სექსუალური ორიენტაცია

ნაწყვეტი ი. ჯეი. ჰებერლის ¨სექსოლოგიის კურსიდან¨

განსაზღვრება

დღეისათვის, ტერმინი “სექსუალური ორიენტაცია” ხშირად გამოიყენება მდედრობითი ან მამრობითი სქესის მიმართ ეროტიული ლტოლვის გამოსახატად. თუმცა, როგორც ჩვენ ვნახავთ, ასეთი ლტოლვა ყოველთვის არ არის რომელიმე სქესისკენ მკაცრად მიმართული.

ადამიანებს, ისევე როგორც სხვა ძუძუმწოვრებს, შეიძლება სექსუალური ურთიერთობა არა მხოლოდ საპირისპირო, არამედ თავიანთი სქესის წარმომადგენლებთანაც ჰქონდეთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამრებსაც და მდედრებსაც შეიძლება ახასიათებდეთ როგორც ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური ქცევა. (პრეფიქსები ჰომო და ჰეტერო ბერძნულად “იმავეს” და “განსხვავებულს” ნიშნავს.)

ჰომოსექსუალური ქცევა ბავშვობაში საკმაოდ ჩვეულებრივია და რაიმე განსაკუთრებულად არაჩვეულებრივს მოზარდობის დროსაც არ წარმოადგენს. სინამდვილეში, ჩვენს კულტურაში, სქესობრივი მომწიფების წინა წლებში, ადამიანებს თავიანთი სქესის წარმომადგენლებთან გაცილებით ხშირი ეროტიული კონტაქტები აქვთ, ვიდრე საპირისპირო სქესთან. ამ პერიოდის განმავლობაში ჰეტეროსექსუალური კონტაქტებისგან თავის შეკავებისკენ მათ აქტიურად მოუწოდებენ. მაშინ, როდესაც მათ ჰომოსექსუალურ კონტაქტებს ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა ან საერთოდ უყურადღებოდ ტოვებენ. მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ხდება სიტუაციის თავისთავადი შემობრუნება. მას მერე, რაც სქესობრივი მომწიფების ასაკს მიაღწევენ, გოგოებისა და ბიჭებისგან მხოლოდ და მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ინტერესების გამოვლინებას ელიან, ხოლო ნებისმიერი ჰომოსექსუალური მისწრაფებები მკაცრად იდევნება. მიუხედავად ამისა, ზოგი ინდივიდი სიბერემდეც კი ინარჩუნებს ჰომოსექსუალურ კონტაქტებს. ზოგიერთი მათგანისთვის ასეთი სახის კონტაქტები მხოლოდ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს უმთავრესად ჰეტეროსექსუალური ცხოვრების წესში. სხვებისათვის უფრო ხშირია, თუმცა მაინც არათანმიმდევრული. არსებობენ ისეთებიც, ვისაც უმეტესად ჰომოსექსუალური კონტაქტები აქვს ან ეს, საერთოდაც, სქესობრივი თვითგამოვლინების ერთადერთი ფორმაა. ცხადია, სექსუალური ორიენტაცია ადამიანის სექსუალობისთვის დამახასითებებლი სამი ძირითადი ასპექტიდან ერთ-ერთ ასპექტად უნდა განიხილებოდეს. დანარჩენ ორს სქესი და გენდერი წარმოადგენს. სამივე მათგანს სხვადასხვა დონეები გააჩნია.

ადამიანის სექსუალობა: ძირითადი ასპექტები

სქესი

ადამიანის სქესი შეიძლება იყოს მამრობითი ან მდედრობითი. იგი ხუთი ფიზიკური კრიტერიუმის საფუძველზე განისაზღვრება: ქრომოსომული სქესი, გონადალური სქესი, ჰორმონალური სქესი, გამრავლების შინაგანი სტრუქტურები და გარე სასქესო ორგანოები. ადამიანი მამრი ან მდედრია იმდენად, რამდენადაც იგი სექსუალურობის ფიზიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ინდივიდების უმრავლესობა, ხუთივე კრიტერიუმის მიხედვით, მკაფიოდ გამოხატული მამრი ან მდედრია. უმცირესობა ზოგიერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს და ამდენად, მას ორმაგი სქესი (ინტერსექსუალურობა) გააჩნია.

გენდერი

გენდერი ადამიანის კაცურობას ან ქალურობას წარმოადგენს. იგი გარკვეული ფსიქოლოგიური მახასითებლების საფუძველზე განისაზღვრება. ეს მახასიათებლები მკაფიოდაა გამოკვეთილი ერთ რომელიმე სქესში და განუვითარებელია მეორე სქესის წარმომადგენლებში. ადამიანები იმდენად არიან კაცურები ან ქალურები, რამდენადაც ისინი შეესაბამებიან თავიანთ გენდერს. ინდივიდების უმრავლესობა იმ გენდერს ეკუთვნის, რომელიც მის ფიზიკურ სქესს შეესაბამება. თუმცა, უმცირესობა ნაწილობრივ ითავსებს გენდერს, რომელიც მის ფიზიკურ სქესს (ტრანსვესტულობა) არ შეესაბამება, ხოლო უფრო მცირე რაოდენობა მთლიანად შეიძლება მისი ფიზიკური სქესის საწინააღმდეგო გენდერს მივაკუთვნოთ (ტრანსსექსუალობა).

სექსუალური ორიენტაცია

სქესობრივი ორიენტაციის მიხედვით, ინდივიდი შეიძლება ჰეტეროსექსუალი ან ჰომოსექსუალი იყოს. ეს იმით განისაზღვრება თუ რომელი სქესის პარტნიორებს ანიჭებს იგი უპირატესობას. ადამიანების ჰეტეროსექსუალობასა და ჰომოსექსუალობაზე საწინააღმდეგო ან თავისივე სქესის წარმომადგენლებისაკენ მიმართული ეროტიული ლტოლვა მიუთითებს.

ინდივიდების უმრავლესობა მკაფიო ეროტიკულ ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ განიცდის (ჰეტეროსექსუალობა). ლტოლვა როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მიმართ (ბისექსულობა) ადამიანების უმცირესობას აქვს, ხოლო უფრო მცირე ნაწილს მხოლოდ მისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავს (ჰომოსექსუალობა).

ადამიანის სექსუალობა: მაგალითები

მამრი-კაცური-ჰეტეროსექსუალი

მამრობითი სქესის ინდივიდი, ჩვეულებრივ, კაცურ გენდერს და ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციას ამჟღავნებს. ასეთი ინდივიდი შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას “ტიპურ” მამაკაცზე.

მამრი-კაცური-ჰომოსექსუალი

მამრობითი სქესის ინდივიდს, რომელიც მამაკაცური გენდერის თვისებებს ავლენს, შესაძლოა ჰომოსექსუალური ორიენტაცი ჰქონდეს. ასეთი ინდივიდი შეიძლება ყველა ქცევაში ამჟღავნებდეს “ტიპური” მამაკაცისათვის დამახასიათებელ თვისებებს, გარდა ერთი შემთხვევისა – სქესობრივი პარტნიორის არჩევისას.

მამრი-ქალური-ჰეტეროსექსუალი

შესაძლებელია მამრობითი სქესის ინდივიდმა ქალის გენდერული როლი გაითავისოს და საკუთარი თავი ქალთან გააიგივოს. ზოგიერთ შემთხვევაში ის ყველა ღონეს ხმარობს (სქესის შეცვლის ოპერაციის ჩათვლით), რომ თავისი სხეული მაქსიმალურად დაამსგავსოს ქალისას. რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს, მისი ეროტიული ლტოლვა მამაკაცების მიმართ, ჰეტეროსექსუალურ ქცევად უნდა მივიჩნიოთ.

მამრი-ქალური-ჰომოსექსუალი

მამრობითი სქესის ინდივიდმაც შეიძლება ქალის გენდერული როლი შეითავსოს და ქალთან იდენტიფიცირება მოახდინოს. ასეთ შემთხვევაშიც შესაძლებელია საკუთარი სხეული ქალისას დაამსგავსოს. თუკი ეს ინდივიდი ქალებისაკენ ლტოლვას განიცდის, მისი ორიენტაცია ჰომოსექსუალურია.

ქინსის დონეთა შკალა

სქესობრივი ქცევის შემსწავლელ ორ ფუნდამენტურ ნაშრომში, მდგომარეობის გასარკვევად, ელფრედ სი. ქინსიმ და მისმა თანამშრომლებმა საკმაოდ პრაქტიკული მეთოდი გამოიყენეს. მათ 7 ქულიანი დონეების შკალა შეიმუშავეს ( 0-დან 6-მდე დონით), რომელიც მოსახლეობაში ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური ქცევების შეფარდებას ასახავდა. ამ შკალის ერთ ბოლოზე (ნულოვან კატეგორიაში) მათ ის პირები მოათავსეს, რომელთაც მხოლოდ ჰეტეროსექსუალური გამოცდილება ჰქონდათ, ხოლო მეორე ბოლოში მე- 6 დონე) ისინი, ვისი გამოცდილებაც ექსკლუზიურად ჰომოსექსუალური იყო. ამ ორ სასაზღვრო კატეგორიას შორის (კატეგორიები 1-5) მოთავსდნენ ის ადამიანები, ვისაც სხვადასხვა ინტენსიობით ჰქონდა როგორც ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური გამოცდილება. ამდენად, კატეგორიების ზუსტი ჩამონათვალი შემდეგია:

0. მხოლოდ ჰეტეროსექსუალური გამოცდილება

1. ძირითადად ჰეტეროსექსუალური, მაგრამ შემთხვევითი ჰომოსექსუალური გამოცდილება

2. ძირითადად ჰეტეროსექსუალური, მაგრამ შემთხვევითზე უფრო ხშირი ჰომოსექსუალური გამოცდილება

3. თანაბარი რაოდენობის ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური გამოცდილება

4. ძირითადად ჰომოსექსუალური, მაგრამ შემთხვევითზე უფრო ხშირი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება

5. ძირითადად ჰომოსექსუალური, მაგრამ შემთხვევითი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება

6. მხოლოდ ჰომოსექსუალური გამოცდილება

რა თქმა უნდა, თავად ამ კატეგორიებში რაიმე ახალი ან რევოლოციური არაფერია. ყოველთვის ცნობილი იყო, რომ ზოგ ინდივიდს მხოლოდ ჰეტეროსექსუალური კავშირები აქვს, ხოლო ზოგს – მხოლოდ ჰომოსექსუალური. აგრეთვე კარგად იყო ცნობილი, რომ არსებობენ პირები, რომლებსაც სექსუალური კონტაქტები ორივე სქესის წარმომადგენლებთან აქვთ. ასე რომ, თეორიულად, ქინსის დონეების სკალა თავისუფლად შეიძლებოდა ასობით და ათასობით წლის წინ შექმნილიყო. მართლაც, ქინსიმდეც ბევრს მოსვლია ეს იდეა თავში. თუმცა, განსაკუთრებით ჩვენს, იუდეველურ-ქრისტიანულ კულტურაში, ეს იდეა ყოველთვის მიუღებელი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალური გამოცდილების მქონე პირების პროცენტი იმდენად მაღალია, ხოლო ყველა სხვა დანარჩენის იმდენად დაბალი, რომ ასეთი სკალის დაბალანსების ყველა ცდა ფუჭი აღმოჩნდებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქინსის მიერ სტატისტიკური შესწავლის ჩატარებამდე არსებობდა აზრი: ჰომოსექსუალური აქტები იშვიათია, თანაც იმდენად, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ”არაბუნებრივ” და უჩვეულო გამონაკლისს წარმოადგენენ.

ქინსიმ ამ ტრადიციული შეხედულების სიმცდარე აჩვენა. მაგალითად, მისმა სტატისკამ ცხადყო, რომ საშუალო ასაკის მიღწევამდე, ყველა მამაკაცის დაახლოებით 50%-ს (და ყველა ქალის 20%-ს) ჰქონია გარკვეული, მკაფიოდ გამოხატული ეროტიული ურთიერთობა თავისივე სქესის წარმომადგენელთან. ეს ეხებოდა ყოველ მეორე მამაკაცს და ყოველ მეხუთე ქალს ქვეყანაში. ამას გარდა, მოზარდობის პერიოდიდან სიბერემდე, ყველა მამაკაცის 37%-ს (და ყველა ქალის 13%-ს) ჰქონდა ორგაზმამდე მიყვანილი ერთი ჰომოსექსუალური კავშირი მაინც. ეს უკვე ეხებოდა დაახლოებით ორ მამაკაცს ყოველი ხუთიდან და ერთ ქალს ყოველი რვიდან. საბოლოოდ, ქინსის გამოკვლევის თანახმად, მხოლოდ ჰომოსექსუალური კავშირები მთელი ცხოვრების განმავლობაში მამაკაცთა 4%-ს (და ქალთა 2%-ს) ჰქონდა.

ამ სტატისტიკის პირველად გამოქვეყნებამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. ბევრი უბრალოდ უარს ამბობდა ჰომოსექსუალური აქტების ასეთი რაოდენობით არსებობის დაჯერებაზე. ახლაც კი, ზოგიერთი ექსპერტი ამ ციფრებს არასწორს უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ქინსის მონაცემები “გაიწმინდა” და გადახალისდა, შედეგები ძირითადად, მაინც იგივე დარჩა. თუმცა, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა შედარებით ახალმა გამოკვლევებმა ჰომოსექსუალური გამოცდილების მქონე პირების გაცილებით დაბალი პროცენტი აჩვენა. (მაგალითად, აშშ-ში მამაკაცთა მხოლოდ 6%-მა მიუთითა, რომ თავისი სქესის წარმომადგენლების მიმართ ეროტიული ლტოლვა აქვს და მხოლოდ 5%-მა განაცხადა 18 წლის შემდეგ მამაკაცთან სქესობრივი კავშირის დამყარების შესახებ. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში იგივე მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალი იყო.) ამ ახალმა კვლევამ საბოლოო პასუხი შეკითხვაზე მაინც ვერ მოგვცა, რადგან ზოგი მკვლევარის აზრით, მეთოდიკის თვალსაზრისით, ხარვეზები მასაც გააჩნდა. ალბათ, ასეთ პირობებში ყველაზე სწორი იქნება ვაღიაროთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, ქინსის ციფრები რეალურ სურათზე მაღალი იყო, ხოლო ახალი ციფრები – სულ სხვა მიზეზების გამო – უფრო დაბალი. ნებისმიერ შემთხვევაში, ქინსის მთავარი მიზანი, რომელიც დღეისთვისაც საკმაოდ აქტუალურია, იყო არა მისი სკალის სხვადასხვა კატეგორიაში მოხვედრილი ინდივიდების ზუსტი რაოდენობის დადგენა, არამედ თავად სკალის შექმნა და იმის ჩვენება, რომ ექსკლუზიურად ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ ქცევებს შორის შესაძლო ქცევების საკმაოდ ფართო სპექტრია მოთავსებული. ქინსიმ აგრეთვე აღმოაჩინა, რომ ცხოვრების განმავლობაში ზოგი ინდივიდი სკალაზე ადგილს იცვლის, რაც აგრეთვე “ჰომოსექსუალებისა” და “ჰეტეროსექსუალების” შესახებ არსებულ ტრადიციულ სტერეოტიპებს საკამათოს ხდის.

ამდენად, საზოგადოებისთვის ყველაზე შოკის მომგვრელი ქინსის დასკვნა იყო, რომელიც მან თავისი აღმოჩენების შედეგად გააკეთა. ქინსიმდე მიღებული იყო აზრი, რომ “ჰეტეროსექსუალები” და “ჰომოსექსუალები”ადამიანების ორ განცალკევებულ ჯგუფს წარმოადგენენ. უფრო მეტიც, “ჰომოსექსუალებს” ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც “კონტრასექსუალებს”, “სქესობრივად უკუღმართებს”, “ფსიქოსექსუალურ ჰერმაფროდიტებს” და ხანდახან როგორც “მესამე სქესს”. ითვლებოდა, რომ ისინი განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელსაც “ჰომოსექსუალურობა” ეწოდება და ეს მდგომარეობა მათ დანარჩენი კაცობრიობისაგან აცალკევებთ. (გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ადამიანები, რომლებსაც სქესობრივი ურთიერთობა კაცებთანაც ჰქონდათ და ქალებთანაც, “ჰომოსექსუალები” იყვნენ და უბრალოდ “ატყუებდნენ საზოგადოებას.”) ყველა ეს სტერეოტიპი ახლა ფაქტების წინაშე დაიმსხვრა. სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ “ჰეტეროსექსუალობა” და “ჰომოსექსუალობა” მკაფიოდ გამიჯნულ, განცალკევებულ და შეუთავსებელ ერთეულებს კი არ წარმოადგენენ, არამედ სხვადასხვა დონეებს. თუ თავად ქინსის სიტყვებს მოვიშველიებთ, არასწორი იქნება მკაფიო საზღვრის გატარება “ორ განცალკევებულ საზოგადოებას – ჰეტეროსექსუალურსა და ჰომოსექსუალურს შორის. კაცობრიობა არ უნდა დაიყოს ცხვრებად და თხებად. ყველა საგანი არ არის შავი და არც თეთრია… ბუნება იშვიათად ოპერირებს დისკრეტული კატეგორიებით. მხოლოდ ადამიანი იგონებს კატეგორიებს და ცდილობს ყველა ფაქტს განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს. ცოცხალი სამყარო, თავის ყველა ასპექტში, კონტინუუმს წარმოადგენს. რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას ადამიანის სქესობრივ ქცევასთან დაკავშირებით, მით უფრო მალე შევძლებთ რეალურად ჩავწვდეთ სქესის რაობას”.

ქინსიმ ახალი მიდგომის ლოგიკური შედეგებიც განმარტა:

“ამ საკითხებზე აზროვნება გაგვიადვილდება, თუ ინდივიდებს დავახასიათებთ არა როგორც ჰეტეროსექსუალებსა და ჰომოექსუალებს, არამედ როგორც გარკვეული რაოდენობის ჰეტეროსექსუალური ან ჰომოსექსუალური გამოცდილების მქონეებს. ამ ტერმინების პიროვნების განმსაზღვრელ არსებით სახელებად, ან თუნდაც ზედსართავ სახელებად გამოყენების ნაცვლად ისინი კონკრეტული სქესობრივი ურთიერთობის ან ეროტიკული ლტოლვის ტიპის დასახასიათებლად უნდა გამოიყენებოდეს”.

საკითხი სწორადაა განხილული, რადგან „ჰომოსექსუალური პრობლემების“ უმრავლესობა სწორედ მიკერძოებული აზროვნებით და ენობრივი გაუგებრობებით არის გამოწვეული. მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი მაგალითი: შეიარაღებულ ძალებში, ციხეებში და ფსიქიკურ საავადმყოფოებში ადამიანს შეიძლება ჰომოსექსუალი უწოდონ მაშინაც კი, როცა მას მხოლოდ ერთი ჰომოსექსუალური კონტაქტი ჰქონდა. ადამიანებს, რომლებიც ასეთ რამეს აცხადებენ, აზრადაც არ მოსდით, რომ, იმავე ლოგიკით, ერთი ჰეტერესექსული კონტაქტის მქონე პიროვნებასაც შეიძლება ჰეტეროსექსუალი ეწოდოს.

სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ მხოლოდ სემანტიკის საკითხი და ხშირად, ადამიანის სიცოცხლეს ეხება. აშშ-ს მრავალ შტატში, ერთადერთი და შემდგომში აღარასოდეს განმეორებული ჰომოსექსუალური კონტაქტის გამო, მოქალაქე შეიძლება ციხეში ჩასვან, სამსახურიდან გააგდონ და ოფიციალურად დაარეგისტრირონ როგროც “სქესობრივი ფსიქოპატი”. მოზარდს, რომელსაც ჰომოსექსუალური ექსპერიმენტისას წაასწრეს, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიძლება “უცნაური” დაარქვან, თავიანთი წრიდან გარიყონ. შესაძლებელია ამის გამო მისი საზოგადოებრივი და სქესობრივი ცხოვრება წარუმატებლად წარიმართოს და შედეგად, ვეღარასოდეს მიეცეს თავისი ჰეტეროსექსუალური პოტენციალის გამომჟღავნების საშუალება. ბედნიერ ქორწინებაში მყოფ “ოჯახის კაცს” ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, სხვა მამაკაცთან ერთად მაკომპრომეტირებელ სიტუაციაში დანახვის შემდეგ, საზოგადოება “ერთერთი მათგანის” იარლიყს მიაწებებს და შესაძლებელია მისი ოჯახიც დანგრევის მიზეზად იქცეს.

სოციალური დესტრუქციულობის გარდა, ასეთი „იარლიყის მიწებება“ არალოგიკურიცაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირიქით არასდროს ხდება (ანუ, ერთჯერადი ჰეტეროსექსუალური გამოცდილება არასდროს არის საკმარისი იმისთვის, რომ ვინმეს ჰეტერესექსუალი დავარქვათ). მეტიც, ტერმინების ასე უაზროდ გამოყენება თავისივე მიზნებს ვნებს, რადგან ამით „ჰომოსექსუალების“ რიცხვი საგრძნობლად იზრდება და „ჰომოსექსუალობა“ჩვეულებრივ „მდგომარეობად“ იქცევა.

მეორე მხრივ, არც ის იქნება გამოსავალი, რომ „ჰომოსექსუალები“ მხოლოდ იმ პირებს ვუწოდოთ, რომლებიც ქინსის სკალის მე-6 კატეგორიაში ხვდებიან. ამ შემთხვევაში, ლოგიკური იქნებოდა, ჰეტეროსექსუალი მხოლოდ იმ პირებისთვის გვეწოდებინა, რომლებიც იმავე სკალის 0-ვან კატეგორიაში ხვდებიან. ასეთი სიტუაცია არავითარ შეღავათს არ მოუტანს მათ, ვინც 1-5 კატეგორიებში მოიაზრება.

და ბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ინდივიდშიც კი ჰეტეროსექსუალურ-ჰომოსექსუალური ბალანსი შეიძლება ასაკთან ერთად იცვლებოდეს. არსებობენ კაცები და ქალები, რომელთა მიდრეკილებები მხოლოდ ჰეტეროსექსუალურია ცხოვრების ერთ პერიოდში და მხოლოდ ჰომოსექსუალური სხვა დროს. ზოგიერთი ურთიერთობათა ორივე ტიპში მონაწილეობს, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში და განსხვავებული ინტენსივობით. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ორივე სქესისადმი ერთნაირი ლტოლვით იწყებენ და ერთის მიმართ მდგრადი ინტერესი მხოლოდ გარკვეული დროის მერე უყალიბდებათ. ასეა თუ ისე, შესაძლებელია, ეს ლტოლვა ცვალებადი იყოს და ქინსის სკალაზეც, ცხოვრების განმავლობაში, ადამიანმა რამდენჯერმე შეიცვალოს მდებარეობა.

აქედან გამომდინარე, არასწორია მოსახლეობის მთლიანად „ჰომოსექსუალებად“ და „ჰეტეროსექსუალებად“ დაყოფა, ისევე როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის „ჰომოსექსუალის“ ან „ჰეტეროსექსუალის“ სახელის მინიჭება. იგივე ნიშნების მიხედვით, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს „ჰეტეროსექსუალთა“ და „ჰომოსექსუალთა“ რიცხვი. შესაძლოა დადგინდეს დროის მოცემული მომენტისთვის რამდენი ადამიანი მიეკუთვნება კონკრეტულ კატეგორიას ქინსის დონეთა სკალაზე. ისეთ შეკითხვებზე კი, როგორებიცაა „რამდენი ჰომოსექსუალი არსებობს?“ ან „ვარ თუ არა ჰომოსექსუალი?“ მეცნიერულად დადასტურებული პასუხის გაცემა შეუძლებელია.

ამჟამად არსებული ტერმინოლოგია: არადამაკმაყოფილებელი კომპრომისი

ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ამ საკითხს არალოგიკურად და უსისტემოდ უდგება. ხალხში ძალიან ღრმად არის გამჯდარი აზროვნების ძველი ფორმა. რეალურად, ადამიანებს კვლავ უწოდებენ ჰეტეროსექსუალებს („ნორმალურებს“) ან ჰომოსექსუალებს („გეებს“) და ცოტა მათგანი თუ აცხადებს ამაზე პროტესტს. უფრო მეტიც, უკეთესი ურთიერთგაგებისთვის, ბევრი პროფესიონალი ამ ტერმინებს დღემდე იყენებს. შესაძლებელია, ისინი მათ ოდნავ განსხვავებულ მნიშვნელობებს ანიჭებდნენ.

თუკი გვინდა თავიდან ავიცილოთ ზოგადი დისკუსიები, იძულებულნი ვართ გარკვეულ კომპრომისზე წავიდეთ. ეს შეიძლება არც თუ ისე ზუსტი იყოს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებაში მიღებულ გამოყენებასაც შეიძლება თავისი დადებითი მხარეები მოვუძებნოთ. მაგალითად, გარკვეული არგუმენტების გამარტივებას და მძაფრ სოციალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ხშირად კარგი შედეგები მოაქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტრადიციულ ტერმინოლოგიას შეუძლია კარგად ემსახუროს სასარგებლო მიზნებს, თუკი ხმარებისას მისი მნიშვნელობა კარგად იქნება გასაგები.

ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია შემდეგი განსაზღვრებები შემოგთავაზოთ:

• ტერმინი ჰეტეროსექსუალი შეიძლება გამოიყენებოდეს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც აშკარა ეროტიკულ უპირატესობას სხვა სქესის პარტნიორებს ანიჭებენ (0-2 კატეგორიები ქინსის სკალაზე)

• ტერმინი ჰომოსექსუალი შეიძლება გამოიყენებოდეს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც აშკარა ეროტიკულ უპირატესობას თავისი სქესის პარტნიორებს ანიჭებენ (4-6 კატეგორიები ქინსის სკალაზე)

• ტერმინი ბისექსუალი (ან ამბისექსუალი) შეიძლება გამოიყენებოდეს იმ პირებთან მიმართებაში, რომელთაც ეროტიული ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლების მიმართ აქვთ (1-5 კატეგორიები ქინსის სკალაზე)

მესამე განსაზღვრება დანარჩენ ორს ნაწილობრივ ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ „ბისექსუალებად“ კლასიფიცირებული პირები ზოგ „ჰეტეროსექსუალსა“ (კატეგორიები 1 და 2) და „ჰომოსექსუალს“ (კატეგორიები 4 და 5) მოიცავენ. ამ შეუსაბამობის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუკი ვინმე არ მოისურვებს ბისექსუალები მხოლოდ მათ უწოდოს, ვისი ინტერესებიც თანაბრად ვრცელდება ორივე სქესის წარმომადგენლებზე (მე-3 კატეგორია). ასეთი გამოყენება არასოდეს ყოფილა ფართოდ გავრცელებული. მაშასადამე, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ადამიანების ნაწილს შესაძლებელია ერთ კონტექსტში „ჰეტეროსექსუალი“ (ან „ჰომოსექსუალი“) ეწოდოს და მეორეში – „ბისექსუალი“.

რადგან ჩვენი ტერმინები ქინსის სკალას დავუკავშირეთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სკალა არა სექსუალური აქტების რაოდენობას, არამედ ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ გამოცდილებებს შორის თანაფარდობას ასახავს. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდები, რომლებსაც ჰომოსექსუალური აქტების ერთნაირი რაოდენობა გააჩნიათ, შეიძლება სხვადასხვა კატეგორიაში მოხვდნენ. მაგალითად, პირი, რომელსაც 10 ჰომოსექსუალური და 5 ჰეტეროსექსუალური აქტის გამოცდილება აქვს ჰომოსექსუალად ჩაითვლება, თუმცა პირი, რომელსაც 10 ჰომოსექსუალური, მაგრამ 50 ჰეტეროსექსუალური აქტი ჰქონია, ჰეტეროსექსუალად ჩაითვლება. (რა თქმა უნდა, ორივე მათგანი, გარკვეულ კონტექსტში, შეგვიძლია ბისექსუალად მივიჩნიოთ).

და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „გამოცდილება“ ჩვენს მიერ იხმარება არა მარტო დასრულებული აქტის, არამედ იმ ფსიქოლოგიური ლტოლვის აღსანიშნადაც, რომელსაც პირდაპირ ფიზიკურ კონტაქტამდე არ მივყავართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცს, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ჰეტეროსექსუალური კონტაქტები ჰქონია, შეიძლება ჰომოსექსუალი დაერქვას, თუკი ფსიქოლოგიურად, ქალებზე მეტად მას კაცები იზიდავენ. ზუსტად იმავე მიზეზით, „ჰომოსექსუალი“ შეიძლება იმ ინდივიდს ეწოდოს, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია რამენაირი სქესობრივი კონტაქტი. (ზოგჯერ ძველ წიგნებში ასეთი შემთხვევები მოიხსენიებოდა როგორც „ლატენტური ჰომოსექსუალობა“ [ლათინური latere-დან, რაც დამალვას ნიშნავს]. სამწუხაროდ, ეს საინტერესო გამოთქმა ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე განუხორციელებელ ან დამალულ სურვილებს. იგი ქვეცნობიერი, გაუცნობიერებელი და განუხორციელებელი ჰომოსექსუალური მისწრაფებების აღსანიშნადაც გამოიყენებოდა. რადგან ასეთი მისწრაფებები ფაქტობრივად, ყველა ადამიანში არსებობს, ტერმინი „ლატენტური ჰომოსექსუალობა“ დაახლოებით ისევე უაზროა, როგორც ტერმინები „ლატენტური მწეველობა“, „ლატენტური გურმანობა“ ან „ლატენტური უძილობა“.

ბუნებრივია, ზემოთ მოყვანილი განსაზღვრებების გათვალისწინება აუცილებელია, როდესაც „ჰომოსექსუალობაზე“ როგორც სქესობრივ ორიენტაციაზე ვლაპარაკობთ. უფრო მეტიც, თავად ის ფაქტი, რომ ეს ტერმინები გვჭირდება, მხოლოდ ადასტურებს იმ აზრს, რომელიც ადრე გამოვთქვით: კაცების და ქალების სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც მათი სქესი და გენდერული როლები, არა აბსოლუტური, არამედ ფარდობითი მცნებების მეშვეობით უნდა განიხილებოდეს. ადამიანის სქესობრივი განვითარების შესწავლისას, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ მამრობა და მდედრობა, კაცურობა და ქალურობა, ჰეტეროსექსუალობა და ჰომოსექსუალობა შეიძლება სხვადასხვა მოცულობით ვლინდებოდეს.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ: ჩვენს კონკრეტულ კულტურაში სიტყვა „ჰომოსექსუალი“ უბრალოდ ტექნიკური ტერმინი არასოდეს ყოფილა. მისი გამოყენებისას, ყოველთვის უფრო მეტი იგულისხმება, ვიდრე ამას ლოგიკა გვკარნახობს. მიუხედავად იმისა თუ რა კონტექსტში გამოიყენება ეს სიტყვა, იგი ყოველთვის აღძრავს გარკვეულ ასოციაციებს და კარგად განსაზღვრულ სოციალურ რეაქციას იწვევს. რეალურად, ადამიანს ჰომოსექსუალს არა რაღაც აბსტრაქტული სტატისტიკური მიზეზით უწოდებენ, არამედ იმიტომ, რომ ის ჰომოსექსუალების ქცევისა და გარეგნობის ზოგად წარმოდგენებს შეესაბამება. ძალიან ხშირად ასეთი მიდგომა არარეალისტურია. მაგალითად, დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ჰომოსექსუალობა ინდივიდის მიერ საპირისპირო გენდერული როლის გათავისებითაა გამოწვეული. უბრალოდ მიღებულია, რომ მამაკაცი ჰომოსექსუალები იქცევიან როგორც ქალები, ხოლო ქალები ცდილობენ მოახდინონ მამაკაცური ქცევების იმიტაცია. ამ არასწორ წარმოდგენებს ასევე არასწორ დასკვნებამდე მივყავართ: მშობლები ცდილობენ, რომ მათი ვაჟი არ გამოვიდეს ქალაჩუნა, ხოლო გოგო – ქალაბიჭა, რაც მათ ჰომოსექსუალობის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ისტორიულმა გამოკვლევებმა და სხვადასხვა კულტურების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ასეთი წარმოდგენები მხოლოდ გარკვეული ტიპის საზოგადოებებში არსებობს. მაშინ, როდესაც სხვა ტიპის საზოგადოებებში სიტუაცია განსხვავებულია. ზოგიერთ ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში კაცების ჰომოსექსუალობა არა სისუსტესა და ქალურობასთან, არამედ მამაკაცურობასთან, გამბედაობასთან და გმირობასთან ასოცირდებოდა. ითვლება, რომ ბერძნული ელიტური სამხედრო შენაერთებიდან ყველაზე ცნობილი, თებეს „წმინდა რაზმი“, რომელიც საბოლოოდ, ფილიპე მაკედონელმა გაანადგურა, მხოლოდ ერთმანეთის მოყვარული მამაკაცებისგან შედგებოდა.

ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ „ჰომოსექსუალის“ სოციალური სტერეოტიპი, დროისა და ადგილის მიხედვით, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. იგი აგრეთვე გვიჩვენებს, რომ არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „ტიპური“ ჰომოსექსუალი და ყოველგვარ აზრს მოკლებულია „ჰომოსექსუალ პირზე“ საუბარი. თავად ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კულტურებში შეიძლება სხვადასხვა და საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენები არსებობდეს, გვიჩვენებს, რომ ეს არ არის ობიექტური მდგომარეობა მკაფიოდ გამოხატული, უცვლელი და საბოლოოდ დაზუსტებული „სიმპტომებით“. ჰომოსექსუალები განისაზღვრებიან არა მათი რაიმე შინაგანი თვისებებით, არამედ იმ წარმოდგენებით, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია მათ შესახებ.

ეს იყო იმის ერთერთი მიზეზი, რომ ქინსის საკითხის გაანალიზების წმინდად აღწერილობითი მეთოდის გარდა, სხვა რაიმე გზით შესწავლის საშუალება არ გააჩნდა. იგი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც მონაწილეობას ჰომოსექსუალურ კავშირებში, თუმცა მათ მხოლოდ მცირე ნაწილს ერქმევა ჰომოსექსუალის სახელი. ქინსი მიხვდა, რომ იმის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაერქვას ჰომოსექსუალი საკმაოდ პირობითია და ეს მთლიანად სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, გარემო იმასაც განსაზღვრავს თუ როგორ აღიქმება ჰომოსექსუალობა – არის ეს სისუსტე თუ სიძლიერე, ცოდვა თუ გამართლებული საქციელი, ერესი თუ ტრადიციულობა, ფსიქიკური დაავადება თუ ჯანმრთელი მდგომარეობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰომოსექსუალობა როგორც ასეთი, არ გახლავთ არც მორალური, არც იურიდიული და არც სამედიცინო მდგომარეობა. ეს არის მინიჭებული სტატუსი, სოციალური იარლიყი, რომელიც გარკვეულ პირებს გარკვეულ სიტუაციებში ენიჭებათ. იყო ჰომოსექსუალი – ნიშნავს თამაშობდე ისეთ როლს, რომელსაც მოცემული საზოგადოება ჰომოსექსუალობად აღიქვამს.

განსხვავებული კულტურების შედარება

საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ზოგიერთ საზოგადოებაში „ჰომოსექსუალის“ როლი არ არსებობს, თუმცა ჰომოსექსუალური კონტაქტები მასში შეიძლება მრავლად იყოს. უფრო მეტიც, თუკი ასეთ საქციელზე განსაკუთრებული ყურადღება არ იქნება გამახვილებული და არ მოხდება მისი რაიმე განსაკუთრებულ ასპექტში აღქმა, იგი შეიძლება არასოდეს გახდეს ინდივიდისა თუ საზოგადოების ყურადღების საგანი. მაგალითად, ცნობილია, რამდენიმე „პრიმიტიული“ საზოგადოება (სიუანსები აფრიკაში, არანდები ავსტრალიაში და კერაკები ახალ გვინეაში), სადაც პრაქტიკულად ყველა მამაკაცს გააჩნია როგორ ჰეტეროსექსუალური, ასევე ჰომოსექსუალური ურთიერთობები. ცხადია, რომ ასეთ საზოგადოებაში ჰომოსექსუალებისა და ჰეტეროსექსუალების გარჩევა ტერმინოლოგიური კომპრომისის დონეზეც კი ვერ გაკეთდება. რა თქმა უნდა აქაც შეიძლება ქინსის სკალის გამოყენება, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში მთელი მოსახლეობა მხოლოდ 1-5 კატეგორიებში მოხვდებოდა და აღარავინ იქნებოდა შესაყვანი 0-ვან და მე-6 კატეგორიებში.

არსებობს საბაბი ვივარაუდოთ, რომ ჩვენს, დასავლურ ცივილიზაციაშიც კი ეს ხაზები ყოველთვის არ იქნებოდა ისეთი მკაფიო, როგორც დღეს. ცნობილია, რომ ძველ საბერძნეთში ჰომოსექსუალური ქცევა მამაკაცის სქესობრივი ცხოვრების ჩვეულებრივ ნაწილს წარმოადგენდა და იგი ქორწინებას და შვილების ყოლას ხელს სრულებით არ უშლიდა. თავად სიტყა „ჰომოსექსუალიც“ კი უცნობი იყო. მის ნაცვლად იხმარებოდა სიტყვა პედერასტია (სიტყვასიტყვით – ბიჭების სიყვარული. წარმოქმნილია სიტყვებისაგან pais, რაც ნიშნავს ბიჭს, ან ამ შემთხვევაში უფრო მამრობითი სქესის მოზარდს და eran, რაც ნიშნავს სიყვარულს), რომელიც აღნიშნავდა საზოგადოებაში მიღებულ და საამაყო ჩვეულებას. მიუხედავად ამისა, ეჭვი არავის ეპარებოდა არც უფროსი („ინიციატორი“) და არც უმცროსი („მორჩილი“) პარტნიორების ქალებთან ურთიერთობის შესაძლებლობებში. მოკლედ რომ ვთქვათ, თანამედროვე ტერმინი „ჰომოსექსუალობა“ ძველ საბერძნეთში არ გამოგვადგებოდა. თუ ჩვენ აუცილებლად გვინდა ამ მაგალითისთვის თანამედროვე კლასიფიკაცია გამოვიყენოთ, ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა სიტყვა „ბისექსუალი“.

შუა საუკუნეების ევროპაშიც კი, სადაც ჰომოსექსუალური აქტები ცოდვად ითვლებოდა, სქესობრივი აქტი არ იყო საკმარისი, რათა პირი „ჰომოსექსუალად“ მოენათლათ. როდესაც ადამიანები „სოდომიისთვის“ ისჯებოდნენ (ბიბლიური ქალაქი სოდომის მიხედვით) ან „ბაგერობისთვის“ (ბულგარული ერეტიკული სექტის მიხედვით), მათ „სწორ“, ჰეტეროსექსუალურ შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარებოდა. აგრეთვე უნდა გვახსოვდეს, რომ ისჯებოდა მხოლოდ კონკრეტული, ანალური და ორალური აქტები. მამაკცთა შორის სინაზისა და სიყვარულის სხვა გამოვლინებებს ყურადღება საერთოდ არ ექცეოდა.

მხოლოდ უახლეს დროში დაიწყო ერთსქესიანი ურთიერთობების მქონე პირების სხვა დანარჩენებისგან ფუნდამენტურად გამოყოფა. ამავე ნიშნით, ჩაითვალა, რომ ჩვეულებრივ მამაკცსა და ქალს არ შეიძლება ეროტიკული ლტოლვა თავისივე სქესის წარმომადგენლების მიმართ ჰქონდეს. ასეთი ლტოლვა მხოლოდ არანორმალური შინაგანი მდგომარეობით შეიძლება იყოს გამოწვეული. ფსიქიატრებმა ამ საეჭვო მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს და მას სხვადასხვა სახელი დაარქვეს, სანამ XIX საუკუნის ბოლოსთვის ახალი ტერმინი – „ჰომოსექსუალობა“ არ შემოვიდა ხმარებაში. ეს ტერმინი (ისევე როგორც მისი ანტონიმი – „ჰეტეროსექსუალობა“) ფართოდ გავრცელდა და ყველა ევროპულ ენაში დამკვიდრდა. (1897 წელს ჰეივლოქ ელისმა იგი თავისდაუნებურად შემოიტანა ინგლისურში, რადგანაც ეს ტერმინი კონტინენტზე საკმაოდ პოპულარული იყო: Homosexualitat გერმანულად და homosexualite ფრანგულად).

თანამედროვე მკითხველს, რომელმაც არ იცის ამ სიტყვების წარმოშობის და ისტორიის შესახებ, შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეექმნას იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც ეს სიტყვები გამოხატავენ. დღეს, როცა ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ჰომოსექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობაზე, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველა მაშინვე ხვდება თუ რაზეა საუბარი. თუმცა, კარგი იქნებოდა გვცოდნოდა, რომ თავიდან, ეს ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიები ზედმეტად ამარტივებდა და სუბიექტურად აშუქებდა საკითხს. უფრო მეტიც, მსგავსი ტერმინები მხოლოდ რეპრესიული ტიპის საზოგადოებაში შეიძლებოდა წარმოშობილიყო, რომელიც ადამიანის სქესობრივი ურთიერთობების სრული სპექტრის არსებობის უფლებას არ აღიარებდა. ნებისმიერი კულტურა, რომელიც ჰეტეროსექსუალებისა და ჰომოსექსუალების ხელოვნურ დაყოფას ახდენს, ადამიანის ბუნებას ძალიან ვიწრო თვალსაწიერით განიხილავს. ეს თვალსაწიერი უარყოფს ადამიანთა გარდამავალი ტიპების არსებობის შესაძლებლობას, ადამიანის ქცევის ნიუანსებს და ნახევარტონებს ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიცოცხლის მრავალფეროვნებას.


Bookmark and Share