიცოცხლეს ერთმანეთს უძღვნიან, ისინი ურთიერთნდობით სარგებლობენ. თუ ერთი მათგანი გარყვნილია, მეორემ უნდა უთხრას, რომ არ შეუძლია მასთან ურთიერთობა და ამის შემდეგ სამუდამოდ გაწყვიტოს მასთან კავშირი. თუ პირველმა ჰკითხა მიზეზი, მეორემ უნდა უპასუხოს, რომ არაფრის გულისთვის არ ეტყვის მიზეზს. თუ პირველი მაინც არ ეშვება, მეორე უნდა განრისხდეს. თუ პირველი დაჟინებით გააგრძელებს თხოვნას, მაშინ ადგილზევე მოკალი.
ამას გარდა, უფროსმაც ასევე უნდა შეამოწმოს უმცროსის რეალური განზრახვა იმავე გზით. თუკი უმცროსს შეუძლია მთლიანად მიუძღვნას თავი უფროსს ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში, მაშინ ის შესაფერისი იქნება.”
სამურაების ჰომოეროტიული მეგობრობა ტიპიური ფეოდალური ინსტიტუტია. სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ყმაწვილებისადმი ლტოლვა აქ ეფუძნება ვასალურ, დამოკიდებულ ურთიერთობას. სექსუალური კავშირები არა მარტო ამყარებდა ამ ურთიერთობებს, არამედ მათ პერსონალიზირებულს ხდიდა, იაპონური ტერმინოლოგიით, “ცივ ვალს” “თბილ ვალად” აქცევდა (7). ფეოდალს შეეძლო ძალა ეხმარა ბიჭზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სიყვარული მას არ ეკუთვნოდა. ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უფროსი სამურაიც იძლეოდა ერთგულების ფიცს.
პარადოქსულია, მაგრამ ვაკასუდო (სიტყვასიტყვით “ყმაწვილთა გზა”) როგორც ბატონისადმი უპირობო მორჩილების ტრადიცია, იმავდროულად ეწინააღმდეგება კიდევაც მას. სამურაების კოდექსის ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, იამამოტო ცუნეტომო ასე აღწერს ამ წინააღმდეგობას: “საკუთარი სიცოცხლის გაწირვა სხვისთვის ნანსოკუს ძირითადი პრინციპია. სხვა შემთხვევაში ეს სამარცხვინო საქმეა. თუ ამ წესს იცავ, არაფერი გრჩება, რასაც ბატონისათვის გაიღებდი. ამიტომაცაა ის ერთდროულად სასიამოვნოცა და უსიამოვნოც.(8)”
ფეოდალიზმის ეპოქის დასრულებასთან ერთად შეიცვალა ამ ურთიერთობების შინაარსიც. ჰომოსექსუალურმა ურთიერთობებმა დაკარგა კავშირი მეომრულ ეთიკასა და აღმზრდელობით იდეალებთან, რითაც გამოეცალა მორალური საფუძველი, რომელსაც ეყრდნობოდა. ეროტიული ურთიერთობები უფრო და უფრო კომერციალიზებული გახდა.
მესამე სპეციფიური ჰომოსექსუალური სუბკულტურაა – თეატრალური სამყარო. ვინაიდან ქალს ეკრძალებოდა სცენაზე გამოსვლა, წარმოდგენაში ქალის როლს გადაცმული მამაკაცები ასრულებდნენ. მათ ონნაგატას (onnagata) უწოდებდნენ. ნოს და კაბუკის იაპონურ ტრადიციულ თეატრებში ყოველთვის ბევრი იყო ჰომოეროტიკა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობები ხშირად დიდებულთა, მათ შორის მმართველი-სიოგუნების საყვარლები იყვნენ. დროთა განმავლობაში აქტიორული პროსტიტუცია სრულიად კანონიერ და პრესტიჟულ საქმიანობად იქცა. მართალია, კაბუკის თეატრის ბიჭები ვალდებულები არ იყვნენ თავისი საყვარლების ერთგულები ყოფილიყვნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს ემსახურებოდნენ, მაინც პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. ამ წრეში ასაკობრივი საზღვრები ძალზედ პირობითი იყო, ზოგჯერ “ბიჭებად” ითვლებოდნენ 30 წელს გადაცილებული მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ, მარად ახალგაზრდული იერი ჰქონოდათ. მათთვის ასაკის კითხვა უზრდელობად ითვლებოდა.
XVII-XVIII სს.-ში იაპონიაში მამაკაცური პროსტიტუციის ლეგალური ფორმებიც გაჩნდა. ახალგაზრდა ყმაწვილებს, ვინც კომერციული სექსით ირჩენდა თავს, კაგემას უწოდებდნენ, სპეციალური სამეძავო სახლებს კი – კაგემაძაია (kagemajaya), რაც სიტყვა-სიტყვით კაგემას ჩაის სახლს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალურ ურთიერთობების ტრადიციას იაპონიაში თითქმის ათასწლოვანი ისტორია აქვს და არასოდეს განიხილებოდა ცოდვად ან ამორალობად, დასავლური ცივილიზაციის გავლენით 1873 წელს კანონით აიკრძალა ჰომოსექსუალური ქცევის გარკვეული ფორმები. თუმცა, ამ კანონმა სულ შვიდი წელი იარსება და შემდეგ ისევ გაუქმდა.
თანამედროვე იაპონია
თანამედროვე იაპონიაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კრიმინალიზებული არაა, მაგრამ არც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არსებობს. იაპონიაში უამრავი გეი ბარები და სხვა თავშეყრის ადგილებია ჰომოსექსუალთათვის. პოპ-ვარსკვლავებს, მომღერლებს, ტელეშოუების წამყვანებს შორის ბევრი ღია გეი და ტრანსგენდერია. მიუხედავად ამგვარი ლოიალობისა, კანონით ქორწინება მხოლოდ სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორისაა დაშვებული. მკვლევართა აზრით, ამგვარი მდგომარეობა იაპონელ გეებს ბისექსუალური ცხოვრების წესისაკენ უბიძგებს.
სხვაგვარი სიტუაციაა ლესბოსელებთან დაკავშირებით. იაპონური კულტურა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიზოგენური კულტურაა მსოფლიოში, ტრადიციებს არც ამ მხრივ ღალატობს. მიუხედავად, ზოგადად სექსუალობისა და მათ შორის მამაკაცთა ჰომოსექსუალობის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებისა, იაპონური კულტურისათვის დღემდე მიუღებელია ქალის აქტიური როლი ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში (რომ აღარაფერი ვთქვათ ქალთა ჰომოსექსუალობაზე). ვინაიდან, ასეთი ურთიერთობები მაინც არსებობს, შეუძლებელია რაიმე ფორმით არ იყოს ასახული თანამედროვე მასობრივი კულტურის პროდუქციაში.
1814 წელს თავისი დროის ერთ-ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჰოკუსაიმ გამოსცა წიგნი, რომლის შინაარსიც მთლიანად გაფორმებული იყო შავ-თეთრი ესკიზებით. დასურათებულმა რომანებმა (მანგა) მაშინვე უზომო პოპულარობა მოიპოვა. დღესდღეობით მანგა ჟურნალისა და დამოუკიდებელი ბროშურების სახით გამოიცემა, თუმცა, როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, მანგა არ წარმოადგენს დასავლური კომიქსის ნაირსახეობას. კომიქსისაგან განსხვავებით, მანგა გამორჩეულია მხატვრული შესრულების მაღალი ხარისხითა და ემოციური სიღრმით (9).
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იაპონიაში პოპულარული ხდება მანგას მოტივებზე შექმნილი ანიმაციური ფილმები და სერიალები. ანიმეს პირველი ავტორები ქალები იყვნენ და ამიტომაც პირველი სერიალების სამიზნე აუდიტორიასაც ახალგაზრდა ქალები შეადგენდნენ. სამოცდაათიანი წლების სექსუალურმა რევოლუციამ მანგაკებს (manga-ka) (ასე უწოდებდნენ ანიმეზე მომუშავე ქალ მხატვრებს), უბიძგა უფრო თამამად გამოეხატათ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ურთიერთობები თავიანთ ფილმებში, მაგრამ იაპონური კულტურის პატრიარქალური ხასიათი და ქალთა სექსუალობის მიმართ შენარჩუნებული მკვეთრი კონსერვატიზმი მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა ავტორებს. მანგასა და ანიმეში ქალი-გმირების სექსუალური სუბიექტურობა დიდი ხნის განმავლობაში გამონაკლისს წარმოადგენდა. სწორედ ამ შეზღუდვების დამსახურება უნდა იყოს მანგასა და ანიმეში ახალი ტიპის პერსონაჟის გაჩენა – ახალგაზრდა, ფემინიზებული ბიჭის ტიპაჟი. ასეთი ტიპის მანგა, როგორც წესი, მოგვითხრობს ორი ახალგაზრდას სიყვარულზე. დასაწყისში, აქცენტი მეგობრობასა და ჰომოეროტიულ ლტოლვაზე კეთდებოდა, თუმცა, მოგვიანებით მანგაკებმა უფრო თავისუფლად დაიწყეს ჰომოსექსუალური სცენების გამოსახვაც, რამაც ახალ ჟანრს “იაოი”-ს (yaoi) ჩაუყარა საფუძველი.
თუმცა, ამ ურთიერთობებს ჰომოსექსუალური მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ. იაოის პერსონაჟების ურთიერთობა მამაკაცური ჰომოსექსუალური სიყვარულის თავისებური ინტერპრეტაცია, ფანტაზიის ნაყოფი უფროა, ვიდრე რეალობა. ისინი არც ვიზუალურად ჰგვანან მამაკაცს (მით უმეტეს იაპონელ მამაკაცებს. მანგასა და ანიმეს ერთ-ერთმა მკვლევარმა ყურადღება მიაქცია კიდევ ერთ თავისებურებას: იაოის პერსონაჟების უმეტესობა თეთრკანიანი ახალგაზრდაა და მაღალ სოციალურ წრეს მიეკუთვნება, რაც კიდევ უფრო აუცხოებს პერსონაჟს და ამძაფრებს იაპონელი ქალების პროტესტს იაპონური პატრიარქალური კულტურის მიმართ (10)), და არც კულტურაში აღიარებულ მამაკაცური ქცევის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მკვლევართა აზრით, ისინი იაპონელი ქალების მიერ გამოგონილი არსებები არიან, რომლებიც ამგვარად გამოხატავენ უკმაყოფილებას არსებული გენდერული სტერეოტიპებითა და ტრადიციებით, რომელიც ზღუდავთ მათ რეალურ ცხოვრებაში. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ ამ ჟანრის პროდუქციის მომხმარებლები მხოლოდ ქალები არიან, გეი მამაკაცები კი ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას იაოის პერსონაჟებთან და მას მთლიანად ქალების ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევენ (11).
მიუხედავად ამისა, იაოის გამოგონილმა პერსონაჟებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს იაპონელი ქალების დამოკიდებულებაზე გეების მიმართ რეალურ ცხოვრებაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული იზრდება იმ ქალების რიცხვი, ვინც დაინტერესებულია არა მხოლოდ გეისთან მეგობრობით, არამედ სურს მასთან ოჯახის შექმნაც.
რაც შეეხება ჰომოეროტიული შინაარსის ანიმეებს, რომელიც კაცების მიერ გეი მამაკაცებისათვის იქმნება, მისი გმირები უპირატესად “მაჩოები”, მკვეთრად მასკულინური პერსონაჟები არიან. ჰენტაის ქვეჟანრები, რომელიც ლესბოსური წყვილების ურთიერთობას ასახავს, პორნოგრაფიული შინაარსისაა და ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი.
მანგა ან ანიმე, რომელიც ლესბოსურ ურთიერთობებს ასახავს და გოგონებზეა გათვლილი იური-მანგას (yuri) სახელს ატარებს. ამ ჟანრის წარმოშობა უკავშირდება 80-იანი წლების პოპულარულ სერიალს “უხამსი წყვილი” (Dirty Pair), რომლის მთავარი გმირები – კეი და იური – მამაკაცად გადაცმული ქალები არიან. ორიგინალში ისინი ჰეტეროსექსუალები არიან, თუმცა, პერსონაჟების “არაქალურმა”, მებრძოლმა ხასიათმა და ტოტალურად წარუმატებელმა ურთიერთობებმა მამაკაცებთან, მრავალგვარი სპეკულაციის საშუალება მისცა მის თაყვანისმცემლებს და ბაზარი გაივსო სამოყვარულო გამოცემებით, რომელიც მთავარი გმირების ლესბოსურ ურთიერთობებს ასახავდა. სწორედ ერთ-ერთი გმირის სახელის მიხედვით ეწოდა ამ ჟანრს იური-მანგა.
ამგვარად, განსხვავებების აღწერა, რომლითაც გეი/ლესბი იდენტობა კონსტრუირდებოდა/კონსტრუირდება შუასაუკუნეების/თანამედროვე იაპონურ კულტურაში შეუძლებელია შესაბამისი კონტექსტის, ტრადიციებისა და ისტორიის გათვალისწინების გარეშე. მკვლევართა აზრით, ის ფაქტი, რომ დასავლური კულტურისაგან განსხვავებით, გეი-იდენტობა აიგება არა როგორც “უცხო” (თუ არ გავითვალისწინებთ იაოი-ს პერსონაჟებს, რომლის ხასიათზეც ზემოთ ვისაუბრეთ), ანტი-სოციალური, ანტი-რელიგიური ან ანტი-რეპროდუქციული, იმაზე მიანიშნებს, რომ გეი-უფლებებისათვის ბრძოლას იაპონიაში უფრო მშვიდი და კონსტრუქციული ხასიათი ექნება.(12)
ვფიქრობ, ზემოხსენებული მცირე ექსკურსიც კი საკმარისია ჩვენში გავრცელებული მოსაზრების გასაბათილებლად იმის თაობაზე, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საზოგადობის სოციალური და ზნეობრივი გახრწნის პროდუქტია და ყველა კულტურა ერთნაირად ნეგატიურად აფასებს მას.
თემას ჟურნალის მომდევნო ნომერშიც გავაგრძელებთ. ამჯერად ისეთ კულტურებზე ვისაუბრებთ, რომელშიც ბიოლოგიურ სქესს, ეროტიკულ უპირატესობასა და სექსუალურ ქცევას შორის კავშირი ნაკლებად ხილვადი ან უმნიშვნელოა კულტურისათვის.
ეკა აღდგომელაშვილი
ჟურნალი “მე”, #13
[1] Blackwood, E. Breaking the mirror: The construction of lesbianism and the anthropological discourse on homosexuality. Many Faces of Homosexuality: Anthropology and Homosexual Behavior. ed. NY: Harrington Park Press, 1986. ; Whitam, F.L. (1983). “Culturally Invariable Properties of Male Homosexuality: Tentative Conclusions from Cross-cultural Research, Archives of Sexual Behavior, 12, 207-226. ; Endleman, Robert. Homosexuality in Tribal Societies. Transcultural Psychiatric Research Review. 1986; 23: 187-218.
[2] Мастерc У., Джонсон В., Колодни Р. Основы сексологии. М.: Мир, 1998
[3] Кон И. Лунный свет на заре. Лики и маски однополой любви. — М.: Издательство ACT, 1998
[4]. ნანსოკუ სიტყვა-სიტყვით ნიშნავს მამაკაცის ფერს. ჰარი ლეუპ-ის აზრით, ჩინური იეროგლიფი, რომელიც ფერის აღსანიშნავად გამოიყენება იმავდროულად “სექსის” ევფემიზმსაც წარმოადგენს და იაპონური და ჩინური ლექსიკონებში მისი ერთ-ერთი დეფინიციაა “ხორციელი სიამოვნება”. ალტერნატიულ ტერმინს წარმოადგენდა შუდო, აბრევიატურა, რომელიც შედგება ვაკაშუდოს (ახალგაზრდების გზა), ვაკაშუსა (ყმაწვილი) და დო-საგან (გზა).
[5] Mark McLelland. Male Homosexuality and Popular Culture in Modern Japan. Intersections: Gender, History and Culture in the Asian Context. Issue 3, January 2000. http://intersections.anu.edu.au/issue3/mclelland2.html
[6] Кон И. Лунный свет на заре. Лики и маски однополой любви. — М.: Издательство ACT, 1998
[7] Кон И. Лунный свет на заре. Лики и маски однополой любви. — М.: Издательство ACT, 1998
[8] Yamamoto Tsunetomo, Hagakure, The Book of the Samurai. William Scott Wilson, trans. New York and Tokyo, Kodansha International 1979.
[9] Midori Matsui, ‘Little Girls Were Little Boys: Displaced Femininity in the Representation of Homosexuality in Japanese Girls’ Comics,’ in Feminism and the Politics of Difference, ed. Sneja Gunew and Anna Yeatman, Boulder, Colorado: Westview Press, 1993, p. 180.
[10] Kazumi Nagaike. Elegant Caucasians, Amorous Arabs, and Invisible Others: Signs and Images of Foreigners in Japanese BL Manga. Intersections: Gender and Sexuality in Asia and the Pacific. Issue 20, April 2009. http://intersections.anu.edu.au/issue20/nagaike.htm
[11] Mark McLelland. Male Homosexuality and Popular Culture in Modern Japan. Intersections: Gender, History and Culture in the Asian Context. Issue 3, January 2000. http://intersections.anu.edu.au/issue3/mclelland2.html
[12] Mark McLelland. Male Homosexuality and Popular Culture in Modern Japan. Intersections: Gender, History and Culture in the Asian Context. Issue 3, January 2000. http://intersections.anu.edu.au/issue3/mclelland2.html