Coming out

სექსუალური ორიენტაციის გაცნობიერება არ ნიშნავს მასთან შეგუებას. ნეგატიური წინასწარგანწყობა, რასაც ავტომატურად გულისხმობს ჰეტეროსექსუალურ საზოგადოებაში ჰომო, ბი ან ტრანსექსუალის სტატუსი, აიძულებს ადამიანებს, დამალონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და ორმაგი ცხოვრებით იცხოვრონ.

საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გვესაუბრა “ქამინგაუთის” თავისებურებებზე ჩვენთან. ფონდ ინკლუზივის მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგები არ იძლევა განზოგადების საშუალებას, თუმცა, ჩავთვალეთ, რომ უცხოურ გამოცდილებას- თან ერთად, საინტერესო იქნებოდა გარკვეული მონაცემების ჩართვაც წინამდებარე სტატიაში.

ამერიკელი სოციოლოგი რიჩარდ ტროიდენი(1) ჰომოსექსუალური იდენტიფიკაციის ფორმირების პროცესს ოთხ ძირითად სტადიად ჰყოფს: პირველი სტადია – სენსიტიზაციის პერიოდი, როდესაც მოზარდი ჯერ არ ფიქრობს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე და ავტომატურად აღიქვამს თავს ჰეტეროსექსუალად. თუმცა, ბევრი ჰომოსექსუალი აღნიშნავს, რომ უკვე ადრეულ ასაკში ისინი გრძნობდნენ საკუთარ “განსხვავებულობას” თავისავე სქესის წარმომადგენლებისაგან, რაც გამოიხატებოდა ქცევაში, ინტერესებში, გარეგნობაში… აღნიშნული განსხვავებები ამ ასაკში აღიწერება ძირითადად ფემინურობისა და მასკულინობის მეტაფორებით (ქალაბიჭა, ქალაჩუნა და სხვ.) და ნაკლებად უკავშირდება ეროტიკულ თვითგანცდას.

მეორე სტადია – დაეჭვების პერიოდი, როდესაც ინდივიდი უკვე ფიქრობს საკუთარ სექსუალურ იდენტიფიკაციაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ შეუძლია მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. ამ სტადიას გადიან ყმაწვილობის პერიოდში და მეცნიერების აზრით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე და დრამატული პერიოდია თვითიდენტიფიკაციის პროცესში.

მესამე სტადია – საკუთარი სექსუალობის მიღება/აღიარება. ამ პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ისე სოციალურ გარემოზე. რაც უფრო ტოლერანტულია გარემო, მით უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მოზარდი შინაგან კონფლიქტებზე და სექსუალურ თვითიდენტიფიკაციაზე.

მეოთხე სტადია – ჰომოსექსუალური თვითიდენტიფიკაცია, მხოლოდ მოზრდილობის პერიოდში დგება. ეს ფაზა ძირითადად დაკავშირებულია მეტნაკლებად მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან, ხდება სექსუალობის შერწყმა ემოციურობასთან და სხვ.

სექსუალური თვითიდენტიფიკაცია არ ნიშნავს, რომ ადამიანები მზად არიან საკუთარი “განსხვავებულობა” საჯაროდ აღიარონ – გაიხსნან მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან. ამგვარი გადაწყვეტილება ყველასთვის არაა მისაღები. საზოგადოებაში, სადაც ჰომოფობიური განწყობა მძლავრია, აღიარებამ, შეიძლება, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ბევრ ქვეყანაში შეინიშნება საკუთარი სექსუალური ორიენტაციით სიამაყისა და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლის ტენდენცია, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალ ჰომოსექსუალთა უმრავლესობა მაინც ამჯობინებს, არ გაახმაუროს თავისი ორიენტაცია.

ასეთ შემთხვევებში ხშირად ირჩევენ ასექსუალური ქცევის ტაქტიკას ან ცდილობენ შეინარჩუნონ ჰეტეროსექსუალის იმიჯი, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანისაგან – ადამიანი იძულებულია მუდმივად აკონტროლოს ინფორმაცია, რომელიც მისი პირადი ცხოვრების შესახებ ვრცელდება, მუდმივად ატყუოს ახლობლები, იცხოვროს ორმაგი ცხოვრებით…

გეების და მათი მშობლების ურთიერთობის შესწავლამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში გეი, რომელიც მშობლებს თავის ორიენტაციას არ უმხელს, მშობლებზე ზრუნვით ხსნის. ის, რომ მშობლებმა შეიძლება უარი თქვან მათზე, გეებს გაცილებით იშვიათად აღელვებთ.(2)

ერთ-ერთი ჩვენი ინტერვიუერის აზრით, “ქამინგ აუთის პროცესი ძალიან მტკივნეულია ახლობლებისათვის, განსაკუთრებით მშობლებისათვის.

ამიტომ, საჭიროა, მაქსიმალურად ეცადო, ეჭვი არ აღძრა შენი ქცევით… იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხვდებიან შენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ თვალი დახუჭონ და პირდაპირ არ გკითხონ ამის შესახებ”.

ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმეტესობა (75%) ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რაც კიდევ უფრო ართულებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვინც არ არის გახსნილი ოჯახის წევრებთან, ან არ აპირებს ამას. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს იძულებით “ქამინგაუთს”, როცა იძულებულნი არიან დაადასტურონ დედის “ეჭვები” მათი ორიენტაციის შესახებ (31%). დედასთან დამოკიდებულება, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემა, დისკუსიების დროსაც გამოიკვეთა იძულებითი ქამინგაუთის ნეგატიურ გამოცდილებაზე საუბრისას. საინტერესოა, რომ კითხვარის პასუხების მიხედვით ყველაზე ნაკლებ ნდობას მამა იმსახურებს. 75% შემთხვევაში მამამ არაფერი იცის შვილების სექსუალური იდენტურობის შესახებ. კითხვაზე “ვინ იცის თქვენი სექსუალური იდენტობის შესახებ”, მხოლოდ ორი შემთხვევა გამოვლინდა და ორივემ დააფიქსირა, რომ ეს “იძულებითი” ქამინგაუთის დამსახურება იყო. რაც შეეხება დისკუსიებს, თითქმის ყველა მონაწილე თავს არიდებდა მამასთან ურთიერთობაზე საუბარს. კითხვარის მიხედვით გამოვლინდა ყველაზე სასურველი ჯგუფიც მეგობრების შემდეგ, რომელთაც სურთ რომ გაეხსნან (და/ძმა).

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც პირველად საუკეთესო მეგობართან იხსნებიან, ელიან მის რეაქციას და მხოლოდ ამის შემდეგ უმხელენ “საიდუმლოს” დანარჩენ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და უბრალო ნაცნობებს, ჩვენმა გამოკითხვამაც დაადასტურა. პასუხებმა კითხვაზე “ვინ შეიტყო პირველად თქვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ” აჩვენა, რომ ქამინგაუთის პროცესი ჩვენთანაც მეგობრებიდან იწყება.

კითხვარების დამუშავების პროცესში აღმოჩნდა, რომ სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის (“ვინ იცის თქვენი სექსუალური ორიენტაციის შესახებ” და “ვინ უნდა იცოდეს”), გარკვეულ კორელაციაშია ასაკთან. აღსანიშნავია, რომ ღიაობის, გახსნილობის სურვილი ყველასთან (ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, თანამშრომლებთან, მეგობრებთან) მხოლოდ 25 წლამდე ასაკის ჯგუფის წევრებს აქვთ, მაშინ, როცა რესპოდენტები 25 წელს ზემოთ ამჯობინებენ მხოლოდ მეგობრებთან იყვნენ გახსნილები. “გახსნის” ტენდენცია და სურვილი, რაც 25 წლის ასაკამდე ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს, თავის მხრივ, იმედს იძლევა, რომ საქართველოში შესაძლებელია ძლიერი და აქტიური ლგბტ საზოგადოების ჩამოყალიბება.

ეკა აღდგომელაშვილი

ჟურნალი მე #2

(1) R. R. Troiden. The formation of homosexual identities. Journal of Homosexuality, 1989, vol. 17, ¹ 1/2/3/4

(2) Cramer D.W andRoach A.J. “Coming out to mom and dad: A study of gay males and their relationships with their parents”, Journal of Homosexuality 15 (3/4):79-91; 1988


Bookmark and Share