ბისექსუალობა კითხვებსა და პასუხებში

განსხვავებით ჰომოსექსუალობისგან, რომელსაც ფართოდ შეისწავლიდნენ და აქტიურად წერდნენ მასზე ბოლო 15 წლის მანძილზე, ბისექსუალობას ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობოდა. საზოგადოებაში დღესდღეობით ამ  ფენომენის გავრცელების მასშტაბების განსაზღვრა ძალიან რთულია. კინზი და მისი თანამშრომლები (Kinsey et al, 1953) თვლიან, რომ 30 წლის მარტოხელა ქალების 9% და მამაკაცების 16% პროცენტი ჰეტეროსექსუალობა-ჰომოსექსუალობის სკალაზე 2-სა და 4-ს შუა იმყოფებიან. მაგრამ ეს ციფრები, ალბათ, აჭარბებენ ამერიკულ საზოგადოებაში აქტიურ ბისექსუალთა პროცენტის მაჩვენებელს, რომელიც სინამდვილეში 5%-ზე დაბალია (თუ წინა წელს ქალებთან და მამაკაცებთან დამყარებული სექსუალური კავშირების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვითვლით). ნაწილობრივ, ამას ადასტურებენ ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც დაქორწინებულ მამაკაცთა დაახლოებით 2% გასული წლის განმავლობაში სხვა მამაკაცებთან სექსუალური კავშირების შესახებ აცხადებს (Fay et al, 1989). ბისექსუალობის გავრცელებაზე სანდო მონაცემთა არარსებობას ადასტურებს ფსიქიატრებისა და სექსოთერაპევტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: თითო სპეციალობიდან ექსპერტების დაახლოებით ხუთ-ხუთმა პროცენტმ შეაფასა ბისექსუალური ორიენტაციის ადამიანთა სიხშირე 1%-ის ქვემოთ, მაშინ როცა ფსიქიატრთა 25 პროცენტზე და სექსოთერაპევტთა 36 პროცენტზე მეტმა შეაფასა ის 11% და ზემოთ (Hill, 1989). ამერიკის ფსიქიატრთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დ. მარმორი (Marmor, 1989) აღნიშნავს:

ზოგი საერთოდ უარყოფს ბისექსუალობის არსებობას და ვარაუდობს, რომ ბისექსუალები სინამდვილეში ფარული ჰომოსექსუალები არიან და ჰეტეროსექსუალობის უკან იმალებიან. ამის წინააღმდეგ გამოდიან ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ბუნებით ყველა ადამიანი ბისექსუალია, მაგრამ, პირველად ალტერნატიულ იმპულსებს მათ ან საზოგადოება უხშობს (ჰეტეროსექსუალების შემთხვევაში), ან გარკვეული ადრეული გამოცდილება (ჰომოსექსუალების შემთხვევაში).

მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, გარკვეულ წრეებში ბისექსუალობა მოდაში შემოვიდა. მას სექსუალური დახვეწილობის და ფართო შეხედულებათა მაჩვენებლად თვლიდნენ.  მაგრამ 80-იანი წლების შუაში, შიდსთან ცხადი კავშირის გამო ბისექსუალობა აშკარად აღარ იყო ისეთი მოდური, როგორც ადრე. ფაქტიურად, იმ მამაკაცებმა, რომლებიც დროდადრო ჰომოსექსუალური კონტაქტებით “ერთობოდნენ” (ამასთანვე უპირატესად ჰეტეროსექსუალურ ცხოვრებას აგრძელებდნენ), შიდსით დაავადების შიშით ყოველგვარი ბისექსუალური აქტივობა შეწყვიტეს. მაგრამ ამას არავითარი გავლენა არ ჰქონდა ქალების ბისექსუალურ კონტაქტებზე, რაც ადასტურებს აზრს, რომ ქალების ჰომოსექსუალური კონტაქტები შიდსის გავრცელების სერიოზულ გზად არ მიიჩნევა, თუმცა თეორიულად მათ  შეუძლიათ ვირუსის გავრცელებაში მონაწილეობის მიღება. გეიჯონი (Gagnon, 1977) გამოყოფს ბისექსუალთა 5 სხვადასხვა კატეგორიას. 1) ახალგაზრდები, რომლებიც ექსპერიმენტების საშუალებით ცდილობენ გამოკვეთონ თუ რას ანიჭებენ უპირატესობას სექსუალური თვალსაზრისით. 2) ადამიანები, ვინც ჰომოსექსუალობიდან ჰეტეროსექსუალობაში და პირიქით გარდამავალ სტადიაში არიან. 3) ორივე სქესის მეძავები, რომლებიც თავისივე სქესის ადამიანებთან ფულის გულისთვის შედიან კავშირში. 4) ადამიანები, რომლებიც რეაგირებენ სექსუალურ სტიმულაციაზე მათი წყაროს განურჩევლად. 5) ადამიანები, რომლებსაც აშკარად აქვთ მიდრეკილება როგორც საკუთარ, ასევე საწინააღმდეგო სქესთან სექსუალური კავშირისადმი.

არსებობს კიდევ ორი დამატებითი კატეგორია, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ.

ადამიანები სხვადასხვა გზებით მიდიან ბისექსუალობამდე. ბევრისთვის ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, რომელიც მათ სექსუალურ ცხოვრებას სიმძაფრეს მატებს, მაგრამ არ იქცევა მის ძირითად ფორმად. სხვებისთვის ეს სექსუალური აქტიურობის იმ ფორმის  თავისუფალი არჩევანია, რომელიც ყველაზე მიმზიდველია მოცემულ მომენტში.

ზოგიერთი ქალი და მამაკაცი, გარემოებიდან გამომდინარე, ირჩევენ პარტნიორს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბისექსუალების უმრავლესობა აშკარა უპირატესობას ერთ სქესს ანიჭებს.

როგორც მანი (Money, 1989) აღნიშნავდა, ზოგი ბისექსუალი ერთნაირად არ რეაგირებს სხვადასხვა სქესის პარტნიორებზე, ამიტომ იმისათვის, რომ ნაკლებად მიმზიდველმა თავისივე სქესის პარტნიორმა მასში ფიზიკური აღგზნება გამოიწვიოს, საჭიროა განსაკუთრებული გარემოებები. მაგალითად, უპირატესად ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცს შეეძლო ბისექსუალურ აქტებში მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მასში კიდევ ორი პარტნიორი- მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. იყო შემთხვევა, როცა უპირატესად ჰომოსექსუალური ორიენტაციის ქალს შეეძლო მამაკაცთან სქესობრივ კონტაქტში შესვლა მხოლოდ მაშინ, თუ ის წინასწარ კოკაინის დოზას მიიღებდა. მასტერსმა და ჯონსონმა (1979) აღწერეს ბისექსუალთა ქვეჯგუფი, რომელსაც ამბისექსუალები უწოდეს: ესენი არიან მამაკაცები და ქალები, რომლებისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტნიორის სქესს, ისინი არასოდეს ქმნიან მყარ კავშირებს და აქვთ ხშირი სქესობრივი კონტაქტები მამაკაცებთანაც და ქალებთანაც.  პოტენციური პარტნიორის პიროვნება და ფიზიკური მიმზიდველობა არ ახდენს გავლენას მათ არჩევანზე.

ცნობილია შემთხვევები, როცა ბისექსუალები ხანგრძლივ ჰეტეროსექსუალურ (ან ჰომოსექსუალურ) კონტაქტს ინარჩუნებდნენ, ხოლო შემდეგ ხანგრძლივ ჰომოსექსუალურ (ან ჰეტეროსექსუალურ) ურთიერთობებში შედიოდნენ. ასეთი გამოცდილების შემდეგ, ადამიანს შეიძლება ტრადიციულ წარმოდგენებზე ახალი შეხედულებები გაუჩნდეს, რომლებიც სექსუალური პარტნიორის არჩევანს ზღუდავენ (Blumstein, Schwartz, 1976). სხვა შემთხვევებში ბისექსუალში ჰომოსექსუალობის გამოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს ხანგრძლივი ავადმყოფობისგან  განკურნებით (მაგალითად ალკოჰოლიზმისგან),   რომელმაც შენიღბა ან გამოსავალი არ მისცა მის ჰომოსექსუალურ პოტენციალს Money, 1988).

შესაძლებელია ასევე ერთდროული ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები, როგორც ამას აღწერს 23 წლის სტუდენტი ქალი:

მე მყავდა ახალგაზრდა მეგობარი ბიჭი, ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე ასეთივე ურთიერთობაში აღმოვჩნდი ჩემს ოთახის მეზობელთან, რომელმაც ძალიან ოსტატურად მაჩვენა, თუ როგორ შეიძლება ორ ქალს ჰქონდეს სექსი. მე მართლაც ვიღებდი სიამოვნებას სექსის ორივე ფორმისგან. ეს ყველაფერი გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ დავამთავრე სწავლა და არ გადავედი სხვა ქალაქში  (ავტორთა კარტოთეკიდან).

ქალთა ბისექსუალობის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქალს, ვინც თავის თავს ბისექსუალს უწოდებს, აქვს განსხვავებული სექსუალური მოთხოვნილებები, რომელთაგან ზოგს უკეთ (ან უპირატესად) მამაკაცები აკმაყოფილებენ, ზოგს კი -ქალები (Blumenstein, Schwartz, 1976).

ასეთი ახსნა ზოგჯერ ბისექსუალი მამაკაცებისგანაც გვსმენია, მაგრამ ისინი უფრო ხშირად ხსნიან თავისი სექსუალური ცხოვრების სტილს მრავალფეროვნების მოთხოვნილებით. ზოგიერთი ბისექსუალი ქალებთან და მამაკაცებთან ურთიერთობაში შესვლით ცდილობს, დაამტკიცოს სქესთა თანასწორობა.

ყალიბდება შთაბეჭდილება, რომ ბისექსუალობის წარმოშობას შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგმა ვითარებამ (Blumenstein, Schwartz, 1977): ექსპერიმენტის სურვილმა შეიძლება უბიძგოს სექსუალური კავშირისკენ ორ მეგობარ გოგოს, მეგობარ მამაკაცებს, თვით გეის და ქალსაც კი, რომელთაც არა მჭიდრო, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. კიდევ ერთი გზა ბისექსუალური ექსპერიმენტისკენ ჯგუფურ სექსში მდგომარეობს: სანამ მამაკაცები დაიწყებენ რაიმე სექსუალურ ქმედებებს, ქალებს ხშირად მოსწონთ ერთმანეთთან სექსი.

და ბოლოს, ზოგიერთმა ადამიანმა შეიქმნა ბისექსუალობის ერთგვარი ფილოსოფია, რომელიც მათი პირადი შეხედულებათა სისტემის ერთ-ერთი განშტოებაა. მაგალითად, ქალთა მოძრაობის აქტივისტებმა დაასკვნეს, რომ ისინი უფრო ახლო კონტაქტში შედიან სხვა ქალებთან, თუ საერთო სამუშაოს ასრულებენ და ეს სიახლოვე სექსუალურ ურთიერთობაში გამოიხატება. მაგრამ, თუკი ჩაეძიებიან, აღმოჩნდება, რომ ეს, შეიძლება, დაძალების სუსტი ფორმა იყოს:

აქტიური ფემინისტი ვიყავი, მაგრამ ამავე დროს, რაც შეიძლება “წესიერი”. მუდმივად ვმუშაობდი ქალთა გარემოცვაში და ნელ-ნელა შევიგრძენი ზეწოლა, რომელიც მოითხოვდა “გამესინჯა” სხვა ქალთან სექსი. იგულისხმებოდა, თუ უარს ვიტყოდი, არ მივეკუთვნებოდი მათ კლანს და მამაკაცების მიერ ვიყავი დამონებული. საბოლოოდ მე დავუთმე, და ეს საშინელება იყო. ამ ამბავმა ისე შემაძრწუნა, რომ ცოტა ხანში ქალთა მოძრაობიდან გამოვედი. (ავტორთა კარტოთეკიდან)

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ვითარებაში ბისექსუალურ აქტებში მონაწილე ადამიანები არ უწოდებენ მათ ბისექსუალურს. ხანგრძლივი სექსუალური სეგრეგაციის შემთხვევაში, არც თუ იშვიათად ჰეტეროსექსუალები გადადიან თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. ეს ხდება პატიმრებში, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შორის (Kirkham, 1971; Giallombardo, 1974; Money, Bohmer, 1980), და სამხედრო მოსამსახურეებში. გარდა ამისა, ბევრი მამაკაცი, რომელიც ერთჯერად კონტაქტებში შედის საზოგადოებრივ ტუალეტებში, როგორც წესი, ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში იმყოფება და არ თვლის თავს ბისექსუალად (Humphreys, 1970). ახალგაზრდა პროსტიტუტი მამაკაცები, რომლებიც ჰომოსექსუალ კლიენტებზე მუშაობენ, მთლიანობაში თვლიან ამას უპიროვნო ქმედებად, რომელიც მათ არ ეხება და რომელიც ფულის გულისთვის კეთდება. ამდენად, მათი თვითაღქმა მკაცრად ჰეტეროსექსუალურია (A.J. Reiss, 1967; Allen, 1980).

ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა ბისექსუალურ კონტაქტებს ეროვნულ უმცირესობათა პოპულაციაში. დე ლა ვეგა (de la Vega, 1990) თავის პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ “რიგ ლათონოამერიკულ ხალხებში მამაკაცები, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალობაზე დებენ, ფარულად მონაწილეობენ ბისექსუალურ აქტებში.” მისი მონაცემებით, ზოგ ლათინოამერიკელში ბისექსუალური მიდრეკილებები მხოლოდ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შემდეგ იჩენენ თავს. სხვა პირობებში არსებული სქესის როლური სტანდარტები აიძულებენ გარეგნულად “ჰეტეროსექსუალურად” მოიქცნენ და საიდუმლოდ შეინახონ ჰომო-ბისექსუალური კონტაქტები. ამას გარდა, “სუპერმამრობის” (მაჩოობის) ფარული სურვილი უბიძგებს მათ უფრო ქალურ ადამიანებზე (ქალებსა და მამაკაცებზე) სექსუალური დომინირებისკენ, და ამით ახდენს ბისექსუალური ქცევის პროვოცირებას.

დე ლა ვეგა აღწერს ლათინოამერიკელთა შორის ბისექსუალური ქცევის ოთხ ტიპს:

1) ფარული ჰომოსექსუალები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თავისი ორიენტაცია. როგორც წესი ისინი ქორწინდებიან ოჯახის ან თემის ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამჯობინებენ ჰომოსექსუალურ კონტაქტებს, თუკი აქვთ მათი დამალვის საშუალება.

2) ფარული, ლატენტური ჰომოსექსუალებიც თვლიან თავს ჰეტეროსექსუალებად, მაგრამ მუდმივად აქვთ ეროტიკული ლტოლვა მამაკაცების მიმართ, რაც მათ ამცირებს და აღიზიანებს. ასეთი მამაკაცები ბისექსუალურ კონტაქტებში მხოლოდ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შედიან, რითაც ამ “უცნაურ” ქცევას “ამართლებენ.” საჯარო გამოსვლებში ისინი არც თუ იშვიათად ავლენენ ჰომოფობიას და ჰომოსექსუალობის მიმართ გამოჩენილ ზიზღს ფსიქოლოგიური დაცვის ერთგვარ ფორმად იყენებენ.

3) ზემამაკაცური “მაჩოები”. ზოგჯერ აქვთ კონტაქტები ჰომოსექსუალებთან, რადგან მათ არა მამაკაცებად, არამედ ფსევდო-ქალებად აღიქვამენ.

4) იძულებითი ბისექსუალური ქცევა. ზოგი პროსტიტუციას ეწევა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს, ზოგი იმისთვის, რომ იყიდოს ნარკოტიკები.

თითქმის უეჭველია, რომ სხვა უმცირესობების წარმომადგენლებშიც არსებობს ბისექსუალური ქცევის მსგავსი ფორმები, მაგრამ ჯერჯერობით ის არ არის დაწვრილებით შესწავლილი.

ბისექსუალების მიმართ დამოკიდებულება ჩვენ საზოგადოებაში მთლიანობაში ნეგატიურია (Coleman, 1987). ისინი პრობლემათა რიგს აწყდებიან, მაგრამ ამასთანავე, არ აქვთ ისეთი ორგანიზებული მხარდაჭერა, როგორიც ჰომოსექსუალებს. გარდა ამისა, ბისექსუალებზე უამრავი ცრურწმენა არსებობს. მაგალითად, ზოგი თვლის, რომ ბისექსუალებს არ შეუძლიათ სიყვარული, ზოგი თვლის, რომ ისინი ზედმეტად სექსუალურები არიან და მძიმე ნევროზები ჭირთ. ბოლოს, თვლიან, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ბისექსუალები ჰეტეროსექსუალებზე მეტ სირთულეს აწყდებიან (Coleman, 1982, 1985). ჰომოსექსუალებიც და ჰეტეროსექსუალებიც ზიზღით უყურებენ ბისექსუალებს.

როგორც ჩანს, მათთვის ბისექსუალობა ისეთივე საშიშროებას წარმოადგენს, როგორც “ჰომოფობია” ჰეტეროსექსუალებისთვის.

“საპირისპირო” სექსუალური ორიენტაციის არსებობა, შესაძლოა, საშიში იყოს სათუთი და არასტაბილური სექსუალური თვითიდენტიფიკაციის მქონე ადამიანებისთვის. ანალოგიურად “ბიფობია” დამახასიათებელია სუსტი და მერყევი სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთათვის, რომელთა დაშინებაც ადვილია (Coleman, 1987). და ბოლოს, როგორც უკვე ითქვა, ბისექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საგრძნობლად გაამძაფრა შიდსის ეპიდემიამ.

ამ პრობლემების მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბისექსუალები უარესად გრძნობენ თავს ვიდრე ჰომოსექსუალები ან ჰეტეროსექსუალები. მაგალითად, ჰეტერო- ბი- და ჰომოსექსუალ ქალთა შედარებითი ფსიქიკური ანალიზის დროს მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა (La Torre, Wendenberg, 1983). მამაკაცთა ანალოგიურმა კვლევამ იგივე დასკვნა გამოიტანა (Klein, 1978).

ბისექსუალობის ბუნება ახლანდელ დროშიც საიდუმლოდ რჩება. არ არსებობს სანდო მონაცემები ბისექსუალობის “მიზეზებზე”, ხოლო ბისექსუალთა ბიოგრაფიების მრავალფეროვნება არღვევს მრავალრიცხოვან თეორიებს ამ სექსუალური ორიენტაციის წარმომავლობის შესახებ. სავსებით დასაშვებია, რომ ამ ფენომენის შესახებ დაგროვილი ცოდნა დაგვეხმარება უკეთ გავერკვიოთ ადამიანის სექსუალურ ბუნებაში.


Bookmark and Share