ცოდვა, დანაშაული, დაავადება, ნორმა
ჰომოსექსუალობის ნორმალიზაცია დეკრიმინალიზაციასა და ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებების აღიარების გარდა, მის დეპათოლოგიზაციასაც გულისხმობს. 1973 წელს “ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ”(1) ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ აშლილობათა სიიდან ამოიღო, რითაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალობის გამოხატვის მისაღები ფორმაა. 1975 წელს ამ გადაწყვეტილებას “ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციაც”(2) მიუერთდა, 1990 წელს კი “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” დაადასტურა ეს გადაწყვეტილება დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (მე-10-ე შესწორება)(3) შესაბამისი ცვლილების შეტანით. თუმცა, სამედიცინო აზროვნების განვითარების ლოგიკურ შედეგს, წინ საინტერესო კვლევები და ცხარე დებატები უძღვოდა.
წარმოდგენა ჰომოსექსუალურ ქცევაზე, როგორც ცოდვაზე, იუდაიზმში ჩამოყალიბდა და მისგან სხვა მონოთეისტურმა რელიგიებმა მიიღეს მემკვიდრეობით. ითვლება, რომ იუდაიზმის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის (ისევე, როგორც სექსუალობის სხვა გამოვლინებებთან, რომელიც არ უკავშირდება რეპროდუქციას და არაა რეგლამენტირებული ქორწინებით) მიმართ, უკავშირდებოდა ახლოაღმოსავლურ რელიგიურ კულტებთან კონკურენციას: ძველი იუდეველების მეზობელი ტომები ნაყოფიერების კულტს სცემდნენ თაყვანს და ქორწინების გარეშე სექსუალური პრაქტიკა ჩვეულებრივი რამ იყო. ჰომო და ბისექსუალური ურთიერთობის ზოგიერთ ფორმას ძველ საბერძნეთშიც სავსებით ბუნებრივად მიიჩნევდნენ. ცხადია, ძველი საბერძნეთის მცხოვრებთა უმეტესობა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მაგრამ ჰომოსექსუალური კავშირები მამაკაცთა შორის არ ითვლებოდა არც სირცხვილად და არც ცოდვად, ზოგან კი (მაგალითად სპარტაში), მოზრდილ მამაკაცსა და მოზარდს შორის ურთიერთობა სოციალურადაც იყო გაფორმებული.(4) ჰომოსექსუალური ურთიერთობები არც ძველ რომში იკრძალებოდა კანონით. ქორწინება ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის აღიარებული იყო საზოგადოების მიერ. ცნობილია, რომ რამდენიმე იმპერატორი (მათ შორის ნერონი), დაქორწინებული იყო მამაკაცზე.(5)
დღეს ითვლება, რომ ქრისტიანული რელიგია თავიდანვე განიკითხავდა ჰომოსექსუალობას, თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ჯონ ბოსუელი თავის ნაშრომში “ქრისტიანობა, საზოგადოებრივი შემწყნარებლობა და ჰომოსექსუალობა”, ამტკიცებს, რომ კათოლიკური ევროპა XII საუკუნის ბოლომდე არ ამჟღავნებდა მტრულ დამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მიმართ. ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ ბრძოლისას კათოლიკური ეკლესია ძირითადად წმ. ავგუსტინესა და წმ. თომა აქვინელის შრომებს იყენებდა. ორივე მათგანის აზრით, ნებისმიერი სექსუალური აქტი, რომელიც გამორიცხავს ჩასახვის შესაძლებლობას, არაბუნებრივია და შესაბამისად, ცოდვილი. ეკლესია სექსუალური ქცევის მარეგულირებელ მძლავრ ძალად გადაიქცა. შუა საუკუნეებში ჰომოსექსუალობაში დადანაშაულება მხოლოდ გარყვნილად და ცოდვილად შერაცხვას როდი ნიშნავდა. იმავდროულად, ისინი მოღალატეებად და ერეტიკოსებადაც ითვლებოდნენ.(6) საზოგადოებრივი ცხოვრების სეკულარიზაციასთან ერთად, ეკლესიის ძალაუფლების ნაწილი სახელმწიფოს ხელში გადავიდა. ასე იქცა ცოდვა დანაშაულად საზოგადოების წინაშე.
XIX საუკუნეში, სეკულარიზაციის პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდა, რამაც გავლენა მოახდინა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებაზეც. თუმცა, ფსიქოლოგიისა და სექსოლოგიის, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებების ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე, მაინც შეიმჩნევა რელიგიური წარმოდგენებისა თუ ვიქტორიანული მორალის ძლიერი გავლენა.(7) ჰომოსექსუალობის ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირების პირველი მცდელობა სექსოლოგიის ერთერთი პიონერის რიჰარდ კრაფტ-ებინგის(8) სახელს უკავშირდება, რომელმაც თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “სქესობრივი ფსიქოპათიები” ჰომოსექსუალობა სექსუალურ ქცევის პათოლოგიებს შორის მოიხსენია. კრაფტ-ებინგი ჰომოსექსუალობის მიზეზად მემკვიდრეობით დეფექტებს ასახელებდა, თუმცა, არ გამორიცხავდა “შეძენის” ფაქტორსაც. XIX საუკუნის ბოლოს, კარლ ულრიხმა(9) და მაგნუს ჰირშფელდმა(10) ეჭვქვეშ დააყენეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის, როგორც პათოლოგიის მიმართ. მათი აზრით, ჰომოსექსუალობის ავადმყოფობად ჩათვლა არასწორი იყო, რადგან ის არ აყენებდა ვნებას თავად ამ იდენტობის მქონე ადამიანს. თუმცა, როგორც ჰერშფილდის, ისე კრაფტ-ებინგის იდეები, მოგვიანებით ფროიდის ფსიქოანალიტიკურმა თეორიამ შეავიწროვა, რომელიც ჰომოსექსუალობის წარმო- შობის მიზეზად კასტრაციის ყოვლისმომცველ შიშს ასახელებდა. ჰომოსექსუალობის, როგორც დაავადების შესახებ დამოკიდებულების განმტკიცებას დიდად შეუწყო ხელი ფსიქოანალიზის მზარდმა პოპულარობამაც. მეცნიერთა მთელი არმია ცდილობდა ჰომოსექსუალი პაციენტების “განკურნებას” ხანგრძლივი იზოლაციის, ელექტროშოკის, ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებითა და სხვა მეთოდებით.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა შეიცვალა. მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს იმ პირობებსაც, რომლებშიც ტარდებოდა კვლევები – აღმოჩნდა, რომ მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც ჰომოსექსუალთა ფსიქიკურ დისადაპტაციაზე საუბრობდა, ამგვარ დასკვნებს ციხეში მყოფ ჰომოსექსუალთა კვლევის შედეგებზე ამყარებდა. ფსიქოანალიტიკოსები საკუთარ ჰომოსექსუალ პაციენტთა ავადმყოფობის ისტორიებს იყენებდნენ. ამგვარ არაშემთხვევითად შერჩეულ ჯგუფებთან მუშაობას მეცნიერები ჰომოსექსუალობასა და ფსიქიკურ დაავადებებს შორის ცალსახა კავშირის არსებობის დაუსაბუთებელ მტკიცებამდე მიჰყავდა.
1957 წელს, ეველინ ჰუკერმა ჩაატარა კვლევა,(11) რომელშიც დაახლოებით ერთნაირი ასაკის, განა- თლებისა და ინტელექტის მქონე ჰომო და ჰეტეროსექსუალებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი არც პატიმრები იყვნენ და არც რაიმე ფსიქიკური აშლილობა ჰქონდათ. ანონიმური ტესტირების შედეგები მან ექსპერტ ფსიქოლოგთა ჯგუფს გადასცა, რომელთაც კვლევის მონაწილეთა სექსუალურ ორიენტაციაზე ინფორმაციის არარსებობის პირობებში უნდა შეეფასებინათ შედეგები. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფსიქოლოგებმა ვერ შეძლეს განესხვავებინათ ამ ორი ჯგუფის წევრები. მოგვიანებით, მსგავსი გამოკვლევების სერია, რომლებშიც ადარებდნენ ჰომო და ჰეტეროსექსუალთა ფსიქოლოგიური ტესტირების შედეგებს, გაგრძელდა. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ემოციური გადახრებისა და ფსიქიკური დაავადებათა სიხშირის მიხედვით, ეს ჯგუფები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.(12)
ცხადია, მიღებული მონაცემები არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალები ყოველთვის ჯანმრთელი არიან ემოციური თვალსაზრისით,(13) ისევე როგორც არ ადასტურებს იმას, რომ ჰეტეროსექსუალები არასოდეს ვარდებიან დეპრესიაში და არ განიცდიან შფოთვას. თუმცა, ამ მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებს შეუძლიათ განაცხადონ, რომ ჰომოსექსუალობა, როგორც ასეთი, არ შეიძლება ჩაითვალოს ფსიქიკური დისადაპტაციის ფორმად და არაა აუცილებელი ყოველთვის ახასიათებდეს ამ უკანასკნელის ნიშნები.(14) მიუხედავად მთელი რიგი კვლევებისა და ავტორიტეტული ორგანიზაციების გადაწყვეტილებებისა, ზოგიერთი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი დღემდე თვლის, რომ “აფა-ს” მიერ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგი იყო გეი-აქტივისტებისა და ჰომოფილიური მოძრაობის წევრთა მხრიდან. მათ შორისაა 1992 წელს დაარსებული “ჰომოსექსუალთა კვლევისა და მკურნალობის ნაციონალური ასოციაცია”(15), რომელიც მუდმივად აქვეყნებს მონაცემებს ჰომოსექსუალობისაგან განკურნების ეფექტური მეთოდებისა და შედეგების შესახებ, თუმცა სპეციალისტთა უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს ამ შედეგებს.
რაც შეეხება თავად “აფა”-ს, 2000 წელს მიღებულ “პროგრამულ განცხადებაში თერაპიის მეთოდების შესახებ, რომლის მიზანია ჰომოსექსუალური ორიენტაციის შეცვლა”(16) კიდევ ერთხელ ადასტურებს 1973 წელს გამოხატულ პოზიციას და თვლის, რომ “ჰომოსექსუალობის პათოლოგიზაციის ხელახალ მცდელობები მისი “განკურნებადობის” გზით ემყარება არა მკაცრ სამეცნიერო ან ფსიქიატრიულ კვლევებს, არამედ წარმოადგენს იმ რელიგიური და პოლიტიკური ძალების გავლენის შედეგს, ვინც ეწინააღმდეგება გეებისა და ლესბოსელებისათვის სამოქალაქო უფლებების მინიჭებას. როგორც სამეცნიერო ორგანიზაცია, “აფა” თავს ვალდებულად თვლის დაუყოვნებლად და შესაბამისი ფორმით უპასუხოს პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების განცხადებებს ჰომოსექსუალობის, როგორც განკურნებადი დაავადების შესახებ”.
ეკა აღდგომელაშვილი
ჟურნალი “მე”, #11
1. American Psychiatric Association. Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (DSR).
2. American Psychological Association.
3. International Classifi cation of Diseases (10). Chapter V. Mental and behavioural disorders (F00-F99). Disorders of adult personality and behaviour (F60-F69). F66. Psychological and behavioural disorders associated with sexual development and orientation. სადაც ჩამონათვალს თან ერთვის შენიშვნა: “სექსუალური ორიენტაცია თავისთავად არ განიხილება აშლილობად” / “Sexual orientation by itself is not to be regarded as a disorder”. http://apps.who.int/classifi cations/apps/icd/icd10online/
4. Hoffman, R. (1980) Some cultural aspects of Greek male homosexuality. Journal of Homosexuality, 5, 217-226.
5. Boswell, J. (1980). Christianity, social tolerance and homosexuality. Chicago: University of Chicago Press
6. Karlen, A. (1980). Homosexuality in history. In J. Marmor (Ed.), Homosexual behavior . New York
7. И.С.Кон, Сексология. Издательство: Академия, 2004 г.
8. Krafft-Ebing, R. [1886] 1999. Psychopathia Sexualis. Reprinted by Bloat Books.
9. Ulrichs, Karl Heinrich. [1864–79] 1994b. The Riddle of “Man-Manly” Love: The Pioneering Work on Male Homosexuality. 2 vols. Trans. Michael A. Lombardi-Nash. Buffalo, NY: Prometheus.
10. Hirschfeld, M. [1914], 1920 Die Homosexualitat 2nd ed., Berlin: Louis Marcus
11. Hooker, E. (1957). The adjustment of the male overt homosexual. Journal of Projective Techniques,
12. Reiss, B.F. (1980). Psychological tests in homosexuality. In J.Marmor (Ed.), Homosexual behavior: A modern reappraisal.
13. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია, ძლიერ ნეგატიურ გავლენას ახდენს ჰომოსექსუალებზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ყალიბდება მათი სექსუალური თვითიდენტიფიკაცია.
14. Masters, W.H., Johnson, V.E., Kolodny, R.C. (1982) Human Sexuality. Boston: Little, Brown.
15. National Association for Research & Therapy of Homosexuality. www.narth.com
16. Position Statement on Therapies Focused on Attempts to Change Sexual Orientation (Reparative or Conversion Therapies). http://www.aglp.org/pages/position.html#Anchor-55000.