ტერმინლოგია » პ
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ
პანსექსუალიზმი [ბერძ.pan, pantos – ყველაფერი+სექსი] – შეხედულებათა სისტემა, რომლის მიხედვითაც ადამიანისა და საზოგადოების შესახებ მეცნიერებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს სექსუალური სფერო. ყველაზე ხშირად პანსექსუალიზმში ადანაშაულებენ ფროიდის ფსიქოანალიზს. ფროიდის თეორიის თანახმად, ადამიანის სექსუალობა (ინდივიდის სექსუალობის თავისებურებები, ბავშვური სექსუალური განცდები, პირველი ეროტიული გამოცდილება) მართლაც განსაზღვრავს პიროვნების ხასიათს, ქცევის მოტივებს, მიზნებს და ქმედებებს. თუმცა ფროიდიზმის მიმდევრები სექსუალობაში გულისხმობენ არა ადამიანის ქცევას, მიმართულს სქესობრივი ინსტიქტის რეალიზაციაზე, არამედ თავისებურ შინაგან ენერგიას, რომელიც განაპირობებს თითოეული ადამიანის ინდივიდუალობას და ვლინდება დაფარული, შენიღბული სახით. (იხ. სუბლიმაცია).
პაჟიზმი [ფრანგ.page] – მაზოხიზმის ნაირსახეობა, როდესაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პაჟის ან მოსამსახურის როლის შესრულებით. პაჟიზმის გამოხატული ფორმაა – სერვილიზმი.
პართენოფილია [ბერძ.parthenos – ქალწული+ფილია] – პედოფილიის ნაირსახეობა, ქალწულებისადმი ლტოლვა. უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებთან. ითვლება, რომ ასეთ ლტოლვას საფუძვლად უდევს ზრდასრული ქალის წინაშე მამაკაცის საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, პარტნიორის გამოუცდელობით ტკბობა, მასწავლებლის როლში ყოფნის შესაძლებლობა და მოსწავლის მორცხვობისა და მორიდებულობის დაძლევა. ხანშიშესულებთან პარტენოფილია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების რეზულტატი, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდასთან ის წარმოადგენს ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების და სქესობრივი ურთიერთობის ყმაწვილურ ფორმებზე ფიქსაციის შედეგს. თავისი სექსუალური მისწრაფებების დაკმაყოფილების შესაძლებლობების ძიებისას პარტენოფილები ხშირად სამუშაოს პოულობენ გოგონა-მოზარდების კოლექტივებში. როგორც წესი, ისინი მუშაობენ მწვრთნელებად, პედაგოგებად, აღმზრდელებად, სამხატვრო ხელმძღვანელებად და ა.შ. ისინი დიდი სიამოვნებით, მიუხედავად დაკავებულობისა, საკუთარ თავზე იღებენ სამუშაო საათების შემდეგ სექციებისა და წრეების გაძღოლას. დიდ დროსა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მოზარდს, რომელიც მოსწონთ. “აღმზრდელობითი” მიზნებით გოგონებთან ატარებენ გულღია საუბრებს სქესობრივი ურთიერთობების თემებზე, აძლევენ მათ ეროტიულ ან პორნოგრაფიულ ლიტერატურას, უჩვენებენ შესაბამისი შინაარსის ფილმებს და ნელ-ნელა უბიძგებენ თავის მსხვერპლს უფრო თამამი ქმედებებისაკენ.
პედერასტია [ლათ.pais – ყრმა+ erastes მოყვარული, საყვარელი] – პედოფილიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის დროსაც არსებობს ფსიქოსექსუალური მიდრეკილება განსაკუთრებით ბიჭების და ჭაბუკების მიმართ. დღესდღეობით ჯერ ისევ დასჯადი ბიჭების სიყვარული, ანტიკურ საბერძნეთში ყვაოდა. მაშინ ის საზოგადოების მხრიდან ისევე იყო მიღებული, როგორც ჰეტეროსექსუალური კავშირები და არავის სჭირდებოდა ამ მიდრეკილების დამალვა ან გასაიდუმლოება.
პედოფილია [ლათ.pais – ბავშვი+ philia – სიყვარული] – სქესობრივი გადახრის ნაირსახეობა, სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, სექსოლოგიაში – ფსიქოსექსუალური მიდრეკილება ორივე სქესის ბავშვებისადმი. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით “პედოფილია” აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით “ლიმფოფილია” განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.
პედოფილია ყოველთვის არსებობდა, თუმცა მისადმი მიდგომა განსხვავებული იყო. აღმოსავლური კულტურის ქვეყნებში ლიმფოფილია არ იდევნებოდა და გოგონებთან სექსუალური ურთიერთობა ჩვეულებრივად ითვლებოდა. ევროპული კულტურის ფარგლებში ასაკობრივი ზღვრები, რომლებიც იურიდიულად აკანონებდნენ ბავშვებთან სექსუალურ კონტაქტს, ხასიათდებოდნენ მნიშვნელოვანი ცვალებადობით. საფრანგეთში მხოლოდ მე-XIX საუკუნის II ნახევარში გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი, 11 წლიდან 13 წლამდე, როდესაც გოგონას შეეძლო გათხოვება. ინგლისში მხოლოდ 1929 წელს გაუქმდა წესი, რომლის მიხედვითაც 12 წლის გოგონას შეეძლო გათხოვება. ჩვენს დროში ასაკი, რომლის მიღწევამდეც ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია სექსუალური კონტაქტის დამყარება ბავშვთან, საშუალოდ შეადგენს 15-16 წელს, თუმცა რეალურად ეს ზღვარი უფრო მაღალია, რადგან სამართლებრივის გარდა, არსებობს მორალური ნორმები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან ამ ზღვარს.
როგორც წესი, პედოფილია გვხვდება 3 ასაკობრივ ჯგუფში: 50 წლის ზევით, 35 დან 40 წლამდე და მოზარდებთან. შესაძლებელია გარღვევა 20-დან 35 წლამდე, როდესაც პედოფილიის შემთხვევები თითქოსდა იშვიათია, მხოლოდ ილუზიაა. ალბათ, პედოფილი ცოლის მოყვანის გამო, უბრალოდ დროებით წყვეტს კონტაქტებს ბავშვებთან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ შემდგომში მისი ძალადობის ობიექტად იქცეს საკუთარი შვილი (თუმცა ინცესტი არ “ითვლება” პედოფილიად). გამოყოფენ პედოფილიის რამოდენიმე სახეობას. ყველაზე გავრცელებულია პედოფილია არასრულფასოვნების კომპლექსით. ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხების მქონე პედოფილებს არ შეუძლიათ ურთიერთობის აგება სხვა ზრდასრულ ადამიანებთან. ბავშვებთან ურთიერთობისას ისინი თავს ვითარების ბატონ-პატრონებად გრძნობენ. ასეთ შემთხვევებში მსხვერპლად იშვიათად გვევლინებიან უცნობი ბავშვები, ამიტომ შემთხვევითი კონტაქტები იშვიათია, როგორც წესი, პედოფილი ბავშვს ხიბლავს საინტერესო ამბების მოყოლით, თამაშებით და მეგობრული ურთიერთობის დამყარებით. ამისგან განსხვავებით, რეგრესიული პედოფილები ადვილად ამყარებენ ჰეტეროსექსუალურ კავშირების; თუმცა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მათ უჩნდებათ სექსუალური არასრულფასოვნების განცდა, ისინი ვეღარ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს, რასაც ხშირად ალკოჰოლიზმამდე მიჰყავთ. მათ სექსუალურ კონტაქტებს ხშირად იმპულსური ხასიათი აქვს და ვითარდება უცნობ ბავშვებთან. სურვილი შესაძლოა იყოს მოულოდნელი და ისეთი ძლიერი, რომ ისინი ვერ ახერხებენ მის დაძლევას. აგრესიული პედოფილები (ყველაზე იშვიათი კატეგორია) – ანტისაზოგადოებრივი ქცევისადმი მიდრეკილი მამაკაცები, როგორც წესი ქალთმოძულეები არიან. ყველაზე დიდი ალბათობით, სწორედ მათგან არის მოსალოდნელი უხეში ძალადობა მსხვერპლის მიმართ.
ზოგიერთი მონაცემით, პედოფილების 80%-ს ბავშვობაში თვითონ აქვთ გადატანილი რაიმე სექსუალური ტრავმა. რატომ ხდებიან ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები შემდეგ მოძალადეები და რატომ ძალადობენ სხვა ბავშვებზე, გაურკვეველი რჩება; შესაძლებელია ეს აიხსნას პიროვნული განვითარების რაიმე დარღვევებით, რომელიც გამოწვეულია ბავშვობაში გადატანილი ტრავმით.
პენისისადმი შური – ფროიდის შეხედულების თანახმად, პატარა გოგონების რეაქცია, როდესაც აცნობიერებენ, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს აქვთ პენისი – მათ კი არა (კასტრაციის კომპლექსი). ჩვენს დროში მოსაზრებამ გოგონების ასეთ კონფლიქტურ განცდებზე გავრცელება ვერ ჰპოვა. ფროიდის კონცეფციის რაციონალური მარცვალი იმაში მდგომარეობს, რომ გოგონები ბიჭებთან შედარებით აღზრდისას გრძნობდნენ (ეხლაც) უთანასწორობას და ამიტომ არ სურდათ საკუთარ ქალურ როლთან თავისი იდენტიფიცირება. შურდათ ბიჭების პრივილეგიები და თვითონ უნდოდათ ბიჭობა. ამ თვალსაზრისით, პენისისადმი შური უნდა გავიგოთ როგორც მეტაფორა.
პიგმალიონიზმი [ბერძ.Pygmalion – მითიური მოქანდაკე, რომელსაც შეუყვარდა თავისი შექმნილი ქანდაკება; სინონიმები – სტატუეფილია, იკონოლაგნია, მონუმენტოფილია] – სექსუალური დევიაცია ქანდაკებებისადმი სექსუალური ლტოლვის სახით.
დასახელება მომდინარეობს ლეგენდარული მოქანდაკე პიგმალიონისაგან. ის იყო კვიპროსის მეფე, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა სპილოს ძვლისაგან დამზადებული მშვენიერი ქალის ქანდაკება. ქალღმერთი აფროდიტა მოიხიბლა ასეთი ძლიერი ლტოლვით, მოწყალება გაიღო და ქანდაკება გააცოცხლა. ასე რომ, მან შეძლო თავისი სურვილის ასრულება.
ეს რომანტიული ისტორია ხშირად გამოიყენება ლიტერატურაში. ყველაზე გავრცელებულ მაგალითს წარმოადგენს მიუზიკლი “ჩემი მშვენიერი ლედი”, ბერნარდ შოუს პიესის მიხედვით. აქ საუბარია პიგმალიონიზმის ერთ-ერთ გამოვლინებაზე. მამაკაცს – ამ შემთხვევაში ფილოლოგ ჰიგინსს – შეუყვარდება მისივე “შექმნილი” ელიზა. თავიდან ის იყო ღარიბი, გაუნათლებელ მეყვავილე, რომელიც ჰიგინსმა, მეგობართან დადებული სანაძლეოს შემდეგ, ელიტარულ ქალბატონად აქცია, ისე როგორც მოქანდაკე ქმნის ქანდაკებას თავისი სურვილის შესაბამისად.
ფაქტიურად, პიგმლიონიზმი არის ფეტიშიზმისა და ვიზიონიზმის თავისებური შერწყმა, როდესაც ფეტიშად გვევლინებიან ხელოვნების ნიმუშები (უფრო ხშირად ქანდაკებები და ნახატები), რომელთა ცქერით ან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეხებით იღებენ სიამოვნებას. ამასთან დევიანტის სქესობრივი აღგზნება გაცილებით მკაფიოა, ვიდრე ჩვეულებრივი სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე გამოყოფენ სადისტურ პიგმალიონიზმს, როდესაც სექსუალურ ექსტაზს იწვევს ხელოვნების ნიმუშის დაზიანება ან დანგრევა.
პიქტოფილია – ეროტიული სურათების, ფილმების ან ვიდეოკასეტების ყურების დაუოკებელი მოთხოვნილება.
პორნოგრაფია – სექსუალური ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტურად ასახვა, მისი სექსუალური შინაარსის სკაბრეზულად გამოსახვა. პორნოგრაფიის სართოდ მიღებული და ყველას დამაკმაყოფილებელი განსაზღვრება არ არსებობს და ეტყობა არც შეიძლება არსებობდეს, რადგან: ყველა საზოგადოებას, ყველა სოციალურ ჯგუფს და ბოლოს და ბოლოს ყველა ადამიანს აქვს საკუთარი (მკაფიო თუ არამკაფიო, გულწრფელი თუ მოჩვენებითი, კომპეტენტური თუ არაკომპეტენტური, მომთმენი თუ არამომთმენი) წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის პორნოგრაფია.
პრიაპიზმი [ბერძ.priapismos – ნაყოფიერების ძველბერძნული ღმერთის პრიაპის სახელიდან] – სასქესო ასოს მდგრადი პათოლოგიური ერექცია, რომელიც დაკავშირებული არ არის სექსუალურ აღგზნებასთან. პრიაპიზმი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ბავშვებში იშვიათად გვხვდება. ვითარდება ნევროლოგიური დაავადებების, სისხლის დაავადებების, სქესობრივი ორგანოების ადგილობრივი დაავადებების, ინტოქსიკაციის შედეგად. პრიაპიზმის განვითარების უშუალო მიზეზს წარმოადგენს სასქესო ორგანოს კავერნოზულ სხეულებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა.
პროსტიტუცია [ლათ.prostituo – ვარცხვენ, ნამუსს ვხდი] – საკუთარი სხეულის გაყიდვა, სექსი – ფულის სანაცვლოდ; სექსუალური მომსახურების ყიდვა და გაყიდვა ნაღდ ფულზე. პროსტიტუტი (მეძავი) ფულადი ან სხვა ჯილდოს სანაცვლოდ უფლებას აძლევს კლიენტს ან ფრაერს, განახორციელოს მასთან სექსუალური ქმედებები. ადმინისტრაციული თვალსაზრისით, პროსტიტუცია წარმოადგენს პროფესიულ დაკავებას გარყვნილებით, როდესაც ხელობის არსის შესაბამისად, სხეული შეთავაზებულია სექსუალური ქმედებებისათვის, სქესობრივი აქტის ჩათვლით. ამ მოვლენის ახსნის, აღწერის ან განსაზღვრის ყველა მცდელობა ძალიან პრობლემატური და არასაკმარისია. უმრავლეს შემთხვევაში ისინი შეიცავენ ნეგატიურ შეფასებას (“გარყვნილება”), ან თავს იჩენს მამაკაცთა სექსისტური შეხედულებანი ქალებზე, რაც მაშინვე უზუსტობას იწვევს. მაგალითად, გამოთქმა “გასაყიდი სიყვარული” უაზროა, რადგან სიყვარული არ შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვის საგანი და არ განსაზღვრავს პროსტიტუციის არსს. აღწერითი განსაზღვრებები (“ფავორიტების ხელობა”, “ჰორიზონტალური ხელობა”, პანელი, “ზეზეური ბიზნესი”) – ეს არის სექსის თემაზე გამოხატვის მწირი შესაძლებლობების საყოველთაო გამოხატულება (სექსუალური სიმუნჯე) ან მდაბიური, ვულგარული და სხვა ენობრივი ელემენტების გამოყენება (ენა). დეფინირების სირთულე გამომდინარეობს როგორც თვითონ ცნებიდან, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია, ხოლო გამოხატვის ფორმები ცვალებადი, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებიდან მისადდმი, ისევე როგორც ყველაფრისადმი, რაც დაკავშირებულია სექსთან. ამას გარდა, ძნელია საზღვრების გავლებაც, რადგან პროსტიტუცია ძალიან ახლოს დგას სექსუალური ქმედებების სხვა ფორმებთან. მაგალითად, “ფულისთვის” ქორწინება დახასიათებულია როგორც “პროსტიტუციის საკმაოდ ელიტარული ფორმა” (ფორელი ა. „სექსუალური საკითხი“ 1920). ან პირიქით: ყველა ქალი, რომელსაც აბრალებენ მეძავობას, სულაც არ არის პროსტიტუციით დაკავებული.
დიტცი და ჰესე “სექსოლოგიისა და მისი მოსაზღვრე სფეროების ლექსიკონში” (1964წ) იყენებენ გამოთქმას “ანაზღაურებადი გარყვნილება” და წერენ: “პროსტიტუცია – ეს არის რეგულირებადი და სოციალურ ურთიერთობებში წახალისებული ან მიღებული სტრუქტურა, რომელიც ეფუძნება საზოგადოებაში გაბატონების პრინციპს (კლასობრივი და ფენობრივი საზოგადოება), რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ისტორიული პირობებიდან გამომდინარე, ჰქონდეთ სქესობრივი ცხოვრება მონოგამიური ან პოლიგამიური ქორწინების გარეთ. ამასთანავე, ერთ-ერთი პარტნიორი პროფესიულად, ან აუცილებლობიდან გამომდინარე, იძლევა თავის სხეულს გარკვეული გარანტირებული მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ. ასე რომ, ერთ-ერთი პარტნიორი ასრულებს წმინდად ინსტრუმენტალურ ფუნქციას”.
პროსტიტუციას გააჩნია გრძელი და საკმაოდ ცვალებადი ისტორია. ბევრ სახელმწიფოში პროსტიტუცია ნაწილობრივ ან მთლიანად აკრძალულია, ან კონტროლდება გარკვეული განაწესის საფუძველზე, ან გართულებულია ინსტრუქციებით. მაგალითად, აშშ-ს ყველა შტატში, ნევადის გამოკლებით, პროსტიტუცია არ არის ნებადართული, თუმცა სექსბიზნესი, რა თქმა უნდა, ყვავის. აკრძალვები ართულებს პროსტიტუციით დაკავებას, მაგრამ ხელს არ უშლის მის არსებობას. ისინი ბოლოსდაბოლოს მიმართულნი არიან პირველ რიგში მეძავების წინააღმდეგ, აგრეთვე უხერხულ და უსიამოვნო მდგომარეობაში აყენებენ ფრაერებს და უბიძგებენ მათ კანონის დარღვევისკენ.
პროსტიტუცია იყო ყველგან და ყოველთვის. აკრძალვები, გაკიცხვა, დევნა, დაგმობა, ვერაფერს ცვლიდა, რადგან
1. პროსტიტუცია ემსახურება სექსუალური დაძაბულობის მოხსნას, რისი გაკეთებაც უმრავლეს შემთხვევაში სხვაგვარად ასე მარტივად, მოსახერხებლად და სასიამოვნოდ შეუძლებელი იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ კათოლიკური ეკლესიის მამის, თომა აქვინელის გამონათქვამს, მაშინ პროსტიტუციას შეიძლება ვუწოდოთ “ჩვევა – ვენტილი”, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ პროსტიტუცია ასრულებს ვენტილის ფუნქციას. (გერმანული ანდაზა: “გაჭირვებისას მეძავთანაც იცეკვებო”.)
2. მონოგამიის პირობებში პროსტიტუცია წარმოადგენს პარტნიორებს შორის ურთიერთობებში დაბალი სექსუალური აქტივობის, ან უმოქმედობის კომპენსაციასა და დამატებას და შეუძლია ეს ურთიერთობები (პირველ რიგში ქორწინება) აქციოს უფრო ასატანი (კომპენსაციის ფუნქცია).
3. ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგალითად, მარტოხელებისათვის, არაკონტაქტური, ჩაკეტილი ადამიანებისთვის ან იმათთვის, ვისაც მოუწია ან იძულებულია პარტნიორის გარეშე იცხოვროს, პროსტიტუცია არის სექსუალური ცხოვრების თითქმის ერთადერთი საშუალება. ამგვარად, ის ასრულებს ჰუმანიტარულ სოციალურ ფუნქციას.
4. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ხშირად პროსტიტუცია წარმოადგენს საკუთარი მიდრეკილებების განხორციელების ერთადერთ საშუალებას.
5. ზოგიერთისთვის მეძავთან ურთიერთობა ანაცვლებს ადამიანურ კონტაქტებს, ფიზიკურ სიახლოვეს, იძლევა საუბრის შესაძლებლობას (ჩანაცვლების ფუნქცია).
6. წითელ უბნებში, სექს-ბიზნესის სხვა სფეროებთან ერთად, პროსტიტუცია წარმოადგენს გართობის, ერთგვარი დასვენების, თავისუფალი დროის გატარების საშუალებას (კულტურული ფუნქცია და გართობის ფუნქცია). გარკვეული თვალსაზრისით ის აკმაყოფილებს ავანტურიზმისა და თავგადასავლების ძიების მოთხოვნილებასაც.
პუბერტატული ასაკი (ლათ. pubertas (pubertatis) – დაკაცება, სქესობრივი მომწიფება, სინონიმები – ყრმობის ასაკი, უფროსი სასკოლო ასაკი), ბავშვობიდან მოზრდილობაში გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც ორგანიზმი აღწევს ბიოლოგიურ სქესობრივ მომწიფებას. შეესაბამება სქესობრივი მომწიფების პერიოდებს გოგონებთან საშუალოდ 12-დან 16 წლამდე, ბიჭებთან 13-დან 17-18 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში ხდება სქესობრივი ჯირკვლების აქტივაცია, რომელიც განაპირობებს ბიჭისა და გოგონას სწრაფ სომატურ და სქესობრივ განვითარებას. სქესობრივი მომწიფების ბოლოს ორგანიზმი ანატომიურად და ფუნქციონალურად მზად არის შთამომავლობის საგრძელებლად. უკანასკნელ წლებში ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა გამოხატული ტენდენცია ბავშვების დაჩქარებული განვითარებისა და ნაადრევი სექსუალური მომწიფებისა, ვიდრე ეს იყო 80-100 წლის წინ. ამის მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არს. ვარაუდობენ, რომ აქსელერაცია დაკავშირებულია მოსახლეობის ცივილიზაციასა და ურბანიზაციასთან, კვების ხასიათის შეცვლასთან, სახამებლისა და შაქრის გადაჭარბებულ გამოყენებასთან.
სქესობრივ მომწიფებასთან ერთად მოზარდები ხდებიან უფრო ჭკვიანები, იზრდება მათ ინტელექტუალური შესაძლებლობები, დაკვირვებულობა, მათი აზროვნება უფრო ლოგიკური, ხოლო წარმოსახვა უფრო მდიდარი ხდება. ამ პერიოდში სქესობრივი ცხოვრება არასასურველია, რადგან ის დააზარალებს ბოლომდე მოუმწიფებელი ორგანიზმის ჯანმრთელობას. სქესობრივი მომწიფების პერიოდი წარმოადგენს ძალიან საპასუხისმგებლო და თავისებურ “კრიტიკულ” პერიოდს მოზარდის ორგანიზმის განვითარებაში და ხშირად განსაზღვრავს მის მომავალ ცხოვრებას.