ESSE HOMO

ანდრეი კრავჩუკი, რამდენიმე შენიშვნა ჰომოსექსუალობის თემაზე¨

ბისექსუალობა, ბისექსუალები

ამერიკელი ფსიქოლოგის ალფრედ კინზის თეორიის თანახმად, ადამიანთა უმრავლესობის სექსუალური ორიენტაცია ცალსახად ჰეტერო- ან ჰომოსექსუალური კი არაა, არამედ რაღაც შუალედური, თუმცა, ძირითადად ამა თუ იმ სქესისადმი უპირატესობის მინიჭებით. ბისექსუალებს ეძახიან ადამიანებს, რომელთაც აქვთ სექსუალური ლტოლვა როგორც საწინააღმდეგო, ასევე – საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. აუცილებელი არაა ბისექსუალს ერთდროულად ჰქონდეს ჰეტერო- და ჰომოსექსუალური კონტაქტები. ის შეიძლება გარკვეულ ხანს ცხოვრობდეს განსხვავებული სქესის ადამიანთან, ხოლო შემდეგ დაამყაროს ერთსქესიანი კავშირი და პირიქით. მას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სექსუალური კონტაქტები – სექსუალობა და სქესობრივი კავშირი სულაც არაა ერთიდაიგივე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გეი და ლესბოსელი რეალურად არ განიცდის ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ, ლაპარაკობს თავის ბისექსუალობაზე, რადგან ამ სახით მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უფრო ადვილია მისი ჰომოსექსუალობის მიღება. მოდის გამო და სკანდალური პოპულარობის მიზნით, პოპ-ვარსკვლავმა შეიძლება, პირიქით, “დაიბრალოს” ბისექსუალობა, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

ხშირად, ლესბი/გეიური საზოგადოებაც და სექსუალური უმრავლესობაც ზურგს აქცევს ბისექსუალებს, რადგან თვლიან, რომ ისინი რაღაცნაირად ღალატობენ ბუნებრივობას. თუმცა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ბისექსუალი უბრალოდ ტყუის, როცა ¨არ სურს აღიაროს თავისი ჭეშმარიტი სექსუალობა¨ ან, რომ მისი გრძნობები ერთი სქესის ადამიანების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე სქესის წარმომადგენლებისადმი. ყოველივე ქვემოთ თქმული გეებზე და ლესბოსელებზე სამართლიანია ბისექსუალებისთვისაც.

გენდერი, გენდერული პრობლემები

გენდერი – რუსული და უკრაინული (ასევე ქართული) ენისათვის ახალი სიტყვაა და ინგლისური gender-ის ტრანსლიტერაციაა. ინგლისურ ენაში ადრე ეს სიტყვა ძირითადად გრამატიკული სქესის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა უფრო ხშირად სიტყვა sex-ის შემცვლელად იხმარება, სქესის არა ფიზიოლოგიური, არამედ სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტით განხილვისას. კერძოდ, სიტყვა transsexual ახლა ძირითადად სამედიცინო ასპექტით გამოიყენება; ზოგად კონტექსტში უფრო და უფრო ხშირად იხმარებიან სიტყვები transgendered და trangender. ტერმინოლოგიის დაუმუშავებლობის გამო, ცხადია მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს ენაში ინგლისურენოვანი ტერმინების დუბლირება

“ცისფერი მაფია”

“შეთქმულების თეორიის” ნაირსახეობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ბუნდოვნად ფორმულირებული ცნება, აღნიშნავს ჰომოსექსუალთა რაღაც თანხმობას, რომლის მიზანია ამა თუ იმ საზოგადოებრივ სფეროზე მათი კონტროლის დაწესება. ჩვეულებრივ, პიროვნულ შეხედულებებს შორის განსხვავება უფრო ძლიერია, ვიდრე საეჭვო ერთობა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. დასავლეთში არსებობს სხვადასხვა პროფესიული გეი-ასოციაციები, მაგალითად: ჟურნალისტების, მეხანძრეების ან პოლიციელების, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იბრძვის თავისი მოღვაწეობის სფეროს აბსოლუტურად გაკონტროლებისათვის. ეს უბრალოდ შეუძლებელიცაა, რადგან გეები ყველგან აბსულუტურ უმცირესობას შეადგენენ. იგივე ეხება პოლიტიკურ ჯგუფებსაც. “ცისფერი მაფიის” არსებობის შთაბეჭდილება ზოგჯერ შეიძლება შეიქმნას სფეროებში, სადაც გარკვეული პირობების გამო, გეებისა და ლესბოსელების პროცენტი საშუალოზე მაღალია, მაგალითად: შოუ-ბიზნესში, ხელოვნების სფეროში და ა.შ.

ჰომოსექსუალობა კაცობრიობის ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ უძველესი კულტურების უმრავლესობაში ჰომოსექსუალური კავშირები არ ითვლებოდა რაიმე განსაკუთრებულად ან აკრძალულად, ის მაინც მოქცეული იყო ადგილობრივი კულტურული ტრადიციების მკაცრ ჩარჩოებში. გეები და ლესბოსელები, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით მხოლოდ 19-20 სს.-ის მიჯნაზე გამოჩნდნენ.

ჰომოსექსუალური კავშირები ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და იაპონიაში, თუმცა დაუწერელი ტრადიციები ყოველთვის მკაცრად ზღუდავდნენ ორი ადამიანის ნებისმიერი ურთიერთობის სფეროს. კერძოდ, ჰომოსექსუალური ურთიერთობა არასოდეს განიხილებოდა როგორც თანასწორი ურთიერთობების ალტერნატიული ფორმა – ის მხოლოდ ავსებდა ტრადიციულ ოჯახურ ურთიერთობას; ერთსქეოსვანი სექსუალური კავშირი შესაძლებელი იყო მხოლოდ არათანაბარ პარტნიორებს – უფროსსა და უმცროსს, მასწავლებელსა და მოსწავლეს, კეთილშობილ მეომარსა და პაჟს შორის.

რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა პიროვნული მიჯაჭვულობა და სიყვარული უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ქცევის წესები. თუმცა პიროვნების თავისუფლებისა და არჩევანის უფლების ცნებები მხოლოდ ახალ დროში გაჩნდა ევროპაში. ძველ და ტრადიციულ კულტურებში ჰომოსექსუალური კავშირი არასოდეს იყო კავშირი ორ თანასწორუფლებიან ადამიანს შორის. უფროსი პარტნიორის როლი ქმრის (მფარველის) ტრადიციულ როლს შეესაბამებოდა, ხოლო უმცროსისა – მასზე დამოკიდებულს.

დედამიწაზე არსებულ კულტურათა უმრავლესობა საკმაოდ ინდეფერენტულია ჰომოსექსუალობის მიმართ. გამონაკლისს წარმოადგენს იუდეური, ქრისტიანული და ისლამური სამყარო, რასაც ისტორიული ფესვები გააჩნია. ძველი ებრაელებისათვის ჰომოსექსუალობა ასოცირდებოდა გარშემო მცხოვრები ხალხების წარმართობასთან და ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა მათთვის კერპთაყვანისმცემლობასთან ბრძოლის ფორმა იყო, მსგავსად მკითხაობისა და სხეულის მოხატვის გაკიცხვისა, რაზეც ნათლად მეტყველებს ბიბლია. ეს დამოკიდებულება ქრისტიანობასა და ისლამზეც გადავიდა. ამავე დროს, ყველა იმ აღმოსავლურ რელიგიასა და კულტურაში, რომელთაც არ შეხებიათ ქრისტიანობისა და ისლამის გავლენა, ჰომოსექსუალობას არ განიხილავენ როგორც სერიოზულ სოციალურ საკითხს (იხ. რელიგიები და ჰომოსექსუალობა).

ამერიკის (განსაკუთრებით ჩრდილოთ ამერიკის) ტრადიციულ კულტურებში, ევროპის უძველესი კულტურების მსგავსად, ყოველთვის არსებობდა ინსტიტუციალიზებული ჰომოსექსუალობა. “ბერდაჩები” (ქალის როლის შემსრულებელი მამაკაცები, ან პირიქით) იმ სქესის წარმომადგენლად ითვლებოდნენ, რომლის როლსაც ასრულებდნენ და ამასთან ერთად, გარკვეული მაგიური შესაძლებლობებით აღიჭურვებოდნენ.

ჰომოსექსუალობა და შემოქმედება, პროფესიული საქმიანობა, ცნობილი გეები და ლესბოსელები

ძალიან ხშირად, ძირითადად ჰომოფობური გამოთქმების საპასუხოდ, ვხვდებით ცნობილი გეებისა და ლესბოსელების ჩამონათვალს, რომელთა შორისაც ბევრია ხელოვნების მოღვაწე. ამ დროს, კონკრეტული ადამიანის ამა თუ იმ კატეგორიასთან მიკუთვნების კრიტერიუმები სხვადასხვაა. უნდა გვესმოდეს, რომ მართალია ჰომოსექსუალური ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ გეები და ლესბოსელები, ამ სიტყვების თანამედროვე გაგებით, უახლოეს წარსულში გაჩნდნენ (იხ. ჰომოსექსუალობა კაცობრიობის ისტორიაში). ამასთან ერთად, წარსულის გამოჩენილი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. უპირატესად ჰომოფობური კულტურული გარემოცვის გამო, ასეთი ფაქტების აფიშირება არც ახალ დროში ხდებოდა. შემოქმედებითი ოსტატობისა და პროფესიონალობას კავშირი რომელიმე სექსუალურ ორიენტაციასთან სრულიად წარმოუდგენელი და სასაცილოა, ამიტომ უაზრობაა ვისაუბროთ გეებისა და ლესბოსელების რაიმე განსაკუთრებულ ტალანტზე, ისევე როგორც მათ საერთო უნიჭობაზე – ლაპარაკი შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებზე. თვითონ ჰომოსექსუალობა შემოქმედებით შესაძლებლობებზე არანაირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ შესაძლოა ამით გამოწვეული ცხოვრებისეული ვითარებები ხელს უწყობდნენ ან ხელს უშლიდნენ ასეთი შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.

ხშირად საუბრობენ გეების განსაკუთრებული მხატვრული ნიჭიერების შესახებ. ისინი მართლაც ხშირად გვხვდებიან მხატვრებს, მწერლებს, კომპოზიტორებს შორის. თუმცა, თუ შევაფასებთ ხელოვნების ცნობილ მოღვაწეთა საერთო რაოდენობას, გეების პროცენტი საშუალო სტატისტიკურ დონეზე აღმოჩნდება. ხელოვნების სფეროში მათი შესამჩნევი სიმრავლე დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელოვან ადამიანს საზოგადოება უფრო ადვილად პატიობს ¨სხვანაირობას¨, ¨განსხვავებულობას¨. შესაბამისად, გეისთვის ადვილია უფრო შემწყნარებლურ გარემოში ცხოვრება და გახსნილობა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალებს მიდრეკილება აქვთ შემოქმედებითი პროფესიებისადმი ან, რომ ისინი არ გვხვდებიან ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფეროებში. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ბრიტანელი მათემატიკოსი, კიბერნეტიკის ერთ-ერთი მამამთავარი ალან თიურინგი, ან ჰოლანდიელი პოლკოვნიკი, კოსოვოში ნატოს კონტინგეტის მთავარსარდალი რენე ჰოლტელი. თანამედროვე გეები ლიბერალურ ქვეყნებში, საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გარეშე, სხვა ადამიანების მსგავსად, მოღვაწეობის ყველა სფეროზე არიან გადანაწილებულნი. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ღია გეებსა და ლესბოსელებს უკავიათ სოფლის მეურნეობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრების, აგრეთვე ჩრ. ირლანდიის საქმეთა მინისტრისა და გარემოს დაცვის უმცროსი მინისტრის თანამდებობები; ვაჭრობის მინისტრი, მისი სკანდალური გამოაშკარავების შემდეგ, იძულებული გახდა პოსტიდან გადამდგარიყო.

ბავშვები

გავრცელებულია აზრი, რომ ერთის მხრივ, გეებისა და ლესბოსელებისათვის უცხოა დედა-შვილობის გრძნობა, ხოლო მეორეს მხრივ, თავისი ¨ნეგატიური მაგალითით¨ რყვნიან ბავშვებს, ამიტომ მათ არ შეუძლიათ კარგი მშობლები იყვნენ. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ჰომოსექსუალების დიდ ნაწილს სურს შვილების ყოლა, ხოლო ბევრს ჰყავს კიდეც. კვლევებმა აჩვენეს, რომ გეურ და ლესბოსურ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებს რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ გააჩნიათ. აზრი იმის შესახებ, რომ გეები და ლესბოსელები თავის შემცვლელებად ზრდიან ბავშვებს, არ დასტურდება. გეებისა და ლესბოსელების დიდი უმრავლესობა იზრდება სრულიად ნორმალურ ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში, ხოლო ერთსქესიან ოჯახში აღზრდილი ბავშვის მიდრეკილება ამგვარი ურთიერთობისადმი ისეთივეა, როგორც მისი თანატოლებისა. რა თქმა უნდა, მშობლების ურთიერთობის შემხედვარე, მას ნაკლებად სჯერა საზოგადოებაში გავრცელებული მითებისა და თვით ჰომოსექსუალური ურთიერთობები მისთვის არ წარმოადგენს რაღაც ნეგატიურ მოვლენას.

გეები ბავშვების ყოლას სხვადასხვა საშუალებებით ახერხებენ. ყველაზე ხშირად ეს არიან ჰეტეროსექსუალური კავშირის შედეგად გაჩენილი ბავშვები. ზოგჯერ ეს არიან ბავშვები გეებისა და ლესბოსელების ქორწინებიდან, ან ნაცნობი გეი ლესბოსელისთვის სპერმის დონორის ხდება, ან ზოგიერთ ქვეყანაში გეებს აქვთ ბავშვის აყვანის უფლება (კანონით – ნიდერლანდებში, სხვა ქვეყნებში ამის გაკეთება სასამართლოს საშუალებით შეიძლება). ლესბოსელებისათვის, ბუნებრივია, ბავშვების ყოლის პრობლემა არც ისე აქტუალურია და კანადისა და ახალი ზელანდიის სამართალწარმოებაში უკვე არის პრეცედენტები ლესბოსურ ოჯახებში ერთ-ერთი განქორწინებული პარტნიორის მიერ ბავშვთან დარჩენილი ქალისათვის ალიმენტის გადახდის გადაწყვეტილებისა.

ჰომოსექსუალობის მკურნალობა

ადრე ჰომოსექსუალობა ფსიქიკურ გადახრად ითვლებოდა. სპეციალისტებისა და საზოგადოების დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ მიკერძოებული იყო, იმის გამო, რომ გამოკვლევათა უმრავლესობა შეიცავდა მონაცემებს იმ გეებსა და ლესბოსელებზე, რომელნიც მკურნალობდნენ. როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს მონაცემები გეებზე, რომლებიც არ მკურნალობდნენ, იდეა ჰომოსექსუალობის ავადმყოფობის შესახებ, არასწორად სცნეს.

1973 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ახალი კვლევების მნიშვნელოვნება იმით დაადასტურა, რომ ტერმინი “ჰომოსექსუალობა” ყველა ფსიქიკური და ემოციონალური დარღვევების სიიდან ამოიღო. 1975 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ეს გადაწყვეტილება დაადასტურა. ორივე ასოციაციამ კოლეგებისაგან მოითხოვა დახმარება იმ დოგმას (ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა) გაბათილებაში, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ფენებში არსებობდა. ჰომოსექსუალობის – როგორც ავადმყოფობისა და გადახრის ოფიციალური დეკლასიფიკაციის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ორივე ასოციაციის უამრავმა გამოკვლევამ დაადასტურა.

იმის მიუხედავად, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არც ავადმყოფობაა და არც ფსიქიური დაავადება და შესაბამისად, არ არსებობს გეებისა და ლესბოსელების მკურნალობის და ორიენტაციის შეცვლის მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზები, ზოგიერთი ეძებს თავისი ან სხვა ადამიანის (მშობლები, რომლებიც შვილის განკურნებას ცდილობენ) სექსუალური ორიენტაციის შეცვლის საშუალებებს. ზოგიერთი ექიმი, რომელსაც ასეთი მცდელობები ჰქონდა, იუწყება, რომ მათ შესძლეს კლიენტის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა (ჰომოსექსუალურიდან – ჰეტეროსექსუალურზე). ასეთი ანგარიშების დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ორიენტაციის შეცვლის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს: ამგვარი ანგარიშების უმრავლესობა ეკუთვნის ორგანიზაციებს, რომელნიც იდეოლოგიური პრინციპების გამო ჰომოსექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგნი არიან, და არა ფსიქიკური ჯანმრთელობის მკვლევარებს; არ არსებობს მეთოდების აღწერა და რეზულტატები ცუდადაა დოკუმენტირებული; კლიენტის “განკურნების” შემდეგ მასზე დაკვირვების დრო ძალიან მცირეა და არ არის საკმარისი სექსუალური ორიენტაციის შეცვლის წარმატებული კლინიკური ფაქტის კონსტატაციისათვის. 1990 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ განაცხადა, რომ მეცნიერული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ არსებობს მკურნალობა, რომელიც სექსუალური ორიენტაციის შეცვლის საშუალებას იძლევა. ამასთან ერთად, [მკურნალობის] ასეთმა მცდელობებმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე – სარგებელი. სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ დაიყვანება უბრალოდ სექსუალური ქცევის შეცვლამდე. ის გულისხმობს ემოციური, რომანტიკული და სექსუალური გრძნობების შეცვლას, აგრეთვე პიროვნების თვითგამორკვევისა და მისი სოციალური განსაზღვრის რესტრუქტურირებას და შეცვლას. რათქმაუნდა, ზოგიერთ ექიმს აქვს პიროვნების ასეთი ძლიერი კორექციის მცდელობა, რომელიც თეორიულად შეიძლება ჩაითვალოს სექსუალური ორიენტაციის შეცვლად, მაგრამ იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია მკურნალობით იმის შეცვლა, რაც არ წარმოადგენს გადახრას და პიროვნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა გეის და ლესბოსელს, რომელიც სამკურნალოდ ფსიქიატრს და ფსიქოანალიტიკოსს აკითხავს, როდი სურს თავისი ორიენტაციის შეცვლა. ხშირად, მათ ისეთივე მკურნალობა და კონსულტაციები სჭირდებათ, როგორიც ყველა სხვას. ზოგჯერ ისინი საჭიროებენ ფსიქოლოგიურ დახმარებას, რათა “გაიხსნან” ან ეს დახმარება დაკავშირებულია სხვა ასპექტებთან (დისკრიმინაცია, ძალადობა და ა.შ.).

(ინფორმაცია აღებულია ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ოფიციალური საიტიდან www.apa.org/pubinfo/orient.html)

სახელწოდება

მამაკაცი-ჰომოსექსუალების აღმნიშვნელ ყველაზე გავრცელებულ ტერმინს ინგლისური ენიდან ნასესხები სიტყვა “გეი” წარმოადგენს, ხოლო ჰომოსექსუალი ქალების აღსანიშნავად – “ლესბოსელი”. ეს ტერმინები აზრობრივად სრულიად ნეიტრალურია და არ შეიცავენ არანაირ მორალურ შეფასებას. ასევე სრულიად ნეიტრალურად ჟღერს ტერმინი “ცისფერი”, მაგრამ ეს სიტყვა ზოგიერთისთვის შეიძლება უსიამოვნოდ ჟღერდეს, ამიტომ უმჯობესია “გეის” და მისგან ნაწარმოები სიტყვების ხმარება. ზედსართავი სახელი “გეიური” შეიძლება ასევე აღნიშნავდნეს საერთოდ “ჰომოსექსუალურს” როგორც კაცებთან, ისე ქალებთან მიმართებაშიც, განსაკუთრებით ინგლისურიდან თარგმანებში. უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც, იგივე ეხება თვითონ სიტყვა “გეის”.

ადრე ფართოდ გამოყენებადი სიტყვა “ჰომოსექსუალისტი”, ეხლა თანდათან გამოდის ხმარებიდან, რადგან ზედმეტად სპეციფიურ-მეცნიერულად ჟღერს. ის ნელ-ნელა ჩანაცვლდა სიტყვით “ჰომოსექსუალი”, ინგლისური ენის ანალოგიურად (იქ სიტყვა homosexualist პრაქტიკულად უცნობია). ამის გასამართლებლად შეიძლება დავამატოთ, რომ სიტყვა “ბისექსუალისტი” ქართულში არ არის, არის მხოლოდ სიტყვა “ბისექსუალი”.

სიტყვა “პედერასტი”, რომ აღარაფერი ვთქვათ მისგან ნაწარმოებ ვულგარულობებზე, ძალიან უხეშად და შეურაცხმყოფლად ჟღერს და თავი უნდა შევიკავოთ მისი ხმარებისაგან, თუმცა მისი ხმარება გამართლებულია სპეციალურ ლიტერატურაში, როგორც მეცნიერული ტერმინისა. აღსანიშნავია, რომ გეურ გარემოში ხშირად გამოიყენება “პედერასტიდან” ნაწარმოები შეურაცხმყოფელი სიტყვები საერთო ლექსიკიდან, სრულიად ნეიტრალური მნიშვნელობით.

ზოგიერთ მამაკაცს და ქალს არ სურს თავისი სექსუალობა განსაზღვროს დაფიქსირებულ ტერმინებში და წინააღმდეგია, რომ მას მოიხსენიებდნენ რომელიმე ამ ტერმინით (იხ. თვითიდენტიფიკაცია). სამეცნიერო ტერმინოლოგიაში, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია შიდსისა და სხვა სქსობრივი გზით გადამდები დაავადებებისადმი მიძღვნილი კვლევებისათვის, გამოიყენება ტერმინები: “მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან” და “ქალები, რომელთაც სექსი აქვთ ქალებთან” (შემოკლებით მსმ და ქსქ). ამ შემთხვევაში მთავარია სექსუალური ურთიერთობის ფაქტი და არა მათი მოტივირება.

გეები თავიანთ პარტნიორებს სხვადასხვაგვარად ეძახიან და არც ერთს არ ენიჭება უპირატესობა. ეს არის ან ინგლისურიდან ნასესხები – ბოიფრენდი, პარტნიორი, ან ფართოდ გავრცელებული სიტყვები – მეგობარი, ქმარი, მეუღლე, საყვარელი. გეები ნაკლებად იყენებენ თავისი და პარტნიორის მიმართ მდედრობითი სქესის სახელებს; როგორც წესი, ისინი ერთმანეთს მამრობითი სქესის სიტყვებით მიმართავენ.

ჰეტეროსექსუალების აღსანიშნავად გეები ხშირად სიტყვა “ნატურალს” იყენებენ. ეს სიტყვა ჟღერადობით სრულიად ნეიტრალურია და დაახლოებით სიტყვა “ცისფერის” მეწყვილეს წარმოადგენს, როგორც ინგლისურში straight – სიტყვასთან gay. ბევრი ჰეტეროსექსუალი წინააღმდეგია ამ სიტყვის. გარდა ამისა, ის არ მოწონს ზოგიერთ გეისაც, რადგან ფარულად აპირისპირებს “ბუნებრივს” (“ნატურალურს”) და “არაბუნებრივს”. თუმცა, ჩვენს ენაში უკეთესი ტერმინების არ არსებობის გამო, ეს სიტყვა სრულიად მისაღებია.

დასავლეთში გეების ტრადიციული ღონისძიებების აღსანიშნავად იხმარება ინგლისური სიტყვა “პრაიდი”, თარგმნის გარეშე (pride – ღირსება, სიამაყე). ძირითადად ეს არის მასობრივი (რამდენიმე ათეული მონაწილედან რამდენიმე ასეულამდე) მსვლელობები ქალაქის ქუჩებში და თანამდევი ღონისძიებები – მიტინგები, კონცერტები და ა.შ. გეური სუბკულტურის ცნება ბევრისთვის, პირველ რიგში, ამ ხმაურიან და ფერადოვან აქციებთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ფესტივალი, კარნავალი, რომელიც ექსცენტრული და ფერადია თავისი ბუნებით და არა მისი მონაწილეების სპეციფიურობის გამო.

ეროვნული თავისებურებები

ნებისმიერ კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა მისთვის უცხო მოვლენაა და მისი გავრცელება იმ კულტურების ზეგავლენის შედეგია, რომლებშიც ის ფართოდაა გავრცელებული. ევროპულ-ქრისტიანული ცივილიზაციის წარმომადგენელთა აზრით ჰომოსექსუალობა გავრცელებულია აღმოსავლეთში და აფრიკისა და ამერიკის პრიმიტიულ კულტურაში; აფრიკელი და აზიელი მორალის დამცველთათვის ჰომოსექსუალობა თეთრი კოლონიზატორების მიერაა შეტანილი; შუასაუკუნეებისა და ახალი ევროპელებისათვის რუსეთი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ზნეობივი აღვირახსნილობით (მაგალითისთვის იხ. ი.კონის “მთვარის შუქი განთიადისას”), რუსი ტრადიციული მორალის დამცველთათვის ჰომოსექსუალობა – ¨დამპალი¨ დასავლეთევროპული კულტურის ნაყოფია.

სიმართლე კი ისაა, რომ კონკრეტულ კულტურაში იცვლება ამ მოვლენის ფორმები და გახსნილობის ხარისხი, თუმცა ის იყო და არის ყველგან და ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი ხარისხით. ტრადიციონალურ კულტურაში საზოგადოება ეგუება ჰომოსექსუალობას მაშინ, როცა ის არსებობს დადგენილი ფორმის ჩარჩოებში და სხვაგვარად არ მოვლინდება. ისლამურ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება ღია ჰომოსექსუალური ქცევა, მაგრამ საზოგადოებრივი მორალი ეგუება გავრცელებულ ფარულ, არააფიშირებულ კავშირებს. გეიური სექსი ტაბუირებული არაა ყმაწვილებისა და მოზარდებისათვის, მაგრამ ორი ზრდასრული მამაკაცის კავშირი მიუღებელია. ინდივიდუალისტური კულტურებისათვის გეიური სექსი სრულიად მისაღებია მანამ, სანამ ის კარგად შენიღბული პირადი საქმეა, მაგრამ რაიმე ხმამაღალი სკანდალის დროს საქმეში სხვა მორალური ნორმები ერთვება – როგორც ეს ო.უაილდის შემთხვევაში იყო. ლიბერალური კულტურები ადამიანს საშუალებას აძლევენ უფრო თავისუფლად მოიქცეს, თვითონ განსაზღვროს თავისი იდენტურობა და არ ზღუდავს რაღაც დადგენილი კატეგორიებით.

განმასხვავებელი ნიშნები

გეებისა და ლესბოსელების გარეგნობაში, ქცევასა და აზროვნებაში რაიმე ერთიანი მახასიათებელი არ არის. ზოგიერთი გეის გარეგნობა და ქცევა ქალურია, ზოგიერთის – არა; ზოგიერთი ლესბოსელი მამაკაცურია, ზოგიერთი – არა; ზუსტად ასევე არსებობენ ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ქალური მამაკაცები და მამაკაცური ქალები. საყურეები ყურებსა და სხეულის სხვა ნაწილებში ახლა პოპულარულია ზოგადად ახალგაზრდებს შორის.

სინამდვილეში, გეებისთვის დიდ პრობლემას სწორედ ერთმანეთის გარჩევა და აქედან გამომდინარე, გაცნობა წარმოადგენს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს უნდა, ის გარშემომყოფთ მიახვედრებს, რომ გეია. თუმცა, გეების უმრავლესობის გემოვნება პრინციპში არ განსხვავდება გარშემომყოფი უმრავლესობისაგან და მათ არ სურთ ჩაჯდნენ რაღაც დადგენილ სტერეოტიპში, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ განსხვავებულობას.

ხმოვნების გაწელვით ლაპარაკის მანერა და მითუმეტეს, თავისი თავის მდედრობითში მოხსენიება, გამოიყენება გარშემომყოფთა გასართობად და არა ჩვეულებრივი ურთიერთობისას.

გეები ხშირად ამტკიცებენ, რომ მათ გააჩნიათ “თავისიანების” გამორჩევის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი – თანამედროვე ინგლისურში ამას “გეიდარს” უწოდებენ (gaydar, gay + radar; ასევე ეწოდება სპეციალურ მოკლეტალღოვან მოწყობილებას, ავტომოპასუხის “მე შენიანი ვარ” ნაირსახეობას). პრინციპში, ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს თუ მის მიმართ სხვა ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ეს სხვა ადამიანიც მიხვდება, რომ მისი ეს ყურადღება შეამჩნიეს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს პატარ-პატარა გემოვნებითი თავისებურებები მანერებში და ჩაცმულობაში, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ეს ადამიანი შეიძლება იყოს გეი, მაგრამ მხოლოდ შეიძლება იყოს და მეტი არაფერი.

გეები საკუთარ თავს ათვითცნობიერებენ როგორც მამაკაცები, რომელთაც მოსწონთ მამაკაცები, ხოლო ლესბოსელები – როგორც ქალები, რომელთაც მოსწონთ ქალები. შესაბამისად, გეების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს მიღებულ მამაკაცურ ქცევის სტილსა და გარეგნობას, და ამავდროულად სხვა მამაკაცებშიც ამავე თვისებებს აფასებს; ანალოგიურად ლესბოსელებისთვის მთავარი ქალური თვისებებია. ქალური მამაკაცები გეებს შორის პოპულარობით არ სარგებლობენ. ლესბოსელებში მამაკაცური თვისებები ხშირად უფრო შესამჩნევი და მისაღებია, ვიდრე ნატურალ ქალებში. ამავე დროს, ლესბოსელები ძალიან აფასებენ და გამუდმებით ხაზს უსვამენ თავიანთ ქალობას. მართალია, გეები და ლესბოსელები არ ცდილობენ საწინააღმდეგო სქესის როლების სრულ კოპირებას, თუმცა, როგორც წესი, მათი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობისა და ქცევის მიმართ გაცილებით თავისუფალია და სხვებშიც მამაკაცისა და ქალის როლის თავსმოხვეული, სოციალური სტერეოტიპებისაგან განსხვავებას აფასებენ.

პედოფილია, დამნაშავეობა

პედოფილია – ეს არის სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, რომელიც ერთნაირი ალბათობით გვხვდება როგორც გეებს, ასევე ჰეტეროსექსუალებს შორის. გეებს, ნატურალებთან შედარებით, სულაც არ აქვთ უფრო მეტი მიდრეკილება პედოფილიისადმი. ჩიკატილო გეი არ ყოფილა. გეების სექსუალური გემოვნება მრავალფეროვანია, თუმცა საშუალოდ, ისევე როგორც ყველასთვის, უფრო მეტად ფასობს ახალგაზრდა ლამაზი ჯანმრთელი სხეული; გეებისთვის უფრო დამახასიათებელია ასეთი სხეულის კულტი, ვიდრე საშუალო პუბლიკისათვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს გემოვნებების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას.

გავრცელებულია აზრი, რომ გეები რაღაც თვალსაზრისით უფრო ამორალურები არიან, ვიდრე დანარჩენები, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს საზოგადოების ერთ-ერთ მორალურ ტაბუს. თუმცა ეს მოსაზრება არაფერს ემყარება. სტატისტიკა არ ადასტურებს, რომ გეები დანაშაულს ჰეტეროსექსუალებზე ხშირად სჩადიან. იგივე ეხება ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაც ხშირად ახსენებენ პრესაში, როგორც გეიური ცხოვრების დამახასიათებელ თავისებურებას. ეჭვიანობაში გასაკვირი არაფერია, არც იმაში, რომ ადამიანები ამის გამო ზოგჯერ დანაშაულზე მიდიან; მაგრამ გეები არც აქ განსხვავდებიან სექსუალური უმრავლესობისაგან

პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

რეფორმები, რომელთაც ბევრ ქვეყანაში გეებისა და ლესბოსელების მდგომარეობის საკანონმდებლო დისკრიმინაციის აკრძალვა გამოიწვია, შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკურმა პარტიებმა გააცნობიერეს ცვლილებების აუცილებლობა და წამოჭრილი საკითხების მნიშვნელობა. საუბარია სხვადასხვა პარტიებზე, მოძრაობებზე და ცალკეულ პიროვნებებზე. ამასთან, არა ვიღაც მარგინალებზე, არამედ მათზე, ვინც პოლიტიკური პროცესების ძირითად კალაპოტში იმყოფება. გეები და ლესბოსელები თავადაც აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ყურადღება თავიანთი პრობლემებისაკენ მიიპყრონ; ხშირად წარმატებითაც.

დასავლეთში 50-იანი წლებიდან გეიური მოძრაობის ტრადიციულ მოკავშირეებს მემარცხენე და ცენტრისტული მიმართულების პარტიები წარმოადგენენ: ლიბერალები, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტები, სოციალ-დემოკრატები, სოციალისტები, კომუნისტები, აგრეთვე ხშირად ეროვნული უმცირესობების პარტიები და პროფკავშირები, რომლებიც თანამშრომლობენ ყველა აქ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალასთან. გეებისათვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინააღმდეგ, როგორც წესი, გამოდიან რელიგიური, კონსერვატული, ტრადიციონალისტური, ნაციონალისტური და პროფაშისტური ჯგუფები. ადრე ღია გეიდ ყოფნა აუცილებლად ნიშნავდა მემარცხენე-ლიბერალური პოლიტიკოსების მხარდაჭერას – დემოკრატებისა აშშ-ში, ლეიბორისტებისა დიდ ბრიტანეთში, სოციალისტებისა საფრანგეთში და ა.შ. თუმცა, ბოლო დროს გეებისა და ლესბოსელებისათვის თანასწორობის საკითხის სიმწვავის მოხსნასთან და მთელი საზოგადოების მიერ მათი, როგორც ნორმალური მოქალაქეების გაცნობიერებასთან ერთად, მათი პოლიტიკური მოსაზრებები სხვა პიროვნულ ღირებულებებს ემყარება. გაჩნდნენ მთელი რიგი ცნობილი მოღვაწეები – ღია გეები, მაგალითად, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიებში; გეების ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა მისცა დღევანდელ რესპუბლიკელ მერს ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში, რომელნიც პოპულარულები თავიანთი ყველა თანამოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ მიმართული პოლიტიკის გამო გახდნენ. არსებობს ორგანიზებული გეიური ჯგუფები აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიაში (Long Cabin Society) და დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში (Torche).

ყველაზე უფრო ავტორიტეტულ ლესბოსურ-გეიურ ორგანიზაციებს შორის, პირველ რიგში, შეიძლება დავასახელოთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისია გეებისა და ლესბოსელებისათვის (IGLHRC) შტაბ-ბინით სან-ფრანცისკოში და ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაცია (ILGA), რომლის ცენტრალური ოფისიც ბრიუსელში მდებარეობს. ეს ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ გაეროსთან, ევროკავშირთან, ევროსაბჭოსთან, ცალკაული სახელმწიფოების მთავრობებთან. ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაციის ლობისტური საქმიანობის შედეგად დებულება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ შეტანილი იქნა ახალ ევროპულ ხელშეკრულებაში, რომელიც ევროკავშირის ფუნქციონირებას განსაზღვრავს, და ეხლა შეტანილ იქნა ახალი დამატებითი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პროტოკოლის პროექტში, რომელიც აუცილებელია ევროსაბჭოს ყველა ქვეყნისათვის, მათ შორის საქართველოსთვის.

და ბოლოს, ახლახანს გეური მოძრაობის ყოფილი აქტივისტი ქალი ტარია ჰალონენი არჩეულ იქნა ფინეთის პრეზიდენტად. აღსანიშნავია, რომ თვითონ ჰალონენი ლესბოსელი არ არის და უკვე დიდი ხანია პარტნიორ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მათი ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. 80-იანი წლების დასაწყისში ის იყო ფინეთის ლესბო-გეიური ჯგუფის SETA -ს პრეზიდენტი და როგორც პროფესიონალმა იურისტმა დიდი დახმარება გაუწია ჩანასახში მყოფ ფინურ გეიურ მოძრაობას. ამის შემდეგ იგი პროფესიონალურ პოლიტიკაში წავიდა და გახდა ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციის მინისტრი, ხოლო ბოლო წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. ის არასოდეს მალავდა SETA სთან თანამშრომლობას და სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე მუშაობისას აქტიურად მუშაობდა ჰომოსექსუალების პრობლემების მოგვარებისთვის როგორც ფინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ მისი ლობისტური საქმიანობის შედეგად ევროკავშირმა ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართ ევროპის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროკავშირში შესვლის მსურველ ქვეყნებში. რუმინეთი და კვიპროსი, მათი პარლამენტარების აშკარა წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ჰომოფობური კანონმდებლობის რეფორმაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს მცდელობები ჩათვლილ იქნენ არადამაკმაყოფილებლად და ეს ორი ქვეყანა არაორაზროვნად გააფრთხილეს, რომ ისინი ევროკავშირში ვერ შევლენ სანამ ძირეულად არ გადახედავენ ამ პრობლემების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას

ჰომოსექსუალობის მიზეზები

როგორ უვითარდება ადამიანს ესა თუ ის სექსუალური ორიენტაცა – აი კითხვა რომელზეც თანამედროვე მეცნიერებასა და მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ გააჩნიათ, ისევე როგორც არ არსებობს ამ პროცესის სრული გაგება. სხვადასხვა თეორიები გვთავაზობენ სექსუალური ორიენტაციის რამოდენიმე პირველწყაროს, მათ შორის გენეტიკურ მემკვიდრეობითობას, თანდაყოლილ ჰორმონალურ ფაქტორებს და ადრეული ბავშვობის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. თუმცა ბევრი მეცნიერი იზიარებს მოსაზრებას, რომ სექსუალური ორიენტაცია ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების რთული ურთიერთზემოქმედების გავლენით.

ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ადამიანის ფსიქიკის პრობლემების სხვა სპეციალისტები თვლიან, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა, გონებრივი ან ფსიქოლოგიური დარღვევა, ან ემოციონალური პრობლემა. უკანასკნელი 35 წლის მანძილზე ჰომოსექსუალობას საკმაოდ ობიექტურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არ არის დაკავშირებული ემოციონალურ ან სოციალურ პრობლემებთან.

(ინფორმაცია აღებულია ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ოფიციალური საიტიდან www.apa.org/pubinfo/orient.html)

რელიგია და ჰომოსექსულობა

ჰომოსექსუალობასთან დამოკიდებულებაში დასავლური (იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი) და აღმოსავლური რელიგიები (ინდუიზმი, ბუდიზმი, დაოსიზმი, კონფუციანობა და სინტოიზმი) ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მაშინ როცა რელიგიებს, რომლებიც სათავეს ძველებრაული ტრადიციებიდან იღებენ, ჰომოსექსუალობის მიმართ, როგორც წესი, ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, აღმოსავლური სწავლებები უმეტესწილად მას საერთოდ არ განიხილავენ.

ძველი ებრაელებისათვის ჰომოსექსუალობა იყო მეზობელი ხალხების წარმართული კულტურის ნაწილი, რომელიც მკაცრ გაკიცხვას და სრულ იგნორირებას ექვემდებარებოდა. მამაკაცთა ერთსქესიანი სექსის აკრძალვას შეიცავს ძველი აღთქმა და იუდეური რიტუალური წესდებები. სოდომისა და გომორას ისტორიას, რომელიც ხშირად ჰომოსექსუალობასთან ასოცირდება, თანამედროვე იუდეური და ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მოგვიანებით ქრისტიანობის აპოლოგეტებმა, პირველ რიგში პავლე მოციქულმა, ახალი ქრისტიანული სწავლების ასკეტური ხასიათი დაუპირისპირა გვიანდელი რომის იმპერიის კულტურის ჰედონიზმს. თვითონ იესოს ჰომოსექსუალობაზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს (ეს არცერთ სახარებაში არ არის ნახსენები). მუჰამედმა შეინარჩუნა და გაამკაცრა კიდეც იუდაიზმსა და ქრისტიანობის ყველა ანტიწარმართული დებულება. საგულისხმოა, რომ არცერთი რელიგია საერთოდ არ მოიხსენიებს ლესბოსელობას – ქალი მათთვის მეორეხარისხოვანი იყო და განსაკუთრებული ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა.

ამ თვალსაზრისით, ყველაზე რიგორისტულ* რელიგიად თანამედროვე ისლამი რჩება. ყოველგვარი თავისუფალი ქცევა, მათ შორის სექსის საკითხებში, დასაშვები იყო მხოლოდ იშვიათ სპეციფიურ შიიტურ სექტებში, კერძოდ ზოგიერთ სუფისტურ ორდენში; ყველა მიმდინარეობის ორთოდოქსული ისლამი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად კრძალავს გეიურ სექსს (რა თქმა უნდა, რეალობა არ შეესაბამება დაწერილ კანონებს).

მთლიანობაში, იუდაიზმმა შეინარჩუნა ჰომოსექსუალობასთან პირვანდელი დამოკიდებულება. თუმცა, ერთმნიშვნელოვანი და აბსოლიტური უარყოფა მხოლოდ ორთოდოქსულმა (გაბატონებულია ისრაელში და დიასპორაში, ჩრდილოეთ ამერიკის გარდა) და კონსერვატულმა მიმდინარეობებმა შეინარჩუნეს; იუდაიზმის რეკონსტრუქციონისტულმა და რეფორმირებულმა მიმდინარეობებმა, რომელნიც კონსერვატულ მიმდინარეობასთან ერთად, აშშ-სა და კანადის იუდეველთა უმრავლესობას აერთიანებენ, ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება საგრძნობლად შეარბილეს. ამ მიმდინარეობის რაბინთა უმრავლესობა ძველი აღქმის დებულებებს პირდაპირ (სიტყვასიტყვით) არ იგებს, და ბევრი მათგანი ლესბოსური და გეიური წყვილების საქორწინო ცერემონიებსაც ატარებს (ეს საკითხი თვითეული რაბინის გადასაწყვეტია).

ქრისტიანობის ორთოდოქსული მიმდინარეობები, მათ შორის მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი, ერთმნიშვნელოვნად ცოდვად განიხილავენ ერთსქესიან სექსს, თუმცა თავისთავად ჰომოსექსუალობას შესაძლოა თვლიდნენ არა ცოდვად, არამედ უფრო გამოცდად – აშშ-ს კათოლიკე ეპისკოპოსების ბოლო კონფერენციამ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. პროტესტანტიზმმა საგრძნობლად შეარბილა დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ. ამ საკითხისადმი პროტესტანტული ეკლესიის შეხედულებები მერყეობს ძველი აღქმის დებულებების მკაცრი შესრულებიდან – ლიბერალურ დამოკიდებულებამდე. უფრო მეტიც, არსებობს რამდენიმე უპირატესად ლესბი/გეიური ეკლესია, რომელთა შორის ყველაზე მსხვილია Universal Fellowship of Metropolitan Communitz Churches (მისი სწავლება ახლოსაა მეთოდიზმთან). ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს ვხვდებით მონათესავე ეკლესიებს შორის, და ერთი ეკლესიის შიგნითაც კი.

ლამბეტის უკანასკნელ კონფერენციაზე (მსოფლიო ანგლიკანური ეკლესიების წარმომადგენელთა რეგულარულ შეხვედრაზე), გამოვლინდა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა აზიისა და აფრიკის კონსერვატორ ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებსა და ლიბერალურ ჩრდილოამერიკულ ეპისკოპატს შორის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ანგლიკანური საზოგადოება განხეთქილების საფრთხის წინაშე დადგა. უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციული ანტიგეიური დამოკიდებულების გადასინჯვის მომხრეებად გვევლინებიან არა მარტო ჩრდილოამერიკელი და ევროპელი ეპისკოპოსები. გეებისა და ლესბოსელების ცნობილი მეგობარია ქეიპტაუნის ყოფილი ანგლიკანური ეპისკოპოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დესმონ ტუტუ.

აღმოსავლური ეკლესიები იცავენ ტრადიციულ ოჯახს, მაგრამ ჰომოსექსუალობას არ განიხილავენ პრობლემად, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს; იგივე შეიძლება ითქვას ბუდიზმზედაც. ბუდისტური ქვეყნები მოთმინებით ეპყრობიან ჰომოსექსუალობას და არა აქვთ დისკრიმინაციული კანონები გეებისა და ლესბოსელების მიმართ. ამასწინათ, ჰომოსექსუალური ქორწინების ჰავაის შტატში შესაძლო ცნობის გარშემო გაჩაღებულ კონფლიქტში უმსხვილესმა ადგილობრივმა ბუდისტურმა სექტამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ჰომოსექსუალების თანასწორუფლებიანობას. დალაი-ლამა დათანხმდა პირადად მიეღო მონაწილეობა 2000 წლის ზაფხულში რომში დაგეგმილ კონფერენციაზე “რელიგია და ჰომოსექსუალობა”.

* რიგორიზმი [ლათ. rigor – სიმკაცრე] – რაიმე პრინციპების, წესების მკაცრი, განუხრელი დაცვა, უპირატესად ზნეობრივ საკითხებში.

თვითიდენტიფიკაცია

ყველა მათგანი, ვინც განიცდის სექსუალურ ლტოლვას საკუთარი სქესის წარმომადგენელთა მიმართ, როდი თვლის თავს გეიდ (მამაკაცები) ან ლესბოსელად (ქალები). უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს ბისექსუალსაც არ უწოდებს. ზოგჯერ ეს ხდება კონკრეტული ადამიანის აზროვნებისათვის ამ ცნებების მიუღებლობის გამო; ზოგიერთი არ თვლის თავს ვალდებულად ჩაჯდეს ქცევის დადგენილ ჩარჩოში; ზოგი კი ადამიანების რომელიღაც სხვა კატეგორიას მიაკუთვნებს თავს. არსებობს ასეთი კატეგორიების დიდი რაოდენობა, რომელთა უმრავლესობის დასახელების ქართულენოვანი ანალოგები არც კი არსებობს, რადგან ეს საკითხი ჩვენს თანამემამულეთა უმრავლესობას დღემდე აზრად არ მოსვლია. ამას გარდა, კონკრეტული ადამიანის თვითიდენტიფიკაცია სიცოცხლის მანძილზე გარდაუვალ ცვლილებებს განიცდის – საკუთარი თავის ოჯახთან ასოცირებიდან დაწყებული, გარკვეულ სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ჯგუფებთან თავისი ნათესაობის გაცნობიერებით დამთავრებული. ბოლოს და ბოლოს, თითოეული ადამიანი უნიკალური არსებაა და არ შეიძლება დახასიათებულ იქნას მხოლოდ ჯგუფური ტერმინებით. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ არსებობს გეების, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანთა ჯგუფის, რაიმე განსაკუთრებული უფლებები – არის მხოლოდ პიროვნების უფლება იყოს თავისთავადი.

ადამიანის უფლება იყოს თავისთავადი გულისხმობს, რომ მისი იდენტიფიკაციის საფუძვლად ჩვენ უნდა მივიღოთ ამ ადამიანის შინაგანი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ტრანსექსუალები არ აღიქვამენ თავს თავისი ფიზიკური სქესის ადამიანებად, ამიტომ ისინი არ მიეკუთვნებიან მათ. გეები და ლესბოსელები, პირიქით, თავს აღიქვამენ მამაკაცებად ან, შესაბამისად, ქალებად, და ისინი უნდა აღიქმებოდნენ სწორედ ასეთებად.

სექსი

გეიურ სექსში არაფერია ეგზოტიკური – გეები და ლესბოსელები ერთმანეთთან აკეთებენ ზუსტად იმას, რასაც ქალი და მამაკაცი ნატურალურ სექსში. არამართებულია აზრი, რომ ყველა გეი სექსუალურად დაუკმაყოფილებელია – მათ სექსის მოთხოვნილებ ისეთივე აქვთ, როგორც ჰეტეროსექსუალებს. თუმცა, სირთულეებმა პარტნიორის ძიებაში შესაძლებელია ცხოვრების ამ მხარის აქცენტირება გამოიწვიოს. საშუალოდ, გეების პარტნიორების რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებისა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სტატისტიკური მონაცემები არაფერს ამბობენ კონკრეტულ პიროვნებაზე. პარტნიორების დიდი რაოდენობა აიხსნება ბევრი მიზეზით, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ: “მყარი ოჯახის” საზოგადოებრივი სტერეოტიპის არარსებობა; მისაღები პარტნიორის ძიებისას არასაკმარისი არჩევანი; ზოგადად მამაკაცების ლტოლვა სექსუალური პარტნიორების ცვლილებისაკენ – ლესბოსელებისათვის დამახასიათებელია მყარი და ხანგრძლივი კავშირები.

გეების სექსისადმი დამოკიდებულება უფრო თავისუფალია და ამიტომ თავშეკავებული ევროპელების ფონზე შეიძლება სექსუალურად დაუკმაყოფილებლების შთაბეჭდილებას ახდენენ; თუმცა, სექსუალურად ისეთ გახსნილ კულტურებში, როგორიცაა ბრაზილიური ან ჰოლანდიური, ისინი საერთო ფონზე მაიცდამაინც არ გამოირჩევიან.

მართალია ყველა კონკრეტულ ადამიანს გარკვეული საკუთარი სექსუალური ლტოლვები აქვს, გეებისა და ლესბოსელების უმრავლესობა სექსში საკმაოდ თავისუფალია და არ იზღუდავს თავს ერთი რომელიმე როლით. დაყოფა ¨აქტიურ¨ და ¨პასიურ¨ პარტნიორებად ხშირად სრულიად უაზროა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, ვის მივაწერთ ¨მამაკაცის¨ და ვის ¨ქალის¨ როლს. არ შეიძლება ჰომოსექსუალური ურთიერთობების განხილვა ჰეტეროსექსუალური ტერმინებით – ეს არის არა ¨ნორმალურის¨ იმიტაცია, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობის განსხვავებული ფორმა, რაც არ ცვლის ყველასათვის საერთო არსს (იხ. ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები).

სექსუალური ორიენტაცია

სექსუალური ორიენტაცია – სექსუალობის ოთხი კომპონენტიდან ერთ-ერთია და ხასიათდება გარკვეული სქესის ადამიანების მიმართ მყარი ემოციონალური, რომანტიული, სექსუალური და აფექციური ლტოლვით. სექსუალობის სამი დანარჩენი კომპონენტია ბიოლოგიური სქესი, სქესობრივი იდენტიფიკაცია (ფსიქოლოგიური განცდა მამაკაცად ან ქალად) და სოციალური სქესობრივი როლი (მამაკაცის ან ქალის ქცევის კულტურული ნორმების მემკვიდრეობა). როგორც წესი, ანსხვავებენ სამ სექსუალურ ორიენტაციას: ჰომოსექსუალური – საკუთარი სქესის პირებისადმი ლტოლვა; ჰეტეროსექსუალური – საწინააღმდეგო სქესის პირებისადმი ლტოლვა; ბისექსუალური – ორივე სქესის პირებისადმი ლტოლვა. სექსუალური ორიენტაცია განსხვავდება სექსუალური ქცევისაგან, რადგან ის მიეკუთვნება გრძნობებსა და თვითშეგრძნებებს. ადამიანებმა თავისი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება გამოხატონ (ან არ გამოხატონ) თავის სექსუალურ ქცევაში.

ადამიანების უმრავლესობას სექსუალური ორიენტაცია უყალიბდება განვითარების ადრეულ ეტაპზე, პირველი სექსუალური გამოცდილების მიღებამდე. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ წლების განმავლობაში უშუდეგოდ ცდილობს შეიცვალოს ორიენტაცია ჰომოსექსუალურიდან ჰეტეროსექსუალურზე. ამის გამო ფსიქოლოგები თვლიან, რომ სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ცნობიერ არჩევანს, რომლის შეცვლაც შეიძლება.

¨სექსუალური ორიენტაციის¨ სინონიმად არ შეიძლება გამოვიყენოთ გამოთქმა ¨სექსუალური უპირატესობების მინიჭება¨, რადგან მას მეტად ფართე და განუსაზღვრელი აზრი აქვს.

ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები

საზოგადოების მიერ ერთსქესიანი პარტნიორობის მიღებასთან ერთად, იზრდება გეების რაოდენობა, რომელნიც ოჯახებს ქმნიან; დასავლეთში, ისევე როგორც ნატურალ ახალგაზრდებს, გეებს შორისაც მოდური გახდა მონოგამია და ბავშვები. გეები და ლესბოსელები, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანები, ამყარებენ უფრო მყარ კავშირებს, დაფუძნებულს ურთიერთსიყვარულსა და მხარდაჭერაზე. სხვადასხვა საშუალებებით ახერხებენ ოჯახების შექმნას და ზოგჯერ ბავშვებსაც კი ზრდიან. მათ აქვთ ჩვეულებრივი ოჯახური პრობლემები, თუმცა ეს პრობლემები ზოგჯერ მძიმდება სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ასეთი კავშირების მიუღებლობის გამო.

ზოგიერთ სახელმწიფოში არარეგისტრირებულ პარტნიორებს (“სამოქალაქო ქორწინება”) თითქმის იგივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, რაც ოფიციალური ქორწინებისას. ასეთ ქვეყნებში გეური და ლესბოსური წყვილების სტატუსის ჰეტეროსექსუალური წყვილების სტატუსთან თანასწორობის აღიარება პრობლემას ხსნის. ასეა მაგალითად კანადაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელსა და უნგრეთში (ამ ორ უკანასკნელში გარკვეული პირობებით). ჩრდილო ევროპულ ქვეყნებში – დანიაში (გრენლანდიაშიც, მაგრამ არა ფარერის კუნძულებზე), შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში და ნიდერლანდებში – შემოღებულია გეებისა და ლესბოსელებისათვის პარტნიორობის განსაკუთრებული რეგისტრირება, რომელიც თითქმის იდენტურია ჩვეულებრივი ქორწინებისა, რამოდენიმე უფლების გამოკლებით, რომელთა შორის მთავარია ბავშვის შვილება. (ისლანდიაში პარტნიორებს შეუძლიათ იშვილონ ერთმანეთის ბავშვები, ხოლო ჰოლანდიაში ნებადართულია ნებისმიერი ჰოლანდიელი ბავშვის შვილება). საფრანგეთში და ბელგიაში მიიღეს კანონი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ორი ადამიანის პარტნიორობის რეგისტრირება, მიუხედავად მათი ურთიერთობის ხასიათისა. თუმცა ასეთ წყვილებს ანიჭებს მხოლოდ შეზღუდულ ოჯახურ უფლებებსა და მოვალეობებს. დასავლეთ ევროპის დანარჩენი ქვეყნები, აგრეთვე ჩეხეთი და სლოვენია ეხლა განიხილავენ კანონთა პაკეტის მიღებას სკანდინავიური ან ფრანგული მოდელით. ამავე დროს, ნიდერლანდებში იგეგმება უახლოეს დროში ქორწინების შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელიც მთლიანად გაათანაბრებს ტრადიციული და ერთსქესიანი წყვილების უფლებებს.

ერთსქესიანი ოჯახის ოფიციალურად აღიარების მნიშვნელობა მდგომარეობს, ჯერ ერთი სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან საკუთარი მოქალაქის პირადი უფლებებისა და გრძნობების აღიარებასა და პატივისცემაში; მეორეც, მათთვის სხვა დანარჩენი ადამიანების თანასწორი უფლებების მინიჭებაში.

ჩვენთანაც კი ცოლ-ქმარს არა მხოლოდ მორალური, არამედ გარკვეული მატერიალური და კანონით განსაზღვრული უპირატესობები გააჩნია ვიდრე დაუქორწინებლებს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ქორწინების სტატუსი იძლევა დიდ შეღავათებსა და უპირატესობებს – მაგალითად აშშ-ში არსებობს თითქმის 15 ათასი სხვადასხვა სახის საკანონმდებლო დებულება, რომელიც ცოლ-ქმარს ან პარტნიორებს უპირატესობას ანიჭებს ფედერალურ, საშტატო და ადგილობრივ დონეზე.

გეური ან ლესბოსური წყვილის ოჯახური ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი საშუალო ოჯახის ცხოვრებას, მაგრამ, ჩვეულებრივ განსხვავდება წყვილის დიდი თავისუფლებით და მათ შორის როლების მკაფიოდ განსაზღვრული გადანაწილების არ არსებობით. თუმცა, არსებობენ გეური კავშირები, რომელნიც ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური ოჯახის მოდელის კოპირებას ახდენენ. გეური და ლესბოსური წყვილების უმრავლესობაში პარტნიორებს ვერ ვუწოდებთ “ცოლს და ქმარს”; მითუმეტეს უაზრობაა იმის გარკვევა, თუ რომელი მათგანი რომელ სექსუალურ როლს ასრულებს

ცხოვრების სტილი

სრულიად უსაფუძვლოა საუბარი რაღაც “გეიური ცხოვრების სტილზე”, რადგან არ არსებობს გეებისა და ლესბოსელების რაიმე ერთიანი ცხოვრების სტილი, როგორც არ არსებობს ჰეტეროსექსუალების ერთიანი ცხოვრების სტილი. ზოგ გეისა და ლესბოსელს ჰყავს ბევრი სქესობრივი პარტნიორი, ზოგი ერთგულია ერთის, ზოგსაც საერთოდ არავინ ჰყავს. ერთნი ცხოვრობენ გახსნილად, მეორენი შეუმჩნევლად. ზოგს უყვარს (თუ ამის საშუალება არის) ხმაურიანი ელიტარული ცხოვრება, ღამის კლუბები და ბარები, ზოგი კი უპირატესობას ანიჭებს ოჯახურ სიმყუდროვესა და მეგობრების ვიწრო წრეს. ცხოვრების სტილი იმდენივეა, რამდენიც ადამიანია, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა.

ტრანსვესტიზმი

ტრანსვესტიზმი – ეს არის ადამიანების ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ტარებისაკენ. ასეთი ადამიანები უნდა განვასხვაოთ ტრანსსექსუალებისაგან – ტრანსვესტიტები თავს აცნობიერებენ საკუთარი ბიოლოგიური სქესის ადამიანებად, ხოლო საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელს იცმევენ სიამოვნებისათვის: სექსუალური აღგზნების, თვითგამოხატვის ან წინასწარ განსაზღვრული შოუსათვის. ტრანსვესტიტების დიდი, უდიდესი თუ არა, ნაწილი ჰეტეროსექსუალია. ინგლისურ ენაში განსხვავდება transvestites – ადამიანები, რომლებიც ატარებენ ამ ტანსაცმელს ¨თავისთვის¨ და drag queens (kings ქალებისათვის) – ადამიანები, რომელნიც ატარებენ ასეთ ტანსაცმელს საჩვენებლად, შოუსთვის. გეებისა და ლესბოსელების უმრავლესობა უპირატესობას თავისი სქესის ტანსაცმელს ანიჭებს და საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმელში გამოწყობა მათთვისაც ისევე უცნაურია, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანისათვის.

ტრანსსექსუალობა, ტრანსსექსუალები, ტრანსგენდერული ადამიანები

ეს ტერმინები განეკუთვნება შემთხვევებს, როდესაც ადამიანის ბიოლოგიური (ან ფიზიკური, ანუ გარეგნული) სქესი არ ემთხვევა მის ფსიქოლოგიურ სქესს, ანუ მის წარმოდგენას საკუთარ თავზე, როგორც მამაკაცზე ან ქალზე. მაშინ როდესაც, გეები აცნობიერებენ თავს მამაკაცებად, რომელთაც სექსუალურად იზიდავენ მამაკაცები, ხოლო ლესბოსელსბი ქალებად, რომელთაც სექსუალურად იზიდავენ ქალები, ტრანსსექსუალები თვლიან თავს მამაკაცებად, რომელთაც მოსწონთ ქალები ან ქალებად, რომელთც მოსწონთ მამაკაცები. ასე რომ, ტრანსგენდერული ადამიანები არ წარმოადგენენ გეებს და ლესბოსელებს და ხშირად არც განიხილებიან გეიური საზოგადოების ნაწილად. ნამდვილი ტრანსსექსუალობა ძალზედ იშვიათად გვხვდება, 1 შემთხვევა 50-100 ათას ადამიანზე, მაშინ როცა ჰომო- და ბისექსუალები შეადგენენ მოსახლეობის მთელი რაოდენობის 5-15%. ტრანსსექსუალების შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ არა სექსუალურ ორიენტაციაზე, არამედ გენდერულ იდენტურობაზე. ტრანსგენდერული ადამიანების პრობლემები, განსაკუთრებით მათი ვისაც არ ჩაუტარებია სქესის კორექციის ოპერაცია, საზოგადოების მხრიდან ხშირად აწყდება მიუღებლობისა და გაუგებრობის ყრუ კედელს. სქესის კორექციის ოპერაცია ხშირად ხსნის პრობლემების უმრავლესობას, თუნდაც ოფიციალურ დონეზე. უკრაინაში ასეთი (ძალიან ძვირადღირებული) ოპერაციის შემდეგ ადამიანი (მასზე ნებართვის მიღება მხოლოდ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი) იღებს ახალ საბუთებს, დაბადების მოწმობის ჩათვლით, რომელშიც მითითებულია მისი ოპერაციის შემდგომი სქესი და ცხოვრობს როგორც სრულუფლებიანი მოქალაქე. ბევრი ქვეყანა არ აღიარებს სქესის შეცვლას, თუმცა დემოკრატიული ლიბერალური სახელმწიფოები ითვალისწინებენ ტრანსგენდერული უმცირესობის პრობლემებს და ასპონსორებენ ასეთ ოპერაციებს როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო პროცედურებს.

მაშინ როდესაც, ცნობილი გეები და ლესბოსელები უკვე აღარ წარმოადგენენ იშვიათობას, ებრაელი მომღერალი ქალი დანა ინტერნეშნლი გახდა პირველი ტრანსსექსუალი, რომელმაც საყოველთაო წარმატებას მიაღწია. ამას წინათ, პირველად მსოფლიოში, ახალ ზელანდიაში ტრანსსექსუალი ქალი ჯორჯინა ბეიერი არჩეულ იქნა პარლამენტის დეპუტატად (მანამდე ის მშობლიური ქალაქია მერად იყო არჩეული).

 


Bookmark and Share