ტერმინლოგია » ქ
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
ქალისებურობა – მამაკაცის ორგანიზმში ქალური თვისებების არსებობა. ეს ეხება როგორც გარეგნულ ნიშნებს (მამაკაცის გარეგნობა), ასევე მისი სექსუალური ქცევის თავისებურებებს. გარეგნული ნიშნები ვლინდება აღნაგობაში (თეძოზე ვიწრო მხრები), თეძოებში, კარგად გამოხატულ მკერდის ჯირკვლებში, თმიანობა ბოქვენზე არის ჰორიზონტალური, სახეზე თმიანობა მეჩხერია ან საერთოდ არ არის. ქალისებური გარეგნული ნიშნების მიზეზს ყველაზე ხშირად წარმოადგენს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა – ჰიპერესტროგენია და ჰიპოანდროგენია. ქალისებურობის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს ჰიპოგონადიზმი, ღვიძლის დაავადება, დისკორელაცია ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებაში. რაც შეეხება სექსუალური ქცევის თავისებურებებს, ისინი ყოველთვის არ არიან კავშირში ჰორმონალურ დარღვევებთან და უფრო ხშირად ასახავენ სქესობრივი აღზრდის თავისებურებებს. მამაკაცები ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მანერულობა, გაპრანჭვა, სირბილე, უინიციატივობა, დამთმობი ხასიათი და სხვა ის თვისებები, რომლებიც უფრო ხშირად ასოცირდება ქალურ ქცევასთან. ასეთი მამაკაცები სექსუალურ საკითხებში ნაკლებინიციატივიანები, არააგრესიულები, ქალთან ურთიერთობისას რბილები არიან. ისინი ფიზიკურ სიახლოვეს მსუბუქ მოფერებას ამჯობინებენ. ქალისებურ მამაკაცებში ლიბიდოს გრძნობად კომპონენტზე დომინირებს – პლატონური. ზოგიერთი კატეგორიის ქალებს მოსწონთ ასეთი მამაკაცები, რადგან ფიზიკურ სიახლოვეზე უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებენ წინასექსუალურ თამაშს. ქალისებურობის ზოგიერთი ნიშანი შეიძლება შეგვხვდეს ჰომოსექსუალებთან, რომელიც ირჩევენ პასიურ როლს.
ქალთმოძულეობა – უარყოფითი, სიძულვილამდე მისული დამოკიდებულება არა კონკრეტული ქალისადმი, არამედ საერთოდ ქალებისადმი. ამ ფენომენის მქონე ადამიანი (ქალთმოძულე) გაურბის, ვერ იტანს ქალებს. იგი არასოდეს შეიყვარებს (ყოველშემთხვევაში ქალს), არ შექმნის ოჯახს, არ განიცდის სექსთაშორისი ურთიერთობის ხიბლს, არ გახდება შვილების მამა. როგორიც არ უნდა იყოს ქალთმოძულეობის მიზეზი, ყველაზე ხშირად ის დაკავშირებულია ორ ძირითად მოტივთან. პირველ რიგში, არასწორი ოჯახური აღზრდა, როდესაც დედა (ან მამა) თავის შვილს ქალთან დაკავშირებული შესაძლო უსიამოვნებებისგან დაცვის მიზნით, ორიენტაციას აძლევს მას უარყოფით დამოკიდებულებაზე საერთოდ ქალთა სქესის მიმართ. თანდათანობით ბავშვის ფსიქიკაში ყალიბდება განწყობა, რომელიც აყალიბებს ქცევის გარკვეულ სტერეოტიპს. მეორეც, ქალთმოძულეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ფორმირებასთან, როდესაც ბავშვი – ბიჭი იჩენს ინტერესს თავის თანატოლი ან უფროსი მამაკაცების მიმართ და გაურბის ურთიერთობას გოგონებთან. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდი განიცდის უფრო ძლიერ ეროტიულ ლტოლვას საკუთარი სქექის წარმომადგენლების მიმართ და როგორც წესი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, აქვთ მათთან სექსუალური ურთიერთობა.
ქამინგ-აუტი [ინგ.coming-out – გამოაშკარავება, გაგებინება, ვინ ხარ შენ] – ინგლისურენოვან ქვეყნებში ასე აღნიშნავენ პერიოდს ჰომოსექსუალის ცხოვრებაში, როდესაც ის ამჩნევს, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციით განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანებისაგან – “სხვებისგან განსხვავებულია”, – და სწავლობს საკუთარი თავის ისეთად მიღებას, როგორიც არის, სანამ ბოლოს და ბოლოს საქვეყნოდ არ აღიარებს თავის მიდრეკილებას. (აუტინგი)
როგორც წესი, ეს პროცესი იწყება სქესობრივი მომწიფების დროს და წლობით გრძელდება. ხშირად ეს დაკავშირებულია უსიამოვნო განცდებთან, რადგან საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ უპირატესად ჰეტეროსექსუალურია და საკუთარ ღირებულებებს ავრცელებს მათზეც, ვინც ასეთი არ არის. ჰომოსექსუალების მიმართ საუკუნეობრივი დევნა, დამცირება და საზოგადოებრივი მიუღებლობა დღესაც არსებობს, რაც ართულებს მათი დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. ამ დროს ახალგაზრდა ჰომოსექსუალები გადიან შინაგანი ძიების რთულ პროცესს. ისინი ცდილობენ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის დამყარებას, რადგან ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ საპირისპირო სქესის პარტნიორისადმი სიყვარული მაინც შესაძლებელია, თუმცა მალე რწმუნდებიან, რომ საკუთარი სქესის პარტნიორთან ურთიერთობა შეუდარებლად დიდ სიამოვნებას ჰგვრის. ადრე თუ გვიან უმრავლესობა თავს ანებებს ასეთ მცდელობებს. თვითშეცნობას ხშირად წინ უსწრებს მძიმე შინაგანი ბრძოლის პერიოდი, ამას თან ახლავს სიძულვილი და სასოწარკვეთა, რასაც დეპრესიამდე და თვითმკვლელობის სურვილამდე მიჰყავს ისინი. ამიტომ თვითმკვლელობის მცდელობები ამ სტადიაზე სულაც არ არის უცნაური და მოულოდნელი. თვითშეფასება, თუმცა უფრო მეტად გარე სამყაროს მტრული განწყობა განაპირობებს, რომ ჰომოსექსუალს ეშინია აღიაროს თავისი მიდრეკილება. ის ზოგიერთი ჰეტეროსექსუალივით იქცევა, მონაწილეობას ღებულობს მამაკაცი-ჰომოსექსუალების დისკრიმინაციაში, და სხვებთან ერთად დასცინის კიდეც მათ. ზოგი პირიქით, გარბის ჰომოსექსუალურ სუბკულტურაში, სადაც პოულობს თანამოაზრეებს. თუმცა, ეს მოშვებისა და თავისუფლების საათები ხშირად იცვლებიან დანაშაულისა და შიშის განცდით. ბევრი დიდი ძალისხმევის შედეგად ეგუება, ხშირად ადამიანისთვის დამამცირებელ პირობებში საიდუმლო სქესობრივი ურთიერთობის აუცილებლობას და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს.
ფსიქოლოგი მ.სიმე თავის წიგნში “Coming-out” (1980წ) წერს: “საკუთარი თვითდამცირების, ანტიჰომოსექსუალური გრძნობების, აზრების და ქცევებისაგან თავის დაღწევა და საკუთარი თავისადმი პატივისცემის გაჩენა მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ისწავლის გახსნილად იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. მაშინაც კი, როდესაც ჰომოსექსუალი ამაყობს საკუთარი თავით, მაგრამ ამავე დროს მალავს თავის სქესობრივ ორიენტაციას და აქედან გამომდინარე თავისი პიროვნების მნიშვნელოვან ასპექტს, არ დაუჯეროთ მას. ამ მომენტის დამალვა ყოველთვის ნიშნავს ჩენს თავში არსებული ნეგატიური პროგრამების გამყარებას. მნიშვნელობა არ აქვს ეს ცნობიერად კეთდება თუ არა”.
აქედან გამომდინარე, საზოგადოების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს ჰომოსექსუალური მიდრეკილებების აღიარება და მათი დაცვა. თუმცა ეს რთული პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ საზოგადოება მზად იქნება აღიაროს ჰომოსექსუალები – მამაკაცები და ქალები – სრულუფლებიან მოქალაქეებად და მხარი დაუჭიროს ყველა დონეზე მათ სოციალურ ინტეგრაციას.