მითი გეიპრაიდის შესახებ
პირველი ჭორი საქართველოში გეიპრაიდის ჩატარების თაობაზე 2007 წლის გაზაფხულზე აგორდა. მაშინ ამ ჭორს კონკრეტული ავტორიც ჰყავდა – გაზეთი „ალია“ და ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე. ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მაისში ფოთში 5000-მდე გეი და ლესბოსელი აქტივისტი თავშეყრას და მსვლელობის მოწყობას აპირებდა:
„ალიას“ კულუარული ინფორმაციით, მაისში დიდი ფორუმი გაიმართება… „ალიას“ რესპონდენტი ტატო გვარწმუნებს, რომ მაისში ზღვისპირა ქალაქში საქართველოში გავრცელებული ყველა სექსუალური მიმდინარეობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, დაწყებული გეებით, დამთავრებული ლესბოსელებით“.1
ერთი კვირის შემდეგ გაზეთმა თავადვე უარყო ჭორი, სამი თვის თავზე კი გეიაღლუმი თბილისში „გადმოიტანა“ და ქვეყანას ამცნო, რომ ევროსაბჭოს მიერ დაგეგმილი კამპანიის – „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ – ფარგლებში დაგეგმილი აქცია, რომელიც 1995 წლის მერე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება და ტოლერანტობის ზრდასა და „რასიზმის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას“ ისახავს მიზნად, სხვა არაფერი იყო, თუ არა „შენიღბული გეიაღლუმი“. სტატიის ბოლოს ისიც იყო მინიშნებული, რომ აქცია ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული:
„არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობასთან შეთანხმებით, თბილისში გრანდიოზული გეი-პარადი ჩატარდება…“.
ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობა ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა ამგვარი ჭორების გასავრცელებლად და მედიის მიერ აგორებულ ქსენოფობიურ ისტერიაში საზოგადოების თითქმის ყველა ფენა ჩაერთო. აქციისა და კამპანიის თაობაზე, იმავე პერიოდში და იმავე მედიასაშუალებებით, აქციის ორგანიზატორთა და ევროსაბჭოს წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული არაერთგზისი განმარტებისა და განცხადების მიუხედავად, სიმართლის მოსმენა არავის სურდა. პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები როგორ გაუშვებდნენ ხელიდან შანსს, გაელანძღათ და კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის „გარყვნასა და გადაგვარებაში“ და ესაუბრათ ხელისუფლების მონაწილეობაზე თუნდაც გაზეთის მიერ გამოგონილი აღლუმის ორგანიზებაში. საერთო ისტერიას ხელისუფლებაზე განაწყენებული ინტელიგენციის ის ნაწილიც შეუერთდა, ვინც „ჩარეცხილებს“ თუ „ჩასარეცხებს“ მიაკუთვნა თავი. ეკლესიამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც იმ „საფრთხის“ გენერალიზაციას ისახავდა მიზნად, რაც გეიაღლუმის ჩატარებას შეეძლო მოეტანა ქვეყნისათვის:
„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობები არის მძიმე ცოდვა, რომელიც უნდა იყოს მონანიებული და მისი პროპაგანდა და საჯარო დემონსტრირება მთელ ერს მძიმე განსაცდელად დააწვება“.2
„ქართული აზრის“ მაშინდელი ლიდერი, რომელმაც მოგვიანებით „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გადაინაცვლა, კანცელარიასთან აპროტესტებდა გამოგონილ აღლუმს. ჩოხოსნებმა საგანგებო შეკრება მიუძღვნეს ამ მოვლენას, „სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ წარმომადგენლებმა კი 29 ივლისს აქცია ჯერ საპატრიარქოსთან გამართეს, შემდეგ კი ვერის ბაღში გადაინაცვლეს და იქ ელოდნენ „ცოდვილთა“ აღლუმს მათთვის „ცხვირ-პირის დასაჟეჟავად“. არანაკლები აქტიურობა გამოიჩინა საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად და „ქართული ტრადიციებისადმი“ ერთგულების გამოსახატავად ჰომოფობთა იმ ნაწილმაც, რომელსაც ოფიციალურ მედიაზე არ მიუწვდებოდა ხელი. გეიაღლუმი რომ „ალიას“ შემოგდებული „საგაზეთო იხვი“ აღმოჩნდა, მალევე გაცხადდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის ფორუმის ჰომოფობი მომხმარებლების ექსტაზში ჩავარდნილი და საკუთარ ფანტაზიებში გახლართული ნაწილი კიდევ კარგა ხნის მანძილზე ავსებდა ათობით გვერდს იმის დაწვრილებითი აღწერითა და წარმოდგენით, თუ სად, როგორ და რა ფორმით დაარბევდნენ არარსებული აღლუმის არარსებულ მონაწილეებს.
დაგროვილი აგრესიის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მნიშვნელოვანი ისაა, თუ ვინ, საით და ვის წინააღმდეგ მიმართავს ხოლმე ასეთ სიტუაციაში „უმრავლესობის“ აგრესიას. განტევების ვაცის როლში, როგორც წესი, ქვეყანაში ყველაზე მეტად მარგინალიზებული და დისკრიმინირებული უმცირესობა აღმოჩნდება ხოლმე, რომლის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვა ხშირად ერთ ბანაკში აქცევს სხვა სიტუაციაში დაპირისპირებულ მხარეებს.
სავარაუდოდ, საკუთარი ჰომოფობიური მოსაზრებების ხმამაღლა და უკიდურესად აგრესიული ფორმით დეკლარირება იმდენად მაღალი დივიდენდის მომტანი აღმოჩნდა იმ ცალკეული ჯგუფების წარმომადგენელთათვის, ვინც მაშინ ამ მორალური პანიკის უკან იდგა3, რომ მას შემდეგ ეს შოუ ყოველ ზაფხულს იდგმება და სცენარის გაუმჯობესებაზეც კი არავინ იწუხებს თავს: რომელიმე გაზეთი ან სხვა მედიასაშუალება გააშუქებს ხოლმე რომელიმე ქვეყანაში ჩატარებულ გეიაღლუმს, მერე რომელიმე პოლიტიკოსი „კულუარულ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელებს ხმას იმის თაობაზე, რომ „სოდომ-გომორისტები“ ჩვენთან, „ათასწლოვანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყანაშიც“ კი, აპირებენ ამ აღლუმის ჩატარებას მავანთა მხარდაჭერით და იწყება აურზაური. ვნება, რომლითაც ამ სპექტაკლის მონაწილეები ცდილობენ დაანახონ სხვებს (მაყურებლებს) და ერთმანეთს პოზიციის ერთიანობა ჰომოსექსუალებთან და ჰომო-სექსუალობასთან მიმართებაში, თავისი სიმძაფრით შეიძლება მხოლოდ „ტრადიციული თეატრის“ – ქართული სუფრის – იმ კულმინაციურ მომენტს შევადაროთ, როცა ერთიანობის ეიფორიული განცდით შეპყრობილი შეზარხოშებული თანამეინახეები ერთმანეთს ძმობას, სიყვარულსა და ქართული ტრადიციების ერთგულებას უმტკიცებენ. სიძულვილის ყოველწლიური სპექტაკლი კი ეკლესიისა და თავად პატრიარქის მიმართ გამოთქმული მადლობებით მთავრდება ხოლმე:
„რომ არა საპატრიარქო, დღეს საქართველოში გეებისა თუ პედერასტების აღლუმი ბარე ათჯერ იქნებოდა ჩატარებული… რომ არა ჩვენი უწმინდესი, დღეს ბევრი უკანალზე წასმული პომადით ივლიდა. შეიძლება პარადზე მთავრობის ჩინოსნები არ გამოსულიყვნენ, რომლებსაც უკანალზე და ტუჩებზე პომადა უსვიათ, მაგრამ „აქცია“ მაინც ჩატარდებოდა.4
„ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი თუ არ იყო დაგეგმილი, ეს ღმერთმა იცის“.5
წლევანდელი წელი შედარებით გამორჩეული გახლდათ. ამას წინასაარჩევნოდ შექმნილი ახალი საჯარო სუბიექტის „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ ლიდერთა საჯარო რიტორიკაში სიძულვილის ენის (განსაკუთრებით ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ) უხვად გამოყენებამაც შეუწყო ხელი. მოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ („წინ“) კი აქტიური ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო სოციალურ ქსელებში.
პრესასა და ტელეეთერში გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებს 4 მაისს ილიას უნივერსტეტთან დაპირისპირება მოჰყვა, რაც „ლიბერასტებოს“ ძახილითა და აქციის მონაწილეთა ცემა-ტყეპით დასრულდა. „რწმენის დამცველთა“ დაუსჯელობით გათამამებულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად უნივერსტეტის კიბეებთან თავშეყრილი ადამიანების გინება (აქციის ერთ-ერთი მონაწილე სამსართულიანი გინების შემდეგ ხმამაღლა ყვირის: „ვისაც გვჯერა, რომ მართლმადიდებლები ვართ, ჭადრაკის სასახლისაკენ დავიძრათ“) და რამდენიმე დღის შემდეგ იერიში ტელეკომპანია „კავკასიაზე“ მიიტანა, როდესაც სტუდიაში სწორედ ილიას უნივერსიტეტთან მომხდარი ინციდენტის განხილვა მიმდინარეობდა. „კავკასიის“ ინციდენტში მონაწილე ადამიანების ერთი ნაწილის დაკავებამ და მოძრაობის ლიდერის კანონგარეშედ გამოცხადებამ ცოტა ხნით ჩააცხრო წინასაარჩევნო ჰომოფობიური ვნებათაღელვა მედიაში. ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც გამოხატა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ სულიერი ლიდერის „ერისა და ეკლესიისთვის გაწეული ღვაწლისთვის“ დააჯილდოებით.
ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ პრესაში აქა-იქ, იშვიათად თუ გაიელვებდა მოსალოდნელი პრაიდის თემა, ისიც უკონტექსტოდ და ნაძალადევად, გამოყოლილი ინერციის ძალით. სხვაგვარად ვერც შევაფასებ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტის ყველა შეკითხვაზე მიჩურინის ვაშლივით ერთი პასუხი აქვს და საუბარს „ტანგაში გამოწყობილ კაცების რუსთაველზე მსვლელობით“ იწყებს და ამთავრებს.6
ერისა და ბერის დაშინებას მოსალოდნელი აღლუმით „სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის“ ულიდეროდ დარჩენილი წევრები და პარტია „თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი განაგრძნობდნენ. ამ უკანასკნელმა გაზეთ „ყველა სიახლისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ხელახლა გააცოცხლა მითი „ცისფერთა შეთქმულების“ შესახებ, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ „აღორძინების“ მაშინდელი ლიდერები 1998-2003 წლებში:
„თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საქართველოში ჩამოვიდა ორმოცდაათამდე უცხოელი გეი, შეიკრიბნენ სასტუმრო „რედისონში“, ჩაიცვეს წითელი კაბები და ქართველ გეებთან ერთად გაირეპეტიციეს.
– რა ქნეს?
– გაირეპეტიციეს. უკვე აღარ მალავენ, რომ აგვისტოში თბილისში გეების პირველი აღლუმის გამართვას აპირებენ… ამის შესახებ სიუჟეტი ერთ-ერთ სატელევიზიო არხზეც გავიდა… არ არის ისე, თითქოს ე.წ. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ერთი-ორი კაცია. ისინი ბევრნი არიან, თანაც, მიზანდასახული გეგმით – 1987 წელს გამოცემული მანიფესტით მოქმედებენ“.7
მაიკლ სვიფტის გეიმანიფესტი8, რომელზეც, სავარაუდოდ, საუბრობს სადღობელაშვილი, სწორედ საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მოქმედებასა და „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ იმ უსაფუძვლო ბრალდებების საპასუხოდ დაიწერა, რაშიც დღეს ჩვენთან ცდილობენ ლგბტ ადამიანების დადანაშაულებას.
ასეა თუ ისე, აგვისტოში ბათუმში „დაგეგმილი“ გეიპრაიდის შესახებ გავრცელებული ჭორის სათავეს დღემდე ვერავინ მიაკვლია: „დაზუსტებული ინფორმაცია არც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გვყავს ახლობლები, ვისი საშუალებითაც ვიგებთ ასეთ ინფორმაციებს“, – პასუხობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის შეკითხვას.9
ცალკე საკითხია, თუ რატომ უკავშირდება ასე მჭიდროდ ჰომოფობთა ფანტაზიები გეიაღლუმებთან დაკავშირებით მაინცადამაინც „ტანგაში გამოწყობილ მამაკაცებს“.
სანახაობას დახარბებული მედიის წარმომადგენლებისათვის უცხოეთში გამართული გეიპრადების გაშუქებისას თვალშისაცემი მხოლოდ ბოათი მორთული და მაღალ ქუსლებზე შემდგარი დრაგ-ქუინები და ტრანსვისტიტები არიან და სრულიად წაუკითხავი რჩება გზავნილი, რომელიც ამ მანიფესტაციებს ახლავს თან. არადა, ჰომოსექსუალთა უფლებებისათვის ბრძოლას ხანმოკლე, თუმცა მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, დასავლური სამყაროს პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელმა დამოკიდებულებამ განსხვავებულობისადმი, სიძულვილის პროპაგანდამ, ორმა მსოფლიო ომმა, ცივილიზებული სამყარო ახალი ამოცანების წინაშე დააყენა. საზოგადოებამ საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ანტილიბერალიზმმა. ახალი გაზეთ „ბათუმელების“ არქივიდან მსოფლიო წესრიგის საფუძვლად გაეროს წესდებაში გაცხადებული ადამიანის უფლებები, მისი პიროვნული ღირსება და თავისუფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა თუ დიდი და პატარა ერების თანასწორობა იქნა მიჩნეული.
60-იანი წლებიდან, დემოკრატიული მოძრაობის ზოგადი გაძლიერების ფონზე, გეებისა და ლესბოსელთა უფლებებისათვის ბრძოლამ რადიკალური ხასიათი მიიღო. მისი ახალი ლიდერი, ფრანკ კემენი, ამტკიცებდა, რომ საზოგადოებისაგან გულმოწყალება კი არ უნდა ეთხოვათ, არამედ ებრძოლათ სამოქალაქო უფლებებისათვის სხვა უმცირესობებთან ერთად. ამგვარმა რადიკალიზმმა განხეთქილება გამოიწვია ჰომოფიბიურ მოძრაობაში.
ლიბერალური ყაიდის ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ საზოგადოება საკუთარ უწყინარობაში დაერწმუნებინათ, მეორე ფლანგზე აღმოჩნდნენ და თანდათან გაუჩინარდნენ. ახალი ლიდერები კი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. რეგულარულად აწყობდნენ მიტინგებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს, არ ერიდებოდნენ პოლიციასთან შეტაკებასაც. 60-იანი წლების მიწურულს დიდ ქალაქებში გეილესბი მოძრაობა იმ დროისათვის პოპულარულ ჰიპებისა და ბიტნიკების მოძრაობასთან გადაიკვეთა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი მასშტაბები. ლიბერალურიდან რადიკალურ მოძრაობაზე გადასვლის სიმბოლურ ზღვარად სტოუნვოლის ამბოხია მიჩნეული, როდესაც ათასობით გეი, ლესბოსელი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა პოლიციის თვითნებობის გასაპროტესტებლად.
სწორედ სტოუნვოლის ამბოხს უკავშირდება უფლებების დამცველთა ყოველწლიური მსვლელობები, რომელთაც ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის პიონერებმა „სიამაყის მარში“ (pride parade) უწოდეს. ეს ლოზუნგი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო იმ მრავალწლიანი მცდელობის საპასუხოდ, რომელსაც საზოგადოება მიმართავდა, რათა ადამიანებისათვის მათი კანის ფერისა10 თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დანაშაულისა და სირცხვილის განცდა ჩაენერგა.
მოგვიანებით, უფლებადამცველთა მასობრივმა გამოსვლებმა ზოგიერთ ქვეყანაში თეატრალიზებული სახე მიიღო და უფრო სანახაობრივი გახდა.
გეიპრაიდების კომერციალიზაციასა და კარნავალიზაციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს თავად ლგბტ აქტივისტებს შორისაც, მეტადრე ისეთ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებულად ძლიერია ჰომოფობია. ისინი თვლიან, რომ მსვლელობის ფორმა აუფერულებს შინაარსს და უკანა პლანზე გადააქვს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას უკავშირდება. მათი მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლის ძირითადი მიზნები უკვე მიღწეულია. სადღესასწაულო მსვლელობა კი მრავალდღიანი ფესტივალის ერთ-ერთ შემადგენელ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ბრაზილიურ კარნავალს უფრო წააგავს, ვიდრე საპროტესტო მარშს. მიუხედავად ამისა, არსად, არცერთ ქვეყანაში, გეიპრაიდები არ რჩება მხოლოდ ქუჩის თეატრალიზებულ წარმოდგენად. მსვლელობის კოსტიუმირებული მონაწილეებისა და მოწვეული შოუმენების პარალელურად პრაიდის მონაწილე აქტივისტების უმეტესობა მსვლელობას სამოქალაქო თანასწორობის შესახებ საკმაოდ „პროზაული“ მოთხოვნებითა და ლოზუნგებით მიუყვება.
გეიპრაიდების თეატრალიზაციის პროცესები, ერთი მხრივ, ასოცირდება შუა საუკუნეების კარნავალურ ტრადიციებთან და უხვად იყენებს მისთვის დამახასიათებელ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სანახაობისათვის მასობრივი ხასიათის მიცემა, მატერიალურ-სხეულებრივ საწყისზე ორიენტაცია, სკაბრეზულობა, გროტესკი, გადაცმა და სხვ. თუმცა მსგავსება ამ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულია. შუასაუკუნეობრივი კარნავალი პირველ ყოვლისა თავდაყირა აბრუნებს კულტურისათვის დამახასიათებელ ორპოლუსიან ნორმატიულ სამყაროს, რითაც ხაზს უსვამს მის პირობითობასა და წინააღმდეგობრიობას. ამგვარი სიმბოლური ინვერსია სექსუალურ და გენდერულ ნორმებზეც ვრცელდებოდა და ამის მაგალითები ქართულ ეთნოგრაფიაშიც უხვად მოგვეპოვება. საკმარისია თუნდაც ყეენობა-ბერიკაობის მივიწყებული ტრადიცია გავიხსენოთ, რომლის დროსაც სკაბრეზული ოხუნჯობანი, თამაშობათა ეროტიკული ხასიათიცა და გადაცმაც დღესასწაულის თანმდევი ელემენტი იყო.
„ფშავში ყოფნისას შაიყრებოდნენ ბერიკაები, ბიჭებ იყვნენ. ქალის ფორმას ჩაიცომდნენ, ბაღდადს დაიხურავდეს, ახალგაზრდები ეტყოდეს უფროსებს, მაგვამზადენითავ. ბიჭები ჩაიცვამდეს ქალის ჯუბებს, ქალები ბიჭების ტანსაცმელს და ულვაშებს დაიხატავდეს“.11
კარნავალი, როგორც საკრალურის პროფანაციის თუნდაც დროში შემოსაზღვრული აქტი, ბუნებრივია, ეკლესიის მხრიდან მოწონებას ვერ დაიმსახურებდა.
დამოკიდებულება, რომელიც დღეს მორწმუნეთა და ეკლესიის მსახურთა ერთ ნაწილს აქვს სახალხო დღესასწაულების, თეატრისა და კარნავალების მიმართ, რომლებიც ნიღბების უბრალო თამაშად იქცა, სწორედ შუა საუკუნეების ეპოქის ეკლესიის პოზიციას წააგავს (ორიოდე წლის წინ დარბეული ჰელოუენის მაგალითი გაიხსენეთ თუნდაც).
შუასაკუნეობრივ კარნავალურ ტრადიციასთან გეიპრაიდების მსგავსების გარეგნულ ფორმას შეგნებულად გავუსვი ხაზი, რადგან შეუძლებელია ერთ კატეგორიაში მოაქციო და ისე იმსჯელო ტრავესტის თეატრალურ ამპლუაზე, ინიციაციის პროცესის თანმხლებ გენდერული როლების ინვერსიაზე, კარნავალურ ტრანსვესტიზმსა და სექსუალურ ორიენტაციაზე ან თუნდაც გენდერულ იდენტობაზე.
თანამედროვე თეატრალიზებული გეიპრაიდების დასახასიათებლად გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელი კულტუროლოგისა და ესეისტის, სიუზან სონტაგის მიერ შემოტანილი ცნება „კემპი“ უფრო უპრიანი იქნებოდა:
„რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე რაღაც ქალური მამაკაცურ მამაკაცში; რა უნდა იყოს იმაზე მშვენიერი, ვიდრე მამაკაცური ქალურ ქალში… კემპის ანდროგინულ მეწყვილეს წარმოადგენს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული, მაგრამ სინამდვილეში მოკლებული ამ თვისებას: გაზვიადებული სექსუალური დახასიათებისადმი და პერსონალური მანერულობისადმი გამძაფრებული გემოვნება… კემპი ტრიუმფია სტილისა, რომელიც არ განასხვავებს სქესებს („მამაკაცის“ და „ქალის“, „პიროვნების“ და „ნივთის“ ურთიერთშენაცვლებადობა)…“. „კემპის ერთ-ერთი მთავარი მომენტია სერიოზულობის მოხსნა… სწორხაზოვანი სერიოზულობის გადალახვის ტრადიციული საშუალებები – ირონია, სატირა – ამჟამად სუსტად გამოიყურებიან. ისინი ვეღარ შეესაბამებიან იმ დატვირთულ გარემოს, რომელშიც მწიფდება თანამედროვე მგრძნობელობა. კემპს შემოაქვს ახალი სტანდარტი: ხელოვნურობა, როგორც იდეალი, თეატრალურობა12“.
კემპურ გემოვნებასა და გეისუბკულტურას შორის არსებულ კავშირებზე საუბრისას, სონტაგი ხაზს უსვამს, რომ ეს ორი ცნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ბუნებრივია და თავისთავად შეუძლებელიც, ადამიანის სექსუალობის ისეთი მახასიათებელი, როგორიც სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობაა, რაიმე უნივერსალურ კულტურულ სივრცეს აყალიბებდეს, რომელიც საერთო იქნებოდა ამ ადამიანებისათვის (წინააღმდეგ შემთხვევაში განსხვავებები არ უნდა არსებობდეს ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შექმნილ კულტურულ სივრცეშიც). სტილი გემოვნების საკითხია და კავშირი არა აქვს არც გენდერულ იდენტობასთან და არც ორიენტაციასთან. ამ მრავალფეროვან ერთიანობას, რასაც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ქმნიან თავიანთი სუბკულტურებითა და ცხოვრების სტილით, მხოლოდ ერთი რამ აკავშირებს და ეს ერთი რამ, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიაა.
იმის თაობაზე, თუ ვინ იდგა ამჯერად ანტიგეიპრაიდის უკან და რა იყო რეალური მიზეზი ახალი ისტერიის აგორებისა, ბევრნაირი ვარაუდი გამოითქვა – ნაწილმა ეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიდან მოქალაქეთა ყურადღების გადატანის მიზნით თავად ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად ჩათვალა, ზოგი ამას სახელმწიფოსთვის მრევლის დაპირისპირების კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნევს, სხვანი პირიქით – თვლიან, რომ ერთმანეთს გადახვეული მერიის (თუ საკრებულოს) წარმომადგენელი და მღვდელი ჰომოსექსუალებთან მიმართებაში ერთიანი პოზიციის გამოვლენას ემსახურებოდა, ზოგის აზრით, ეს ეკლესიაში მიმდინარე ძალაუფლების გადანაწილების პროცესის გარეგნული გამოხატულება იყო.
არცერთი ამ ვერსიათაგანი არაა საფუძველს მოკლებული, თუმცა ამჯერად ვინ ვის დაანახა ძალა და/ან ერთიანობა, ნაკლებად მაინტერესებს. უფრო მნიშვნელოვან პრობლემად კარდაკარ (თუ ბარდაბარ) ჯვრებით მოსიარულე მრევლი მიმაჩნია, რომელიც ჰომოსექსუალების ძებნით იყო დაკავებული მთელი დღის განმავლობაში, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ადამიანების ქალაქიდან გასაძევებლად („ჩვენ მათ გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან“).
თავად მსვლელობის ორგანიზატორებმა აქციას „ქადაგება“ უწოდეს და ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ძალადობის წინააღმდეგნი არიან. რამდენად შეიძლება უწოდო „ქადაგება“ საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეჭრას „მტრების“ მოსაძებნად და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შეთავსებას (მსვლელობისა და მანიფესტაციების შესახებ ნებართვის გაცემა/აკრძალვას ვგულისხმობ), გაუგებარია.
პოლიტიკოსთა ჰომოფობიური გამონათქვამებისა და ძალადობისაკენ მოწოდების პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიმაჩნია სიმბოლური დომინირების პრობლემაც, როცა გარკვეული სოციალური ჯგუფი და/ან ინსტიტუტი, საკუთარი გავლენის სფეროს გასაზრდელად ცდილობს საზოგადოების ყველა ფენაზე გაავრცელოს საკუთარი ძალაუფლება და უპირობო კონტროლი გამოაცხადოს საჯარო სივრცეზე.
არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ამგვარ პროცესებს დადებითი მხარეც აქვს – ერთი მხრივ, ბევრი ადამიანისათვის, ვინც არ მიეკუთვნება ლგბტ ჯგუფს და უშუალოდ არ განიცდის დისკრიმინაციასა და ზეწოლას, ცხადი ხდება, რომ ჰომოფობია სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში და მეორე – ძალადობის გამოვლენა (თუნდაც სიმბოლური სახით) ნაკლებ ადგილს ტოვებს სოციალური ინდიფერენტულობისათვის.
შენიშვნები:
1. გაზეთი „ალია“, № 41, 12-13 აპრილი, 2007 წელი. „ფოთში ცისფერები და ლესბოსელები საიდუმლო შეკრებისათვის ემზადებიან“.
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია I I-ის განცხადება 2007 წელს გაზეთ „ალიას“ მიერ დაგეგმილ გეიაღლუმთან დაკავშირებით.
3. მედიაკვლევამ სამი ასეთი ანტრეპრენიორი გამოავლინა: მედია, პოლიტიკოსები და ეკლესია.
4. გაზეთი „კვირის ქრონიკა“, №37, 24-30 სექტემბერი. ავტორი: გელა ზედელაშვილი. „რომ არა ილია მეორე, დღეს ბევრი უკანალზე წასმული პომადით ივლიდა“.
5. „ნეტგაზეთი“, 2010.08.26. მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს. http://netgazeti.ge/GE/22/Life/2294
6. „საერთო გაზეთი“. 2010-06-09. თუ ვინმე ლობირებს გეი-პარადის ჩატარებას საქართველოში, ერთ-ერთი მამუკა ახვლედიანია.
7. http://www.ambebi.ge/sazogadoeba/22065-agvistoshi-thbilisshi-geebis-aghlumis-gamarthvas-gegmaven.html№ixzz12gaxgAo4
8. http://rainbowallianceopenfaith.homestead.com/GayAgendaSwiftText.html
9. http://netgazeti.ge/GE/22/News/2280/
10. 60-იან წლებში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლთა მიერ ორგანიზებული მანიფესტაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოზუნგი სწორედ ასე ჟღერდა: „მე შავკანიანი ვარ და ვამაყობ ამით“ (I am black and I am proud).
11. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის არქივი.
12. სიუზან სონტაგი. „რადიკალური ნების სტილები“. თარგმანი შოთა იათაშვილისა. გამომცემლობა „ლომისი“. თბილისი. 1999.
ეკა აღდგომელაშვილი
ჟურნალი სოლიდარობა 2010 №5(38)