ჰომოსექსუალობა როგორც დევიაცია

ჰომოსექსუალობა როგორც დევიაცია

ნაწყვეტი ი. ჯეი. ჰებერლის ¨სექსოლოგიის კურსიდან¨

მდგომარეობა თუ იარლიყი?

ნეგატიური აღზრდის, ფსიქოლოგიური ზეწოლის და სოციალური სანქციების არარსებობის პირობებში, შესაძლებელია ძალიან ბევრ ადამიანს სქესობრივი ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლის მიმართ ჩამოუყალიბდეს. ადამიანები, რომელთა ეროტიული ინტერესები მხოლოდ ერთი სქესით შემოიფარგლება, როგორც წესი, კულტურული გარემოს ზემოქმედების შედეგს წარმოადგენენ. მართლაც, კაცი და ქალი, რომლებსაც არ აქვთ რაიმენაირი ჰომოსექსუალური მისწრაფებები, იმდენადვე შეიძლება განვიხილოთ როგორც აღზრდის პროდუქტი, რამდენადაც ისინი, ვისაც აბსოლუტურად არ აქვთ ჰეტეროსექსუალური ლტოლვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ იდეალურ სამყაროში ყველას ბისექსუალური ქცევა უნდა ჰქონდეს. ძლიერი სექსუალური უპირატესობები და ექსკლუზიური სქესობრივი კავშირები ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებდა. უფრო მეტიც, ისტორიულმა და ეთნოლოგიურმა კვლევებმა არაერთხელ ცხადჰყო, რომ მამაკაცთა და ქალთა უმრავლესობას ნებისმიერ შემთხვევაში ჰეტეროსექსუალური მისწრაფებები აქვს. აქედან შეგვიძლია საკმაოდ ზუსტად  დავასკვნათ, რომ ადამიანთა უმრავლესობა უფრო ძლიერ ეროტიულ ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ განიცდის. თავისთავად, ეს ფაქტი მისაღებია. მიუღებელი კი ისაა, რომ საკუთარი მისწრაფებებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ბევრი ადამიანი ქცევის ერთიანი ნორმების დაწესებას ცდილობს. ასევე მიუღებელია შებოჭილი აზროვნება და მათი უკუგდება, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია.

ცნობილია, ჩვენს კულტურაში ბევრი მკაცრად “ჰეტეროსექსუალი” და  “ჰომოსექსუალია”, რომლებიც აშკარა მტრულ დამოკიდებულებას იჩენენ ერთმანეთის მიმართ. როგორც წესი, ისინი ამაყობენ თავიანთი ექსკლუზიური სექსუალური ორიენტაციით. ზოგი ტრაბახობს კიდეც ან რიგ  შემთხვევებში ისე დაჟინებით დგას თავის აზრზე, რომ ოპონენტების დაცინვასაც იმსახურებს. მეორეს მხრივ, ჩვენ სწორედ ჰომოსექსუალებისგან მოველით თავის დახრასა და მობოდიშებას. ცოდვილობის, კრიმინალურობის და “გადახრების” გამო ჰომოსექსუალებს ისე ექცევიან, თითქოს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ წარსულში საკუთარ თავზე მათ ხშირად დაბალი წარმოდგენა ჰქონდათ.  სულ რამდენიმე წელია, რაც ჰომოსექსუალებმა უფრო ამაყად შეხედეს საკუთარ თავს. ახლა ისინი “გეები და ამაყები” არიან, ცდილობენ ოფიციალურ ღირებულებათა სისტემას შეუერთდნენ  და დიდი ხნის განმავლობაში ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები მოითხოვონ. რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარება მრავალი თვალსაზრისით ჯანსაღი და დადებითია. თუმცა, უარყოფითი მხარეებიც აქვს, რადგანაც ყოველივე ეს ორი ბანაკის არსებობას უსვამს ხაზს: “გეების” და “ნორმალურების”. შესაძლებელია საბრძოლველად განწყობილმა “გეების” (ჰომოსექსუალების) საზოგადოებამ “ნომალურების” (ჰეტეროსექსუალების) საზოგადოების მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლას მიაღწიოს, შეიძლება ორივე საზოგადოებამ მოახერხოს “მშვიდობიანი თანაარსებობა”, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტის დავიწყებას, რომ დღეის ჩათვლით ასეთი დაყოფა ხელოვნურია. სინამდვილეში, “გეებიც” და “ნორმალურებიც”ერთი და იმავე სამყაროს წევრები არიან და თუკი ამის გაცნობიერება არ მოხდება, მათ შორის გაუგებრობის საფუძველი ყოველთვის იარსებებს.

ცნობილი “ჰომოსექსუალები”

როგორც ელფრედ ქინსიმ დაგვანახა, სიტყვა “ჰომოსექსუალის” პიროვნების დასახასიათებლად გამოყენება საკმაოდ პრობლემატურია. ასეთი მიდგომა ხშირად მიკერძოებული და არასწორია. დღესდღეობით, საკმაოდ ბევრს არასწორად ესმის თუ რას წარმოადგენენ “ჰომოსექსუალები” და როგორ იქცევიან ისინი. ისტორიულად, მრავალ ქალსა და კაცს (ბევრი მათგანი საკმაოდ ცნობილიც იყო) ჰქონდა სქესობრივი ლტოლვა თავისივე სქესის წარმომადგენლების მიმართ. შესაძლებელია ასეთი გრძნობები შემთხვევითი ყოფილიყო, ზოგიც ექსკლუზიურად თავის სქესს ანიჭებდა უპირატესობას. ზოგიერთი გრძნობებს  არ გაურბოდა და ამაყობდა კიდეც ამით, ზოგი კი მათ დათრგუნვას ცდილობდა და მთელი ცხოვრება თავს უბედურად გრძნობდა. ბევრი დაგმეს თანამედროვეებმა. ბევრი ამის გამო სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდა. ქვემოთ ცნობილი ჰომოსექსუალების პორტრეტებია მოყვანილი. მათი ნაწილი საკუთარ სექსუალურ ქცევას მალავდა. მოცემული ჩამონათვალი არ გულისხმობს, რომ ჰომოსექსუალობა რაიმე უპირატესობას ანიჭებს პიროვნებას. თუმცა, ეს შეიძლება დაგვეხმაროს ზოგიერთი მცდარი სტერეოტიპის გაქარწყლებაში.

წარსულში, სოციალურ სფეროში ჰეტეროსექსუალი მოსახლეობა დომინირებდა. ის ხშირად არქმევდა ჰომოსექსუალს იმ პიროვნებას, რომელიც  იმ დროისათვის საკმაოდ ვიწრო სქესობრივი ქცევის სტანდარტებში ვერ ჯდებოდა. რაღა თქმა უნდა, ასეთი სახელების მინიჭება დღემდე გრძელდება. თუმცა, ჰომოსექსუალთა სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი მოძრაობის გავლენით, ქალები და მამაკაცები თავს „გეებად“საკუთარი ინიციატივით იხსენიებენ, “იატაკქვეშეთიდან”გამოდიან და თავიანთ ორიენტაციას  ღიად ასახელებენ. ასე იმიტომ იქცევიან, რომ “ორმაგი ცხოვრება მობეზრდათ” და გრძნობენ, რომ “ჰაერის განახლების” დრო დადგა. ჰომოსექსუალებს ასევე სჯერათ, რომ ვალდებულნი არიან “ფეხზე ადგნენ და წვლილი შეიტანონ” იურიდიული თანასწორობისათვის ბრძოლაში. მოკლედ, ამჟამად არსებულ სოციალურ ვითარებაში, ხალხი მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის  როგორც “ნორმალური”, ასევე “გეი” საზოგადოების მხრიდან. ხალხს აიძულებენ “აირჩიონ მხარე” და წარმოადგენდნენ “ან ერთ ან მეორე მხარეს”.

ცნობილი “ჰომოსექსუალები”

1 2

გაიუს იულიუს კეისარი

(100 – 44 ჩვ.წ.აღ.)

ლეონარდო და ვინჩი

(1452 – 1519)

მიქელანჯელო ბუონაროტი

(1475-1564)

სავოიის პრინცი

(1663-1736)

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი

(1769-1859)

ნიკოლაი გოგოლი

(1809-1852)

პეტრე ჩაიკოვსკი

(1840-1893)

ანდრე ჟიდი

(1869-1951)

სომერსეტ მოემი

(1874-1965)

გერტრუდა სტაინი

(1874-1946)

ჯონ მეინერდ კეინი

(1883-1946)

ფედერიკო გარსია ლორკა

(1898-1936)

იატაკქვეშეთიდან გამოსვლა”

მიუხედავად ყველაფრისა, “ჰომოსექსუალების”თვითგამორკვევას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. მაშინ როდესაც პიროვნება, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ ჰომოსექსუალს (თუნდაც რაიმე უმნიშვნელო ჰომოსექსუალური ეპიზოდის გახმაურების შედეგად), გამოუვალი მდგომარეობის გამო შეიძლება იძულებული გახდეს სასწრაფოდ მიიღოს ეს სტატუსი. “დამალულ” ინდივიდს, რომელსაც რეალურად აქვს ჰომოსექსუალური ინტერესები, ზოგჯერ არაერთი წელი სჭირდება “გეი” თვითიდენტიფიცირებისთვის. შესაძლებელია, თავდაპირველად, თავის მისწრაფებებს ის დიდ ყურადღებას არც აქცევდეს და  “ნორმალური” მეგობრებისგან გამორჩევა არ სურდეს. როგორც უკვე ვნახეთ, ასეთ საქციელს გამართლებაც აქვს. რაც გამომდინარეობს არა ადამიანის შინაგანი მისწრაფებებიდან, არამედ უფრო იქიდან, რომ მას არ აქვს რაიმე სახის იარლიყის ტარების და კლასიფიკაციის ობიექტად ყოფნის სურვილი. თუ ასეთ ადამიანს “ტიპურ” ჰომოსექსუალებს წარვუდგენთ, ის შეიძლება აღშფოთდეს კიდეც, როცა მათთან საერთოს ვერაფერს დაინახავს. ამის გამო, “იატაკქვეშეთიდან გამოსვლის” პროცესი რთულდება და სხვადასხვაგვარ ფსიგოლოგიურ ყოყმანს, ჩიხურ სიტუაციას, ფალსტარტებს და შემობრუნებებს იწვევს. რეალურად, როგორც ადრე ავღნიშნეთ, ჰომოსექსუალური მისწრაფებების მქონე ადამიანთა უმრავლესობა ქამინაუთს საერთოდ არ აკეთებს. ზოგი უარს ამბობს ყოველგვარ სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვები შეძლებისდაგვარად ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებს ამყარებენ. ნაწილს ორივე ტიპის ურთიერთობა აქვს; ისეთებიც არიან, ვისაც მხოლოდ ჰომოსექსუალური ურთიერთობები აქვთ, მაგრამ ამავდროულად თავს აჯერებენ, რომ ამას არა სექსუალური, არამედ სხვა “დასაშვები” მიზეზების გამო ჩადიან (მაგალითად: ფულის შოვნა პროსტიტუციის მეშვეობით).

თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში თავად ან სხვების მიერ ჰომოსექსუალად აღიარებული მრავალი ადამიანი “გეი ცხოვრების სტილს” მისდევს; ისინი გეი სუბკულტურის ნაწილი ხდებიან და მზა როლურ მოდელებს, იდეოლოგიებს, გემოვნებებს, მოდას და სოციალური ურთიერთობის სახეებს იღებენ. თავის მხრივ, ამ ცხოვრების სტილს საზოგადოება “ჰომოსექსუალობის” (ამ სიტყვის ზოგადად მიღებული მნიშვნელობით) გამოხატულებად აღიქვამს. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაზეც აქამდე ვილაპარაკეთ, ცხადია, რომ შეუძლებელია ეს საკითხი ამ ზედაპირული ტერმინების მეშვეობით გავიგოთ. თუკი ჩვენს შორის არსებული “ჰომოსექსუალების” შესახებ გვინდა სიმართლე ვიცოდეთ,  ჩვენი თავი და კულტურა მთლიანობაში უნდა დავინახოთ.

აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ქალი და მამაკაცი ჰომოსექსუალები სხვადასხვა სახის  სოციალურ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს აწყდებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრ ჰომოსექსუალ ქალს ურჩევნია “ლესბოსელი”დაირქვას (კუნძულ ლესბოსის მიხედვით, რომელზეც ძველი ბერძენი ჰომოსექსუალი პოეტი საფო ცხოვრობდა). სიტყვების “ლესბოსელი” და “ლესბოსელობა” მეშვეობით ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჰომოსექსუალ ქალებს შეიძლება ჰომოსექსუალი მამაკაცებისაგან განსხვავებული საზრუნავები ჰქონდეთ და რომ მათი მდგომარეობა ბევრი თვალსაზრისით უნიკალურია.

ჰომოსექსუალიდან” “გეიმდე”

დღეისათვის ცნობილია, რომ ძირითადი მნიშვნელობა, რომელიც ორ ურთიერთგამომრიცხავ კატეგორიას “ჰომოსექსუალს” და “ჰეტეროსექსუალს”ენიჭებოდა, საქმის რეალურ ვითარებას არ ასახავს. ერთსქესიანი და სხვადასხვასქესიანი ეროტიული მისწრაფებები შესაძლებელია რამდენიმე დონედ იყოფოდეს, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ გომრიცხავენ. “ჰომოსექსუალები” არ არიან რაიმე სახის ინტიმური მდგომარეობის მსხვერპლნი. ისინი გარკვეულ სოციალურ როლს თამაშობენ. ასეთ როლს ყველა საზოგადოება არ აღიარებს და ჩვენს საზოგადოებაშიც კი, ერთსქესიანი კავშირები მხოლოდ “ჰომოსექსუალებით” არ შემოიფარგლება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რეალური ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია ასეთი გამარტივებული განსაზღვრებებისთვის. არსებობს უამრავი გრადაცია პოლუსებს შორის და ძალიან ბევრ ადამიანს ორივე სქესი იზიდავს. მათ, ვისაც “ჰომოსექსუალები” ჰქვიათ, შეიძლება ძალიან ცოტა ჰქონდეთ ერთმანეთთან საერთო. ამდენად, პიროვნების დასახასიათებლად “ჰომოსექსუალობა”ობიექტურ კრიტერიუმს არ წარმოადგენს; ეს უფრო ადამიანებისთვის სხვების მიერ მინიჭებული “გადახრის” სტატუსია. განსაზღვრების თანახმად, ასეთი “გადახრა” შეიძლება იმ კულტურებში არსებობდეს, სადაც ერთსქესიანი ურთიერთობები პრობლემატურად აღიქმება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ წარმოვადგენთ ასეთ კულტურას და, შესაბამისად, ამ მოძველებულ ვიქტორიანულ ტერმინსაც ვხმარობთ.

სინამდვილეში, ვიქტორიანულ პერიოდში ტერმინი “ჰომოსექსუალი” დამკვიდრებული არ ყოფილა და, რაღა თქმა უნდა, დღეს ის გაცილებით პოპულარულია, ვიდრე მაშინ. “გეების მოძრაობის” ფუძემდებლებიც კი, განსაკუთრებით გერმანიასა და ბრიტანეთში, უფრო ისეთ ტერმინებს იყენებდნენ როგორიცაა “მესამე სქესი” ან “სქესობრივი ნახევარფაბრიკატები”. მაგალითად, გერმანელი მაგნუს ჰირშფელდი და ინგლისელი ედვარდ ქარფენთერი “გეების უფლებებისათვის” ბრძოლაში სწორედ ამ ტერმინებს ხმარობდნენ. დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, ოსკარ უაილდის პროცესით აღფოთებულმა ჰირშფელდმა და ქარფენთერმა ერთსქესიანი კონტაქტების აპოლოგიები დაწერეს. საოცარია, რომ ღრმად განათლებულმა სოციალურმა და სექსუალურმა რეფორმატორმა, ქარფენთერმა საკმაოდ პოზიტიური გავლენა მოახდინა ინგლისურენოვან სამყაროზე. იგი ორჯერ ეწვია ამერიკელ პოეტ უოლთ უითმენს და თავისი დემოკრატიული იდეალები გაუზიარა. ქარფენთერს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სექსოლოგიის პიონერ ჰეივლოქ ელისთან და კლასიკოს მეცნიერ ჯონ ედინგთონ საიმონდთანაც, რომელთაც თავის დროზე სქესობრივი ტოლერანტობის საკითხებს ნაშრომები მიუძღვნეს. ქარფენთერი რომანების ავტორ ი. ემ. ფორსთერსაც იცნობდა. თავის დროზე გამოუქვეყნებელ რომანში „მორისი”ფორსთერმა ქარფენთერის ბედნიერი სიყვარულით აღსავსე ცხოვრება უკვდავყო. საშუალო ასაკის ქარფენთერი მდაბიო საყვარელთან ერთად საცხოვრებლად ფერმაზე წავიდა, სადაც მასთან ერთად დარჩენილი სიცოცხლე ბედნიერად გაატარა. ამის შედეგად, როგორც გარეგნობით, ასევე სხვა მახასიათებლებით, ის მრავალი “ჰომოსექსუალი” მამაკაცის მიბაძვის საგანი გახდა.

ლესბოსელები

რამდენიმე ათწლეულია, რაც პოლარიზაცია თავად “გეი” მამაკაცებსა და ქალებს შორისაც დაიწყო. ბოლო დრომდე, ქალების სქესობრივი ურთიერთობები რელიგიური, იურიდიული თუ სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ყურადღებას არ იპყრობდა. არ არსებობდა სექსუალური ქცევის აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინიც, თუ არ ჩავთვლით “ტრიბადიზმს” (ბერძნული სიტყვიდან tribien – ხახუნი), რომელიც ქალების სხეულების ხახუნს ან ხელით ურთიერთაღგზნებას (მასტურბაციას) აღწერდა. უფრო მოგვიანებით, XIX საუკუნეში, ქალებს შორის ორალური კავშირის (კუნილინგუსი) გამოსახატად ახალი სიტყვები გაჩნდა: “საფიზმი” და “ლესბოსელობა” (ძველი ბერძენი პოეტი ქალის, საფოს და მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). შემდეგ, სამივე ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა მიიღო – ქალებს შორის ნებისმიერ სექსუალურ ურთიერთობას „ტრიბადიზმად“, „საფიზმად“ ან „ლესბოსელობად“ მოიხსენიებდნენ. საბოლოოდ, უკვე ჩვენს საუკუნეში, სიტყვა “ლესბოსელობამ”დანარჩენი ორი ჩაანაცვლა და ამჟამად იგი „ქალ ჰომოსექსუალს“ აღნიშნავს. ამდენად, მოცემული მომენტისთვის „ლესბოსელები“ ზოგადი კატეგორიის, “ჰომოსექსუალების”ქვეჯგუფად ჩამოყალიბდნენ – უმცირესობად უმცირესობათა შორის. (ძველ საბერძნეთსა და რომში „ლესბოსელი“ და „ლესბოსელობა“ „აქტიურ“ და „პასიურ“ ფელაციას აღნიშნავდა. იგი ხშირად გამოიყენებოდა მამაკაცების მიმართაც.)

ჰომოფობია

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დომინირებს შიში ერთსქესიანი ეროტიზმის მიმართ. ნეიტრალური დამკვირვებლები ამ შიშს ხშირად აღწერენ, როგორც ჩვენს კულტურაში ფართოდ გავრცელებული ფიზიკური სიყვარულისადმი არაბუნებრივი შიშის, ანუ “ეროტოფობიის” ერთ-ერთ გამოვლინებას. ზოგიერთი თანამედროვე მწერალი ერთსქესიანი სიყვარულის მიმართ გაბატონებული ირაციონალური შიშის დასახასიათებლად “ჰომოეროტოფობიას” ან “ჰომოფობიას”იყენებს. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამ შიშს ძალიან ბევრი ადამიანი განიცდის. როგორც წესი, ისინი არ იცნობენ ჰომოსექსუალებს, არც სურთ მათი ნახვა, გაცნობა ან რაიმეს გაგონება ჰომოსექსუალების შესახებ. ამავდროულად,ისინი ჰომოსექსუალების კონტროლს, გამოკეტვას, გასახლებას ან განადგურებას მოითხოვენ. საკუთარ ოჯახში ჰომოსექსუალის აღმოჩენის შემთხვევაში, მას ხშირად რიყავენ. ასეთი ადამიანები ჰომოსექსუალებს ძალიან ხშირად ხვდებიან სახლში, სკოლაში ან სამსახურში, თუმცა ამას ვერც იაზრებენ. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ჰომოფობია ჯერ ქმნის, ხოლო შემდეგ კვებავს საზარელი მტრის ხატს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, თანამედროვე ამერიკაში ითვლება, რომ “ტიპური” მამაკაცი ჰომოსექსუალი (ან პიროვნება, რომელიც ამ სიტყვის ნებისმიერი სინონიმით ხასიათდება) აუცილებლად ქალური, სუსტი, ნაზი და განუვითარებელი უნდა იყოს. რეალურად კი ასეთი ტიპის ადამიანები ჰომოსექსუალთა შორის საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან. მათი უმრავლესობა “საშუალო მოქალაქის” კატეგორიაში ჯდება. ისინი ისევე გამოიყურებიან და იქცევიან, როგორც სხვები და, ამდენად, თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი სექსუალობა შენიღბონ. შესაძლოა საკუთარ მისწრაფებებს თრგუნევდნენ ან ორმაგი ცხოვრებით თამაშობდნენ. თუმცა, ასეთი საქციელი მიღებული სტერეოტიპების დამსხვრევაში არ გვეხმარება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი მასკარადი და იძულებითი თვალთმაქცობა უარყოფით გავლენას ახდენს დევნილებზეც და მდევნელებზეც. მდევნელებს ცრუ წარმოდგენების შესაქმნელად საკმაო ენერგიის დახარჯვა უხდებათ  და შედეგად სულელური ფანტაზიები და გადაჭარბებული შიში უვითარდებათ. ეს თავის მხრივ არასასიამოვნო სქესობრივ ძალადობას იწვევს. შეუძლებელია ურთიერთობათა ასეთი განვითარება რაიმე მნიშვნელობით მორალურად ან სასარგებლოდ მივიჩნიოთ. ამიტომ ბევრი მოაზროვნე მკვლევარი დიდი ხანია ჰომოსექსუალთა ემანსიპაციას უჭერს მხარს. უფრო მეტიც, შექმნილია “გეების” სამოქალაქო უფლებების დამცველი ენერგიული ორგანიზაციები და ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ამ მიმართულებით მიღწევების გაღრმავებას ცდილობენ. არსებობს “გეების” მზარდი პრესაც, რომელიც “გეების” რეალური ცხოვრების შესახებ სპეციალურ მკითხველსა და მთელ საზოგადოებას ფართო სპექტრის ინფორმაციას აწვდის. ქვეყნის ზოგიერთ მხარეებში ჰომოსექსუალებმა გარკვეულ პოლიტიკურ წარმატებებსაც მიაღწიეს, რისი იგნორირებაც შეუძლებელია. ამ და სხვა ძალისხმევის შედეგად დასავლურ, განვითარებულ ქვეყნებში პროგრესია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ, ანტი-ჰომოსექსუალური კანონების საფუძველზე საკმაოდ ცნობილი პიროვნებები დაისაჯნენ. XIX საუკუნეში ოსკარ უაილდი, ხოლო XX საუკუნეში ალან თურინგი ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენენ. დღეს კი, ბრიტანეთის მთავრობა ღიად ამაყობს კაბინეტის წევრი ჰომოსექსუალებით. გარკვეული პროგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეიმჩნევა. შტატების მნიშვნელოვანმა ნაწილმა სოდომიის შესახებ არსებული კანონები გააუქმა. ჰომოსექსუალებს აღარ ეკრძალებათ ფედერალურ საზოგადოებრივ სამსახურში მუშაობა, ზოგიერთმა ადგილობრივმა მთავრობამ ჰომოსექსუალების სახლში, სამსახურში, სოციალურ დაზღვევაში და სხვა სფეროებში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ბრძანებებიც გამოსცა. ჰომოსექსუალთა ბრძოლის კიდევ ერთი გამარჯვება ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლითაც ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოიღეს. ამ გადაწყვეტილებამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა საზოგადოებაში გაბატონებული ჰომოფობიის შესუსტებაში.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში, ჰომოსექსუალთა ყოველგვარი სახით დისკრიმინაციას ბოლო მოეღება. სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც სქესი, რასა, რელიგია და ეროვნება არ უნდა ქმნიდნენ ვინმეს თანასწორობის უარყოფის საფუძველს. ჰომოსექსუალების სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა ისევე იმსახურებს გამარჯვებას, როგორც ყველა სხვა დევნილი კატეგორიების უფლებებისთვის ბრძოლა. თუმცა, სამწუხარო იქნება, თუკი ამ ბრძოლის შედეგად “გეების” უმცირესობა მკაფიოდ განსაზღვრული და სამუდამოდ ჩამოყალიბებული განცალკევებული სოციალური ჯგუფი აღმოჩნდება. სქესობრივი სეპარატიზმი, აბსოლუტური თანასწორობის შემთხვევაშიც კი, დამთრგუნველია, რადგანაც იგი ხელოვნურ საზღვრებს შექმნის და ადამიანებს ცრუ ალტერნატივის წინაშე დააყენებს. ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების საბოლოო გათავისუფლება ყოველგვარი შტამპების დავიწყებით და ყველა ადამიანისთვის ნებისმიერი სახის სქესობრივი ლტოლვის გამოხატვის უფლების სრული  მინიჭებით მოხდება.


Bookmark and Share