ჰომოფობია, ჰეტეროსექსიზმი და სექსუალური წინასწარგანწყობა

დიდი ხნის განმავლობაში, ჰომოსექსუალური ან ბისექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხი დევნას განიცდიდა. თუმცა, 1960-იანების ბოლოს გეების პოლიტიკური მოძრაობის აღმავლობის შემდეგ, ჰომოსექსუალობის, როგორც ამორალური, დანაშაულებრივი და ავადმყოფური მოვლენის გმობა, სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემებს აწყდება. მას შემდეგ, რაც 1973 წლიდან “ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ” ჰომოსექსუალობის, როგორც ფსიქიატრიული დიაგნოზის განხილვა შეწყვიტა, დაიწყო სერიოზული მეცნიერული განხილვა საკითხისა – რატომ აქვს ზოგიერთ ჰეტეროსექსუალს ძლიერი ნეგატიური ემოციები ჰომოსექსუალთა მიმართ.

ჰომოფობია

სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების აისახა ტერმინში “ჰომოფობია”, რომელიც შემოიღო ჰეტეროსექსუალმა ფსიქოლოგმა ჯორჯ უაინბერგმა 1960-იანი წლების ბოლოს. უაინბერგი ამ ტერმინს იყენებდა იმ შიშის აღსანიშნავად, რომელსაც განიცდიდნენ ჰეტეროსექსუალები ჰომოსექსუალებთან ახლო კონტაქტის დროს. ასევე, იმ ზიზღის აღსანიშნავად, რომელსაც ზოგიერთი ჰომოსექსუალი განიცდიდა საკუთარი თავის მიმართ. ეს სიტყვა პირველად 1969 წელს დაიბეჭდა, ხოლო შემდგომ, უაინბერგის 1972 წელს გამოსულ წიგნში “საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი” იგი უფრო დეტალურად იქნა განხილული.

“ამერიკის მემკვიდრეობის ლექსიკონი” (American Heritage Dictionary, 1992 წლის გამოცემა) ჰომოფობიას განსაზღვრავს, როგორც “ანტიპატიას ჰომოსექსუალების, მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ” და “ასეთ ანტიპატიაზე დაფუძნებულ საქციელს ან ქმედებას”. სხვა წყაროები ჰომოფობიას განსაზღვრავენ, როგორც ჰომოსექსუალობის ირაციონალურ შიშს.

ჰეტეროსექსიზმი

დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწყო სიტყვა ჰეტეროსექსიზმის გამოყენება. მას ენიჭებოდა “სექსიზმის” და “რასიზმის” ანალოგიური მნიშვნელობა. იგი აღწერდა იმ იდეოლოგიურ სისტემას, რომელიც უარყოფს, ცილს სწამებს და დევნის არაჰეტეროსექსუალური ქცევის ნებისმიერ ფორმას, პიროვნებას, ურთიერთობას ან საზოგადოებას (ჰერეკი, 1990 წელი; Herek, 1990). ტერმინ ჰეტეროსექსიზმის გამოყენება ანტიჰომოსექსუალურ აზროვნებასა და უმიზეზოდ ნეგატიური განწყობის სხვა ფორმებს (რასიზმი, ანისემიტიზმი, სექსიზმი) შორის პარალელებზე მიუთითებს.

ინსტიტუციური რასიზმისა და სექსიზმის მსგავსად, ჰეტეროსექსიზმი საზოგადოებრივ ჩვევებსა და სტრუქტურებში აღწევს. იგი ორმაგი პრინციპით მოქმედებს: შეუმჩნევლობა და შეტევა. ჩვეულებრივ, ჰომოსექსუალობა შეუმჩნეველი რჩება; ხოლო როდესაც იდენტიფიცირებული ჰომოსექსუალები ან უბრალოდ, ჰომოსექსუალური ქცევის ადამიანები შესამჩნევნი ხდებიან, ისინი მაშინვე საზოგადოების შეტევის ობიექტებად იქცევიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰეტეროსექსიზმის მაგალითია გეებისა და ლესბოსელების ჯარში გაწვევის წინააღმდეგ მიმართული დაუსრულებელი კამპანია; ჰომოსექსუალების დასაქმების, დასახლებისა და მომსახურების სფეროში არსებული დისკრიმინაციისაგან კანონიერი დაცვის უკმარობა; მტრული განწყობა ლესბოსური და გეებს შორის გაცხადებული ურთიერთობების მიმართ (რაც ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინების ამკრძალავი ფედერალური და საშტატო კანონების მიღებით) და ერთ მესამედზე მეტ შტატში ანტიჰომოსექსუალური კანონების არსებობა.

თუმცა, ეს ორი სიტყვა ყოველთვის ერთსა და იმავე მნიშვნელობით არ იხმარება. ჰომოფობია, ჩვეულებრივ, ინდივიდუალური ანტიჰომოსექსუალური დამოკიდებულებისა და ქცევის გამოსახატავად გამოიყენება, ხოლო ჰეტეროსექსიზმი უფრო საზოგადოებრივ იდეოლოგიებსა და არაჰეტეროსექსუალების ინსტიტუციური დევნის მოდელებს ეხება.

შეზღუდვები

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ და მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს გეების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას, ამ სიტყვებმა მდგომარეობა საგრძნობლად შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად იზღუდება ამ სიტყვების გამოყენება.

კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ სიტყვა ჰომოფობიის გამოყენება პრობლემურია სულ მცირე ორი მიზეზის გამო:

პირველი: პრაქტიკული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ჰეტეროსექსუალების ანტიჰომოსექსუალური დამოკიდებულების ფობიად ჩათვლა, წმინდა კლინიკური თვალსაზრისით, მთლად მიზანშეწონილი არ უნდა იყოს. მართლაც, ჩვენს ხელთ არსებული შეზღუდული მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ის ჰეტეროსექსუალები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი გეებისა და ლესბოსელების მიმართ, ჰომოსექსუალობისადმი სხვა ფობიებისათვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ რეაქციებს არ ამჟღავნებდნენ (იხ. შილდსი და ჰარიმანი, 1984 წელი Shields & Harriamn, 1984).

მეორე: სიტყვა ჰომოფობიის ხმარება გულისხმობს, რომ გეების წინააღმდეგ უსაფუძვლო უარყოფითი დამოკიდებულება ინდივიდუალური, კლინიკური შემთხვევა უფროა, ვიდრე სოციალური მოვლენა, რომელიც დასაბამს კულტურულ იდეოლოგიასა და ჯგუფებს შორის ურთიერთობებში იღებს. უფრო მეტიც, ფობია ხშირად დისფუნქციურია და არასასიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული. ხოლო ჰეტეროსექსუალთათვის, რომლებიც გეების წინააღმდეგ უსაფუძვლო უარყოფითი დამოკიდებულებას გამოხატავენ გამოხატავენ, ეს ფობია ხშირად სწორედაც ფუნქციურია.

იმის გამო, რომ 1980-იანი წლებიდან ანტიჰომოსექსუალური დამოკიდებულება კონსერვატული პოლიტიკისა და რელიგიური იდეოლოგიების ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს შეზღუდვები უფრო პრობლემური გახდა. თუმცა, ჰეტეროსექსიზმი ისტორიულად უფრო კულტურულ-იდეოლოგიურ დამოკიდებულებას აღნიშნავდა, ვიდრე ინდივიდუალურს და ამიტომ, იგი სრულფასოვნად ვერ ცვლის ტერმინ ჰომოფობიას.

სექსუალური “წინასწარგანწყობა (prejudice)”

ახალი ტერმინის შემოღება გაცილებით გააადვილებს ანტიჰომოსექსუალური დამოკიდებულებების მეცნიერულ ანალიზს. ტერმინი “სექსუალური წინასწარგანწყობა (prejudice)” ამ მიზნებს ძალიან კარგად ემსახურება. ეს ზოგადი ტერმინია და სექსუალური ორიენტაციის გამო (იქნება ეს ჰომოსექსუალობა, ბისექსუალობა თუ ჰეტეროსექსუალობა) უარყოფით დამოკიდებულებას აღნიშნავს. თუმცა, დღევანდელი საზოგადოების სექსუალური ორგანიზაციის გათვალისწინებით, ასეთი წინასწარგანწყობა (prejudice) თითქმის ყოველთვის გამოხატავს დამოკიდებულებას ჰომოსექსუალური ქცევის მქონე ადამიანებისადმი ან იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავისთავს გეებს, ლესბოსელებს და ბისექსუალებს უწოდებენ (ჰერეკი, 2002; Herek, 2002).

წინასწარგანწყობის (prejudice) სხვა ტიპების მსგავსად, სექსუალურ წინასწარგანწყობას (prejudice) სამი ძირითადი მახასიათებელი გააჩნია:

  • * დამოკიდებულება (ანუ შეფასება).
  • * მიმართულია სოციალური ჯგუფისა და მისი წევრებისაკენ.
  • * ნეგატიურია და მტრულ, უარყოფით დამოკიდებულებას გულისხმობს.

ჰომოსექსუალთა და ბისექსუალთა მიმართ ჰეტეროსექსუალების უარყოფითი დამოკიდებულების სექსუალურ “prejudice”-ად და არა ჰომოფობიად განსაზღვრას, რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, სექსუალური “prejudice” აღწერილობითი ტერმინია. ჰომოფობიისაგან განსხვავებით, იგი არ შეიცავს ანტიჰომოსექსუალური დამოკიდებულების წარმოშობის, დინამიკისა და საფუძვლების შესახებ აპრიორულ დაშვებებს.

მეორე, ტერმინი აშკარად აკავშირებს ანტიჰომოსექსუალური მტრული განწყობილების შესწავლას, “prejudice”-ის სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევის მდიდარ ტრადიციებთან.

და მესამეც, ტერმინ სექსუალური “prejudice”-ის გამოყენება არ მოითხოვს იმის ობიექტურად დადგენას, რომ ანტიჰომოსექსუალური განწყობილებები მნიშვნელოვანწილად ირაციონალური ან ბოროტია.

გრეგორი ჰერეკი


Bookmark and Share