ტერმინლოგია » ჰ

ჰედონიზმი [ბერძნ. Hedone – სიამოვნება] – მიმართულება ეთიკაში, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევის უმთავრესი მოტივი და უმაღლესი მიზანი რაიმეთი სიამოვნების მიღებასა და ტკბობაში მდგომარეობს. ჰედონისტური მოტივები ფართოდ იყო წარმოდგენილი აღორძინების ხანაში, მოგვიანებით – განმანათლებელთა ეთიკურ თეორიებშიც. ჰედონიზმი ეწინააღმდეგება ზნეობრიობის რელიგიურ გაგებას – ეკლესია უარყოფდა მიწიერ სიამოვნებებს, მათ შორის სექსუალურსაც და თვლიდა, რომ სექსუალური ცხოვრება მხოლოდ ადამიანური მოდგმის გამრავლების მოთხოვნით უნდა ყოფილიყო შემოსაზღვრული. მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ სწორედ ჰედონიზმის პრინციპები უდევს საფუძვლად ადამიანის სექსუალურ ქცევას.

ჰერმაფროდიტიზმი [ბერძნ. Hermaphroditos – ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, რომელიც ორსქესოვანი იყო] – ორსქესიანობა, ინტერსექსუალურობა; სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევა, როდესაც გარე სასქესო ორგანოებს აქვს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ნიშნები. ანსხვავებენ ნამდვილ ჰერმაფროდიტიზმს (მამაკაცისა და ქალის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას) და ცრუ ანუ ფსევდოჰერმაფროდიტიზმს (ორგანიზმში მხოლოდ ქალის ან კაცის სასქესო (თუ შინაგანი სეკრეციის) ჯირკვალის არსებობისას)

ჰეტერა [ბერძნ. Hetaira] – ძვ.საბერძნეთში განათლებული, დაუქორწინებელი, თავისუფალი ქცევის ქალი, რომელიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდა. ზოგიერთი მართგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლებში თავს იყრიდნენ გამოჩენილი პოლიტიკურ მოღვაწეები, პოეტები, მოქანდაკეები… როგორც წესი, ჰეტერები მდიდარი მფარველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. შემორჩენილია ქვის ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია ფასები, რომელსაც მამაკაცები ჰეტერებს სთავაზობდნენ. მაგრამ, ეს არ იყო პროსტიტუცია ტრადიციული გაგებით, რადგან ჰეტერებს სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდათ, ვინც უყვარდათ. ჰეტერების ინსტიტუტის პარალელურად ქვეყანაში არსებობდნენ მეძავებიც. ძველბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე დემოსთენე ამბობდა, რომ ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ბერძენს ჰყავს სამი ქალი: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად, მონა ქალი – ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად და ჰეტერა – სულიერი კომფორტისათვის.

ჰეტერო/ჰომოსექსუალობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სექსუალობა] – ეს ცნება აღწერს ინდივიდის სექსუალურ ქცევას. ჰეტერო/ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს სექსობრივი პარტნიორის შერჩევისას უპირატესობის მინიჭება საკუთარი ან საპირისირო სქესის წარმომადგენლისათვის.

ჰეტერო/ჰომოსოციალურობა [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე / homos მსგავსი, ტოლი + სოციალურობა] – ეს ცნება განსაზღვრავს ინდივიდის ორიენტაციას საუკუთარი ან საპირისპირო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მისი მთავარი მაჩვენებელია იმ საზოგადოების შემადგენლობა, რომელშიც ინდივიდი ტრიალებს.

ჰეტეროქრომოფილია
[ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + chroma ფერი + philia სიყვარული] – ფეტიშიზმის სახესხვაობა, როცა პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი სექსუალური სტიმულია.

ჰეტეროფილია [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი.

ჰეტეროეროტიზმი [ბერძნ. Heteros სხვა, მეორე + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა სხვა სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე).

ჰიმენე [ბერძნ.hymene აფსკი, საფარველი] – იხ. საქალწულე აპკი.

ჰიპერსექსუალობა
[ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + სექსუალობა] – გადამეტებული სექსუალური ლტოლვა (იხ.ასევე ნიმფომანია, სატირიაზისი).

ჰიპერსექსუალობა პუბერტიტული – ფსიქიკის მოზარდის ასაკისათვის დამახასიათებელი ფიქსაცია სექსუალურ-ეროტიულ შთაბეჭდილებებსა და ფანტაზიებზე.

ჰიპერსუბლიმაცია [ბერძნ. hyper აქ. ნორმის გადამეტება + ლათ. sublimo ვამაღლებ] – სექსუალური გამოვლინებების სტოიკური დათრგუნვა, სექსუალური ინტერესების სისტემატიური შევიწროვება სპორტული, შემოქმედებითი ან მწარმოებლური ხასიათის აქტივობით.

ჰიპოგენიტიალიზმი
[ბერძნ. hypo აქ. დაქვეითება ნორმასთან შედარებით + გენიტალია – ლათ. genital is დაბადებასთან დაკავშირებული ] – სასქესო ორგანოებისა და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობა სქესობრივი ჰორმონების დაბალი სეკრეციის შემთხვევაში.

ჰირსუტიზმი [ლათ. hirsutus თმიანი, გარსშემოზრდილი თმით] – ჭარბთმიანობა ქალებში (ულვაშის, წვერის გაზრდა). ვირილიზმის გამოვლინება. გამოწვეულია ანდროგენების სიჭარბით. ხანდახან თავს იჩენს ფეხმძიმობის ან კლიმაქსის პერიოდში. ის შეიძლება კონსტიტუციურიც იყოს, ორგანიზმში რაიმე პათოლოგიური პროცესების არსებობის გარეშე (მაგ. ბრიუნეტებსა და აღმოსავლელ ქალებში).

ჰომო… [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი] – რთული სიტყების შემადგენელი ნაწილი, რომელიღ აღნიშნავს მსგავსებას, ერთიანობას, ერთი და იმავეს კუთვნილებას (მაგ. ჰომოსოციალურობა, ჰომოფილია…)

ჰომოეროტიზმი [ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + ეროტიზმი [eros, erotos სიყვარული] გადაჭარბებული სქესობრივი აღგზნებულობა, მეტისმეტი ვნებიანობა] – ეროტიული ლტოლვა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი (აუცილებელი არაა ამას თან ახლდეს სექსუალური სიახლოვე).

ჰომოსვესიზმი
[ბერძ.homos მსგავსი + ლათ. vestio ჩაცმა] – ტრანსვესტიზმისა და ფეტიშიზმის ერთგვარი შერწყმა, როცა საკუთარი სქესის სხვა წარმომადგენელთა ტანსაცმლის ჩაცმა სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად, ეს ლტოლვა შენიღბულია ¨რაიმე ახლის¨ ჩაცმის სურვილით და ადვილად ასახსნელია საერთო საცხოვრებლის პირობებითა და ტანსაცმლის დეფიციტით.

ჰომოფილია
[ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + philia სიყვარული] – გამოხატული ეროტიული შეფერილობის გარეშე არსებული ემოციური მიზიდულობა საკუთარი სქესის ადამიანებისადმი.

ჰომოფობია
[ბერძნ. homos მსგავსი, ტოლი + phobos შიში, სიძულვილი] – ირაციონალური სიძულვილი ჰომოსექსუალების მიმართ; ხშირად გამოხატავს საკუთარი სექსუალურ ფანტაზიებსა და იმპულსებს.


Bookmark and Share