რა უნდა გიწოდოთ ახლა?
რა უნდა გიწოდოთ ახლა?
იგორ კონი, “მთვარის შუქი გამთენიისას”
ყოველთვის უნდა შეიმეცნო არა სიტყვები,
არამედ ის, რასაც ისინი გამოხატავენ.
კლიმენტი ალექსანდრიელი
ცნობილია, რომ ადამიანები ქალებად და მამაკაცებად იყოფიან, რომელთაც ერთმანეთის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვთ. მათი დაახლოების შედეგად ბავშვები ჩნდებიან. მაგრამ ყოველთვის და ყველგან არსებობდნენ ინდივიდები, რომელთაც ასეთი სიყვარული არ აკმაყოფილებდათ და უპირატესობას თავისავე სქესის წარმომადგენლებს ანიჭებდნენ. სიყვარულის ამ უცნაურ, უჩვეულო სახეობას სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ: “პედერასტია” (ბერძნული სიტყვა: Paidos – ბავშვი. ძველი ბერძნები ასე აღნიშნავდნენ მოწიფული მამაკაცის სიყვარულს მოზარდი ბიჭისადმი), „სოდომია“ (მომდინარეობს ბიბლიურ ქალაქ სოდომიდან), „მამათმავლობა“ და ა.შ. უკანასკნელ ათწლეულებში რუსულ ენაში ფართოდ გავრცელდა გამოთქმა „ცისფერი სიყვარული“ და „ცისფერები“ (ამ ტერმინების წარმოშობა ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი); ქალებს, რომელთაც ქალები უყვარდათ, ძველ რომში ტრიბადებს უწოდებდნენ (ბერძნული ზმნა „ტრიბეინი“ – ხეხვა, წმენდა, აქედან არის გვიანდელი ტერმინიც – ტრიბადიზმი); დღეს ასეთ სიყვარულს „საფიურს“ ან „ლესბოსურს“ უწოდებენ, კუნძულ ლესბოსზე მცხოვრები ძველბერძენი პოეტი ქალის, საფოს სახელის გავლენით.
XIX საუკუნიდან მოყოლოებული, სექსოლოგიის მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბების შემდეგ, მეცნიერებმა ერთსქესიანი სიყვარულის აღმნიშვნელი უფრო მკაცრი და არაშეფასებითი ტერმინების ძებნა დაიწყეს. საბოლოოდ, სიტყვა „ჰომოსექსუალობაზე“ შეჯერდნენ. ბერძნული პრეფიქსი homo –მსგავსებას, ერთიანობას, ერთისა და იმავეს კუთვნილებას აღნიშნავს, განსხვავებით პრეფიქსისგან hetero – („სხვა“, „სხვაგვარი“). ლათინურ სიტყვა „sexualis“-თან შეხამებით, ამ ორმა პრეფიქსმა საშუალება მოგვცა, საკუთარი (ჰომოსექსუალობა) ან საპირისპირო სქესის (ჰეტეროსექსუალობა) მიმართ სექსუალური ლტოლვა სიტყვიერად გამოგვეხატა. შემდეგ, პრეფიქს bi-ს საშუალებით („ორი“, „ორივე“) ტერმინი ბისექსუალობაც ჩამოყალიბდა.
ჰომოსექსუალობა საკუთარი სქესის, ჰეტეროსექსუალობა კი საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ სექსუალური ლტოლვას გამოხატავს. ბისექსუალობა შერეული ლტოლვის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის ობიექტად ერთდროულად ან მორიგეობით შეიძლება იყვნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თუ ეს ლტოლვა მეტ-ნაკლებად მუდმივ ხასიათს ატარებს და მდგრადია, მას სექსუალურ ორიენტაციას უწოდებენ; ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი მერყეობს და არჩევანის გაკეთება შეუძლია, უფრო რბილი ტერმინი – სექსუალური უპირატესობა გამოიყენება.
თუმცა, ადამიანები საკუთარ თავს ყოველთვის არ მოიხსენიებენ ისე, როგორც ეს მეცნიერებაშია მიღებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტყვას უარყოფითი დატვირთვა ენიჭება. საკუთარი მდგომარეობის შეურაცხმყოფელი მედიკალიზაციის გადასალახად დასავლეთევროპელმა და ამერიკელმა ჰომოსექსუალებმა 1950-იან წლებში სხვა სახელწოდება – „გეი“ (gay) შემოიღეს. ეს სიტყვა ინგლისურად „მხიარულს“ ნიშნავს. XIII-XIV საუკუნის პროვანსულ დიალექტში, ტრუბადურთა ენაზე, იგი პოეზიისა და სიყვარულის ხელოვნებას აღნიშნავდა, ასევე კურტუაზიულ რაინდულ სიყვარულს, რომელიც არც თუ ისე იშვიათად ერთსქესიანი იყო. XVII საუკუნის ინგლისში „gay“ მამაკაცებთან მიმართებაში ქარაფშუტას, მექალთანეს, ხოლო ქალებთან მიმართებაში – პროსტიტუტს, მსუბუქი ყოფაქცევის, იგივე „მხიარულ ქალს“ აღნიშნავს. XX ს-ის დასაწყისში ის ინგლისის ჰომოსექსუალური სუბკულტურის კოდური სიტყვა ხდება, ხოლო შემდეგ აშშ-ში გადაინაცვლებს, სადაც მამაკაცური ჰომოსექსუალობის ჟარგონული განსაზღვრებიდან პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სიმბოლოდ გადაიქცევა. „გეი“ (ეს განსაზღვრება ამავდროულად არსებითი სახელია) არის არა უბრალოდ მამაკაცი, რომელსაც მამაკაცები უყვარს, არამედ განსაკუთრებული თვითშეგნების, საზოგადოებრივი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანი, შესაბამისი კულტურის, ერთობისა თუ ორგანიზაციის წევრი და ა.შ. 1990-იანი წლების დასაწყისში ეს სიტყვა რუსეთშიც გავრცელდა.
„გეის“ ემოციური დატვირთვა დამოკიდებულია არა იმდენად მის წარმოშობაზე, რამდენადაც იმაზე, თუ ვინ და რა კონტექსტში იყენებს მას. ჰომოსექსუალის ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი ინგლისური ჟარგონია – queer (სიტყვასიტყვით – მრუდე, უცნაური, გარყვნილი, ყალბი), რომლის ანტონიმია straight (პირდაპირი, ნორმალური). რუსი გეები ჰეტეროსექსუალებს „ნატურალებს“ უწოდებენ. 1990-იან წლებში ზოგი ამერიკელი გეი-აქტივისტი საკუთარ თავს დემონსტრატიულად უწოდებდა queer-ს, რითაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მას არა თუ რცხვენოდა თავისი სექსუალური ორინტაციის, არამედ ამაყობდა კიდეც მისით. განსხვავებით სიტყვისგან „გეი“, „queer“ ლესბოსელობის აღსანიშნადაც გამოიყენება. თუმცა, მრავალი „გეისთვის“ „queer“ კატეგორიულად მიუღებელია. რუსეთში ეს ტერმინი ცოტამ თუ იცის. არის კიდევ ერთი ტერმინოლოგიური ნოვაცია – “ლესბიგეი”, რომელიც გეებისა და ლესბოსელების ერთიანობაზე მიუთითებს და უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
სხვათა შორის, რუსულ ენაში „ჰომოსა“ და „ჰეტეროს“ აზრობრივი, სემანტიკური არაერთგვაროვნება უფრო ძლიერადაა გამოხატული, ვიდრე ინგლისურში, ფრანგულსა თუ გერმანულში. ამ ენებში გამოყენებულ ტერმინ „ჰომოსექსუალობას“ ზუსტი ანალოგი აქვს „ჰეტეროსექსუალობასთან“. სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ უფრო მკვეთრად ჟღერს, იმიტომ, რომ „ჰეტეროსექსუალიზმი“ არ არსებობს, ხოლო ყოველგვარი „იზმი“ უცნაური და ეჭვისაღმძვრელია. იგივე ითქმის დაბოლოება „ისტ“-ზეც. ინგლისურად და ფრანგულად ადამიანზე შეიძლება თქვა, რომ იგი ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალია. განსაზღვრება და არსებითი სახელი ერთი და იმავე სიტყვით გამოიხატება. რუსულ ენაში კი მხოლოდ სიტყვა „ჰომოსექსუალისტია“, „ჰეტეროსექსუალისტები“ კი არ არსებობენ. ერთი შეხედვით უმტკივნეულო დაბოლოება დისკრიმინაციას წარმოადგენს!
…1998 წლის მაისში სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა 1600 რესპოდენტის მორიგი რეპრეზენტატიული ექსპრეს-გამოკითხვა ჩაატარა. სხვა კითხვებთან ერთად, კითხვარი ასეთი კითხვასაც მოიცავდა: ადამიანებს ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰომოსექსუალობა არის… (პასუხების 5 ვარიანტი პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა):
1. ავადმყოფობა ან ფსიქიური ტრავმის შედეგი – 33.1
2. თავაშვებულობა, მავნე ჩვევა – 35.1
3. სექსუალური ორიენტაცია, რომელსაც არსებობის თანაბარი უფლება აქვს – 18.3
4. განსაკუთრებული ნიჭის, ტალანტის ნიშანი – 0.5
5. მიჭირს, ვუპასუხო – 12.9
პასუხის რომელ ვარიანტს აირჩევდით თქვენ, პატივცემულო მკითხველო? და კიდევ ერთი თხოვნა: მცირედი ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ თქვენს სექსუალურ ქცევასა და წარმოსახვაში უცნაური, აკრძალული ან საეჭვო რამ ოდესმე ყოფილა, მაგრამ სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეეცადოთ, შეგნებულად გასცეთ პასუხი რამდენიმე ელემენტარულ კითხვას:
1. რა არის მიზეზი თქვენი ჰეტეროსექსუალობისა, რატომ გიყვართ საპირისპირო სქესის ადამიანები?
2. როდის და რატომ გადაწყვიტეთ ჰეტეროსექსუალი ყოფილიყავით?
3. თქვენი ჰეტეროსექსუალობა ხომ არ წარმოადგენს განვითარების გარდამავალ სტადიას, საიდანაც შეიძლება გაიზარდოთ?
4. თქვენი ჰეტეროსექსუალობა საკუთარი სქესის ადამიანების წინაშე ნევროტული შიშის შედეგი ხომ არ არის? შეიძლება გეშინიათ მათი ან გძულთ ისინი?
5. თუ არასდროს გქონიათ სექსუალური კავშირი თქვენივე სქესის ადამიანთან, საიდან იცით, რომ ასეთი რამ არ მოგწონთ? იქნებ გსურდეთ კიდეც თქვენივე სქესის პარტნიორი?
6. იციან თუ არა თქვენმა მშობლებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა, რომ ჰეტეროსექსუალი ხართ? როგორ რეაგირებენ ისინი ამაზე?
7. რატომ ახდენთ სხვების წინაშე თქვენი ჰეტეროსექსუალობის დემონსტრირებას? ნუთუ არ შეიძლება თავი ისე წარმოაჩინოთ, რომ ამაზე აქცენტი არ გააკეთოთ გარშემომყოფების წრეში, რომელთაც შეიძლება არ მოსწონდეთ თქვენი სექსუალური ორიენტაცია?
8. რატომ ანიჭებენ ჰეტეროსექსუალები დიდ მნიშვნელობას სექსს და ცდილობენ, სხვებიც ჩაითრიონ ცხოვრების ასეთ წესში?
9. აბსოლუტურად ზუსტადაა ცნობილი, რომ ბავშვებისა და მოზარდების გამრყვნელთა უმეტესობას ჰეტეროსექსუალები წარმოადგენენ. შეიძლება თუ არა, რომ ამის მიუხედავად ბავშვები ჰეტეროსექსუალ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ანდოთ?
10. რას აკეთებენ მამაკაცი და ქალი საწოლში? სქესის ამდენად დიდი ანატომიური სხვაობისას, საიდან იცით ერთმანეთს უფრო მეტი სიამოვნება როგორ მიანიჭოთ?
11. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს ქორწინების ინსტიტუტს, განქორწინებათა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. რატომაა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები ასეთი არამყარი და ცვალებადი?
12. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის საშიშროების გათვალისწინებით, როგორ შეიძლება კაცობრიობა გადარჩეს თუკი ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი იქნება?
13. შეგიძლიათ თუ არა ჰეტეროსექსუალი ექიმებისა და ფსიქოლოგების ობიექტურობას ენდოთ? ხომ არ გეჩვენებათ, რომ ისინი თავიანთ სექსუალურ ორიენტაციაზე თქვენს გადმოგიბირებას ცდილობენ?
14. როგორც ჩანს, ბედნიერი ჰეტეროსექსუალები ძალიან ცოტანი არიან. არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც თქვენ სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შეგიძლიათ. ხომ არ გინდათ ასეთი თერაპიით ისარგებლოთ?
უპასუხეთ? არა? რატომ? ძალიან ძნელია? კითხვები დამამცირებლად გეჩვენებათ? არადა, „ცისფრებს“ გამუდმებით ასეთ კითხვებს უსვამენ. ეს სახუმარო ანკეტა სტანდარტული სექსოლოგიური კითხვარების პაროდირებაა. ესე იგი, თქვენ უფლება გაქვთ გეწყინოთ, მათ კი არა? სადაა სამართალი? სექსუალური ორიენტაციის ბუნების საკითხი მხოლოდ გეებისა და ლესბოსელებისთვის როდია მნიშვნელოვანი. 60 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანი სიყვარულის შესახებ არ საუბრობდნენ. ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულად ითვლებოდა და შესაბამისად ისჯებოდა. 1987 წლიდან მოყოლებული ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის შეცვლის შემდეგ გარკვეულ წრეებში იგი მოდურიც გახდა. მაგრამ საზოგადოების განათლების დონე მაინც არ ამაღლებულა და ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში მიმდინარე მძაფრი კამათი ჰომოსექსუალებისადმი ადამიანთა დამოკიდებულების შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, სანდო ფაქტებს არ ეყრდნობა…