ტერმინლოგია » ფ

ფსევდოიმპოტენცია (ბერძნ. pseudo, ფსევდო, ცრუ – იმპოტენცია) ერთ-ერთი სექსუალური მოჩვენებითი დარღვევა მამაკაცებში. როგორც წესი, დაიყვანება საკუთარი სქესობრივი უსუსურობის, სქესობრივი ცხოვრების სტანდარტებთან შეუსაბამობის მცდარ წარმოდგენაში, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად არ არის არანაირი გადახრა ასაკობრივი და კონსტიტუციური ნორმებიდან. გამოწვეულია – დაბალი სექსუალური კულტურით, სქესობრივი გაუნათლებლობით, ხშირად გართულებული ურთიერთობებით პარტნიორთან მისაღებ დიაპაზონზე წარმოდგენების განსხვავებულობის გამო, პიროვნების შფოთვად-მოჩვენებითი წყობით, ფსიქოლოგიური პათოლოგიის ზოგიერთი სახეობით. გამოყოფენ ფსევდოიმპოტენციის შემდეგ ფორმებს: საკუთარი თავის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება; საკუთარი თავის მიმართ მოგონილი ნაკლების მიწერა; ფიზიოლოგიურ რხევებზე არაადექვატური პიროვნული რეაქცია; ქალის არასწორი ქმედებები ან სექსოლოგიური დეფექტები.
ყველაზე ხშირად საკუთარ თავს გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებენ მოზარდები, რომელთაც არ გააჩნიათ სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება და აქვთ სქესობრივი განათლების დაბალი დონე, აქვთ მცდარი წარმოდგენა სქესობრივი აქტის ხანგრძლივობასა და სიხშირეზე. ისინი უკვე თავიდანვე, სქესობრივ აქტამდე, თვლიან თავს სექსუალური თვალსაზრისით უსუსურებად და ხშირად თავის უსუსურობას უკავშირებენ მოზარდობის დროს ონანიზმით დაკავებას. არაადექვატური პიროვნული რეაქცია, უფრო ხშირად ვლინდება ასაკში შესულ პირებთან. ხშირად ეს პაციენტები არიან ძლიერი სქესობრივი კონსტიტუციისა და ახალგაზრდულ ასაკში საკმაოდ ინტენსიური და წარმატებული სქესობრივი ცხოვრების პრაქტიკის მქონენი. თავის სექსუალურ შესაძლებლობებში სრულიად სამართლიანად დარწმუნებულები, სექსუალურ ცხოვრებაში პირველი წარუმატებლობასთანავე, რაც ხშირად გამოწვეულია დაბერებით, მიმართავენ სექსოპათოლოგს. ფსევდოიმპოტენციის ჩამოთვლილი ოთხი ვარიანტი საკმაოდ პირობითია და მნიშვნელოვანწილად ატარებენ შერეულ, ურთიერთშემავსებელ ხასიათს. ასევე ფარდობითია მათი საზღვარი ფსიქოგენური წარმოშობის სქესობრივი სისუსტის ზოგიერთ ფორმასთან.

ფსიქოსექსუალური ორიენტაცია
:
1. ფსიქოსექსუალური მიდრეკილება საპირისპირო ან იგივე სქესის მიმართ, რისი შეცვლაც, თანამედროვე შეხედულებების თანახმად, აღზრდის საშუალებით, ფსიქოთერაპიით და მედიკამენტებით შეუძლებელია. ამავე დროს, თვით აზრიც კი შეცვლის ან გარდაქმნის შესახებ დისკრიმინაციულია და უმეტესწილად ჩნდება მხოლოდ ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით. ფსიქოსექსუალური ორიენტაცია არ არის  დამოკიდებული ცალკეული ადამიანის ნებაზე და სურვილზე, ამიტომ ის არ წარმოადგენს მორალის ფაქტორს და მორალური გაკიცხვა არაადამიანურია. ის უნდა მივიღოთ და ანგარიში გავუწიოთ, როგორც ადამიანური ყოფის ერთ-ერთ ვარიანტს. ფსიქოსექსუალური ორიენტაცია, ჩანასახოვანი ფორმით, ვითარდება უკვე ბავშვობის და სიყმაწვილის დროს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერდება და საბოლოოდ მყარდება მე-3 ათწლეულის შუაში (ქომინგ – აუტი). ბისექსუალების ფსიქოსექსუალური ორიენტაცია ვრცელდება ორივე სქესზე. ფსიქოსექსუალურ ორიენტაციასა და ჰომოსექსუალობის, ჰეტეროსექსუალობის ან ბისექსუალობის მიზეზებთან დაკავშირებით მეცნიერული და საზოგადოებრივი კამათი დღემდე მიმდინარეობს. ამას ემატება კონკრეტული ეპოქის შესაბამისი არგუმენტები და თვალსაზრისები. თუ ერთიდაიმავე საზოგადოებაში მამაკაცის და ქალის შეფასება განსხვავებულია და ისინი არათანასწორნი არიან, მაშინ რა თქმა უნდა დამოკიდებულება მამაკაც-ჰომოსექსუალების და ლესბოსელების მიმართაც განსხვავებული იქნება. ფსიქოსექსუალურ ორიენტაციაზე დისკუსიები მანამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოებრივ შეფასებებში შენარჩუნდება ეს და სხვა განსხვავებები.
2. ნებისმიერი სხვა სახის ფსიქოსექსუალური მიდრეკილებები და უპირატესობები, მაგალითად, მიმართული არა ადამიანების, არამედ საგნების (ფეტიშიზმი), ცხოველების (ზოოფილია) მიმართ. საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარება (ტრანსვესტიზმი) ან სხვა, ხშირად სახიფათო სახეობებთან დაკავშირებული სექსუალური პრაქტიკები (სადიზმი).

ფეტიშიზმი (ფრანგ. fetiche – კერპი, თილისმა, სინონიმები – კერპიზმი, სექსუალური სიმბოლიზმი, სექსუალური პარციალიზმი), სექსუალური დევიაცია, რომელიც ხასიათდება სექსუალური ლტოლვით სხვადასხვა სულიერი და უსულო საგნების, სხეულის ნაწილების და ტანსაცმლის ელემენტების მიმართ (“თეთრეულის ფეტიშიზმი”). როგორც ჩანს, დევიანტისთვის ფეტიშს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს სქესობრივად მომწიფებული ადამიანის სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის ბუნებრივი მოთხოვნილება. ფეტიშს წარმოადგენს კონკრეტული ხელშესახები საგანი, რომელსაც არ გააჩნია სულიერი შინაარსი, ხოლო ამ სულიერ შინაარსს ავსებს დევიატის ფანტაზიები, ხშირად რეალური ვითარებისა და პარტნიორის გრძნობების გათვალისწინების გარეშე. ფეტიშთან ურთიერთობის სრული თავსუფლება – რაც არ მოითხოვს დევიანტისთვის ყველაზე რთულს, ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის დახარჯვას, მეორე პარტნიორის ინტიმურ ტალღაზე განსაწყობად –  არის მისთვის ყველაზე მიმზიდველი, რადგან ეს საშუალებას აძლევს მთლიანად მიეცეს სექსუალურ ფანტაზიებსა და ილუზიებს. ამიტომ, პარტნიორის პიროვნება ფეტიშის მოყვარულისათვის აბსოლუტურად არანაირ როლს არ თამაშობს. ამავე დროს, ბევრი მამაკაცისთვის ქალის სხეულის რაიმე ნაწილს (მკერდი, ფეხები, უკანალი და ა.შ.), ანდა ქალის ტუალეტის რაიმე ნივთს, შეუძლია შეასრულოს სქესობრივი გრძნობის სტიმულატორის როლი, ხოლო მათ გახსენებას შეიძლება თან ახლდეს მასტურბაცია და ორგაზმიც კი.
თუმცა, ამ სიტუაციაში მასტურბაციას აქვს ჩანაცვლებითი ხასიათი და განუყოფლად დაკავშირებულია ქალის პიროვნებასთან, მის ქცევასთან და არ აღიქმება მისგან მოწყვეტით. ფეტიშიზმის დროს კი ეს ხატი უსულოა, არ ჰყავს კონკრეტული პატრონი, ის არსებობს განყენებულად, როგორც ასეთი. ამიტომ სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედებები, მათ შორის სქესობრივი აქტი, შესაძლებელია ნებისმიერ ქალთან, რომელიც ფლობს ამ ფეტიშს, მისი პიროვნული თვისებების, ასაკის, გარეგნობის და ტემპერამენტის მიუხედავად. როგორც წესი, ფეტიში წარმოადგენს სიმბოლოს და ანაცვლებს ან სიყვარულის კონკრეტულ ობიექტს, ან სასურველი ობიექტის კრებით სახეს, პრინციპით “ნაწილი მთელის მაგივრად”. ფეტიში აძლიერებს ფანტაზიისა და ოცნების სიმკვეთრეს, ხდის მათ საგნობრივს და ხელშესახებს, ეხმარება მაქსიმალური სქესობრივი აღგზნების მიღწევაში. ფეტიშიზმის ელემენტები თან ახლავს როგორც ნორმალურ, ასევე პათოლოგიურ სექსუალობას. ფეტიშის შეძენისას სირთულეების გადალახვას (მოპარვას), მოაქვს გარკვეული სიამოვნების განცდა. სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა არა უბრალოდ სასურველი ნივთის მოპოვებით, არამედ მისი შეგრძნებით, ყნოსვით, შეხებით, სასქესო ორგანოებზე მიდებით, ლოგინში “ჩაწვენით”, მასტურბაციის თანხლებით. “თეთრეულის” ფეტიშიზმს ხშირად თან ახლავს საწინააღმდეგო სქესის თეთრეულის ჩაცმა, რაც წარმოადგენს ტრანსვესტიზმის, როგორც ფეტიშიზმის ერთ – ერთი ვარიანტის არსს. ფეტიშისტები ყველაზე ხშირად თეთრეულს იპარავენ თოკიდან მათი გაშრობის დროს, პლიაჟებსა და სხვა ადგილებში და ძალიან იშვიათად ყიდულობენ მაღაზიაში. ყველა ფეტიშისტს აქვს თავისი გემოვნება, ფეტიშიზმის ვარიანტები ძალიან მრავალფეროვანია, გვხვდება ცხვირის, ხელის, მკერდის, ფეხის, უკანალის, მსუქანი ან გამხდარი ფიგურის, დამახინჯებული ფეხის ან სახის, სიელმის, გრძელი თმების, გაპარსული ბოქვენისა და ბეწვიანი ბოქვენის და ა.შ. ფეტიშიზმები. ტანსაცმლის ფეტიშიზმი მოიცავს თანამედროვე ქალის პრაქტიკულად მთელ გარდერობს წინდებიდან და საბანაო კოსტუმიდან დაწყებული (ფასონის, ფერისა და მოცულობის მიხედვით) ხელთათმანებით, ფეხსაცმელითა და ბეწვის ქურქით დამთავრებული. ქალებთან ფეტიშიზმი უფრო ხშირად ვლინდება, როგორც მიდრეკილება სხვადასხვა ტიპის ტატუირებისადმი, იარებისადმი, ნიკაპისადმი, ულვაშებისადმი, სხეულის ბეწვით დაფარვის ხარისხისადმი, ფორმის ტანსაცმლისადმი (უფრო ხშირად მუნდირი) და ა.შ. მოულოდნელად, ხშირად ფეტიშად გვევლინება მამაკაცის ხმის ტემბრი, განსაკუთრებით ტენორი.

ფერტილობა
(ლათ. fertihs – ნაყოფიერი), მომწიფებული სხეულის შესაძლებლობა გააგრძელოს შთამომავლობა. ყველაზე ხშირად უშვილობა განპირობებულია ერთ-ერთი მეუღლის უნაყოფობით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 2-3 ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შობადობის დაბალ მაჩვენებელთან ერთად, შეიმჩნევა უნაყოფო ქორწინებების რაოდენობის ზრდა, რომელთა მიზეზსაც 40-50% შემთხვევებში ერთ-ერთი მეუღლის რეპროდუქტიული სისტემის პათოლოგია წარმოადგენს. უნაყოფობის გარდა, რაც მოითხოვს მკურნალობას, იშვიათ შემთხვევებში ფერტილობის დარღვევის მიზეზებს შეიძლება წარმოადგენდეს – სქესობრივი აქტების ზღვარგადასული სიხშირე, რაც იწვევს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის მკვეთრ შემცირებას და ეიაკულატში მათი მოუმწიფებელი ფორმების სიმრავლეს, რის გამოც განაყოფიერების ალბათობა მცირდება; გახანგრძლივებული, შეწყვეტილი, არასრული სქესობრივი აქტების პრაქტიკა, რასაც დროთა განმავლობაში მივყავართ კოპულატიური და რეპროდუქტიული ფუნქციის დარღვევამდე და სხვა.

ფობია (ბერძ. phobos – შიში; სინონიმი – აკვიატებული შიში), აკვიატებული მდგომარეობა, რომელსაც აქვს ზოგიერთი საგნის, ქცევის, ქმედების ან სიტუაციის გადაულახავი შიშის სახე; ფობიის შინაარსს შეიძლება წარმოადგენდეს ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა. ელემენტარული ფობია – ფობია, რომელიც შეზღუდულია გარკვეული კონკრეტული საგნით, ან მოვლენით. სექსოლოგიასთან დაკავშირებით იხ., მაგალითად, ონანოფობია, კოიტოფობია.

ფლირტი (ინგლ. flirt ): ქმედების ფორმა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პოტენციური პარტნიორის ყურადღების მიქცევა.
საერთო ჯამში, ფლირტი გულისხმობს შემდეგი ქმედებების გამოყენებას:
ამა თუ იმ სიტყვების საშუალებით, პარტნიორის თვისებებისა და ღირსებების დადებითი შეფასების გამოხატვა; მათით აღფრთოვანება; პარტნიორის იძულება გულახდილად მოგიყვეთ საკუთარ თავზე, შორისდებულებითა და ცალკეული ფრაზებით მიეხმარეთ მის სურვილს, შეგატყობინოთ საკუთარ თავზე ის, რასაც თვითონ თვლის მნიშვნელოვნად და რაც მას დადებითად ახასიათებს; პარტნიორს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ყველაზე მომგებიანი სახით დემონსტრირება – როგორც, ყველაფრის გამგები და ამავე დროს იდუმალი, დახვეწილი და მუდამ დახმარებისთვის მზად მყოფი; უნდა შეეძლოს გული აუჩუყოს პარტნიორს მოკლე სიტყვით საკუთარი დაუცველობის, სისუსტის, ცხოვრების მოუწყობლობის, ხოლო თუ ის დაქორწინებულია – პარტნიორისა და ბავშვების მხრიდან გაგების არ არსებობის შესახებ; უნდა შეძლოს, ასე თუ ისე გასაგებად აგრძნობინოს, რომ მისგან წამოსული ინიციატივა არ იქნება უგულებელყოფილი.
ფლირტი უფრო დამახასიათებელია გაცნობის, თაყვანისცემის პერიოდისთვის. თუმცა, მას წარმატებით იყენებენ ოჯახურ ურთიერთობებშიც, როგორც სასიყვარულო თამაშის ერთ-ერთ საწყის ელემენტს (მაგ. შეიძლება დადებითი შეფასება მივცეთ პარტნიორის სექსუალურ შესაძლებლობებს, გავიხსენოთ როგორი სიხარულის მონიჭება შესძლო უკანასკნელი ინტიმური სიახლოვის დროს და ა.შ.). ქორწინებაში ფლირტი გამოირჩევა კონკრეტულობით, გულახდილობით, გახსნილობით, რადგან მეუღლეებს წარმოდგენილი აქვთ არა მარტო სიტუაციის შემდგომი განვითარება, არამედ ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და სურვილის შემთხვევაში, ადვილად იპოვნიან მეხსიერებაში სიტუაციებს და დეტალებს, რომლიც გამოკვეთილი სექსუალური შეფერილობისა და პარტნიორისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება.

ფრიგიდულობა (ლათ. frigidus – ცივი, სინონიმები – სქესობრივი სიცივე, სექსუალური ანესთეზია, ანაფროდიზია, აფანიზისი, ჰიპოსექსუალობა, სექსუალური ჰიპოსთეზია), სქესობრივი ლტოლვის შემცირება (სრული გულგრილობისა და სიახლოვის ზიზღის ჩათვლით) და სქესობრივი აღგზნებადობის დაბალი დონე ქალებში. სქესობრივი თვალსაზრისით ცივად ითვლება ქალი, რომელსაც არასოდეს, არცერთ პარტნიორთან, მიუხედავად მასთან ემოციური კავშირის არსებობისა და სქესობრივი აქტის ტექნიკაში რაიმე დარღვევის არ არსებობისა, არ განუცდია ძლიერი სქესობრივი აღგზნება და ორგაზმი, ან საერთოდ არ მიუღწევია სქესობრივი აღგზნებისათვის. სქესობრივი სიცივე ნიშნავს სექსუალური ინტერესის დაქვეითებას, ქალის ფსიქიკური და სომატური სფეროს რაიმე გადახრის არარსებობის შემთხვევაში. ის ხასიათდება სექსუალური კონტაქტებისადმი სწრაფვის, სქესობრივი ურთიერთობისას შესაბამისი სექსუალური რეაქციების, აგრეთვე ემოციური დაკმაყოფილების არ არსებობით. დაუკმაყოფილებლობა და საკუთარ თავში ჩაკეტვა ვლინდება მიუხედავად ნებისა, სურვილისა და ამ ფაქტის გაცნობიერების ხარისხისა. სექსუალური კონტაქტების მიმართ თითქმის სრული გულგრილობის მიუხედავად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მამაკაცებთან გაპრანჭვის, მათთან ფლირტის სურვილს. გათხოვების შემდეგ, ფრიგიდული ქალები ხშირად კარგი და მზრუნველი ცოლები, მოსიყვარულე დედები არიან და ღებულობენ სიამოვნებას ქმართან სიახლოვით, თუმცა უფრო ფსიქოლოგიურს. მოფერებას, კოცნას, ჩახუტებას, მათთან თან ახლავს საშოს სუსტი სეკრეცია. მათ თითქმის არა აქვთ ეროტიული სიზმრები და როგორც წესი, მათ არ აქვთ თვითსტიმულაციისკენ მიდრეკილება (მასტურბაცია). ბევრი ქალი არ აწუხებს ის, რისი უშუალო მიზეზიც არის სქესობრივი სიცივე, მაგრამ აკითხავენ ექიმს სხვა მიზეზების გამო (ორგაზმის არარსებობა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილები საშოში და სხვა). ზოგიერთი ქალი ვერც კი ხვდება, რომ საკუთარი სექსუალური პრობლემების მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს, ან არაცნობიერად არ უნდათ ამის აღიარება. ამაში გარკვეულ როლს თამაშობს სხვა მიზეზებიც, კერძოდ შიში და სირცხვილი, რაც აზარალებს არამარტო მის სექსუალობას, არამედ არ აძლევენ ამ თემაზე ლაპარაკის საშუალებასაც კი.
განასხვავებენ ქალის ფრიგიდულობის რამოდენიმე ტიპს. პირველადი ფრიგიდულობა აღმოცენდება სქესობრივი ლტოლვის თანდაყოლილი გრძნობადი კომპონენტის განუვითარებლობის შედეგად, რეტარდაციონული – წარმოადგენს ახალგაზრდა ქალის სექსუალური მგრძნობელობის განვითარების შეფერხების შედეგს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალის ფრიგიდულობა შეიძლება იყოს საერთო დაავადების შედეგი (ინტოქსიკაციის, ჰორმონალური დარღვევების, ენდოკრინული აშლილობის, გინეკოლოგიური დაავადებების და ა.შ.). ხშირად ასეთი მდგომარეობა აღმოცენდება, ქალის სქესობრივი სფეროს ანთებითი პროცესების დროს სქესობრივი აქტის ჩატარების შედეგად, როდესაც მტკივნეული შეგრძნებები აისახება სქესობრივ გრძნობაზე, ყველაზე ხშირად გვხვდება ე.წ. ფსიქოგენური ფრიგიდულობა, როდესაც ქალის სექსუალობა მუხრუჭდება სხვადასხა ფსიქოგენური ფაქტორით (ქმრის უხეში ქმედებებით, განსაკუთრებით სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში, უცერემონიო დამოკიდებულება, ცოლის მიმღებლობის დიაპაზონის დარღვევით, ქალის სქესობრივი გრძნობის მოუმწიფებლობით და არასასურველი ფეხმძიმობის შიშით, საკუთარი რჩეულით იმედგაცრუებით და ა.შ.). სქესობრივი დარღვევების აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის დროს (აბორტი), ქალის მიერ განცდილი ტკივილი, რომელიც შეიძლება გადატანილი იქნას ინტიმურ სიახლოვეზე, როგორც ამ ტკივილების საწყისი წყარო. ეს კი თავის მხრივ, იწვევს პასიურ მონაწილეობას ინტიმურ სიახლოვეში, ზოგჯერ კი მის მიმართ ზიზღის გაჩენასაც კი.
ფრიგიდულობის პროფილაქტიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ორივე პარტნიორს მისცემს მაქსიმალურად გახსნის საშუალებას. სიჩქარე, დროის უკმარისობა, დაფეხმძიმების შიში ან შიში არავინ წაასწროს, პარტნიორის თვალში სასაცილოდ ან გარყვნილად გამოჩენის შიში ძალიან სწრაფად და კანონზომიერად ბლოკავს სქესობრივი გრძნობის განვითარებას. ბევრი ქალისათვისაა ნაცნობი მდგომარეობა, როდესაც სქესობრივი ცხოვრება ვერ აკმაყოფილებს მის სექსუალურ მოთხოვნილებებს მეუღლის არასწორი, მოუხერხებელი და აჩქარებული ქმედებების გამო. მამაკაცთა უმრავლესობას სიახლოვის მთავარი აქცენტი გადააქვთ უშუალოდ სქესობრივ აქტზე და თვლიან, რომ სულაც არ არის საჭირო სიტყვები და მოფერება დაწყებისას და არ ითვალისწინებენ, რომ რაც უფრო გახსნილად გრძნობს თავს ქალი, მისი ფსიქიკა მით უფრო ადვილად და სწრაფად გადადის ინტიმურ ტალღაზე, რაც ზრდის მისი ეროგენული ზონების მზაობას და მოფერების აღქმადობას. რაღაც ეტაპზე ქალი ამჩნევს, რომ მოფერება ხდება მისი შინაგანი მოთხოვნილება, ამის სურვილი უფრო და უფრო ძლიერდება და ჩნდება თვით ფიზიკური სიახლოვის აუცილებლობა, რომელიც უკვე აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ ქმრისთვის სასურველი. ჩნდება მოთხოვნილება ფუნქციური მოძრაობების ამპლიტუდის რეგულაციისა, მათი რიტმის და ხანგრძლივობის განსაზღვრისა, აღმოცენდება ახალი ძლიერი განცდა – ორგაზმი, რომელიც ადრე მას მხოლოდ სიზმარში განუცდია, ან საერთოდ არ განუცდია.

ფრუსტრაცია სექსუალური
(ლათ. frustratio – მოტყუება, წარუმატებლობა, იმედგაცრუება), მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს სქესობრივი აღგზნება, სექსუალური განმუხტვის – ორგაზმის გარეშე. სექსოლოგიაში განასხვავებენ ფიზიკურ და ფსიქიკურ ფრუსტრაციებს. ფიზიკური ფრუსტრაცია – ეს არის სქესობრივი აღგზნება, რომელიც აღმოცენდება პარტნიორთან კონტაქტით და თან ახლავს ერექცია, მაგრამ არ მთავრდება ორგაზმით და დეტუმესცენციით.
მისი გამოწვევა შესაძლებელია უშუალო მოფერებით (ხელის მსუბუქი შეხებიდან, მოფერებიდან, კოცნიდან დაწყებული, პარტნიორის სასქესო ორგანოს მანიპულაციით დამთავრებული). ფსიქიკურ ფრუსტრაციას, რომელიც აღმოცენდება პარტნიორის გარეშე, ზოგჯერ იწვევს ეროტიული სურათების, ზოგიერთი ხელოვნების ნაწარმოების ყურება, სხვა პირების სქესობრივი კონტაქტის ან ცხოველების სქესობრივი აქტივობის თვალყურის დევნება, ხმოვანი სიგნალების აღქმა, რომელიც თან ახლავს ამ სცენებს, ეროტიული ლიტერატურის კითხვა და ა.შ.
მამაკაცებში სექსუალურ ფრუსტრაციას თან ახლავს სიმძიმის განცდა ან უსიამოვნო შეგრძნებები მუცლის ქვემოთ (“ცისფერი კვერცხები”), ნერვული დაძაბულობა. ხშირმა და ხანგრძლივმა ფრუსტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროტიზაცია და სქესობრივი დისფუნქცია (ე.წ. “სიძეების იმპოტენცია”). ქალების სექსუალური ფრუსტრაცია ვლინდება აღგზნების დამძიმებულ განცდაში, თუ პეტინგის ან სქესობრივი აქტის დროს მან მიაღწია “პლატოს” სტადიას, რომელიც არ დასრულდა ორგასტიკული განმუხტვით, რადგან შეწყდა სექსუალური სტიმულაცია ქმრის დაჩქარებული ეაკულაციის, მოფერების ვიწრო დიაპაზონის და მის ეროგენულ ზონებზე არასაკმარისად ეფექტური ზემოქმედების გამო. ეს უკანასკნელი განპირობებულია პარტნიორის სექსუალური ეგოიზმით, ან, რაც უფრო ხშირია, სექსუალური ურთიერთობის დაბალი კულტურით. ასეთი სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ქალი განიცდის სიმძიმეს მუცლის ქვემოთ, რაც გამოწვეულია სისხლისა და ლიმფების ხანგრძლივი შეფერხებით თეძოს ორგანოებში. მას შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილები, უძილობა, ნერვული დაძაბულობა, რომელიც ხშირად მთავრდება აფექტური რეაქციებით. სექსუალური ფრუსტრაციების ხშირი გამეორება იწვევს ნევროტულ დარღვევებს და მეორადი სქესობრივი სიცივის თანდათანობით განვითარებას. მცირე თეძოს ორგანოებში სისხლის შეფერხება ხელს უწყობს საშოში არასპეციფიური ანთებითი პროცესების განვითარებას. ასეთ სიტუაციებში ცოლ-ქმრული წყვილის რაციონალურ ფსიქოთერაპიას შეუძლია გადალახოს სექსუალური ფრუსტრაციები და ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიზაციას შეუწყოს ხელი.


Bookmark and Share