განსხვავებულობა ტოტალიტარიზმის პირობებში

ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა (საქართველოში შესაბამისი მუხლი 2000 წლის 1 ივნისს გაუქმდა). თუმცა, დეკრიმინალიზაცია საზოგადოებრივი აზრის მყისიერ ცვლილებას არ გულისხმობს. დღესაც საქართველოში ჰომოსექსუალები ერთ-ერთ ყველაზე სტიგმატიზებული ჯგუფს წარმოადგენდნენ. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიას “ტრადიციებისა და მართლმადიდებლური ფასეულობებისადმი ერთგულებასთან” ერთად ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრების გამოცდილებაც ამძიმებს. საბჭოთა რეჟიმი, ისევე როგორც ყველა ტოტალიტარული რეჟიმი, პირველ ყოვლისა, ადამიანის, ინდივიდის წინააღმდეგაა მიმარ- თული. ერთიანი, ჰომოგენური მასის ჩამოყალიბების პროცესში, ქცევისა თუ იდეის დონეზე გამოხატული, ნებისმიერი “განსხვავებულობა” რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ აქტად მიიჩნევა, მათ შორის, სექსუალობის “სხვაგვარი” გამოვლინებაც.

რევოლუციამდელ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები კანონით ისჯებოდა. ძალადობრივი ჰომოსექსუალური კავშირისათვის, დამნაშავეს ციმბირში გადასახლება და კატორღა ელოდა. რაც შეეხება ნებაყოფილობით ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, XX საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიაში, ხელისუფლებაც და ეკლესიაც თვალს ხუჭავდა ასეთ შემთხვევებზე, მით უმეტეს, როდესაც საქმე არისტოკრატული წრის წარმომადგენლებს ეხებოდა. ბოჰემურ სალონები, სადაც მაშინდელი არისტოკრატია, მხატვრები და პოეტები იკრიბებოდნენ, საკმაოდ თავისუფალი იყო სექსუალური მორალისტური დოგმებისაგან. თუმცა, ჰომოსექსუალური სუბკულტურა მხოლოდ ინტელექტუალური და არისტოკრატიული წრით როდი ამოიწურებოდა.

პარალელურად არსებობდა მეორე სუბკულტურაც, რომელიც კომერციული სექსით დაკავებულ ადამიანებს აერთიანებდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში, თბილისშიც არსებობდა ადგილები, ე.წ. “პლეშკები”(1), სადაც სექსუალური პარტნიორის პოვნა იყო შესაძლებელი. ორთაჭალის ბაღები და გოგირდის აბანოები ამდაგვარ ადგილებად იყო ცნობილი. კინტოები, რომლებიც ამ სუბკულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ, ორგანულად თანაარსებობდნენ სხვა ქალაქურ სუბკულტურებთან, (გრიშაშვილის “ძველ თბილისში” საკმაოდ საინტერესოდაა აღწერილი ეს სუბკულტურა. ამ თემის გამოძახილს აკა მორჩილაძის რომანშიც ვხვდებით – “გადაფრენა მადათოვზე და უკან”). ჰომოეროტიული თემატიკა საკმაოდ პოპულარული იყო XX საუკუნის 20-იანი წლების ქართულ სახვით ხელოვნებაშიც.

ოქტომბრის რევოლუციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სიტუაცია სამართლებრივი თვალსაზრისით. ეკლესიის მსგავსად, ბოლშევიკებიც ეწინააღმდეგებოდნენ სექსუალობის ყოველგვარ გამოვლინებას, რომელიც არარეპროდუქციული იყო და კონტროლს არ ექვემდებარებოდა (ბოლშევიკების შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლს). დასავლეთელი “სექსუალური განთავისუფლებისათვის” მებრძოლი მემარცხენეების უმრავლესობის მსგავსად, ბოლშევიკები ჰომოსექსუალობას “ბურჟუაზიული გახრწნილების” გამოვლინებად თვლიდნენ. ბოლშევიკების რწმენით, პროლეტარული რევოლუციის შემდეგ ჰომოსექსუალობა, ისევე, როგორც “სექსუალური გარყვნილების” სხვა ფორმები, მთლიანად გაქრებოდა. თუმცა, ბოლშევიკები ჯერ მხოლოდ ძალას იკრებდნენ, სახელმწიფო სუსტი იყო, მომავალი კი, გაურკვეველი.

დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ჰომოსექსუალობის ფსიქიატრიზაციის პროცესმა გავლენა რუსეთზეც იქონია, მათ შორის სამართლებრივი კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ პოსტრევოლუციურ რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის ინიციატორები კადეტები და ანარქისტები იყვნენ და არა ბოლშევიკები. საბჭოთა მედიკოსები და იურისტები დიდხანს კეკლუცობდნენ ამგვარი “ჰუმანური კანონმდებლობით”: “საბჭოთა კანონმდებლობა არ ცნობს დანაშაულს, რომელიც ზნეობის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი კანონმდებლობა, საზოგადოების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჰომოსექსუალის ინტერესის ობიექტი მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანია” (“დიდი საბჭოთა ენციკლოპედია”. 1930).

ოციანი წლების დასაწყისის რუსეთისაგან განსხვავებით, როცა ბოლშევიკები თავს იწონებდნენ “პროგრესულობითა” და სექსუალურ საკითხების მიმართ მეცნიერული მიდგომებით, ჰომოსექსუალობა დაავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან, სახელმწიფო დანაშაულად იქცა. ნელ-ნელა აქტუალური გახდა ჰომოსექსუალობის დაკავშირება ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებასთან. ვილჰელმ რაიხი წერდა, რომ 121 სტატიის მიღების შემდეგ, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრევოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთ რანგში განიხილებოდა, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინაშე (3). ცნობილი დისიდენტი ვალერი ჭალიძე ნაშრომში, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში სისხლის სამართლის დამნაშავეთა ყოფასა და ქურდული სამყაროს სოციალურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას ეხება წერს: “როგორც ჩანს, საბჭოთა ხელმძღვანელობა მართლა თვლიდა ჰომოსექსუალობას პოლიტიკურ დანაშაულად”.  ასეთი დასკვნის საბაბს ჭალიძეს ის ფაქტიც აძლევდა, რომ სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნა-დაკავებით მილიცია კი არა, სწორედ სახელმწიფო უშიშროება იყო დაკავებული.

ჰენრიხ იაგოდა, რომელიც იმ წლებში უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1933 წელს (ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილებამდე), სტალინისადმი მიწერილ რაპორტში წერს “პედერასტთა დაჯგუფების” წევრების დაპატიმრების შესახებ, რომლებიც “ქმნიდნენ სალონებს, გარყვნილების ბუნაგებისა და პედერასტთა მცირე ჯგუფების გაერთიანებას, შემდგომში მისი ჯაშუ- შური ქსელად ჩამოყალიბების მიზნით”. მოგვიანებით, ისევ სტალინისადმი მიწერილ წერილში ის წერს: “პედერასტების აქტივი, იყენებს რა პედერასტული წრეების კასტურ ჩაკეტილობას უშუალოდ კონტრრევოლუციური მიზნებისათვის, პოლიტიკურად ხრწნიდა ახალგაზრდებს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, ასევე ცდილობდა შეეღწია წითელ არმიასა და ფლოტში”. შემორჩენილია სტალინის მინაწერი ამ დოკუმენტზეც: “საჭიროა ნაძირალები სამაგალითოდ დაისაჯონ, კანონმდებლობაში კი სათანადო ცვლილება შევიდეს”.

აღარსად ჩანდნენ ჰომოფობიურად განწყობილი ლიბერალებიც, რომლებიც მეცნიერების გაიდეალების გამო, ერთგვარი შემწყნარებლური ქედმაღლობით საუბრობდნენ “საბრალო ავადმყოფებზე”, რომლებიც ჰუმანურ მოპყრობას საჭიროებდნენ. მათ “პროლეტარი ჰუმანისტები” ჩაენაცვლნენ.

თუკი ჩეკისტების ენაზე ჰომოსექსუალობა მჭიდროდ დაუკავშირდა კონტრრევოლუციასა და ჯგუფურ შპიონაჟს, ფართო მასებისათვის გასაგებ ენაზე ჰომოსექსუალთა ქვეყნის მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიურ საფუძველს მაქსიმ გორკი ამზადებს. 1933 წელს, გაზეთ პრავდასა და იზვესტიაში ქვეყნდება მისი ცნობილი წერილი “პროლეტარული ჰუმანიზმი”; “ათობით კი არა, ათასობით ფაქტი მეტყველებს ევროპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგრეველ, გამრყვნელ გავლენაზე. ფაქტების ჩამოთვლა – საზიზღრობაა, გონებაც არ უნდა გადატვირთო ბურჟუაზიის მიერ დიდი მონდომებით შეთხზული და გავრცელებული სიბინძურით, რაც სულ უფრო და უფრო დიდი ფართო მასშტაბებს იძენს. უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტარიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმართველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება, დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების “კულტურულ ქვეყანაში” კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. უკვე გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: “გაანადგურეთ ჰომოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!”

წერილის გამოქვეყნებიდან 2 თვის შემდეგ, გერმანიაში “გრძელი დანების ღამეს” (5), მიუხედავად დამსახურებისა ნაცისტების და უშუალოდ ჰიტლერის წინაშე, თითქმის მთლიანად ეწირებიან ერნსტ რომი და მასთან დაახლოებული პირები. თუმცა, გორკის წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, ფაშიზმი ამით არ გამქრალა გერმანიაში, ისევე, როგორც ჰომოსექსუალთა რიცხვი არ შემცირებულა “საბჭოთა მოქალაქეთა” შორის.

1934 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალთა მიმართ დამოკიდებულების ამგვარი მკვეთრი ცვლილებით შეშფოთებულმა ცნობილმა ინგლისელმა კომუნისტმა ჰარი ვაითმა, რომელიც თავადაც ჰომოსექსუალი იყო, წერილით მიმართა სტალინს, რომელშიც ცდილობდა აეხსნა სტალინისათვის, რომ “მამათმავლობისათვის სამართლებრივი პასუხ ისმგებლობის შემოღება ეწინააღმდეგება როგორც სინამდვილეს, ისე მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებს”. ვაითის აზრით, პასუხს კითხვაზე “შესაძლებელია თუ არა ჰომოსექსუალი კომუნისტური პარტიის ღირსეული წევრი იყოს”, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიოში მცხოვრები კომუნისტებისთვისაც. როგორც ჩანს, სტალინზე არც წერილში მოყვანილ შედარებას უმოქმედია ჰიტლერთან და არც მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებთან დაპირისპირების შესაძლებლობას. ვაითის წერილს სტალინმა რამდენიმე სიტყვა მიაწერა; “გადააგზავნეთ არქივში. იდიოტი და დეგენერატი. ი.სტალინი.” (6)

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას წინ უძღოდა ახალი კანონი “ოჯახისა და ქორწინების შესახებ”, 1936 წელს აიკრძალა აბორტები. როგორც კი სახელმწიფო გაძლიერდა, მოჩვენებითი პროგრესულობა და თავისუფლება მაშინვე შეიცვალა ბოლშევიკური პურიტანიზმით. საბოლოოდ, “პროლეტარიატის დიქტატურა პრაქტიკაში ვულგარული პურიტანიზამის დიქტატურა აღმოჩნდა”. (7)

დენ ჰილის აზრით (8), 1934 წლიდან, როდესაც ჰომოსექსუალობა კანონით დასჯადი გახდა, საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე დაახლოებით 60 000 ადამიანი გასამართლდა ამ ბრალდებით. ჰილი ამ მონაცემების გავრცელებისას არქივებში არსებული მასალებს ეყრდნობა და იქვე აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან წიგნზე მუშაობისას მას ხელი არ მიუწვდებოდა უშიშროების სამსახურის არქივებზე და არ არსებობს ინფორმაცია მათ მიერ ამ მუხლის გამოყენების თაობაზე. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემების უზუსტობაზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტებიც, რომ როგორც ჰილის კვლევიდან ჩანს, პოპულარული ან ცნობილი ადამიანების შემთხვევაში, უშიშროების წარმომადგენლები ამჯობინებდნენ ბრალი ჰომოსექსუალური ურთიერთობისთვის კი არა, კონტრრევოლუციურ მოქმედებისათვის წაეყენებინათ. (9)

რაც შეეხება ლესბოსურ ურთიერთობებს, ქალი ამოვარდნილი იყო ჰომოსექსუალობის ზოგადი კონცეფციიდან (ტერმინი ჰომოსექსუალობა მხოლოდ მამაკაცთან მიმართებაში იხმარებოდა) და მხოლოდ სამედიცინო კოტექსტში განიხილებოდა. ტერმინი “ლესბოსელი” კი, უმეტეს შემთხვევაში, ჩანაცვლებული იყო სამედიცინო დიაგნოზით, როგორც სექსუალური მოტივაციის ფსიქოპათოლოგია ან შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმა. (10)

ჰილის მიერ არქივებიდან მოპოვებული სტატისტიკა არ იძლევა შემთხვევათა დიფერენცირების საშუალებასაც: ეს ურთიერთობები ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო თუ ძალის გამოყენებასთან გვქონდა საქმე, არაა აღრიცხული კავშირები არასრულწლოვანებთან და სხვ. მით უმეტეს, პრაქტიკულად შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც საქმე სასამართლობდე არ მიდიოდა თუმცა, მილიცია აგრძელებდა ამ ადამიანების დევნასა და შევიწროვებას სხვადასხვა ფორმით.

უფრო გვიანდელ პერიოდში, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, საპირისპირო ტენდენციას ჰქონდა ადგილი – ამ მუხლს ხშირად იყენებდნენ როგორც სასჯელს “სხვაგვარად” მოაზროვნე ადამიანებისათვის, რომლებიც არ ეწერებოდნენ საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურ სქემაში. აკადემიკოს კონის აზრით, ხრუშოვისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, დისიდენტთა რიცხვის ხელოვნურად შემცირების მიზნით, უშიშროება ხშირად სწორედ მამათმავლობის ბრალდებით აგზავნიდა ციხეში მისთვის არასასურველ პირებს (11).

ამგვარად, ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა მსგავსად გერმანიაში, დღემდე უცნობია იმ ადამიანთა ზუსტი რიცხვი, ვინც 1934 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე 121 მუხლით იქნა გასამართლებული. საბჭოთა კავშირი ფორმალურად 1991 წელს დაიშალა, თუმცა, ტოტალიტარული რეჟიმისათვის დამახასიათებელი სწრაფვა საზოგადოების ჰომოგენურობისამი და აგრესიული დამოკიდებულობა “განსხვავებულობისადმი” დღესაც საკმაოდ თვალშისაცემია ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში.

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი „მე“ #2 (8)

1. ტერმინი “პლეშკა” საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება და პლევნის ბრძოლაში დაცემულ მეომართა პატივსაცემად აღმართულ მონუმენტს უკავშირდება, რომელიც მოსკოვში მეტროს სადგურ “კიტაი-გოროდის” ერთ-ერთ ამოსასვლელთან დგას. მეტროს სადგურის ამოსასვლელებს შორის არის ბულვარი, რომელიც დღემდე ჰომოსექსუალთა თავშეყრის ყველაზე ცნობილი ადგილია მოსკოვში.

2. Reich W. Sexualitat im Kulturkampf: zur sozialistischen Umstrukturierung des Menschen. Copenhagen: Sexpol-Verlag,

3. Чалидзе В. «Уголовная Россия». М. 1990

4. კანონში “სათანადო ცვლილების” მიხედვით, რომელიც ძალაში 1934 წლის 7 მარტს შევიდა, მამათმავლობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთისაგან განსხვავებით, საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქმენეთსა და უზბეკეთში მეფის რუსეთის დროს არსებული კანონი მამათმავლობის შესახებ, არც მანამდე გაუქმებულა. აკადემიკოს კონის აზრით, ეს შესა- ძლოა გამოწვეული იყო “ამ ქვეყნებში ჰომოსექსუალური პრაქტიკის ფართო გავრცელებით”. (И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998)

5. ამ სახელით შევიდა ისტორიაში 1934 წლის 30 ივნისი, როცა ჰიტლერმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩამოშორების მიზნით, ერთი ღამის განმავლობაში “შA”-ს 200-მდე წევრი ფიზიკურად გაანადგურა. მათ შორის იყო ერნსტ რომიც, რომელიც სათავეში ედგა ყავისფერპერანგიანთა პოლიციას. რეპრესირებულთა უმეტესობა ჰომოსექსუალურ ორიენტაციის იყო, რის გამოც, ამ თარიღს გერმანიაში ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიმართული ტერორის დასაწყისადაც მიიჩნევენ. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ ჟურნალ “მეს” მე-5 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში წაიკითხოთ “ჰომოსექსულობა და მესამე რაიხი”.

6. Журнал «Источник». №5-6. 1993

7. «Радио свобода» от 10.03.2002. Владимир Тольц. “Красным” по “голубому”. – Советская власть против гомосексуалистов

8. Dan Healey, Homosexual Desire in Revolutionary Russia. The Regulation of Sexual and Gender Dissent. University of Chicago Press; Chicago, 2001

9. ამგვარი სამართლებრივი ვაკხანალია ხელსაყრელი იყო მმართველი პარტიისთვის. მაგ. ფლორინსკის საქმემ, რომელიც 1934 წლამდე საგარეო საქმეთა კომისარიატში მუშაობდა, საშუალება მისცა უშიშროებას საგარეო საქმეთა სახალხო კომიტეტი “გაეწმინდა” როგორც ჰომოსექსუალების, ისე არასასურველი დიპლომატებისაგან (И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998).

10. Голубая книга. Положение геев и лесбианок в Украине. Киев. «Нора-принт», 2000 11. И.С. Кон. «Лунный свет на заре». М.1998

11. И. С. Кон „Лунный свет на заре“.М. 1998.


Bookmark and Share