ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობია

ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობია

ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალების სოციალურ დისკრიმინაციას მრავალგვარი გამოვლინება აქვს. ჰეტეროსექსიზმით „დამძიმებული“ საზოგადოება ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალების დისკრიმინაციისთვის უამრავ მექანიზმს იყენებს, ცდილობს  მათ მკაცრი გენდერული როლები მოახვიოს თავს და სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა ჩაუნერგოს (1).

ამგვარი მექანიზმების ფორმირების ერთ-ერთი წინაპირობა მცდარი შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალია. სამსახურში მისაღებ ანკეტებში არსებობს  გრაფა „ოჯახური მდგომარეობა“. მუსიკალური რადიოგადაცემების წამყვანები მსმენელებს, რომლებიც სტუდიაში რეკავენ, ეკითხებიან ყავთ თუ არა მათ საპირისპირო სქესის მეგობარი და ა.შ. საზოგადოება ძალიან იშვიათად უფიქრდება იმას, რომ ყველა ასეთი სიტუაცია ადამიანთა საკმაოდ მოზრდილი ჯგუფის ინტერესებს არ ითვალისწინებს, რაც მათ აიძულებს თავი აუტსაიდერებად და „არასრულფასოვან ადამიანებად“ იგრძნონ. ბლუმენფელდი ხშირად ახდენს თეოლოგ ტინის(2) ციტირებას. ტინი შვიდ სხვადასხვა და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ მეთოდს ჩამოთვლის, რითაც საზოგადოება გეების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების დისკრიმინაციას ახდენს:

1. პრობლემის მიჩქმალვა. საზოგადოებას ესმის რომ სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, ამიტომ ცდილობს შეზღუდოს მათი შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობები, ისევე როგორც თავისუფლად საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც ჰომოსექსუალებს აწუხებთ. მაგალითად, არ არსებობს სოციალური ცენტრები, სადაც ისინი კომუნიკაციას შეძლებდნენ, არც ისეთი ტელე/რადიოპროგრამები, რომლებიც ჰომოსექსუალებისთვის აქტუალური პრობლემების განხილვას დაუთმობდნენ ეთერს.

2. ჰომოსექსუალური კულტურის უარყოფა. მსოფლიო კულტურის ისტორიაში გამოჩენილ ჰომო და ბისექსუალ ხელოვანთა (მხატვრები, ფილოსოფოსები, კომპოზიტორები) მიერ გაწეული ღვაწლი იგნორირებულია. ბოსველს(3) მრავალი მაგალითი მოჰყავს, სადაც განხილულია ცენზურისა და მიჩქმალვის პროცესი, ფაქტებისა და გენდერული კუთვნილების დამახინჯება.

3. ჰომოსექსუალობის მასშტაბების უარყოფა. მრავალრიცხოვანი გამოკვლევების მიუხედავად, რომლებიც ჰომოსექსუალური იდენტობისა და ქცევის გავრცელების მასშტაბს ადასტურებენ, მას-მედიის ზეგავლენით მოსახლეობა იმის უარყოფას განაგრძობს, რომ ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალების საზოგადოება არსებობს. 45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინზიმ კოლეგებთან ერთად კვლევის შედეგები(4) გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ მოზრდილობის პერიოდში მამაკაცთა 37%-ს საკუთარი სქესის წარმომადგენლებთან მინიმუმ ერთი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ, რომელიც ორგაზმით დასრულდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალების სამოქალაქო უფლებათა დარღვევა, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დღემდე გრძელდება. ასე, მაგალითად, მხოლოდ იმის გამო, რომ 1993 წელს ლონდონის ქუჩებში სერიულ მკვლელს დაეძებდნენ, პრესამ „ჰომოსექსუალური სიამაყის მარშზე“ გაამახვილა ყურადღება. ეს მასობრივი მსვლელობა სამი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ აქციად იქცა. 1994  წელს საზეიმო მსვლელობაში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც წესი, იგნორირებას უკეთებენ ამგვარ მოვლენებს. თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ყოფის შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც გამოჩნდება, მას აუცილებლად ბნელ, საშიშ, ღალატითა და ძალადობით სავსე სამყაროდ ახასიათებენ. ამაში დარსარწმუნებლად გაზეთებისთვის თვალის შევლებაც კმარა.

4. ღიაობის (საჯაროობის) შიში. ზოგი ჰეტეროსექსუალი და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელიც არასასიამოვნო გრძნობას განიცდის, როცა ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ თემებზე ღიად საუბრობენ. ჰეტეროსექსუალებისათვის სავსებით ნორმალურია მოყვნენ იმის შესახებ, თუ როგორ გაატარეს დასვენების დღეები, მაგრამ თუ იგივე ამბის გაზიარება გეის მოუნდება, შესაძლებელია იგი ჰომოსექსუალობით „ტრაბახში“ და თავის მოწონებაში დაადანაშაულონ. შეიძლება უთხრან „შენი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, მაგრამ შენი ჰომოსექსუალობით ყელამდე ვარ“. ასევე მოსალოდნელია შეახსენონ, რომ „კარგი გეი“ ის ადამიანია, რომელიც ცდილობს თავის ცხოვრებაში სხვები არ ჩაახედოს. ბევრი ადამიანი, იმისათვის, რომ საგნებს თავისი სახელი არ დაარქვას, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული თემების განხილვას გაურბის და ურჩევნია ისარგებლოს ევფემიზმებით: „ხო, ის…“ ან „ის (ქალი) ძალიან მამაკაცურია“.

5. სპეციალური საზოგადოებრივი ადგილების შექმნა. საზოგადოება ამჯობინებს გეებისათვის სპეციალური გეტოები არსებობდეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არის „გეების სოფლები“: ერთი ლონლონის სოხოში, ოლდ კომპტონ სტრიტის რაიონში მდებარეობს, მეორე კი მანჩესტერის ბლუმ სტრიტის რაიონში. არ არის აუცილებელი ასეთი გეტოები რუქაზე იყოს მონიშნული. ლონდონში გამართული გეი პრაიდის ყოველწლიური მარში მოწმობს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეუძლიათ ხმამაღლა განაცხადონ საკუთარი თავის შესახებ.

6. თვითდასახელების უარყოფა. სიტყვა „ლესბოსელს“ ან „გეის“ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები დადებითი თვითიდენტიფიკაციის მიზნით იყენებენ. ამავე დროს, მრავალი ადამიანი გეებს ისევ ჰომოსექსუალისტებს ეძახის. მათ კი თავიანთი ჰომოსექსუალური იდენტობის ამგვარი აღნიშვნა დამამცირებლად ეჩვენებათ. ისეთი სიტყვები როგორიცაა „queer“ და „dike“, ხშირად იმ ადამიანების მიმართ გამოიყენება, რომლებიც ანტიპათიასა და ზიზღს იმსახურებენ და მათ სექსუალობასთან ამას კავშირი არ აქვს. როგორც წესი, მასწავლებელთა და მშობელთა მხრიდან ამ მოვლენას წინააღმდეგობა არ ხვდება. არც ისე დიდი ხანია, რაც ლესბოსელებისა და გეების განსაზღვრულმა ნაწილმა ამ სიტყვების ახლებურად გამოყენება დაიწყო, რათა მათი ზიზღთან და სიძულვილთან დაკავშირებული ნეგატიური შინაარსის ნეიტრალიზება მოხდეს.

საკუთარი თავის „queer“-ად (ინგლისური სიტყვიდან „საეჭვო“) მოხსენიება გეი ან ჰეტეროსექსუალ ლიბერალს ისე უჩენს სიამაყის განცდას, როგორც სხვა არაფერი. ეს სიტყვა შეგვახსენებს, რომ მათ შეუძლიათ ჰომოფობიის იგნორირება და თავის ყოველდღიურ ურთიერთობებში „გეებზე“ საუბარი. იმ ლექსიკის შეცვლით, რომლითაც საზოგადოება ჰომოსექსუალებს მიჯნავდა და სიტყვებისთვის პოზიტიური მნიშვნელობის მინიჭებით ლიბერალმა ჰეტეროსექსუალებმა ბევრს მიაღწიეს (ციტ. Alcorn, K. (1992) Queer and now. Gay Times. May, 20).

7. ნეგატიური სიმბოლიზმი. ჰეტეროსექსუალური საზოგადოება განსაზღვრული ნორმებისა და ქცევის წესების ფორმირებას ახდენს, რომელშიც უმცირესობათა წარმომადგენლები არ ეწერებიან. ამ ნორმებიდან და წესებიდან გადახრა საზოგადოების მიერ უმცირესობათა წარმომადგენლების არაადექვატურობის გამოვლენად განიხილება. ღირებულებათა მიღებული სისტემიდან „გადახრილი“ იდენტობის აღსანიშნავად  საზოგადოება შეფასებით სტერეოტიპებს ქმნის. ამისი მაგალითია – საზოგადოების უარი ლესბოსელებისა და გეებისთვის ოჯახის შექმნის უფლების მინიჭებაზე. ჰომოსექსუალებს ბრალად სდებენ, თითქოს მათ ღრმა ინტიმური ურთიერთობების ქონა არ შეუძლიათ  და პრომისკუიტეტისაკენ (5) არიან მიდრეკილნი. ამგვარი საქციელით საზოგადოება უმცირესობებზე საკუთარი ნეგატიური თვისებების პროექციას ახდენს. ოდესღაც, შავკანიანებს ვუდუს პრაქტიკისა და შავი მაგიის ბოროტად გამოყენებაში სდებდნენ ბრალს, ვინაიდან მათი სპირიტუალური პრაქტიკის ზოგიერთი ასპექტი ტრადიციული, ქრისტიანული წეს-ჩვეულებებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ლესბოსელებსა და გეებს საზოგადოება ისეთ ადამიანებად აღიქვამს, რომელთაც საკუთარი სექსუალური იმპულსების კონტროლი არ შეუძლიათ, მიდრეკილები არიან გარყვნილი ქმედებებისკენ და გარშემომყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენენ, მცირეწლოვანებს აცდუნებენ და ჰომოსექსუალობისკენ უბიძგებენ. ყოველივე ამან ზოგიერთი გეი-აქტივისტი აიძულა პაროდირებისთვის მიემართათ და ასეთი შინაარსის წარწერებიანი მაისურები ეტარებინათ: „მოგვეცით თქვენი ბავშვები და თუკი ვერ გამოვიყენებთ, უბრალოდ შევჭამთ“.

დომინიკ დეივისი, „ვარდისფერი ფსიქოთერაპია“

(1) ამ საკითხის დეტალური შესწავლისათვის იხ. Blumenfeld, W.J, (1992). Homophobia: How We All Pay The Price. Boston: Beacon Press.

(2) Tinney, J.S. (1983) Interconnections. Interracial Books for Children Bulletin, 14, 3-4. Nw York: Council on Interracial Books for Children.

(3) Boswell, J. (1980) Christianity, Social Tolerance and Homosexuality: Gay People in Wstern Europe from the Beginning of the Christian Era to the Fourteenth Century. Chicago: University of Chicago Press.

(4) Kinsey, A.C., Pomeroy. W.B. and Martin, C.E. (1947), Sexual Behavior in the Human Male. Philadelpia, PA: W.B. Saunders.

(5) პრომისკუიტეტი [ლათ. promiscuus – შერეული, საყოველთაო] – მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობა პირველყოფილ ადამიანთა საზოგადოებაში ქორწინებისა და ოჯახის შექმნამდე.


Bookmark and Share