ცისარტყელისებრი სიამაყე და მსგავსი სიმბოლოები

ცისარტყელისებრი დროშა გეების საზოგადოების ადვილად ამოსაცნობი სიმბოლო გახდა. ცისარტყელის მულტიკულტურული სიმბოლიზმი სიახლე არაა – “ჯესი ჯექსონის ცისარტყელის კოალიცია” თავისი პოლიტიკური მოძრაობის სიმბოლოდაც იყენებს. ცისარტყელას, როგორც სქესისა და ადამიანის სექსუალურობის სიმბოლოს, ხშირად შეხვდებით ძველი ბერძნების, ამერიკის ძირძველი მოსახლეობის, აფრიკელი და სხვა ხალხების მითებსა და ლეგენდებში.

გეების მოძრაობის სიმბოლოდ ცისარტყელისებრი დროშის გამოყენებას მცირე ხნის ისტორია აქვს. 1978 წელს, ცისარტყელისებრი დროშა პირველად გამოჩნდა სან ფრანსისკოში გამართულ გეებისა და ლესბოსელების თავისუფლების დღის პარადზე. სან ფრანსისკოელმა მხატვარმა ჯილბერთ ბეიქერმა, რომელმაც, პრაქტიკულად, “ისესხა” ეს სიმბოლო ჰიპების მოძრაობისა და შავკანიანი მოსახლეობის უფლებებისათვის მებრძოლი ჯგუფებისაგან, შექმნა ცისარტყელისებრი დროშა. ბეიქერმა და ოცდაათმა მოხალისემ პარადისათვის ხელით შეკერეს და შეღებეს ორი დიდი დროშა. ისინი, დღეისათვის ცნობილი დროშების პროტოტიპებს წარმოადგენენ. დროშაზე რვა ფერის ზოლი იყო. თითოეული მათაგანი საზოგადოების თითო კომპონენტს ასახავდა: მგზნებარე ვარდისფერი – სექსს, წითელი – ცხოვრებას, ნარინჯისფერი – აღდგენას, ყვითელი – მზეს, მწვანე – ბუნებას, ფირუზისფერი – ხელოვნებას, ინდიგოსფერი – ჰარმონიას, ხოლო იისფერი – სულს.

მომდევნო წელს ბეიქერმა სან ფრანსისკოს დროშების მწარმოებელ კომპანიას მიმართა ცისარტყელისებრი დროშების მასობრივი გამოშვების თაობაზე 1979 წლის პარადისათვის. კომპანია მუშაობის პროცესში გარკვეულ ტექნოლოგიურ სიძნელეებს წააწყდა – მაგალითად, მგზნებარე ვარდისფერი ტექნოლოგიურად ძნელად მისაღები ფერი აღმოჩნდა – ამიტომ ვარდისფერი და ფირუზისფერი დიზაინიდან ამოიღეს და ინდიგოსფერი სუფთა ლურჯით შეცვალეს. დროშის ექვსფერიანი ვერსია სწრაფად გავრცელდა სხვა ქალაქებშიც და სულ მალე იგი ყველასათვის ცნობილი გახდა, როგორც გეების სიამაყისა და თვითმყოფადობის სიმბოლო. ექვსფერიანი დროშა “დროშების დამამზადებლების საერთაშორისო კონგრესმაც” ცნო ოფიციალურად. 1994 წელს, ნიუ იორკის “სთოუნუოლ 25”-ის პარადზე, უზარმაზარი, ოცდაათი ფუტის სიგანისა და ერთი მილის სიგრძის ცისარტყელისებრი დროშა 10,000 ადამიანს მიჰქონდა.

ცისარტყელისებრმა დროშამ დასაბამი მისცა მასთან დაკავშირებული მრავალი სიმბოლოს წარმოშობას, მაგალითად: “თავისუფლების ბეჭდებსა” და სხვა აქსესუარებს. არსებობს დროშის უამრავი ვარიაცია. მათ შორისაა: ლურჯ ველზე დატანილი ვარსკვლავები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დროშას გვაგონებს. არსებობს დროშის სხვადასხვა ვერსიები ზემოდან მიხატული ლამბდებით, ვარდისფერი სამკუთხედებითა და სხვა ჰომოსექსუალური სიმბოლოებით.

შიდსზე გამარჯვების დროშა ჩვეულებრივი ცისარტყელისებრი დროშისაგან ქვედა კიდეზე დამატებული შავი ზოლით განსხვავდება. ეს სან ფრანსისკოს ჯგუფის იდეა გახლდათ – შავი ზოლი შიდსით დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება.

სერჟანტმა ლეონარდ მატლოვიჩმა, ვიეტნამის მრავალი ჯილდოს მქონე ვეტერანმა, რომელიც შიდსისაგან გარდაიცვალა, წინადადება შემოიტანა, რომ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ აღმოაჩენენ შიდსის განკურნების საშუალებას, შავი ზოლები ყველა დროშებიდან მოიხსნას და დემონსტრატიულად დაიწვას ვაშინგტონში.

ვარდისფერი სამკუთხედი და მსგავსი სიმბოლოები

ვარდისფერი სამკუთხედი ალბათ ჰომოსექსუალების საზოგადოების ყველაზე პოპულარულ და ფართოდ ცნობილ სიმბოლოს წარმოადგენს.

ვარდისფერი სამკუთხედის ისტორია სათავეს მეორე მსოფლიო ომის დროიდან იღებს და გვახსენებს იმ ეპოქის ტრაგიკულ მოვლენებს. თუმცა, ჰომოსექსუალები მხოლოდ ერთ-ერთი ჯგუფია, რომელთა განადგურებასაც ნაცისტური რეჟიმი აპირებდა, სამწუხაროდ, მათ შესახებაც ისტორიკოსებს არ უყვართ ლაპარაკი. ვარდისფერი სამკუთხედი ეწინააღმდეგება ასეთ მიდგომას და არავის აძლევს ისტორიის დავიწყების ნებას. ვარდისფერი სამკუთხედის ისტორია მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად იწყება. გერმანიის კანონმდებლობის ერთ-ერთმუხლში (175-ე პარაგრაფი), რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს კრძალავდა, ჰიტლერის მიერ შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც იკრძალებოდა აგრეთვე კოცნა, ჩახუტება ჰომოსექსუალური ფანტაზიები და, რა თქმა უნდა, სექსუალური აქტიც. ამ კანონის დამრღვევები (არსებული მონაცემებით 25,000 კაცი 1937-დან 1939 წლამდე) ციხეებში, სასჯელის მოხდის შემდეგ კი საკონცენტრაციო ბანაკებში იგზავნებოდნენ. მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი მათ სტერილიზაციას ითვალისწინებდა. ძალზე ხშირად ამას თან სდევდა კასტრაციაც. 1942 წელს ჰიტლერმა გაამკაცრა სასჯელი ჰომოსექსუალობისათვის და სიკვდილით დასჯა შემოიღო.

საკონცენტრაციო ბანაკის თითოეული ტუსაღი ვალდებული იყო ეტარებინა ფერადი ამობრუნებული სამკუთხედი, რათა პირველივე შეხედვისთანავე ყოფილიყო ცხადი მისი დაპატიმრების მიზეზი. ბუნებრივია, ასეთი გარჩევა პატიმრებს შორის გარკვეული სოციალური იერარქიის ჩამოყალიბებასაც უწყობდა ხელს. მწვანე სამკუთხედს უბრალო კრიმინალური ელემენტები ატარებდნენ; წითელს – პოლიტპატიმრები. ერთმანეთის გადამფარავი ყვითელი სამკუთხედები, რომელთა კომბინაციაც დავითის ვარსკვლავს ქმნიდა, პატიმრის ებრაულ წარმოშობაზე მიუთითებდა. ვარდისფერ სამკუთხედს ჰომოსექსუალები ატარებდნენ.

დავითის ყვითელ ვარსკვლავზე გადაკერებული ვარდისფერი სამკუთხედი პატიმართა იერარქიის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი ჰომოსექსუალი ებრაელების ნიშანი იყო. ბანაკიდან ჩვენამდე მოღწეული ამბები მოგვითხრობენ, რომ ჰომოსექსუალებს ყველაზე მძიმე და რთული სამუშაოების შესრულება ევალებოდათ. ასევე, ვარდისფერსამკუთხედიანები ყველაზე ხშირად ხდებოდნენ ზედამხედველებისა და სხვა პატიმრების შეტევის ობიექტებიც. ცნობილი არაა ჰომოსექსუალ პატიმართა ზუსტი რიცხვი, თუმცა, ნაცისტების ოფიციალური მონაცემებით იგი 10,000-ს შეადგენდა, რაც ყოვლად დაუჯერებელია.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცნობები ოსვენციმში განლაგებული სიკვდილის ბანაკებში ჰომოსექსუალი პატიმრების მასობრივი გაგზავნის შესახებ, იქ მოკლულ არაებრაელთა შორის საკმაოდ დიდ ნაწილს ჰომოსექსუალი მამაკაცები შეადგენდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, ნაცისტური რეჟიმის ბატონობის განმავლობაში მოკლულ ჰომოსექსუალ მამაკაცთა რიცხვი ორმოცდაათი ათასიდან ასი ათასამდე მერყეობს. ომის დასრულების შემდეგ, ბანაკებში ძალიან ბევრი ჰომოსექსუალი აგრძელებდა სასჯელის მოხდას, რადგან 175-ე პარაგრაფი დასავლეთ გერმანიაში 1969 წლამდე დარჩა ძალაში.

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გეების თავისუფლებისათვის მებრძოლმა ჯგუფებმა კვლავ დაიწყეს თავიანთ სიმბოლოდ ვარდისფერი სამკუთხედის გამოყენება. მალე იგი პოპულარული გახდა როგორც გეების უფლებებისათვის მოძრაობის სიმბოლო. 1980-იანი წლებიდან წვერით ზემოთ ამობრუნებული (ამგვარი ტრანსფორმაციით სიმბოლო გადააქციეს აქტიური ბრძოლის და არა ბედისადმი პასიური წინააღმდეგობის სიმბოლოდ) ვარდისფერი სამკუთხედი ACT-UP-ს (AIDS Coalition To Unleash Power) სიმბოლოდ იქცა. დღესდღეობით, ვარდისფერი სამკუთხედი, რომელიც ბევრისთვის სიამაყის და სოლიდარობის სიმბოლოს წარმოადგენს, ერთგვარი დაპირებაცაა, რომ აღარასოდეს დაუშვებენ ჰომოსექსუალთა მასობრივ ჟლეტას.

ვარდისფერი სამკუთხედის მსგავსად, შავი სამკუთხედის სიმბოლოც სათავეს ნაცისტურ გერმანიაში იღებს. თუმცა 175-ე მუხლით განსაზღვრული ჰომოსექსუალობის აკრძალვა ლესბოსელებს არ ეხებოდათ, არსებობს მტკიცებულებები, რომ ნაცისტები შავ სამკუთხედებს ანტი-სოციალური ქცევის მქონე პატიმრების გამოსაყოფად იყენებდნენ. თუ გათვალისწინებით, რომ ნაცისტური იდეა ქალურობის შესახებ “Kinder-Kitchen-Kirchen”-ით განისაზღვრებოდა, სავარაუდოა, რომ შავ სამკუთხედიან პატიმრებს სხვა ანტი-სოციალური მახასიათებლების მქონე ქალებთან ერთად, ლესბოსელები, მეძავები და ისეთი ქალები შეადგენდნენ, ვინც ბავშვის გაჩენის წინააღმდეგი იყო. გეების ვარდისფერი სამკუთხედის მსგავსად, ლესბოსელებმა და ფემინისტებმა შავი სამკუთხედი თავიანთი სიამაყისა და სოლიდარობის სიმბოლოდ გამოაცხადეს.

არსებობს მოსაზრება, რომ ტრანსსექსუალ პატიმრებს ე.წ. ბურგუნდიული სამკუთხედით განასხვავებდნენ. თუმცა, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი საბუთები ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება.

გაცნობიერების ბაფთა და მსგავსი სიმბოლოები

შიდსის საშიშროების გაცნობიერების ბაფთას, ანუ წითელ ბაფთას, ჩვეულებრივ ტანსაცმელზე იმაგრებენ, როგორც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობისა და ვალდებულებების აღების სიმბოლოს.

“ბაფთის პროექტი” წამოწყებული იქნა 1991 წელს ნიუ-იორკის საქველმოქმედო ჯგუფის “ვიჟუალ ეიდსის” (Visual AIDS) მიერ, რომლის მიზანსაც შიდსით გარდაცვლილი ან დაავადებული მეგობრებისა და კოლეგების აღმოჩენა და პატივისცემა წარმოადგენს. “ვიჟუალ ეიდსი” ხელს უწყობს ხელოვნების ორგანიზაციებს, მუზეუმებს, კომერციულ გალერეებსა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ ჯგუფებს შიდსით დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, შიდსის გავრცელების შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლების, შიდსით დაავადებული პირების საჭიროებების საზოგადოებისათვის გაცნობის და მომსახურებისა და კვლევის მიმართულებებში მეტი სახსრების მოზიდვის საქმეში. ყვითელი ბაფთების მსგავსად, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემას სპარსეთის ყურის ომში მონაწილე ამერიკელი ჯარისკაცების მიმართ, წითელი ფერი იქნა არჩეული “მისი სისხლთან და მგზნებარების იდეასთან, არა მარტო სიბრაზესთან, არამედ ვალენტინის მსგავსად სიყვარულთანაც, კავშირის გამო”, განაცხადა ფრენქ მურმა “ვიჟუალ ეიდს”-იდან.

ბაფთის საზოგადოებრივი დებიუტი შედგა 1991 წელს ტონის დაჯილდოვების ცერემონიალზე, სადაც იგი ეკეთა წამყვანს – ჯერემი აირონსს და, სულ მალე, იგი გახდა ზეიმებზე და სხვა დაჯილდოვების ცერემონიალებზე პოზიციის გამოხატვის პოპულარული და პოლიტიკურად კორექტული მოდური საშუალება. მისი პოპულარობის გამო, ზოგიერთი აქტივისტი სწუხს, რომ ბაფთა გახდა შიდსისადმი დამოკიდებულების გამოხატვის არაგულწრფელი საშუალება; მაგალითად, ერთხელ, როდესაც პირველი ლედი ბარბარა ბუში იჯდა აუდიენციაზე თავის ქმართან ერთად, მას ეკეთა წითელი ბაფთა, მაგრამ როდესაც იგი იდგა პრეზიდენტის გვერდით მისი სიტყვის დროს, წითელი ბაფთა აშკარად აღარ ჩანდა.

მიუხედავად ამისა, “ბაფთის პროექტი” რჩება მძლავრ იარაღად შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების და შემდგომი ქმედებისა და ავადმყოფობის გამოკვლევის საჭიროების წარმოჩენის საქმეში. ჩვენი ყველაზე გულწრფელი იმედი “ბაფთის პროექტის” მიმართ არის ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს იგი აღარ იქნება საჭირო.

წითელი ბაფთის მაგალითზე შეიქმნა ვარდისფერი ბაფთა, რომელიც გახდა მკერდის კიბოს გაცნობიერების სიმბოლო. თუმცა, შიდსისგან განსხვავებით, მკერდის კიბო არ არის კონკრეტულად გეების საზოგადოებისათვის დამახასიათებელი პრობლემა, სტატისტიკურად, მკერდის კიბოს შემთხვევების რაოდენობა უფრო დიდია იმ ქალებს შორის, რომლებსაც არ ჰყავთ ბავშვები.

შესაბამისად, ზოგიერთი ლესბოსელებისათვის მკერდის კიბოს გაცნობიერება და პროფილაქტიკა წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს.

***

ყვითელი ბაფთები ისტორიულად გამოიყენებოდა როგორც სამხედრო ტყვეების, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების, მძევლების და ზოგადად ადამიანთა უფლებების და თანასწორობის შესახებ შეგნების ამაღლების სიმბოლო. დამატებით, ჩვენმა პოლიტკორეკტულმა დროებამ, ბიძგი მისცა ბაფთების სხვადასხვა ვარიანტების წარმოშობას. მწვანე ბაფთებს ატარებენ ეკოლოგი აქტივისტები, კერძოდ გართობის ინდუსტრიაში ჩართული პირები, რომლებიც წუხან ტროპიკული ხის მასალის კინოინდუსტრიაში გამოყენების გამო. მეწამული ბაფთები მიუთითებენ ქალაქებში ძალადობის გაზრდაზე; ცისფერი ბაფთები ცდილობენ გაზარდონ საზოგადოების შეგნება დანაშაულის მსხვერპლების უფლებების შესახებ (ბოლო დროს, ცისფერი ბაფთები აგრეთვე გამოიყენება ინტერნეტში ცენზურის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მონაწილეების მიერ). თუმცა არსებობს ბაფთების დიდი რაოდენობა, ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ არავინ არ ცდილობს სხვების მნიშვნელობის დამცირებას; ამა თუ იმ მიზეზის გამო ყველა ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის.

გენდერული სიმბოლოები

გენდერული სიმბოლოები ჩვეულებრივი ასტროლოგიური ნიშნებია, რომლებიც იღებენ დასაბამს ძველი რომაელების დროიდან. ისრიანი მარსის სიმბოლო წარმოადგენს მამრობით სქესს, ხოლო ჯვრიანი ვენერის სიმბოლო – მდედრობითს. ორმაგი მამრობითი სიმბოლო გამოიყენება გეი მამაკაცების მიერ 1970-იანი წლებიდან. ორმაგი მდედრობითი სიმბოლო ხშირად გამოიყენებოდა ლესბოსელობის აღსანიშნავად, თუმცა, ზოგჯერ ფემინისტები იყენებდნენ ამავე სიმბოლოს ქალთა შორის დობის გამოსახატავად.

იგივე ფემინისტები ლესბოსელობის გამოსახატავად მიმართავდნენ სამმაგ მდედრობით სიმბოლოს. ამ სიმბოლოს აგრეთვე იყენებდნენ 1970-იანი წლების ზოგიერთი ლესბოსელები, მამაკაცების მონოგამური სტანდარტების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად.

.

1970-იან წლებში, გეების თავისუფლებებისათვის მებრძოლი მოძრაობები იყენებდნენ ერთმანეთის გადამფარავ მამრობით და მდედრობით სიმბოლოებს, ლესბოსელებისა და გეების მიზნების ერთიანობის გამოსახატავად.

დღეს დღეობით, ერთმანეთის გადამფარავი სიმბოლოები აგრეთვე შეიძლება გამოხატავდნენ ჰეტეროსექსუალურ შეხედულებებს მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ განსხვავებებსა და განმასხვავებელ ნიშნებზე. ტრანსგენდერული პირები, ხანდახან ისე გადაფარავენ ხოლმე ამ სიმბოლოებს, რომ მიიღება ერთ რგოლზე მიბმული ჯვარი და ისარი.

მერკურის ასტროლოგიური ნიშანი ტრადიციულად წარმოადგენს ტრანსგენდერი ადამიანების სიმბოლოს. ბერძნულ მითოლოგიაში, ჰერმესს (რომაული ღმერთის მერკურის ბერძნული ანალოგი) და აფროდიტეს (სიყვარულის ქალღმერთი) ჰყავდათ შვილი, რომელსაც ერქვა ჰერმაფროდიტი.

ბავშვს ჰქონდა როგოც მამრობითი ასევე მდედრობითი სასქესო ორგანოები და აქედან წარმოიშვა ტერმინი ჰერმაფროდიტი. აგრეთვე, ითვლება, რომ აფროდიტეს კულტთან დაკავშირებული რიტუალები იყვნენ ძლიერი სექსუალობის მატარებლები. ისინი შეიცავდნენ კასტრაციას, ტრანსვესტიზმს და ჰომოსექსუალურ კავშირებს.

თავად სიმბოლოში, ზემოდან განლაგებული ნახევარმთვარე ითვლება მამრობითი საწყისის გამომხატველად, ხოლო ქვემოთ გამოხატული ჯვარი – მდედრობითის. რგოლი გამოხატავს ინდივიდს, რომელშიც დაბალანსებულია ორივე მხარე.

გენდერული სიმბოლოების მაგალითზე შექმნილი ტრანსგენდერული სიმბოლო აგრეთვე წარმოადგენს ტრანსგენდერი ადამიანების ნიშანს. ეს სიმბოლო წარმოადგენს მკრთალი ლავანდისფერის და ვარდისფერი სამკუთხედის კომბინაციას.

ეს სიმბოლო წარმოადგენს მკრთალი ლავანდისფერის და ვარდისფერი სამკუთხედის კომბინაციას, რომელზედაც დატანილია რგოლი, რომელიც აღნიშნავს სხვადასხვა სქესების ერთიანობას. თუმცა ეს არ არის საყოველთაოდ მიღებული სიმბოლო, თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება არაკომერციული საჭიროებებისათვის, როდესაც გჭირდებათ ტრანსგენდერი პირების აღნიშვნა.

ლაბრისი წარმოადგენს ორმხრივ ნაჯახს ან ცულს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენებოდა ძველ ევროპულ, აფრიკულ და აზიურ მატრიარქალურ საზოგადოებებში, როგორც საბრძოლო ან სამეურნეო იარაღი. ბერძნულ ნახატებზე გამოსახული ევროპელი ამორძალები შეიარაღებულნი არიან ლაბრისით. ამორძალების მმართველობა წარმოადგენდა ორ დედოფლიან სისტემას.

ერთი მათგანი პასუხისმგებელი იყო არმიაზე და ომებზე, ხოლო მეორე კი მართავდა დაპყრობილ ქალაქებს. ამორძალები ცნობილი იყვნენ როგორც სასტიკი და დაუნდობელი მეომრები, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ისინი სამართლიანად მართავდნენ დაპყრობილ ტერიტორიებს. დღეს, ლაბრისი წარმოადგენს ლესბოსელების და ფემინისტების ძლიერებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს.

ამის გარდა, ლაბრისი აგრეთვე მოხსენიებულია ანტიკურ მითოლოგიაში. დემეტრა, დედამიწის ქალღმერთი, იყენებდა ლაბრისს სკიპტრად. ითვლება, რომ დემეტრას, ისევე როგორც ჰეკატეს (მიწისქვეშეთის ქალღმერთი) კულტთან დაკავშირებული რიტუალები შეიცავდნენ ლესბოსურ სექსსაც.

ორმაგი სიამაყის დროშა შექმნა მაიქლ პეიჯმა 1998 წლის ბოლოს. მაშინ როდესაც პოპულარული ცისარტყელისებრი დროშა და ვარდისფერი სამკუთხედი ითვლებიან გეებისა და ლესბოსელების ზოგად სიმბოლოდ, ორმაგი სიამაყის დროშა შეიქმნა სპეციალურად ბისექსუალებისათვის. სამ ფერიანი (ვარდისფერი, ლურჯი და მეწამული) დროშა განასახიერებს ლტოლვას იგივე სქესისაკენ, საწინააღმდეგო სქესისაკენ და ორივე სქესისაკენ.

მეწამული ხელი იყო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში არსებული სიმბოლო. მას იყენებდნენ პროტესტის ნიშნად 1970-იან წლებში სან ფრანსისკოში. სახელი წარმოებული იყო ნიუ იორკის მაფიოზური ბანდის სახელიდან, რომელსაც ერქვა “შავი ხელი”. სავარაუდოდ სიმბოლო წარმოიშვა სან ფრანსისკო ექზემინერის (გაზეთი) ოფისებში, როდესაც ჰომოფობიური მოწინავე სტატიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ერთმა ჯგუფმა გადაისხა ხელებზე მეწამული საღებავი და შემდეგ დაამჩნია ხელის აბაჭდები მთელი შენობის კედლებზე.

სხვადასხვა სიმბოლოები

ამ გვერდზე განხილული სიმბოლოები არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი სხვა სიმბოლოები; ისინი უბრალოდ არ არიან ისე ფართოდ ცნობილი, ან მათ სხვა პოპულარულ სიმბოლოებზე ნაკლებად იყენებენ. მიუხედავად ამისა, ყოველ მათგანს გააჩნია საკუთარი მნიშვნელობა და ისტორია.

ალბათ ყველაზე მეტ კამათს იწვევს სიმბოლო ლამბდას მნიშვნელობა. არსებობს შვიდი განსხვავებული ვერსია იმისა, თუ რატომ იქნა ლამბდა არჩეული გეების სიმბოლოდ და რას ნიშნავს იგი. თუმცა წყაროების უმეტესობა თანხმდება ზოგიერთ საკითხებზე: პირველად ლამბდა არჩეული იყო გეების სიმბოლოდ, როდესაც 1970 წელს, იგი მიღებული იქნა ნიუ იორკის “აქტივისტი გეების ალიანსის” მიერ. იგი გახდა გეების თავისუფლებებისათვის მზარდი მოძრაობის სიმბოლო. 1974 წელს, ლამბდა მიღებული იქნა შოტლანდიაში, ედინბურგში ჩატარებული “გეების უფლებების საერთაშორისო კონგრესის” მიერ. აქ მიღების შემდეგ, როგორც ლესბოსელების და გეების უფლებების გამომხატველმა სიმბოლომ, მან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მაგრამ სადაც მთავრდება ისტორია, იქ იწყება სპეკულაცია. ისე სჩანს, რომ არავის გააჩნია ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რატომ აირჩიეს თავდაპირველად ლამბდა როგორც გეების სიმბოლო. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ეს გახლავთ სიტყვა გათავისუფლების (liberation) პირველი ასო დაწერილი ბერძნულად. სხვები ამას არ ეთანხმებიან, და მიუთითებენ, რომ ფიზიკაში ეს ასო აღნიშნავს ენერგიას (ჩვენ გაგვაჩნია ენერგია, როდესაც ვმუშაობთ შეთანხმებულად) ან ტალღის სიგრძეს (გეები და ლესბოსელები სხვადსხვა სიგრძის ტალღებზე იმყოფებიან?). ლამბდა შეიძლება აგრეთვე აღნიშნავდეს გეების მოძრაობის ერთიან გულისხმევას, იდეას, რომ მთლიანი მეტია მისი შემადგენელი ნაწილების ჯამზე. ლამბდა შეიძლება აგრეთვე წარმოადგენდეს სასწორს და ბალანსს, ანუ მუდმივ ძალას, რომელიც ხელს უშლის მოწინააღმდეგე მხარეების ერთმანეთზე გამარჯვებას; მარჯვენა ფეხზე ქვემოთ არსებული კაუჭი აღნიშნავს ქმედებებს, რომლებიც საჭიროა ბალანსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად. ძველი სპარტანელები თვლიდნენ ლამბდას ერთიანობის სიმბოლოდ, ხოლო რომაელები უწოდებდნენ მას “ცოდნის სინათლეს, რომელიც ანათებს უცოდინარობის სიბნელეს”. ამბობენ, რომ სპარტანელები გამოსახავდნენ ლამბდას თავიანთი მეომრების ფარებზე; ეს მეომრები ბრძოლის დროს ხშირად დაწყვილებული იყვნენ უფრო ახალგაზრდა მამაკაცებთან (არსებობდა თეორია, რომლის მიხედვითაც მეომრები იბრძოდნენ უფრო გააფთრებით, როდესაც იცოდნენ, რომ მათი საყვარლები არა მარტო უყურებდნენ მათ, არამედ იბრძოდნენ მათ გვერდით).

რაც არ უნდა იყოს მისი ზუსტი მნიშვნელობა და როგორიც არ უნდა იყოს წარმოშობა, ლამბდა თავიდან აშკარად საბრძოლო ხასიათის მატარებელი იყო. დღეს სიმბოლო ზოგადად აღნიშნავს ლესბოსელებისა და გეი მამაკაცების ერთობლივ საზრუნავს. თუმცა, სხვა სიმბოლოებისაგან განსხვავებით, ლამბდა არასოდეს ითვლებოდა რომელიმე კონკრეტულ სქესთან ან ორიენტაციასთან დაკავშირებულად, ისტორიულად ეს ესე არ არის: 1970-იანი წლების დასაწყისში ლოს ანჯელესის გეების საზოგადოებამ შექმნა დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ლავანდისფერი ლამბდა თეთრ ფონზე. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს დროშა გავრცელდებოდა სხვა ქალაქებშიც, მაგრამ იმედი არ გაუმართლდათ, რადგან ზოგიერთებმა აღიქვეს ლამბდა როგორც მხოლოდ მამრობითი სქესის სიმბოლო.

სხვა, არც თუ ისე ცნობილი სიმბოლოა ლავანდისფერი მარტორქა. ეს სიმბოლო არსებობს 1970-იანი წლებიდან. იგი გამოიყენებოდა აქტივისტების სიმბოლოდ და, სავარაუდოდ, მისი მნიშვნელობა მომდინარეობდა იქიდან, რომ ზოგადად მარტორქა საკმაოდ მშვიდობიანი ცხოველია, მაგრამ წყობილებიდან გამოყვანის შემდეგ ხდება ძალზედ სახიფათო.

RIA-ს სტუმარმა დამატებით მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია: “ლავანდისფერი მარტორქა შეიქმნა იმის სადემონსტრაციოდ, რომ გეები და ლესბოსელები არსებობენ ამერიკის საზოგადოებაში. იგი შექმნილია ორი ბოსტონელი მხატვრის, დენიელ თექსთონის და ბერნი თოეილის მიერ. პირველად იგი გამოჩნდა ბოსტონის მეტროში გავრცელებულ პლაკატების სერიაზე 1973 წელს. მარტორქა ხასიათდება წყნარი ქცევით, სანამ მას არ გამოვიყვანთ წყობილებიდან და, ამდენად, ჩაითვალა, რომ ის წარმოადგენს სთოუნუოლის შემდგომი წლებისათვის შესაფერის სიმბოლოს. გული, რომელიც გამოსახულია მარტორქაზე, ასახავს ყველა ადამიანების ერთობლივ ჰუმანურობას, ხოლო ლავანდის ფერი არის ჩვენი სიმბოლო. გამოსახულებაზე არ იქნა შეძენილი საავტორო უფლებები, ასე, რომ იგი თავისუფლად შეიძლება იქნას გამოყენებული საზოგადოების სურვილისამებრ.” მადლობას ვუხდით ჯონ პეტრი-ს ამ დამატებითი ინფორმაციისათვის.

ამასთან დაკავშირებით ერთი ცნობა: ლავანდისფერი ხშირად გამოიყენება ჰომოსექსუალობის აღსანიშნავად, თუმცა ამ სიმბოლოს წარმოშობა გაურკვეველია. იგი შეიძლება წარმოადგენდეს წითელი და ლურჯი ფერების შეჯერების შედეგს (შესაბამისად მდედრობითი და მამრობითი გავლენის აღსანიშნავად), რითიც აღინიშნება სქესების შერწყმა. ლავანდისფერმა შეიძინა პოპულარობა 1930-იანი წლების ლესბოსელების წრეებში. ამ სიტყვას ჟარგონზე ლესბოსელები ერთმანეთს უწოდებდნენ.

ტყავის სიმბოლოები

ტყავის სიამაყის დროშა არის ტყავის საზოგადოების სიმბოლო; ეს საზოგადოება მოიცავს მათ ვინც ატარებს ტყავის ტანსაცმელს, ლევისებს, უნიფორმებს, რეზინის ტანსაცმელს და სხვა ფეტიშებს, აგრეთვე სადო-მაზოხისტებს.

დროშა შექმნა მხატვარმა ტონი დებლეისმა და იგი პირველად გამოჩნდა 1989 წლის 28 მაისს ბ-ნი ლეზერის (ტყავი) კონკურსზე ჩიკაგოში. თუმცა, ეს დროშა ხშირად მიღებულია გეების საზოგადოებებში, იგი არ წარმოადგენს მხოლოდ გეების სიმბოლოს.

ამბობენ, რომ ტყავის გულშმატკივარ გეებს ხანდახან შეაქვთ ცვლილება ცისარტყელისებრ დროშაში: იისფერ ზოლს ცვლიან შავით. (შესაძლოა ეს ვერსია აგვერიოს ცისარტყელისებრი დროშის “შიდსზე გამარჯვების” ვერსიაში, რადგან ისინი საკმაოდ გვანან ერთმანეთს.)

დათვების სიამაყის დროშა არის ზოგიერთი “დათვის” სიმბოლო. ეს კატეგორია მოიცავს გეი მამაკაცებს, რომლებსაც გააჩნიათ ხშირი თმის საფარი სახეზე, მკერდზე და ტანზე.

დათვები ჩვეულებრივ უფრო ასაკოვნები, ტანად დიდი და მრგვალსახიანები არიან. ზოგადად ეს არ უნდა იყოს ერთადერთი სიმბოლო, რომელიც წარმოადგენს დათვებს. უნდა არსებობდეს ადგილობრივი კლუბების, ბარების და სხვა დათვების ჯგუფების მიერ მიღებული კიდევ მრავალი სიმბოლო.

ქვემოთ ნაჩვენები დათვების სიამაყის დროშა ეკუთვნის “სპაგებს” სიეტლის დათვების ბარიდან.

დროშის ფერები აღნიშნავენ დედამიწას და მიწის ზედაპირსა და ცას შორის მცხოვრებ სხვადასხვანაირ დათვებს. თათის ფორმის ოქროსფერი მზე აღნიშნავს მთელი მსოფლიოს დათვების სულსა და ძმობას. ლურჯი ზოლი – ცას; თეთრი – პოლარულ დათვებს;

შავი – შავ დათვებს; ყავისფერი – მურა დათვებს; ხოლო მწვანე – დედამიწას.

აგრეთვე პოპულარულია დათვების საერთაშორისო ძმობის დროშა, რომელიც “შექმნილია იმისათვის რათა მოიცვას და წარმოადგინოს მთელი მსოფლიოს დათვების ბეწვის ფერები და ნაციონალობები”. ადვილად ხელმისაწვდომობის გამო – მისი ყიდვა შესაძლებელია ყოველგვარი პრობლემების გარეშე – ეს დროშა გახდა ყველაზე პოპულარული დათვების საზოგადოებაში.


Bookmark and Share