კულტურისა და რელიგიის სექსუალობები

“სადაც არ უნდა შევხვდეთ ადამიანებს, მათ ყოველთვის აკვირვებთ სხვა ადამიანი.”

მარგარეტ მიდი

ბევრი ადამიანი, ვინც არ იცის ისტორიისა და ეთნოგრაფია, დარწმუნებულია, რომ ერთსქესიანი სიყვარული საზოგადოების სოციალური და ზნეობრივი გახრწნის პროდუქტია. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ სინამდვილეში ამ ლტოლვას და ქცევას ვხვდებით ყველა ადამიანურ საზოგადოებაში, თუმცა სხვადასხვა კულტურა და რელიგია სხვადასხვანაირად აღიქვამს და აფასებს მას.

ერთსქესიანი სიყვარულის მიმართ სხვადასხვა საზოგადოების დამოკიდებულების რაოდენობრივი და სტატისტიკური განზოგადების შედეგად, მივიღებთ სურათს, რომელიც კინზის შკალას ჰგავს:

1. მკაცრად იკრძალება და ისჯება;
2. იკიცხება;
3. დამოკიდებულება ნეიტრალურია;
4. დაშვებულია გარკვეულ ვითარებაში;
5. დაშვებულია ყოველთვის;
6. წააქეზებენ გარკვეულ ვითარებაში;
7. მიესალმებიან და ადიდებენ (მაგ. პოეზიის საშუალებით);

თუმცა, სტატისტიკური მონაცემები, ხარისხობრივი ანალიზის გარეშე, აზრს მოკლებულია. შესაძლოა ერთიდაიგივე საზოგადოება ერთსქესიან სიყვარულს გარკვეულ სიტუაციებში კატეგორიულად კრძალავდეს, ხოლო გარკვეულ სიტუაციებში მიესალმებოდეს და ურჩევდეს კიდეც. ისტორიკოსისათვის ან ანთროპოლოგისათვის მნიშვნელოვანია არა იმდენად თვით ეს აკრძალვები და რჩევები, რამდენადაც მათი სოციოკულტურული კონტექსტი – რით იყვნენ მოტივირებულნი და როგორ სრულდებოდნენ ისინი.

არსებობს ერთსქესიანი ურთიერთობის რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული ტიპი.

1) ინსტიტუციონალიზირებული (ე.ი. კულტურის მიერ ოფიციალურად მიღებული და სპეციალური რიტუალებით გაფორმებული) ურთიერთობა, უფრო ხშირად – უფროს მამაკაცსა და მოზარდ-ბიჭს შორის.

2) ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობა ზრდასრულ ადამიანებს შორის, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი იცვლის თავის სქესობრივ/გენდერულ იდენტობას, ტანსაცმელს, საქმიანობას და ა.შ. ესე იგი მამაკაცი სოციალურად და სიმბოლურად ხდება ქალი, და პირიქით.

3) ინსტიტუციონალიზირებული “პროფესიული” ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული სოციალური ან საკრალური(რელიგიური) როლის შესრულებასთან, რაც საკუთარი სქესის წარმომადგენელთან სექსუალურ კავშირს მისთვის აუცილებელს ხდის (მაგ. წმინდა ტაძრული პროსტიტუცია).

4) თანასწორი და ნებაყოფლობითი სექსუალურ-ეროტიული ურთიერთობა, რომელიც ემყარება ადამიანების ინდივიდუალურ ურთიერთლტოლვას. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურას სხვადასხვანაირი წარმოდგენები და ნორმები გააჩნია, ხშირად განსხვავებული სოციალურ – ასაკობრივი ჯგუფებისათვის სხვადასხვა. მაგალითად, მოზარდ-ბიჭებს შორის სექსუალური თამაშები და კონტაქტები საყმაწვილო სექსუალობის ნორმალურ გამოვლინებად ითვლება, ამაზე თვალს ხუჭავენ და ხშირად მიესალმებიან კიდეც. მაშინ როცა, უფროსების იგივე საქციელი მიუღებელია და გაკიცხვას იმსახურებს.

5) სოციალურად-არათანაბარი, იერარქიული ურთიერთობა, როდესაც უფრო მაღალი სოციალური სტატუსის, ძალაუფლების ან ფულის მქონე ადამიანი სექსუალურ ექსპლუატაციას უწევს ღარიბს და მასზე დამოკიდებულს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა სექსუალური პარტნიორის სქესს (ვინ ვისთან წევს), არამედ სექსუალურ პოზიციას (აქტიურ-პასიური როლი); თანასწორი ურთიერთობისას ეს ინდივიდუალური გემოვნების საკითხია.

მამაკაცთა ჰომოსექსუალური ინსტიტუციონალიზირებული ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული ტიპია (ქალთა შორის ერთსქესიანი ურთიერთობა არსად ინსტიტუციონალიზირებულა და მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე არსებობდა, ამიტომ მის შესახებ გაცილებით ცოტა რამ ვიცით) – სექსუალური კონტაქტი მოზარდ-ბიჭებსა და ზრდასრულ მამაკაცებს შორის. ბევრი ხალხი თვლიდა, რომ ეს არის აუცილებელი ფორმა ბიჭისთვის განათლებისა და მამაკაცური ძალის ან სიბრძნის გადაცემისა და ამას სპეციალური რიტუალებით აფორმებდნენ.

ბიჭების ინსემინაციის (განაყოფიერების) რიტუალი ფართოდაა გავრცელებული ახალი გვინეისა და მელანეზიის ხალხებში. როდესაც სამბიას პაპუასური ტომის ბიჭებს 7-8 წელი უსრულდებათ, მათ დედებს ართმევენ და ათავსებენ მამაკაცთა ჩაკეტილ წრეში. სამბიელებს სჯერათ, რომ რათა გაიზარდოს და მომწიფდეს, ბიჭმა რეგულარულად უნდა დალიოს კაცის თესლი(სპერმა), როგორც ახალშობილმა – დედის რძე. ტყუილად კი არ არის ორივე სითხე – თეთრი. ბიჭის მიერ ასოს წოვა – იგივეა, რაც ახალშობილისთვის ძუძუს წოვა. სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭები “გამოწოვენ” უფროს ბიჭებს და ყმაწვილებს, ხოლო შემდეგ თვითონ მათ ემსახურებიან ახალბედები. ჭაბუკები და ახალგაზრდები გარკვეული დროის მანძილზე ეწევიან ბისექსუალურ ცხოვრებას, ხოლო დაოჯახების შემდეგ მთლიანად გადაერთვებიან ქალებზე. უფროსების ჰომოსექსუალობა ტომში ცნობილი არ არის. ამ პრაქტიკის სიმბოლური არსია – მამაკაცური საწყისის “ამაღლებისაკენ” სწრაფვა, ბიჭების ფემინური, ქალური ელემენტებისაგან “განწმენდა”. მამაკაცური სოლიდარობის განმამტკიცებელი ეს წეს-ჩვეულებები ქალებისაგან საიდუმლოდ ინახება და ტომის მითიურ ფუძემდებელ ნამბულს უკავშირდება. თავდაპირველი სექსუალური სოციალიზაცია იძულებითია, პარტნიორები არ ირჩევენ ერთმანეთს – მათ ნიშნავენ უფროსები. შემდეგ შესაძლებელია ინდივიდუალური უპირატესობების გაჩენა, მაგრამ ურთიერთობა და სექსუალური როლები მკაცრად იერარქიული რჩება: უფროსს არ შეუძლია “მოემსახუროს” უმცროსს, ხოლო ახლო მეგობრებს შორის ეს საერთოდ დაუშვებელია.

ბიჭების “განაყოფიერების” საშუალებები სხვადასხვა ტომებს სხვადასხვა აქვთ. ტომებში სამბია, ეტორო, ბარუია, ჩეჩაი და კუკსი – ეს ხორციელდება ორალურად. კალულები (ახალი გვინეის აღმოსავლეთი სანაპირო) და კერაკები ორალურის მაგივრად ანალურ განაყოფიერებას იყენებენ. ეთნოგრაფის კითხვაზე, თვითონ მათ თუ ექცეოდნენ ასე, პაპუასი კერაკები პასუხობდნენ: “რა თქმა უნდა! სხვანაირად როგორ გავიზრდებოდი?” ევროპული გადასახედიდან განსხვავება არც ისე დიდია. თუმცა, რადგან ეს ტომები ერთმანეთს ტრადიციულად ემტერებიან, ისინი ერთნაირი ზიზღით ყვებიან მეზობელთა მეთოდებზე: წარმოიდგინეთ, როგორ არაბუნებრივ საძაგლობას სჩადის ეს ხალხიო!

ამ წეს-ჩვეულებების და რიტუალების ინტერპრეტაცია კამათს იწვევს.

მეცნიერთა ერთი ნაწილი მათში ხედავს ოჯახისა და შთამომავლობის გაგრძელებისთვის სოციალურ მომწიფებამდე, ყმაწვილთა სექსუალური ენერგიის განმუხტვის გზით, შობადობის გაკონტროლების საშუალებას (ზოგიერთი საზოგადოება მოზარდებს აქეზებს, რომ ქალიშვილების “გაფუჭების” და სხვისი ცოლების შეცდენის მაგივრად, სექსუალური ურთიერთობა ცხოველებთან ჰქონდეთ).

სხვები თვლიან, რომ ეს მამაკაცთა ჯგუფური სოლიდარობის ხელშეწყობის საშუალებაა (მამაკაცები ურთიერთობენ ერთმანეთთან, არ საჭიროებენ ქალებს და აქვთ თავიანთი საიდუმლოებები). ზოგიერთი კი, ამას დედების ზეგავლენისგან ბიჭების განთავისუფლებას უკავშირებს: განაყოფიერება – უბრალოდ ფიზიკური აქტი არ არის, ეს სულიერი ამაღლებაა, რომლის განხორციელებაც მხოლოდ მამაკაცს შეუძლია, ეს ბიჭს მამაკაცთა საზოგადოებას აზიარებს.

ნაწილი ამ ჩვეულებების სიმბოლურ კულტურასთან, კოსმოგენურ და რელიგიურ წარმოდგენებთან კავშირს აღნიშნავს (სამბიას მითიური ფუძემდებელი ნამბულიუ – ორსქესიანი ანდროგინია).

თუმცა, ეს რიტუალები და წეს-ჩვეულებები არ აყალიბებენ რაიმე განსაკუთრებულ, მუდმივ “სექსუალურ იდენტობას” და ცნობიერებას. თუ რომელიმე მამაკაცს უჩნდება სპეციფიური ეროტიული უპირატესობები, რომელთაც ჩვენ ჰომოსექსუალურს ვუწოდებდით, საზოგადოება არ აქცევს არანაირ ყურადღებას, ხოლო ეს ინდივიდი ბეჯითად ასრულებს თავის ყველა “ნორმალურ” მოვალეობას: ჯერ უწოწნის ძიას ან უფროს ბიჭს, ან “განაყოფიერებისათვის” უთმობს უკანალს, შემდეგ მოჰყავს ცოლი, აჩენს შვილებს, აგრეთვე ანაყოფიერებს შემდეგ თაობას(ბიჭებს) და ამისთვის გაიღებს სპერმას. აქედან მას რა უფრო ძალიან მოსწონს – არავის აღელვებს, ის ისეთივე მამაკაცია, როგორც ყველა. პრინციპულად სხვანაირადაა საქმე იქ, სადაც სექსუალური ურთიერთობა საკუთარი სქესის წარმომადგენელთან განიხილება, როგორც სქესობრივი იდენტობისა და როლის საერთოდ შეცვლა. მოგზაურები და ეთნოგრაფები ხშირად შეჯახებიან ამ გაუგებარ მოვლენას.

სტეფანე კრაშენინნიკოვი “კამჩატკის მიწის აღწერაში” აღნიშნავდა კამჩადელებს შორის განსაკუთრებული კატეგორიის მამაკაც-კოეკჩუჩების არსებობას, რომლთაც ქალის კაბა ეცვათ, ქალის საქმეს აკეთებდნენ, კაცებთან არ ურთიერთობდნენ და მათ საქმეში არ ერეოდნენ. კოეკჩუჩები დიდ პატივში იმყოფებოდნენ. 1770წელს სენატის კითხვებზე ჩუქჩებისა და კარიაკების მდგომარეობის შესახებ, ირკუტსკის გუბერნატორი ბრილი წერდა: ზოგიერთი მამრი ჯადოქრობის შედეგად იქცევა ქალად, მამათმავლობენ და ერთმანეთზე ქორწინდებიან. ჩუქჩებს შორის “პედერასტიის” ფართოდ გავრცელებაზე (და სულაც არ სცხვენოდათ ამის) 18-19 საუკუნის სხვა რუსი გეოგრაფებიც წერდნენ.

(სავარაუდოდ ეს სიტყვა მომდინარეობს ესპანური ბარდაჯო-დან ან ბარდოჯა-დან მომდინარეობს და მამრობითი სქესის სექს-მუშაკს, კმაყოფაზე მყოფ ბიჭს ნიშნავს, აქედანვეა რუსული – “ბარდაკიც”).

ამერიკის დაპყრობისას, ამ მოვლენასთან შეჯახების შემდეგ, ევროპელებმა ეს სოდომიად მონათლეს და კოლონიზაციისა და ინდიელების ფიზიკური განადგურების გასამართლებელ არგუმენტად იყენებდნენ. კონკისტადორების წყალობით ასეთ ადამიანებს ბერდაჩებს ეძახდნენ.

ბერდაჩების ინსტიტუტი ფართოდ იყო გავრცელებული ამერიკელ ინდიელებს (ჩრდ. ამერიკაში დაფიქსირებულია 113 ტომში), ჩრდილოეთ რუსეთის, ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის (ჩუქჩები, ალეუტები და ა.შ.), ინდონეზიისა და აფრიკის ხალხებს შორის. ესპანელი და პორტუგალიელი კოლონიზატორები მათ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. 1513 წელს ფრანცისკო ბალბოამ 40 ბერდაჩი ძაღლებს მიუგდო საჯიჯგნად, პერუში მათ მასობრივად წვავდნენ და აიძულეს ღრმა იატაკქვეშეთში გადასულიყვნენ.

ბერდაჩიზმის ბიოლოგიური ბუნება დღემდე კამათს იწვევს. ადრეული ანთროპოლოგები და ფსიქოანალიტიკოსები მას ინსტიტუციონალიზირებული ჰომოსექსუალობის ფორმად თვლიდნენ. მართალია ბერდაჩების სექსუალურ პარტნიორებს, როგორც წესი, მათივე სქესის ადამიანები წარმოადგენდნენ, მაგრამ ეს არ იყო საყოველთაო წესი, ხოლო მათი როლებისა და ფუნქციების აღწერისას ხაზი ესმება არა სექსუალურ, არამედ გენდერულ მახასიათებლებს – საქმინობა, ტანსაცმელი, სპეციფიური რიტუალური ფუნქციები. სხვა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ბერდაჩები დაბადებიდანვე ინტერ- ან ტრანსსექსუალები არიან. ასეთ ადამიანებს ადგილობრივი კულტურა არ აიძულებს მათთვის რთული არჩევანის გაკეთებას და საშუალებას აძლევს შეიცვალონ არა მარტო ტანისამოსი, საქმიანობის სახე, სახელები და მოსართავები, არამედ სექსუალური პარტნიორების სქესიც. სამბიას პაპუასები ანატომიურად გაურკვეველი სასქესო ორგანოებით დაბადებულ ბავშვებს არ მიაკუთვნებენ არც კაცებს და არც ქალებს. ზოგს ზრდიან როგორც ბიჭებს, ზოგს როგორც გოგოებს, ხოლო ზოგი კი არ გადის არც მამაკაცთა და არც ქალთა ინიციაციებს. ანალოგიური ფაქტები ცნობილია ტაიტზე, ინდონეზიასა და ზოგიერთ სხვა ადგილზე. თუმცა, ყველა ბერდაჩს არა აქვს ჰერმაფროდიტისა და ტრანსსექსუალის ნიშნები.

ნაწილი ბერდაჩიზმს მიიჩნევს სოციალურ თავშესაფრად, ერთგვარ ეკოლოგიურ ნიშად იმ ბიჭებისათვის, რომელნიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, თავს გრძნობენ უუნაროდ შეასრულონ მამაკაცის მძიმე და შეჯიბრებითი როლი და ამიტომ თავს მდედრობით სქესს მიაკუთვნებენ. მაგრამ არსებობენ ბერდაჩი-ქალებიც. ამას გარდა, ბერდაჩები არ ითვლებიან არასრულფასოვნებად, არამედ ორსქესიან ან მესამე, შერეული სქესის წარმომადგენლებად, მათ ასეც ეძახიან: “კაც-ქალა”, “ნახევარ კაცი – ნახევარ ქალი” ან “ორი სული”. მათ საზოგადოებაში უკავიათ ისეთივე ავტონომიური ადგილი, როგორც კაცებს ან ქალებს. ხშირად მათ მიაწერენ განსაკუთრებულ მაგიურ ძალას, რის გამოც ისინი ხშირად შამანები არიან და სექსუალური კავშირი აქვთ ღმერთებთან. სხვათაშორის, ბევრი წარმართული ღვთაება ორსქესიანი იყო.

ხუთი-ექვსი წლის ბიჭს ზუნის ტომიდან, რომელიც თავის თავში აღმოაჩენს მიდრეკილებას დიასახლისობისა და ძირითადად ქალებთან ყოფნისაკენ, წარმოდგენაც არა აქვს კაცის და ქალის ქცევის აბსტრაქტულ ნორმატივებზე, ის უბრალოდ ავლენს თავის ბუნებრივ მიდრეკილებებს. თუმცა, მისი ოჯახი და თემი ამას ყურადღებას აქცევს და როცა 10-12 წლის ასეთი ბიჭი ირჩევს ტანისამოსს, ის უკვე აცნობიერებს ამ აქტის სიმბოლურ მნიშვნელობას. აქ ადგილი აქვს ორმხრივ პროცესს: ბუნებრივი მიდრეკილება რომ არა, ზუნები არ სცნობდნენ მას ”ორ-სულიანად”, მაგრამ თუ არ მისცემენ ამ თვისებების გამოვლენის საშუალებას ოფიციალურად სანქცირებული სოციალური როლის სახით, ისინი ალბათ შეუმჩნეველნი დარჩებოდნენ ან თავს იჩენდნენ დამახინჯებული ფორმით (“ცივილიზებულ” საზოგადოებაში ასეთ ბიჭს თანატოლები დასცინებდნენ, ხოლო მშობლები ფსიქიატრებთან ტარებით “სულს ამოხდიდნენ”).

სქესობრივი სოციალიზაციის ასეთი სისტემა ძირითადად გვხვდება საზოგადოებებში, სადაც მამაკაცურ და ქალურ როლებს შორის დაპირისპირება ნაკლებია და რელიგიურ მიმდინარეობებში, რომლებშიც წარმოდგენილია დადებითი ანდროგენული საწყისი, როგორც ადამიანის თავდაპირველი მთლიანობის და სულიერი ძალის განსახიერება. თანამედროვე საზოგადოებაში სექსუალური სურვილებისა და ქცევების ვარიაციების მიმართ შემწყნარებლობის ზრდა მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული პოლარიზაციის შესუსტებასთან და იმის გაგებასთან, რომ ქალებსა და კაცებს შორის განსხვავება დამოკიდებული არა არის მხოლოდ მათ ბიოლოგიურ სქესზე და შესაძლოა უამრავი ინდივიდუალური ვარიაცია, რომელიც არ არის არც სოციალურად საშიში და არც პათოლოგიური.

ინსტიტუციონალიზირებული, კულტურის მხრიდან ოფიციალურად აღიარებული ჰომოსექსუალური კავშირები და ურთიერთობები არც ისე ბევრ საზოგადოებაში არსებობს. უფრო გავრცელებულია თანასწორი, ნებაყოფლობითი, საკუთარ მიდრეკილებებზე დამყარებული ჰომოეროტიული ურთიერთობები, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს შორის. ეს აიხსნება როგორც სექსუალური ორიენტაციის ფორმირების სირთულეებით, ასევე აღზრდისა და განვითარების პირობებით. ბევრი ხალხური კულტურა და ძველი რელიგია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ბავშვების სექსუალურ თამაშებს, მათ შორის – სქესობრივი აქტის იმიტაციას, ურთიერთმასტურბაციას და ა.შ. ბავშვებისა და მოზარდების სქესობრივი სეგრეგაცია მოტივირებულია არა იმდენად საზოგადოების სწრაფვით – თავი აარიდოს სექსუალურ კონტაქტებს ბიჭებსა და გოგოებს შორის, რამდენადაც მათი აღზრდის პრინციპულად განსხვავებული ამოცანებით, იმით რომ მათ სხვადასხვანაირი მოღვაწეობისთვის ამზადებენ. თავის მხრივ, მკაცრი სქესობრივი სეგრეგაცია გარდაუვალს ხდის ერთსქესიან სექსუალურ კონტაქტებს, რომელთაც ხალხური კულტურა არ ებრძვის. ინდიელ იანომოს (ბრაზილია) და არაუკანას (ჩილი და არგენტინა) მოზარდ ბიჭებს თანატოლებთან აქვთ ჰომოსექსუალური კავშირები, რომლებიც მათი დაოჯახებისთანვე წყდება. ინიციაცია გავლილი ბოროროელი (ცენტრალური ბრაზილია) ყმაწვილები, რომლებიც ქალებისაგან მოშორებით მამაკაცთა სახლებში ცხოვრობენ, ხშირად ერთმანეთთან “ერთობიან”, თუმცა უფროსები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ამაზონიის ზოგიერთ რაიონში ურთიერთმასტურბაცია და გენიტალიებზე ალერსი – ახალგაზრდა მარტოხელებსა და ცოლიან კაცებს შორის ნორმალური მეგობრული ურთიერთობის ელემენტებია. აშკარა ჰომოეროტიული სახე აქვს მეგობრობას მაიას ტომის, მექსიკისა და გვატემალის ინდიელ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის. ზოგან ასეთი ურთიერთობები დაშვებულია ახალგაზრდა გასათხოვარ ქალებს შორისაც; ნანდებში (კენია) და აკანებში (განა) ეს ზოგჯერ გათხოვების შემდეგაც გრძელდება.

საზოგადოების სოციალური სტრუქტურის გართულებასთან, კლასებისა და სახელმწიფოს გაჩენასთან ერთად, სექსუალური ქცევის სოციალური რეგულაციაც რთულდება. ვინაიდან, საზოგადოება დაინტერესებულია შთამომავლობის გაგრძელებით და ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებით, უდიდესი მხარდაჭერა და ხელშეწყობა აქვს რეპროდუქტიულ სექსს, მაშინ როცა ერთსქესიანი ურთიერთობები მარგინალურად და ძირგამომთხრელად ითვლებიან. მსოფლიოს რელიგიათა უმრავლესობა ამას იმით ასაბუთებს, რომ ერთსქესიანი კავშირები უნაყოფოა და ხელს არ უწყობს შთამომავლობის გაგრძელებას. იმისათვის, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებოდნენ რეპროდუქტიულ ამოცანებს და ძირს არ უთხრიდნენ ოჯახის ინსტიტუტს, საზოგადოება ცდილობს ლოკალიზება გაუკეთოს, შეზღუდოს მათი გავრცელება მკაცრად განსაზღვრული სოციალური როლების, ადგილების და სიტუაციების საშუალებით: აქ შეიძლება, ხოლო სხვაგან არამც და არამც.

რა როლებია ეს?

პირველ რიგში, ეს არის მამაკაცთა წმინდა სატაძრო პროსტიტუცია, რაც ძირითადად დაკავშირებულია ქალურ კულტებთან, რომლებიც არსებობდნენ ძველ შუმერში, ბაბილონში, ასურეთში, სამხრეთ ინდოეთში და სავარაუდოდ, ისრაელშიც. ბევრ ქალურ, დედობრივ ღვთაებებს (კიბელა, ასტარტა, ჰეკატე, აფროდიტა, არტემიდა, ანაისი და სხვა) ჰყავდათ კასტრირებული და/ან მომაკვდავი ქალური შეყვარებულები, ხოლო მათი ქურუმები საჭურისები ან ტრანსვესტიტები იყვნენ. თვითკასტრირებისა და ქალის კაბის ჩაცმის შემდეგ, ქურუმი კარგავდა მამაკაცობას და ეზიარებოდა ღვთაების ძალმოსილებას. მასთან ანალური კონტაქტის დამყარებით მამაკაცი არა მარტო ფულს სწირავდა ქალღმერთს, არამედ თავის ძვირფას თესლსაც.

მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენთვის უკვე ცნობილი ბიჭების მამაკაცური ინიციაციისა და სოციალიზაციის რიტუალები.

მესამე, ეს არის ემოციური კავშირები და სექსუალური კონტაქტები მამაკაც მეომართა ძმობის წევრებს შორის, ეგრედწოდებული გმირული მეგობრობის ფარგლებში.

მეოთხე, ეს არის მეგობრობა-სიყვარული ქალებს შორის, რასაც ძველი ავტორები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, თუმცა ის არსებობდა ძველ საბერძნეთშიც და მუსლიმანურ ჰარემებშიც.

მეხუთე, ეს არის სექსუალური ურთიერთობები სოციალურად არათანასწორ ადამიანებს შორის: მამაკაცთა კომერციული პროსტიტუცია, მონების მიერ მონათმფლობელთა სექსუალური მომსახურება, აგრეთვე ცვედანთა და საჭურისთა ინსტიტუტი, რომელთაც ამზადებდნენ სექსუალური მიზნისთვის.

სხვადასხვა ცივილიზაციები ამ ურთიერთობებს სხვადასხვაგვარად არეგულირებდნენ.

მესოპოტამია

ძველეგვიპტურ მითოლოგიაში მოკვდავი მამაკაცისთვის ღმერთებთან სექსუალური კონტაქტი კარგის მომასწავებელი იყო. ერთ-ერთი სარკოფაგის წარწერაში მიცვალებული პირობას დებს, რომ ღმერთი რას “ფალოსს გადაყლაპავს”. მეორე მიცვალებული ამბობს, რომ ღმერთი ჰებას ფალოსი მისი შვილის და მემკვიდრის “დუნდულებს შორის იმყოფება”. თუმცა თანასწორი ურთიერთობისას მამაკაცისათვის რეცეპტული პოზიცია ძალიან დამამცირებელი იყო.

ძველი შუამდინარეთის უძველესი სამართლებრივი კოდექსები, ურუკაგინის კანონებიდან (2375 ძვ.წ.აღ.) ჰამურაბის კანონებამდე (1726 ძვ.წ.აღ.), ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს არ კრძალავდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის ხეთურ კანონთა კრებულში ის მოხსენიებულია, ოღონდ მხოლოდ ინცესტთან დაკავშირებით: მამაკაცს სექსუალური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს თავის დედასთან, ქალიშვილთან და ვაჟიშვილთან. ძველ ასურეთში მამაკაცი, რომელიც ვინმეს აიძულებდა ანალურ კავშირს, თვითონ ექვემდებარებოდა ჯერ გაუპატიურებას, შემდეგ კასტრირებას; ხოლო ძალადობის მსხვერპლი არ ისჯებოდა. ნებაყოფლობითი კავშირისას, პირიქით, “აქტიური” როლი ითვლებოდა “ნორმალურად”, ხოლო “პასიური” – სამარცხვინოდ. ცილისწამება ან ჭორების გავრცელება, თითქოს ვიღაცას ურთიერთობა ჰქონდა მამაკაცებთან, პროსტიტუციაში ბრალდების ტოლფასი იყო და ისჯებოდა გაროზგვით, იძულებითი სამუშაოებით, კასტრაციით და ჯარიმით. ანუ, იკიცხებოდა არა თვითონ ერთსქესიანი სექსი, არამედ “ქალის” პოზიციაში აღმოჩენილი მამაკაცის ქცევა. ძველბაბილონური სამკითხაო წიგნის თანახმად, მამაკაცი, რომელიც ანალურად დაეუფლებოდა სხვა მამაკაცს, აჯობებდა თავის ძმებს და მეგობრებს, სამაგიეროდ მას, ვინც ციხეში ვერ გაუძლებდა სხვა მამაკაცების სექსუალურ ძალდატანებას (ყურადღება მიაქციეთ – უკვე მაშინდელ ციხეებშიც იყო ეს პრობლემა!), უბედურება ელოდა.

ძველი ინდოეთი

უძველეს წმინდა ინდურ ტექსტებში – ვედებში ერთსქესიანი სექსი ნახსენები არ არის, ხოლო სანსკრიტში არ არის სიტყვა, რომელიც “ჰომოსექსუალობის” ექვივალენტური იქნებოდა. ყველაზე გავლენიანი ინდური რელიგიები – ბუდიზმი და ინდუიზმი, მიუხედავად იმისა რომ ძალზედ შემწყნარებლურნი არიან სხვადასხვაგვარი სექსუალური ტექნიკების მიმართ, მაინც ასკეტიზმსა და სექსუალურ თავშეკავებას ქადაგებენ. ჰომოსექსუალური აქტები, ისევე როგორც მასტურბაცია, ადამიანის ღირსების შემბღალველად ითვლებოდა, მაგრამ ძალიან მსუბუქად ისჯებოდა. ეს იყო არა იმდენად დასჯა, რამდენადაც განწმენდა. მანუს კანონების (1-3საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე) მიხედვით “ორჯერ დაბადებულმა (უმაღლესი კასტის წარმომადგენელი, ბრაჰმანი) მამაკაცმა, რომელიც ჩაიდენს არაბუნებრივ აქტს სხვა მამაკაცთან,… ტანსაცმლიანმა უნდა იბანაოს”. ასეთივე რიტუალური განბანვა ემუქრებოდა მამაკაცს ქალთან სექსუალური აქტისათვის ან დღისით, ან წყალში ანდა ხარებშებმულ ურემზე. სექსუალური პარტნიორის სქესი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე აქტის ვითარებები. მართალია ძველი ინდური ეროტოლოგია, რომელიც განზოგადოებულია კამასუტრაში, უშვებდა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობისას სხეულის ყველა ხვრელის გამოყენებას, მაგრამ ჰომოსექსუალური ეროტიკა მასში პრაქტიკულად არ არის. საყოფაცხოვრებო, ქცევითი ჰომოსექსუალობა, რაც განსაკუთრებით გავრცელებული იყო ბუდისტურ მონასტრებში, ოფიციალურად თითქოსდა არ არსებობდა.
ამის საპირისპიროდ, ორსქესიანობის, ანდროგენიის თემას ინდოეთის რელიგიურ კულტებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ორსქესიანად ითვლება ღვთაებრივი ძროხა – ხარი ადიტი, ყველა ღმერთის დედა და მამა. შივას აქვს როგორც კაცის ისე ქალის თვისებები. ვიშნუს და ისევე როგორც კრიშნას, ხშირად გამოსახავენ ანდროგენის სახით. ინდურ მითოლოგიაში ფართოდაა გავრცელებული სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სიუჟეტები.
ინდოეთში “მესამე სქესს” წარმოადგენენ ე.წ. ჰიჯრები, რელიგიური გაერთიანება მამაკაცებისა, რომელთაც ქირურგიული გზით მოკვეთილი აქვთ მამაკაცის სასქესო ორგანო, ატარებენ ქალის კაბას და ვარცხნილობას, ბაძავენ ქალის სიარულს, ხმას, მანერებს, ერთმანეთს ქალის სახელებს ეძახიან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იკავებენ ქალებისათვის განკუთვნილ ადგილს და სექსუალურ პარტნიორებად მამაკაცებს არჩევენ. ჰიჯრები ითვლებიან განსაკუთრებულ, მესამე სქესად. მათში შერწყმულია ქალისა და მამაკაცის მახასიათებლები. ზოგიერთი მათგანი ეწევა თამბაქოს და აგრესიულად იქცევა, რაც ქალურობის ინდურ კანონებს ეწინააღმდეგება.
ჰომოსექსუალობის დევნა და დასჯა ინდოეთში მხოლოდ ინგლისელთა ბატონობამ მოიტანა. საყოფაცხოვრებო პედერასტია განსაკუთრებით გავრცელებული იყო მუსლიმებსა და სინქჰებს შორის. თუმცა, დროთა განმავლობაში წაყრუების ჩვევა სიტყვების მკაცრ ტაბუდ გადაიქცა. თანამედროვე ინდოეთში მამაკაცთა ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაულად რჩება, ხოლო ინდურ ლიტერატურაში და კინოში ეს თემა თითქმის არ შუქდება.

ბევრი დაკავებულია რიტუალური პროსტიტუციით. მათ მიაწერენ განსაკუთრებულ მაგიურ ძალას: პანიკურ შიშს იწვევს ჰიჯრის მიერ კაბის აწევის და თავისი დამახინჯებული გენიტალიების დანახვების მუქარა, ეს დაწყევლის ტოლფასია. ჰიჯრები სიამოვნებით იღებენ თავის წრეში ჰომოსექსუალურ და ფემინიზებულ ბიჭებს და ეხმარებიან მათ საკუთარი ნიშის პოვნაში, თუმცა მათი საკუთარი ცნობიერება არაერთგვაროვანია.

ისლამური სამყარო

ასკეტური და ანტისექსუალური ქრისტიანობისაგან განსხვავებით, ისლამი არ უკრძალავს მამაკაცებს სიამოვნების მიღებას და მას სამოთხეშიც კი ჰპირდება. თუმცა, მართლმორწმუნეთ სექსუალური კავშირი მხოლოდ ქალებთან უნდა ჰქონდეთ. ყურანი და წმინდა წერილები მკაცრად ჰკიცხავენ სექსუალურ კონტაქტებს მამაკაცებს შორის და ორივე პარტნიორს ერთნაირ სასჯელს უწესებს (სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით – ცოლიანებისათვის და 100 როზგი – უცოლოებისათვის) თუმცა, ეს ეხებათ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს, ხოლო თვით დანაშაულის ფაქტი, ფიცის საშუალებით დადასტურებულ უნდა იქნას სულ ცოტა ოთხი უმწიკლო რეპუტაციის მქონე თვითმხილველის მიერ. თუ დამნაშავეები მოინანიებენ და გამოსწორდებიან, მათი პატიება შეიძლება (ყურანი, 4:16). რათა არ გააღვივოს ვნებები, ისლამი მკაცრ ტაბუს ადებს სიშიშვლეს. ერთი სქესის ადამიანებმა არ უნდა დაიძინონ ერთ საწოლში, მათი სასქესო ორგანოები დაფარული უნდა იყოს, მოკლე კურტკები და მოტკეცილი შარვლები, რომ აღარაფერი ვთქვათ შორტებზე, მართლმორწმუნე მუსულმანისათვის უხამსობაა. ანალური კავშირი, სულ ერთია – ქალთან, მამაკაცთან თუ ბიჭთან – სასტიკად აკრძალულია. სრულდებოდა თუ არა ეს აკრძალვები და წესები? პირველი არაბი ხალიფები მკაცრად იცავდნენ პირველად აკრძალვებს, მაგრამ ხალიფატის დედაქალაქის ბაღდადში გადატანასა და ჰედონიზმის საერთო გავრცელებასთან ერთად, სიტუაცია შეიცვალა. მართალია კანონები იგივე იყო, ზოგიერთი ხალიფა, როგორც ალ ამინი (809-813) და ალ მუტავაკიდი (847-861) ქალებს აშკარად ბიჭებს ამჯობინებდნენ. VIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა ბიჭი-მოზარდებისადმი მიძღვნილი, რამდენადაც გრძნობიანი, იმდენადვე ლირიული, მსოფლიოში ცნობილი არაბული ჰომოეროტიული პოეზია. ბიჭების მიმართ აშკარა გრძნობიანი სიყვარული ჩანს “1001 ღამის” ზღაპრებში (თარგმანებში ეს ადგილები ამოღებულია ან “შერბილებულია”). არაბეთის ნახევარკუნძულიდან არაბეთის ჰომოეროტიკა ანდალუზიაში გადავიდა, სადაც მის ყველაზე ცნობილ ნიმუშს იბნ ჰაზმას (გარდაიცვალა 1064 წ.) კრებული “მტრედის სამკაულები” წარმოადგენს. ძალიან რთული სიტუაცია იყო ირანში. ზოროასტრიზმი, ამ რეგიონის უძველესი რელიგია, სოდომიის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, რადგან თვლიდა, რომ ამას მხოლოდ დემონები აკეთებენ. XI-XII საუკუნეების მუსლიმანური ირანის თურქი მმართველები ამას უფრო ლიბერალურად უყურებდნენ. ცნობილი სწავლების “სარკე უფლისწულთათვის” (XI-ს.) ავტორი ემირი იბნ ისკანდერი თავის უფროს შვილს რეკომენდციას აძლევს არ უგულვებელყოს არც ქალები, არც ყმაწვილები, პირველთ უპირატესობა მიანიჭოს ზამთარში, ხოლო უკანასკნელთ – ზაფხულში. სულთან მაჰმუდ პაზნევიდას და მის ახალგაზრდა მონა აიაზას შორის ურთიერთობა სპარსულ ლიტერატურაში სიყვარულის ქრესტომათიურ სახედ იქცა. ბიჭების სიყვარულის თემას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია ისეთი უდიდესი სპარსი პოეტების შემოქმედებაში, როგორიცაა საადი და ჰაფეზი, რომლებითაც გატაცებული იყო ბევრი ევროპელი კლასიკოსი, მათ შორის გოეთე და პუშკინი.

არისტოკრატული ჰომოეროტიკა გავრცელდა ისლამური საზოგადოებების სხვა ფენებშიც. ირანში, ავღანეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში (ტუნისი, ალჟირი, მაროკო) ყოველთვის ფართოდ იყო გავრცელებული მამაკაცთა პროსტიტუცია. XIX ს-ის მეორე ნახევრის ევროპელ ჰომოსექსუალთათვის ჩრდილოეთ აფრიკა პირდაპირ აღთქმულ მიწად იქცა. არაბი ბიჭები და მათი მშობლები ასეთ ურთიერთობებს საპატიოდ და სარფიანად თვლიდნენ. ასეთმა თავისუფლებამ ბევრ ევროპელ ინტელექტუალს ცრუ წარმოდგენა შეუქმნა ისლამის “სექსუალური შემწყნარებლობის” შესახებ.

თანამედროვე ისლამური ფუნდამენტალიზმის წარმომადგენლების ცნობიერებაში ჰომოსექსუალობა ასოცირდება არა მარტო კანონიკური აკრძალვების დარღვევასთან, არამედ “გახრწნილი დასავლეთის” გავლენასთანაც. თურქეთში, ეგვიპტესა და ერაყში ჰომოსექსუალობა კანონით არ ისჯება, მაგრამ ირანში, პაკისტანში, ავღანეთში, საუდის არაბეთსა და არაბული ქვეყნების უმრავლესობაში ის სასტიკად აკრძალულია და ზოგჯერ სიკვდილითაც კი ისჯება. კანონმდებლობის ხასიათის მიუხედავად, ისლამურ ქვეყნებში მის მიმართ დამოკიდებულება მტრულია.

სინამდვილეში ეს იყო სუფთა კომერციული ურთიერთობები. ბიჭების პროსტიტუცია ყვაოდა საზოგადოების ღარიბ ფენებში, მდიდარი და წარჩინებული ადამიანები თავიანთ შვილებს არ აპროსტიტუტებდნენ. გარდა ამისა, მუსლიმანურ სამყაროში მკაცრადაა განსაზღვრული ასაკობრივი და სექსუალური როლები. მამაკაცს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ბიჭთან, მაგრამ მან არ უნდა შეასრულოს რეცეპტული როლი. ამის იძულება ან გაუპატიურება ისლამურ სამყაროში ოდითგანვე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დამამცირებელ სასჯელად. 1916 წელს ეს ყველაფერი თავს გადახდა თურქების მიერ შეპყრობილ ლეგენდარულ ინგლისელ მზვერავს პოლკოვნიკ ლოურენსს (“ლოურენს არაბი”).

ჩინეთი

ჩინეთში პირველი ცნობები მამაკაცთა ერთსქესიანი სიყვარულის შესახებ ჩჟოუს დინასტიის ეპოქიდან (1122-256 ჩვ.წ.აღ-მდე) მომდინარეობს. საიმპერატორო კარზე ერთსქესიანი კავშირები განსაკუთრებით გავრცელებული იყო ხანის დინასტიის (206 ჩვ.წ.აღ-მდე – 220 ჩვ.წ.აღ-ით) ეპოქაში. ლეგენდის თანახმად, იმპერატორ აიდის (I ს. ჩვ.წ.აღ-მდე) ისე ძლიერ უყვარდა თავისი ფავორიტი დუნ სიანია, რომ როდესაც ერთხელ მას იმპერატორის სახელოზე

“რომეო და ჯულიეტას” თავისებური ჰომოეროტიული ანალოგია XVII საუკუნის ჩინური ნაწარმოები “და ქვებიც კი მოიხარნენ”. ის მოგვითხრობს ორ შეყვარებულ სტუდენტზე, რომლებიც მთებში გაიქცნენ, თავიანთი შვილობისა და ქმრობის ოჯახურ ვალზე უარი თქვეს და განდეგილად ცხოვრობდნენ. გაქცეულთა ადგილსამყოფელის გაგებისთანავე მათი ოჯახები მათივე საცოლეების თანხლებით საძებნელად გაემგზავრნენ. მაგრამ როცა ისინი ადგილზე მივიდნენ, ახალგაზრდა ყმაწვილები უკვე ამქვეყნად აღარ იყვნენ და მათი გარდაცვალების ადგილზე ორი ტოტებგადაჭდობილი ხე ამოსულიყო. საცოლეებმა ამაში ღმერთების ნება დაინახეს და თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, ხოლო ნათესავებს ისღა დარჩენოდათ დაეტირათ დანაკარგი და თავიანთი უგუნურება.

მწოლიარეს დაეძინა, იმპერატორმა, რათა არ გაეღვიძებინა საყვარელი, ამოიღო ხანჯალი და ხალათს სახელო მოაჭრა. გამოთქმა “მოჭრილი სახელო” ჩინურ ენაში ერთსქესიანი სიყვარულის აღმნიშვნელ ევფემიზმად იქცა. (მეორე ევფემიზმი “მსხლის გაყოფა” ჩჟოუს ეპოქის ანეკდოტიდან მომდინარეობს, როდესაც მაშინდელი იმპერატორის ფავორიტმა მას მოკბეჩილი მსხალი მიაწოდა). თუმცა, იმპერატორის სიყვარულმა დუნ სიანიას ბევრი ვერაფერი არგო. უშვილო აიდი შეეცადა თავისი ფავორიტი ტახტის მემკვიდრედ გამოეცხადებინა და მას საიმპერატორო ბეჭედი გადასცა, მაგრამ სასახლის წარჩინებულნი არ დამორჩილდნენ და აიძულეს დუნსიანია თავი მოეკლა. შემდგომში ფავორიტების პოლიტიკური როლი შესუსტდა, სამაგიეროდ აყვავდა, განსაკუთრებით ცზინის ეპოქაში (256-420) და ხუთი დინასტიის დროს (907-960), დახვეწილი ჰომოეროტიული ლირიკა.

ჰომოეროტიკის ნამდვილ ბუდეებს წარმოადგენდნენ ბუდისტური მონასტრები. მართალია ჩინური ბუდიზმისათვის მიუღებელი იყო ყველანაირი სექსუალობა, როგორც მართებული ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი, ბერების უმრავლესობა თავშეკავებით არ გამოირჩეოდნენ, ხოლო ბიჭები მათთვის უფრო ხელმისაწვდომნი იყვნენ ვიდრე ქალები. ჩინეთში არისტოკრატული ჰომოეროტიკის აყვავება ემთხვევა მინის დინასტიის (1366-1644) ხანას, განსაკუთრებით XVII საუკუნეს. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა კონფუციანობისთვის, რომელიც ყველაზე მაღლა ოჯახის, შთამომავლობის გაგრძელების ინტერესებს, თვითდისციპლინას და მორალურ ასკეტიზმს აყენებდა. XVII საუკუნის ლიტერატორები, ამ კონფლიქტის შერბილების მიზნით, ცდილობდნენ ერთსქესიანი სიყვარული უპირატესად სენტიმენტალურ-რომანტიულ ტონებში გამოეხატათ.

თანამედროვე ჩინეთში ზრდასრულებს შორის ჰომოსექსუალური ურთიერთობები დანაშაულად არ ითვლება, მაგრამ მათ ხშირად დევნიდნენ სხვა მუხლებით. ბოლო დროს დამოკიდებულება ერთსქესიანი სიყვარულის მიმართ, რომელსაც ზოგჯერ “უცხოელთა დაავადებას” უწოდებენ უფრო ლიბერალური გახდა. 1993 წელს პეკინში პირველი ლეგალური გეი ბარი გაიხსნა. თუმცა, ჩინეთის პროვინციებზე ეს ლიბერალიზმი არ ვრცელდება.

რეალურ ცხოვრებაში, ამაღლებულ გრძნობებთან ერთად, ყვაოდა მამაკაცთა პროსტიტუცია და პორნოგრაფია. ზოგიერთი იმპერატორი ცდილობდა შეეზღუდა მათი გავრცელება. პირველი კანონი მამაკაცთა პროსტიტუციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ XII საუკუნეში მიიღეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. 1679 წელს იმპერატორმა კანსიმ შემოიღო მკაცრი სასჯელი მამაკაცებისა და ბიჭების გაუპატიურებისათვის; ნებაყოფლობითი სოდომია ისჯებოდა ერთთვიანი პატიმრობით და 100 როზგით.

1740 წელს ცინის მთავრობამ აკრძალა ყველანაირი ჰომოსექსუალური ურთიერთობები, დააწესა სისხლის სამართლის სასჯელი და აიძულა მას იატაკქვეშეთში გადასვლა.

შუასაუკუნეების იაპონია

ერთსქესიანი სიყვარულის მიმართ ყველაზე მიმტევებელი აზიური ქვეყანა XIX ს.-მდე იყო იაპონია, სადაც ეს დაკავშირებული იყო, ერთის მხრივ, მამაკაცის სხეულის საერთო ესთეტიზაციასთან, ხოლო მეორეს მხრივ – მამაცობისა და ერთგულების სამურაულ კულტთან. სხვა ხალხების მსგავსად, იაპონელებიც თვლიდნენ, რომ ერთსქესიანი სიყვარული – “ნანსიოკუ” (“მამაკაცური გზა”, “საყმაწვილო გზა”, “ლამაზი გზა” ან “საიდუმლო გზა”) – გარედან შეიტანეს (ლეგენდის თანახმად, ის IX საუკუნის დასაწყისში ჩინეთიდან ბუდისტმა ბერმა კუკაიმ შეიტანა). თუმცა, სხვა უამრავი ხალხისგან განსხვავებით, ამ მოვლენას იაპონელები არასოდეს უწოდებდნენ სამარცხვინოს ან ბინძურს და მას თავისი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ელემენტად და განვითარებული ცივილიზაციის ნიშნად თვლიდნენ.

შუასაუკუნეების იაპონიაში სიყვარული ქალებისა და კაცების მიმართ ერთნაირად ნორმალურად ითვლებოდა, ერთი არ გამორიცხავდა მეორეს. “ზამთარი და ზაფხული, დღე და ღამე ერთმანეთს ცვლიან. ვერავინ გააუქმებს გაზაფხულის ყვავილობას და შემოდგომის ფოთოლცვენას. მაშ როგორ უნდა აკრიტიკო გზა კაცისა და გზა ქალისა?” ერთი სქესისთვის განსაკუთრებული უპირატესობის მინიჭება იშვიათად და უცნაურად ითვლებოდა. მხოლოდ ბიჭების მოყვარულ მამაკაცებს ეძახდნენ არა მათი ლტოლვის ობიექტის მიხედვით, არამედ განრიდების ობიექტის მიხედვით – ონნაგირაი (ქალთმოძულენი). მართალია 11 – 19 წლის ბიჭები მამაკაცთა ლტოლვის “კანონიერ” ობიექტებად ითვლებოდნენ, მაგრამ “მამაკაცური გზის” სექსუალური ტექნიკა უფრო მკაცრად იყო რეგლამენტირებული, ვიდრე ჰეტეროსექსუალური. იაპონურ ეროტიკაში ხშირად ვხვდებით ორალური სექსის გამოსახვას კაცსა და ქალს შორის, მაგრამ მამაკაცებს შორის – არასოდეს. პირიქით, ხშირად გამოისახებოდა კაცები კოცნისას.

ერთ მონასტერში შემონახულია 1237 წელს შედგენილი 36 წლის ბერის აღთქმის ტექსტი: “მე კასაკის ტაძარში ვიქნები 41 წლის მიღწევამდე… დღემდე კავშირი მქონდა 95 მამაკაცთან, პირობას ვდებ, რომ ამ ხნის მანძილზე ეს რაოდენობა 100 არ გადააჭარბებს… მე არ შევიყვარებ და არ შევინახავ არცერთ ბიჭს, რიიუ-მარუს გარდა” (ეტყობა, ეჭვიანმა ბიჭმა “სიყვარულისმოყვარე” ბერისაგან ერთგულება მოითხოვა).

მამაკაცთა შორის ურთიერთობები მკაცრად იერარქიული იყო, ისტორიკოსები გამოყოფენ სამ განსხვავებულ სუბკულტურას: ბუდისტური მონასტრებს, ფეოდალურ-სამურაულ წრესა და თეატრალურ სამყაროს. კონტინენტური ბუდიზმისგან განსხვავებით, იაპონელები “ლამაზ გზაზე” გაკიცხვის გარეშე საუბრობდნენ, მას თვლიდნენ თავისებურ გადასვლად ქალებთან სექსიდან იდეალურ სრულ თავშეკავებამდე. ბერების სექსუალური კავშირები მორჩილებთან პრაქტიკულად დაკანონებული იყო.

სამურაებისა და რაინდთა წრეში, სადაც ყველაფერი მეომრული ღირსების კოდექსს ემორჩილებოდა, ყველაზე მეტად ერთგულება ფასობდა. პაჟი ან საჭურველთმტვირთველი ვალდებული იყო თავისი ბატონისგან ესწავლა ყველაფერი და მისი ღირსი ყოფილიყო. ბიჭის მიერ ბატონის ღალატი მკაცრად ისჯებოდა. ერთადერთ დაშვებულ სექსუალურ ტექნიკას ანალური პენეტრაცია წარმოადგენდა. სიყვარულში ერთგულება გარკვეული ხარისხით ეფუძნებოდა შეთანხმებას. ფეოდალს შეეძლო ძალა ეხმარა ბიჭზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სიყვარული მას არ ეკუთვნოდა. ზოგჯერ უფროსი სამურაიც იძლეოდა ერთგულების აღთქმას.

1542 წელს 22 წლის ტაკედა სინგენმა 16 წლის კასუგა გენსუკს წერილობითი ვალდებულება მისცა, რითაც ეჭვიან კასუგას არწმუნებდა, რომ არასოდეს ჰქონია სქესობრივი კავშირი მესამე ბიჭთან, იოსიხიროსთან, თუმცა ამის სურვილი ჰქონდა. ახლა კი, წერს ტაკიდა, მე ეს აზრადაც არ მაქვს. “რამეთუ მე მსურს შენთან დაახლოვება, ამიერიდან, თუ შენ ამასთან დაკავშირებით რაიმე დაგაეჭვებს, მინდა იცოდე, რომ მე არ ვაპირებ შენ რამე გავნო. თუ ოდესმე დავარღვევ ამ პირობას, დაე ღმერთმა მომიზღოს სასჯელი მკაცრი…” სასურველი კავშირი შესდგა და მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა.

სასიყვარულო კავშირები ფეოდალური ურთიერთობების ნაწილი იყო.

იხარა საიკაკუს (1642-1693) პოპულარულ კრებულში “მამაკაცური სიყვარულის დიადი სარკე” (1687), რამდენიმე მოთხრობაა ამ თემაზე. მოთხრობაში “ბულბული თოვლში” სამურაი სიმამურა ტონაიმ, ორ ყმაწვილს ერთგულება შეჰფიცა და სიყვარულის დასამტკიცებლად თითოეულ მათგანს თავისი მოკვეთილი ნეკი მისცა. კეთილშობილი ყმაწვილკაცები იზრდებოდნენ და აუცილებლად ოჯახდებოდნენ. თუმცა ცნობილია სასიყვარულო კავშირები თანატოლებს შორისაც, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდებოდა. ჭაბუკ სამურაებს ტამასიმა მონდოს და ტოიოდა ჰანემონის ერთმანეთი შეუყვარდათ, როდესაც ერთი 16 წლის იყო, ხოლო მეორე – 19-ის.

მათ სიბერემდე სიყვარულითა და ურთიერთგაგებით იცხოვრეს და ერთმანეთისთვის არც ქალთან და არც კაცთან არ უღალატიათ.

სამურაების ჰომოეროტიული მეგობრობა – ტიპიური ფეოდალური ინსტიტუტია. ხანგრძლივი უქალობის პირობებში სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ყმაწვილებისადმი ლტოლვა აქ ეფუძნება ვასალურ, დამოკიდებულ ურთიერთობას. სექსუალური კავშირები არა მარტო ამყარებდა ამ ურთიერთობებს, არამედ მათ პერსონალიზირებულს ხდიდა, იაპონური ტერმინოლოგიით, “ცივ ვალს” “თბილ ვალად” აქცევდა. იაპონიაში ფეოდალიზმის ეპოქის დასრულებასთან ერთად ეს ურთიერთობებიც დასრულდა, მაგრამ დარჩა მათი იდეალიზირებული ხსოვნა (საკმარისია გავიხსენოთ იუკიო მისიმის ცხოვრება და მოღვაწეობა).

მესამე სპეციფიური ჰომოსექსუალური სუბკულტურაა – თეატრალური სამყარო. ნოს და კაბუკის იაპონურ ტრადიციულ თეატრებში ყოველთვის ბევრი იყო ჰომოეროტიკა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობები ხშირად დიდებულთა, მათ შორის მმართველი-სიოგუნების საყვარლები იყვნენ. დროთა განმავლობაში აქტიორული პროსტიტუცია სრულიად კანონიერ და პრესტიჟულ საქმიანობად იქცა. მართალია კაბუკის თეატრის ბიჭები ვალდებულები არ იყვნენ თავისი საყვარლების ერთგულები ყოფილიყვნენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს ემსახურებოდნენ, მაინც პატივს ცემდნენ და აფასებდნენ. ამ წრეში ასაკობრივი საზღვრები ძალზედ პირობითი იყო, ზოგჯერ “ბიჭებად” ითვლებოდნენ 30 წელს გადაცილებული მამაკაცები, თუმცა ისინი ცდილობდნენ რომ მარად ახალგაზრდული იერი ჰქონოდათ, მათთვის ასაკის კითხვა უზრდელობად ითვლებოდა. XVII-XVIII სს.-ში იაპონიაში მამაკაცური პროსტიტუციის სხვა ლეგალური ფორმებიც გაჩნდა – აბანოები, ბორდელები და ა. შ.

ქრისტიანობის გავლენით (ამ კამპანიას XVII ს.-ში კათოლიკე მისიონერები ატარებდნენ) XIX ს.-ში ჰომოსექსუალური ურთიერთობები სამართლებრივ დევნას განიცდიდნენ. თანამედროვე იაპონურ კანონმდებლობაში ერთსქესიანი სიყვარული ლეგალურია და ბევრი მწერლის შემოქმედებაში აისახება.

ძველი ისრაელი

ებრაულ ცივილიზაციას მიიჩნევენ ერთ-ერთ იშვიათ უძველეს ცივილიზაციად, სადაც მამაკაცებს შორის სექსუალური კონტაქტები კატეგორიულად აკრძალული იყო.

“არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა” [ლევიანნი 18,22]

“ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ყაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი [ლევიანნი 20,13].

რადგანაც ეს ნორმები მოგვიანებით ქრისტიანობის მორალურ-რელიგიური კოდექსის ნაწილად იქცა, განვიხილოთ უფრო დაწვრილებით. იყო თუ არა მამათმავლობა თავისთავად საშინელი, უპატიებელი ცოდვა – თუ ასევე მკაცრად ისჯებოდა სხვა ბევრი მანკიერება, რომელთა მიმართაც რელიგია მოგვიანებით უფრო შემწყნარებლური გახდა, და თუ ასეა, რატომ?

რით არის მოტივირებული ეს აკრძალვები – იმაზე ზრუნვით, რომ ადამიანები სქესობრივ აქტს მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელების მიზნით ახორციელებდნენ, ან სქესობრივ-როლური განსხვავებისა და იერარქიის გასამყარებლად (შუა საუკუნეებში სექსუალური პოზა “ქალი ზემოდან” სოდომიასთან იყო გათანაბრებული), ან რელიგიური სიწმინდის მოთხოვნით, ურწმუნოთაგან გამიჯვნის აუცილებლობით?

უპირობოდ მორწმუნე ადამიანისთვის და ათეისტისთვის ეს კითხვები უმნიშვნელოა.

პირველი აზროვნებს ფორმულით – “ნათქვამია, არ შეიძლება – ესე იგი არ შეიძლება”, ხოლო მეორე – ფორმულით “რაში მაინტერესებს რას ფიქრობდნენ ადამიანები, რომელნიც იმაზე დავობდნენ, თუ რამდენი ანგელოზი დაეტეოდა ნემსის წვერზე”… მაგრამ რელიგიის ისტორიკოსისათვის და ადამიანისათვის, რომელსაც ღმერთის სწამს, მაგრამ თავის “არასწორ” ლტოლვებისთვის ვერ უძლევია, ეს კითხვები აქტუალური და პრაქტიკული მნიშვნელობისაა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას ბიბლიის ტექსტოლოგიური კვლევა იძლევა.

ებრაული სიტყვა toveah, რომელიც ბიბლიის რუსულ ტექსტში ნათარგმნია როგორც “სისაძაგლე” (ზოგჯერ მას თარგმნიან, როგორც “გარყვნილება”) პირველყოვლისა ნიშნავს რიტუალურ “უწმინდურობას”, დადგენილი საზღვრების დარღვევას, შეუთავსებლის “აღრევას”. შესაბამისი ბიბლიური აკრძალვა იმავე რიგისაა, როგორც სხვა უამრავი ანალოგიური ნორმა, რომელიც კრძალავს სისხლის აღრევას, საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის გამოყენებას, არასათანადო საკვების მიღებასა და ა.შ. საინტერესოა, რომ ლევითანის წინა ფსალმუნში (20,12) ნათქვამია: “ვინც თავის რძალთან დაწვება, ორივენი უნდა მოკვდნენ. სისაძაგლე აქვთ ჩადენილი. მათზეა მათი სისხლი”. შეიძლება ითქვას, რომ მამათმავლობა – სქესურ-როლური სტრატიფიკაციის და ნათესაური ურთიერთობების საერთო წესების დარღვევის კერძო შემთხვევაა.

ბიბლიის სიუჟეტის მიხედვით, ღმერთმა ამ ორი ქალაქის მცხოვრებთა უღმერთო ქცევის გაგებისთანავე, ვითარების გასარკვევად ორი ანგელოზი გაგზავნა. სოდომში მათ შეხვდათ მართლმორწმუნე ლოტი და ღამის გასათევად თავისთან მიიწვია, მაგრამ ¨ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები – ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ.. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარები: უთხრა: ნუ იზამთ ამ ბოროტებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით რაც გენებოთ. ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი¨. (დაბადება, 19:4-8).

სოდომელებმა არ დაუჯერეს ლოტს და მაშინ ანგელოზებმა მისი ოჯახი ქალაქიდან გაიყვანეს, ხოლო სოდომი დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს.

მეორე, მსგავსი ისტორია მოთხრობილია მსაჯულთა წიგნში, ერთმა მოხუცმა ღამის გასათევად მამაკაცი და ქალი შეიკედლა. მაგრამ როცა გუნებაზე მოვიდნენ, აჰა, ქალაქის მცხოვრებნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ სახლს. კარზე აბრახუნებდნენ და ეუბნებოდნენ ბერიკაცს, სახლის პატრონს: გამოგვიყვანე, შენს სახლში რომ კაცია მოსული, უნდა შევიცნოთ. გავიდა მათთან სახლის პატრონი და უთხრა: არა, ძმებო, ნუ იზამთ ბოროტებას. ეს კაცი ჩემს სახლში სტუმრად შემოვიდა, ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას. აჰა, გასათხოვარი ქალი მყავს შინ და ამ კაცსაც ხარჭა ახლავს. გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით, რაც გენებოთ. ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ ამ უზნეობას. მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას და ცისკარზე გაუშვეს. (მსაჯულთა წიგნი, 19:22-25).

და მაშინ “კვლავ მიუბრუნდნენ ისრაელიანები ბენიამინელებს და მახვილით მოსრეს ქალაქში მყოფი ხალხიც და პირუტყვიც, ყველაფერი, რაც იქ დახვდათ, და ყველა ქალაქი, რაც კი იყო, ცეცხლს მისცეს.¨ (მსაჯულთა წიგნი, 20:48).

“არც ერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმინდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.” (ლევითანი 18:24).

არაერთგვაროვანია სოდომისა და გომორის ცნობილი ისტორიის ინტერპრეტაციაც. ორივე ამ ამბავში მთავარი დანაშაული არა ერთსქესიანი სექსი, არამედ გაუპატიურება და სტუმართმოყვარეობის კანონების დარღვევაა. ლოტი მზად იყო სტუმრების გულისათვის საკუთარი ქალიშვილები გაეწირა არა იმიტომ, რომ შვილები არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ თავის ქალიშვილებზე, როგორც მამას, სრულ ძალაუფლებას ფლობდა, მაშინ როცა სტუმრები, რომლებიც მან შეიფარა, მისი დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ და საკუთარი ღირსების შეულახავად მათ გაცემას ვერ შეძლებდა. სოდომელებმა კი მის წინადადებაზე უარი თქვეს არა იმიტომ, რომ “სოდომიტები” იყვნენ და ქალებს კაცებს ამჯობინებდნენ, არამედ იმიტომ, რომ უნდოდათ დაემცირებინათ უცხო ტომელები და თვითონ ლოტი, რომელმაც თვითონ ჩამოსულმა გაბედა მათთვის ესწავლებინა თუ როგორ მოქცეულიყვნენ. ასე რომ, სოდომელებმა დაარღვიეს ერთბაშად რამდენიმე ფუნდამენტალური კანონი, რომელთაც სექსუალობასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ღმერთის გამოგზავნილთა შეურაცხყოფა, სტუმართმოყვარეობის კანონის დარღვევა, და ამასთან ერთად, ანგელოზების გაუპატიურების სურვილი, რომელი სქესისაც არ უნდა იყვნენ ისინი, – საკმარისზე მეტი მიზეზია ქალაქის დასანგრევად. ძველი აღთქმის ღმერთი მორიდებულობით არ გამოირჩეოდა. გივეში ქალაქელებმა სტუმართმოყვარეობის წესების დარღვევა კიდევ უფრო დაამძიმეს ქალის გაუპატიურებით. “სოდომია” აქ საერთოდ არ არის.

ერთსქესიანი სიყვარულის მიუღებლობის მეორე მოტივი შთამომავლობის გაგრძელების ინტერესებია. რადგანაც ებრაელები ვალდებულნი იყვნენ გამრავლებულნიყვნენ, თესლის ნებისმიერი დაღვრა რეპრო-დუქტიულობის კონტექსტის გარეშე მკრეხელობა იყო. ონანი, რომელიც ღმერთის ნებას არ დაემორჩილა, თავისი ძმის ქვრივზე არ დაქორწინდა და თავისი თესლი მიწაზე დაღვარა, სიკვდილით დაისაჯა. მართალია, ამ შემთხვევაში ღმერთის რისხვა იმდენად თესლის გაფლანგვით არ არის გამოწვეული, რამდენადაც კანონის დარღვევით, რომლის მიხედვითაც ონანი ვალდებული იყო თავის დაქვრივებულ რძალზე დაქორწინებულიყო. თუმცა, თესლის ფუჭად დაღვრა საერთოდ მიღებული არ იყო. სხვა ბევრი ხალხის წესჩვეულებებისაგან განსხვავებით, ებრაული კანონით, “ზემოთა”, “აქტიური” პარტნიორი ჰომოსექსუალურ აქტში უფრო მეტადაა დამნაშავე, ვიდრე “პასიური”, არა იმიტომ, რომ მკრეხელური ქმედება მისი ინიცირებული იყო (ამას კიდევ დამტკიცება უნდოდა), არამედ იმიტომ, რომ სწორედ ის ასხამს თესლს შეუსაბამო “ჭურჭელში”.

გარდა ამისა, იუდაიზმი კიცხავს ერთსქესიან სექსს, იმიტომ, რომ ის ასოცირდება პროსტიტუციასთან. ბევრ ხალხში, რომელთანაც ძველ ისრაელს მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, გავრცელებული იყო რიტუალური, ტაძრული პროსტიტუცია, რომლისგანაც ებრაელებს განრიდება უნდოდათ.

ეს ისევ და ისევ რელიგიული აკრძალვაა, რომელიც “სუფთას” “არასუფთისგან” განასხვავებდნენ. მამათმავლობისთვის სასჯელი ისეთივე იყო, როგორიც ბილწსიტყვაობისთვის, მრუშობისთვის, სისხლის აღრევისთვის, სისხლით ნათესავთა გაშიშვლებისათვის, მენსტრუაციის დროს ქალთან სქესობრივი კავშირისათვის, მარხვის დარღვევისათვის და ა.შ. და ყველა ეს აკრძალვა მოტივირებული იყო რწმენის სისუფთავის შესანარჩუნებლად.

ლესბოსელობას ებრაული კანონი ნაკლებ ყურადღებას უთმობს. პრინციპში ის აკრძალული იყო, ამაში შემჩნეულ ქალებს (mesolelot, სიტყვასიტყვით – “ქალები, რომლებიც ხახუნობენ”) უფლება არ ჰქონდათ ცოლად გაყოლოდნენ რაბინებს, და ზოგჯერ გაროზგვითაც ისჯებოდნენ. თუმცა, ამაზე ცოტას ლაპარაკობდნენ, არა იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები არ იყო, ან ადამიანებს რცხვენოდათ ხმამაღლა ამის აღიარება, არამედ იმის გამო, რომ მამაკაცები ამას ვერ ხვდებოდნენ.

თვითონ სექსუალური ლტოლვა და ამ ლტოლვის ობიექტი, ებრაულ რელიგიას საერთოდ არ აინტერესებს. სხვა კონტექსტებში ძველი აღთქმა უშვებს საკმაოდ ნაზ ურთიერთობებს მამაკაცებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი მეფე საულის შვილს ახალგაზრდა იონათანსა და მამაც მეომარ, ფილისტიმელთა დამმარცხებელ, მომავალ მეფე დავითს შორის ახლო მეგობრობაში ჰომოეროტიულ გრძნობებს ხედავს. პირადად მე, ამ ისტორიაში ვერანაირ ჰომოეროტიულობას ვერ ვხედავ, ბევრ ხალხში ასე აღიწერებოდა სამხედრო მეგობრობა.

იგორ კონი, ნაწყვეტი წიგნიდან ¨ცისფერი სიყვარული¨


Bookmark and Share